ვინ ჩაატარა მეორე ექსპერიმენტი კრისტი ყიფშიძესთან ერთად და სად მიიღო მან სერიოზული გამოცდილება
ის პროფესიონალი მოდელია, მის გამოსვლას პოდიუმზე ყოველთვის საოცარი ემოციები მოჰყვება. ბევრი „პოდიუმის დედოფალსაც“ ეძახის. დახვეწილია, სექსუალური, ქალური, თავშეკავებული, ცხოვრებაში კი – საოცრად ემოციური... უყვარს ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა, მათზე ზრუნვა, ამიტომაც ჰყავს „შვილობილები“, რომლებიც უკვე თამამად ამბობენ თავიანთ სათქმელს... მისი ახალი პროფესია – ჟურნალისტობაც – სწორედ ამ საქმეს ემსახურება... დაახლოებით ორი თვეა‚ საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის სააგენტოს ფიარ-მენეჯერია და ამ სააგენტოს მიერ გამოცემულ ჟურნალ Copyright-ში უძღვება ახალ რუბრიკას – „ახალი კრისტისგან“, რომელიც ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენასა და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას ემსახურება. მკითხველი‚ ალბათ‚ მიხვდა, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი კრისტი ყიფშიძეა – მოდელი, ფიარ-მენეჯერი, ჟურნალისტი და, უკვე – დიზაინერიც.
კრისტი ყიფშიძე: ჩემი შვილი სულ ხუმრობს, დედაჩემი უნივერსალური ადამიანიაო... სხვათა შორის‚ ნატალიას აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ბევრ საკითხს სწორად უდგება, ძალიან კრიტიკულია, სწორი შენიშვნები აქვს. ამიტომ‚ როცა რაღაცას ვაკეთებ‚ მის, კიდევ ოჯახის წევრებისა და მეგობრების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. ჩვენ ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, არ ვარ მკაცრი, ურთიერთპატივისცემით ვართ ერთმანეთის მიმართ და ვიცი, რომ არ „მიღალატებს“‚ კარგად ისწავლის. მართლაც‚ სულ „ათიანებზე“ სწავლობს და იცის, რომ ეს არის ჩემთვის მთავარი. ჩემი ყველა საქმე მას ეძღვნება; მინდა, რომ ყველაფერი ჰქონდეს არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ, მორალურადაც... რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ამჟამად საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ფიარ-მენეჯერი და ამ ასოციაციის ჟურნალ Copyright-ის ჟურნალისტი ვარ. ცოტა ხნის წინ დავიწყე მუშაობა და ძალიან მომწონს, რადგან, ჩემთან ახლოს არის. ბავშვობიდან სულ შემოქმედ ხალხთან მიწევს ურთიერთობა და ჩემი რუბრიკაც ამას ეხება: ახალი, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა. ახლახან გამოვიდა ჟურნალის მეოთხე, საიუბილეო ნომერი, სადაც საზოგადოებას წარვუდგინე ნიჭიერი მომღერალი თინათინ შურღაია. როდესაც ადამიანში ვხედავ დიდ პოტენციალს, მინდა‚ დავეხმარო და გავუკეთო ის‚ რაც შემიძლია. მერე შედეგს – ამ ადამიანის ბედნიერ სახეს რომ ვხედავ, კიდევ უფრო ბედნიერი ვარ. ეს არის დიდი სიამოვნება და უდიდესი ბედნიერება.
