კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნებები აიხდინა ამერიკაში ჩასულმა ვლად არამოვმა და რატომ სთხოვდა ის ცოლს მშობიარობის რამდენიმე დღით გადადებას

ვლად არამოვისთვის 2012 წელი ნამდვილად ბედნიერი აღმოჩნდა, რადგან, საქართველოდან ამერიკაში ჩასულმა, საკუთარი ადგილიც ადვილად იპოვა და მეორე შვილიც შეეძინა. როგორც თავად ამბობს, საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვს, არც ოჯახური სითბო აკლია და არც კონცერტებზე გამოსვლა, თუმცა, გული იმაზე სწყდება რომ, ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად ვერ შეხვდა. თუ რას ელის ის ახალი წლისგან, რა უხაროდა დამანგრეველი შტორმის მოლოდინში და სად შეხვდა ახალ, 2013 წელს, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

ვლად არამოვი:  უკვე ათი წელია, ახალ წელს სახლში ვერ ვხვდები: ან კონცერტზე ვარ, ან ჩაწერაზე, ან სად და ან – სად. ცოლი რომ მოვიყვანე, იმ ახალ წელს შევხვდი სახლში. ვინც მირეკავდა, ყველას ვეუბნებოდი, ყველაზე საყვარელი  „სნეგუროჩკა” მყავს სახლში და თავი დამანებეთ, არსად წამომსვლელი არ ვარ-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ამერიკაში ახალ წელს სახლში არავინ ხვდება. ყველა გარეთ გადის და ზეიმობს. კლუბები, რესტორნები, ქუჩები და სკვერები გადატენილია ხალხით, ერთობიან და ერთმანეთს ულოცავენ. აქ უფრო შობას დღესასწაულობენ ოჯახურ წრეში. ახალი წელი უფრო „საგულაო” დღესასწაულია ამერიკელებისთვის, ვიდრე საოჯახო და ტრადიციული, როგორც ეს საქართველოში იციან.

– შენც ქუჩაში შეხვდი ახალ წელს?

– სამწუხაროდ, ჩემს ოჯახთან ერთად ვერ შევხვდი 2013 წელს, რადგან, ლოს-ანჯელესში ვიყავი მიწვეული დახურულ ფართიზე, სადაც გამოვედი ჩემი ნომრებით. ძალიან სერიოზული პროექტი გაკეთდა. მოსკოვიდანაც შოუ-ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი იყო სტუმრად მოწვეული. როგორც გითხარით, ჩაკეტილი „ვეჩერინკა” იყო და საკმაოდ ცნობილი ადამიანები შეიკრიბნენ. ჩემმა მეუღლემ წინასწარ იზრუნა ჩემზე და ულამაზესი გოგონა მაჩუქა. ასეთ საჩუქარს, თოვლის ბაბუაც კი ვერ მომიტანდა საქართველოში (იცინის). 

– გილოცავ გოგონას დაბადებას! როდის დაიბადა და რა დაარქვით პატარას?

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ეს სასიხარულო ამბავი ბევრმა არ იცის და, ალბათ, თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან შეიტყობს. 31 ოქტომბერს დაიბადა ჩემი მეორე შვილი და მას ნატალი დავარქვით. პატარა ანგელოზის დაბადებამ საკმაოდ შემცვალა. ბოლომდე ვერც კი აღვიქვამ, როგორია გოგოს მამობა. პირველი შვილი, ნიკოლოზი რომ დაიბადა, ძლივს მოვედი აზრზე, რომ მამა გავხდი. ახლაც ასე ვარ და შოკიდან ჯერ ვერ გამოვდივარ (იცინის). ზოგი ამბობს, ნატალი შენ გგავსო, ზოგიც ჩემს მეუღლეს ამსგავსებს. მე კიდევ, ვამბობ, დააცადეთ, გაიზრდება და თავად გადაწყვეტს, ვის დაემსგავსოს-მეთქი (იცინის). ჯერჯერობით შევჩერდები, რადგან, ბავშვების „სრული კომპლექტი” უკვე მაქვს, მერე, თუ კიდევ მაჩუქებს ღმერთი ასეთ პატარა ანგელოზებს, მათაც ასევე შევიყვარებ. 

– 31 ოქტომბერს, როცა შენი გოგონა დაიბადა, ნიუ-იორკში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული.

– დიახ, ასე იყო. 30 ოქტომბერს დაიწყო შტორმი. ჩვენი ბინა ოკეანესთან ახლოსაა და ყველაზე დიდ შემოტევას სწორედ ამ მხარეს ელოდნენ. რომ დავინახე, ტალღებმა მოიმატა, მანქანა შორს წავიყვანე და დავაყენე. ვიფიქრე, წუთი-წუთზე ველოდები ბავშვს და ცოლი ხომ უნდა მივიყვანო სამშობიარომდე-მეთქი. მოკლედ, დავაყენე მანქანა და იქიდან რომ მოვრბოდი სახლისკენ, უცბად შუქები ჩაქრა. ატყდა ერთი ამბავი, ხალხი პანიკამ მოიცვა, მე კიდევ, ვიცინოდი.

– ხალხი პანიკაში იყო, ირგვლივ საშინელება ხდებოდა და შენ რა გაცინებდა?

– რა და, გამახსენდა 90-იანი წლები და მთელი ის პერიოდი, როცა უშუქობა იყო საქართველოში. ასე რომ მენერვიულა, ხომ აღარ გადავრჩებოდი (იცინის). ვუხსნიდი ხალხს – რა განერვიულებთ, კაცო, მთელი 15 წელი ვიყავი უშუქოდ, უგაზოდ და ცხელი წყლის გარეშე, მაგრამ კი არ მოვმკვდარვარ-მეთქი. გაოცებულები მიყურებდნენ – საიდან მოვიდა ეს კაცი, აბორიგენი ხომ არ არისო. ერთი სიტყვით, ამერიკაში დამეწია ქართული 90-იანი წლები (იცინის). მეუღლეს ვეხვეწებოდი, ჯერ არ იმშობიარო, გეხვეწები, უთხარი ჩემს გოგონას, მოიცადოს, ამინდი ჩაწყნარდეს-მეთქი. ჩავიხვიე: არ იმშობიარო, მაცალეთ, მაცალეთ-მეთქი. მერე მივხვდი, რას ვბოდავდი. ბავშვი მე მომიცდიდა?! კიდევ კარგი, ცოტა დაუჯერა მამიკოს და, როცა ჩაწყნარდა ამინდი, მეორე დღეს გაჩნდა. ისეთი გახარებული ვიყავი, სულ აღარ მახსოვდა შენი ურაგანი. 

– ბავშვის მოვლაში მეუღლეს ეხმარები?

– რასაკვირველია, ვეხმარები და ძალიან კარგი და ყურადღებიანი მამა ვარ. რომ ტირის, ვაწყნარებ; თუ ეძინება – ვაძინებ, თუ შია – ვაჭმევ, პამპერსსაც ვუცვლი და ვაბანავებ კიდეც. ისეთი ქმარი არ ვარ, ცოლს დავაკისრო სრული ვალდებულება ბავშვის მოვლაზე. დამიჯერეთ, ძალიან მაგარი მამა ვარ (იცინის). 

– სოციალურ ქსელში ვნახე შენი ერთ-ერთი ფოტო, სადაც ჩირაღდნით ხელში ხარ, უკან კი თავისუფლების ქანდაკება მოწყენილი გელოდება, როდის დაუბრუნებ ჩირაღდანს. რატომ გადაწყვიტე მისთვის ჩირაღდნის წართმევა, შენი დემოკრატია უნდა დაამყარო ამერიკაში?

– ამაზე არც მიფიქრია (იცინის). მე ჩემი დემოკრატია, ჩემს პატარა ოჯახში მაქვს, სახელმწიფომდე ვერ „ვქაჩავ”. რაც შეეხება სურათს, მართლაც სასაცილოა. მანჰეტენზე ხშირად დადიან სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი ადამიანები: ზოგი სუპერმენია, ზოგი სპაიდერმენი, ზოგი – თავისუფლების ქანდაკება, ზოგი – ჩარლი ჩაპლინი, ზოგიც ვინ და ზოგიც – ვინ. მოკლედ, ერთ დღესაც, მანჰეტენზე გავიარე და დავინახე, დგას თავისუფლების ქანდაკების ფორმაში გამოწყობილი ადამიანი. მივვარდი, წავგლიჯე ჩირაღდანი, დავიწყე პოზიორობა და გადავიღე ფოტო. გაოგნებული მიყურებდა – ვინ არის, რა უნდაო (იცინის). მერე მითხრა, გეთქვა და ჩემი ნებით მოგცემდი ჩირაღდანს, აქ იმიტომ ვდგავარ, ხალხმა სურათი გადაიღოს ჩემთანო. მართლა მაგარია ამერიკა.

– ამერიკა ის ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც ყველა ოცნება აიხდინე?

– ჯერ ყველა ოცნება არ ამიხდა, მაგრამ, ძირითადი ოცნებები ავისრულე ამერიკაში ჩამოსულმა: მაქვს სამსახური, მყავს ოჯახი – უსაყვარლესი ცოლი და შვილები... აღარც კი ვიცი, რა ვინატრო. ვფიქრობ, რა მივწერო თოვლის ბაბუას, რომ ამიხდინოს (იცინის).

– ძველით ახალი წლისთვის თოვლის ბაბუა მანდ ვერ მოასწრებს ჩამოსვლას და, ხომ არ აჯობებს, სანტა კლაუსის სახელზე დაწერო წერილი?

– იმდენი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში, რომ თოვლის ბაბუის გამოძახება არ გამიჭირდება. მოვიფიქრე! ყველაზე მეტად მენატრება სულგუნი და, ვთხოვ, ის ჩამომიტანოს საქართველოდან თოვლის ბაბუამ. მართალია, აქ ყველაფერი იყიდება, მათ შორის სულგუნიც, მაგრამ, საქართველოში დამზადებულ იმერულს ყველსა და სულგუნს სულ სხვა გემო აქვს. ქართული ჰაერი და რძე თუ არ ურევია ყველს, იმას რა გემო უნდა ჰქონდეს?! ასე რომ, ახლავე ვიწყებ წერილის წერას და ჩემს საჩუქარსაც ჩავწერ. დამერწმუნეთ, საქართველოში, სულ სხვანაირად ვხვდებით ახალ წელს, ტრადიციულად, დიდი სუფრით და მეგობრების მოლოდინში. ასეთი ახალი წლის მოლოდინი მომენატრა ამერიკაში. 

 

скачать dle 11.3