ჟურნალისტური დებიუტი
ჩემი რუბრიკა‚ თავისთავად, მოულოდნელად შედგა. თავიდან მითხრეს, დიზაინერებზე დაწერეო, მაგრამ, ვარჩიე‚ დამეწერა ისეთ ნიჭიერ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ჯერ არ იცნობს. მახსოვს‚ მეგობართან ვისვენებდი ჰოლანდიაში. დილით ასეთი ჩვევა მაქვს – ყოველთვის ვამოწმებ მესიჯებს, მეილებს, „ფეისბუქს“. ერთ დილასაც, გავიღვიძე, ჩავრთე „ფეისბუქი“ და დამხვდა მეგობრის წერილი: „მოუსმინე, რა კარგია“, – თან‚ რაღაც ლინკი იყო ჩაგდებული. ჩავრთე, ძალიან ადრე იყო და ძილი განვაგრძე. მაგრამ‚ იმდენად მომეწონა მელოდია, ხმა, რომ გამოვფხიზლდი, რამდენჯერმე გადავახვიე და მთელი დღე ვუსმენდი. თან‚ იმ დროს ცოტა რთული პერიოდი მქონდა და ცუდ ხასიათზე ვიყავი, თვითონაც არ ვიცოდი, რატომ. ამ სიმღერამ დამამშვიდა, რაღაცეებზე დამაფიქრა. ჩემი აზრით‚ ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს, წიგნია ეს, ნახატი თუ სიმღერა: რომ მოუსმენ ან ნახავ‚ ცოტათი უნდა ჩაგაფიქროს, დაგაინტერესოს და ამ შემთხვევაშიც ასე დამემართა. რაღაცეებზე ვიფიქრე, გავაანალიზე და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიმღერის ბრალი იყო. მაშინვე ვკითხე ჩემს მეგობარს, ვინ არის-მეთქი. მიპასუხა – თინათინ შურღაია, ქართველი გოგონაო. მაშინვე მოვძებნე „ფეისბუქზე“ და პირდაპირ მივწერე, აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმღერით-მეთქი. მისი მხრიდანაც ძალიან თბილი წერილი მომივიდა. რომ ჩამოვედი, გავიცანი. ჩემს უფროსს, გიგა კობალაძეს რომ შევხვდი‚ მან შემომთავაზა, დამეწერა ერთ-ერთ რეჟისორზე, მაგრამ, უარი ვუთხარი – თინა შურღაიაზე მინდა დაწერა-მეთქი და თან სიმღერა მოვასმენინე. მოკლედ‚ მოეწონა და ჩვენი ინტერვიუც შედგა თავისი ფოტოსესიით. ჩვენთან ერთად იყო შოთიკო ბოჭორიშვილიც. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჟურნალისა და ჩემი რუბრიკის პრეზენტაციასთან ერთად, გაგვეკეთებინა თინას კონცერტი და გადაგვეღო ვიდეოარტი, რომლის პრემიერაც გაიმართებოდა. ჩვენი მეგობარი დაგვეხმარა სცენარის დაწერაში, მან მოიფიქრა კონცეფცია.
შოთიკო ბოჭორიშვილი: გადაღების პროცესი სულ ორი დღე გაგრძელდა და კრისტიმ მშვენივრად გაართვა თავი. ძველ თბილისში მიმდინარეობდა გადაღებები. ეს ჩემთვის უკვე მეორე ვიდეოარტია, მეორე ექსპერიმენტი კრისტისთან ერთად. იმედია‚ ვინც ნახა‚ ყველას მოეწონა, საკმაოდ ემოციურია. ამიტომაც იყო, რომ გადაღების მომენტში კრისტიმ მითხრა: ჯერ ვიტირებ და მერე გადამიღეო.
კრისტი: საბოლოოდ, აღარ დამჭირდა ტირილი... სხვათა შორის‚ კოსტიუმების მხატვარი მე ვარ და თვითონვე ვმონაწილეობ, რადგან, არ შემიძლია სხვების შეწუხება. თან‚ სიმღერა იმდენად ჩემია, თინაც ისე ახლოს მივიღე, რომ, გვინდოდა‚ ჩვენ გაგვეკეთებინა. რომ დავამთავრეთ გადაღება, ვიდეომემონტაჟეს – დიმას გავატანეთ, რომელსაც, მინდა‚ მადლობა გადავუხადო, რომ არაჩვეულებრივად იმუშავა და, თან‚ ჩვენ აგვიტანა. ერთი დღე იყო დარჩენილი პრეზენტაციამდე, როცა შოთიკომ გამომიგზავნა კლიპი, გავხსენი და, ისეთი კადრები იყო, რაც არ უნდა ყოფილიყო.
შოთიკო: იმ ბიჭმა არ იცოდა კონცეფცია, სცენარი; იფიქრა‚ კრისტი უნდა დავამონტაჟოო და დაამონტაჟა. ცუდი კი არ იყო, უბრალოდ‚ ის იყო‚ რაც არ უნდა ყოფილიყო.
კრისტი: კაფეში ვიყავი იმ დროს. დავიწყე ტირილი, დავურეკე იმ ბიჭს და თან ვტიროდი. მითხრა: ნუ ნერვიულობ, მოდი და გავაკეთოთო. ღამის პირველ საათზე მივედით მე და შოთიკო, მთელი ღამის განმავლობაში გვერდით ვესხედით და ვეუბნებოდით: ეს გააკეთე, ის გააკეთეო. მოკლედ‚ სერიოზული გამოცდილება მივიღეთ, ბევრი რამე ვისწავლეთ, ახლა უკვე ვიცით‚ ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ და ამ მხრივ ბევრი ჩანაფიქრიც გვაქვს. მოკლედ‚ დილის 6 საათზე მოვედი სახლში, საშინლად დაღლილი ვიყავი ემოციებისგან, უკვე აღარ ვიცოდი‚ მომწონდა თუ არ მომწონდა. დავიძინე და ცოტა ხანში დიდი წერილი მომდის თინასგან, რომელიც ნიუ-იორკში იმყოფებოდა: სამი საათია‚ თვითმფრინავში ვზივარ, რაღაც პრობლემაა და ვერ გავფრინდიო. ხომ წარმოგიდგენია‚ რა დამემართებოდა? მეორე დღეს პრეზენტაცია და კონცერტი იყო დანიშნული, სტუმრები – დაპატიჟებული, მოკლედ, ყველაფერი მზად იყო და ვერაფრით ვერ გადავდებდით. ნორმალურად კი ჩაიარა პრეზენტაციამ, მაგრამ, ის არ გამოვიდა, რაც გვინდოდა და ძალიან დამწყდა გული, თუმცა‚ სამომავლოდ ამ მხრივ გეგმები გვაქვს... მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა, მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი მყოლია.
დიზაინერის ამპლუაში
ახლა თქვენ იმყოფებით მოდის სახლ „დალოოდში“, სადაც საოცრებები ხდება. ეს სახლი ნიჭიერი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად ხელგაშლილია. აქ ნახავთ: ირაკლი რუსაძის, სიმონ მაჩაბლის, ჩუბიკას, თეონა გარდაფხაძისა და საქართველოში ცნობილი ბევრი სხვა დიზაინერის კოსტიუმებს, რომლებსაც თავიანთი სახელოსნოები აქვთ, მაგრამ, სპეციალურად „დალოოდისთვის“ ქმნიან კოსტიუმებს. „დალოოდმა“ მოსკოვშიც გახსნა მაღაზია, სადაც ბევრი დიზაინერი მუშაობს, შერეული სტილი აქვთ. აქ ახლა ერთ-ერთი დიზაინერი მე ვიქნები. ადრე გავაკეთე მაისური, რომელზეც ფოტო დავაპრინტე და მეგობარს ვაჩუქე დაბადების დღეზე, ძალიან მოეწონა. მეორედაც გავაკეთე და ახლა გადავწყვიტე‚ უფრო სერიოზული სახე მიმეცა. შეიკერა სხვადასხვა ფორმის მაისურები: ზოგი გრძელია, ზოგი მოკლე, ელასტიკზე ჩასაცმელი, კაბასავით, გამოსასვლელიც არის და სპორტულიც და მათზე დავპრინტეთ ჩემი ფოტოები, რომელიც გადამიღო ირა კუდრიაშოვამ. ეს არის ნამდვილი კრისტი, ნატურალური, მაკიაჟის გარეშე. მაისურები „დალოოდში“ გაიყიდება და იმედია‚ ხალხს მოეწონება. ამ მხრივ კიდევ მაქვს კარგი პროექტი, რომელზეც ჯერჯერობით ხმამაღლა ვერაფერს ვიტყვი, თუმცა‚ სიურპრიზი იქნება, რადგან, მიყვარს ექსპერიმენტები და ყოველთვის მაინტერესებს, რა შეიძლება გამოვიდეს ჩემგან, რისი პოტენციალი მაქვს და ამას არასდროს ვერიდები...
პაუზა პირად ცხოვრებაში
პირად ცხოვრებაში პაუზა მაქვს აღებული – დავბლოკე საკუთარი თავი: არავინ არ უნდა მომწონდეს და, თუ ვინმეს მოვეწონები, მე არ მაინტერესებს. ალბათ‚ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა არაფრის შეცვლის სურვილი არ აქვს და მშვიდად უნდა ყოფნა. ახლა ძალიან კარგად ვარ და ეს მომწონს. იმდენად ვარ ჩართული ჩემს საქმეებში, ჩემი შვილის აღზრდაში, ჩემს სამყაროში, რომ, ვერც კი წარმომიდგენია‚ ვინმე მყავდეს გვერდით. ალბათ‚ ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ რაღაცეები დათმო, მე კი‚ ეტყობა‚ არ ვიცი სიყვარული, რადგან, ცოტა ეგოისტურად გამომდის – მხოლოდ ბავშვისთვის მინდა ყველაფერი. ამ ეტაპზე რა მინდა პირად ცხოვრებაში, არ ვიცი... მინდა, რომ გავთხოვდე? – არ ვიცი... ალბათ‚ ვერ გავთხოვდები. შეიძლება‚ ფობიაც მაქვს... ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი: არასდროს არაფერს არ დავაბრალებ სხვას, რადგან, მე ვარ ადამიანი‚ ვისაც შეუძლია საკუთარი შეცდომების დანახვა. დაახლოებით ერთი წელია‚ რაც პაუზა მაქვს აღებული და მომწონს – ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს...