რას აწყობდა ირაკლი ქადაგიშვილი იატაკქვეშეთში მალულად და სად „დაიმალა” ის პოლიტიკიდან გაუჩინარების შემდეგ
პოლიტიკური ასპარეზიდან წლების წინათ „გაუჩინარებული” ირაკლი ქადაგიშვილი ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ ისევ დიდ პოლიტიკას დაუბრუნდა. ამჯერად ის საკუთარ ძალებს „თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელის რანგში „სცდის” და, როგორც თავად ამბობს, საკუთარი წარსული ბევრ რამეში ადგება. წარსული კი მართლაც საინტერესო იყო – პატრიარქის სტიქაროსანი წლების განმავლობაში სათავეში ედგა პატრიარქის საქველმოქმედო ფონდს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ისევ იმ მდინარეში „შეცურა”, რომელსაც, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ შეელია.
– ბატონო ირაკლი, თქვენი პოლიტიკური კარიერა დიდი ხნის წინათ დაიწყო ეროვნულ-დემოკრატებში, თუმცა, მოულოდნელად პოლიტიკიდან „გაუჩინარდით.” რატომ?
– აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოვშორდი 2000 წლის შემდეგ. იმ პერიოდში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აღმოჩნდა ღრმა კრიზისში, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ამ პარტიას სრულიად სხვაგვარად შეეძლო, წარემართა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება. გიორგი ჭანტურიას სიკვდილმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. მერე იყო შიდაპარტიული დაპირისპირება, რომელიც გარედანაც იყო წახალისებული. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ეხება, რადგან, 1981 წელს მე ვიყავი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იმ ადამიანთა შორის, ვინც ეს პარტია ჩამოაყალიბა იატაკქვეშეთში. მაშინ ჩვენ ვიყავით ძალიან ახალგაზრდები, სკოლა ახალი დამთავრებული გვქონდა. ვიყავით პატრიარქის სტიქაროსნები, ვიკრიბებოდით სიონში, სადაც ჩამოყალიბდა ჩვენი მსოფლმხედველობა და მეგობრობა, რაზეც უდიდესი გავლენა მოახდინა მისმა უწმინდესობამ.
– პოლიტიკური ტაიმაუტის დროს ძალიან საინტერესო საქმეში იყავით ჩართული. მაინცდამაინც თქვენ რატომ განდოთ პატრიარქმა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელობა?
– 2005 წლიდან 2011 წლამდე მე ვხელმძღვანელობდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს. ეს იყო დიდი ნდობა, ამისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ პატრიარქის. ეს, პირველ ყოვლისა იმ წლების დამსახურება იყო, როდესაც მე პატრიარქის სტიქაროსანი ვიყავი. მისი უწმიდესობის მიმართ ყოველთვის მქონდა დიდი სიყვარული და მოწიწება. 80-იან წლებში, როდესაც ამ ქვეყანაში სხვა გარემო იყო, პატრიარქი იყო ეროვნული თვითშეგნების იდეის გამოღვიძების სიმბოლო. ამას ქვეცნობიერად ვგრძნობდით. ახალგაზრდა ადამიანს ხომ ამ ასაკში უყალიბდება სამშობლოს სიყვარული, ამ სიყვარულს ვხედავდით პატრიარქის მოღვაწეობაში, სიტყვაში, ქცევაში. ეს იყო ჩვენი მთავარი გზამკვლევი და ორიენტირი. ძალიან თბილი იყო ჩვენი პირადი ურთიერთობები, ჩვენ ვიზრდებოდით მის თვალწინ. აღდგომას და წინასაშობაოდ პატრიარქი ჩვენ ყველას გვჩუქნიდა ინდაურის წითელ კვერცხს და 50 მანეთს. ეს მაშინ დიდი ფული იყო ჩვენთვის და კარგ ნადიმებს ვაწყობდით ხოლმე იმ ფულით. ის აკვანი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის დაირწა საპატრიარქოში, იყო ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. პატრიარქის ბევრი სტიქაროსანი დღეს სამღვდელოების მაღალი წრის წარმომადგენელია, მეორე ნაწილი კი საერო გზას დაადგა და პოლიტიკური კარიერა აქვთ. მე არასდროს გამიწყვეტია ურთიერთობა პატრიარქთან და საპატრიარქოსთან, როგორც ინსტიტუციასთან; ფონდში მუშაობა ჩემთვის საზოგადოებრივი საქმიანობის ბუნებრივი გაგრძელება იყო. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელება დავიწყეთ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ტრადიციულ კულტურასა და მეცნიერებაზე ხელისუფლებას ხელი ჰქონდა ჩაქნეული და „მეფობდა” ბენდუქიძის იდეა, რომ ყველაფერს, მათ შორის კულტურასაც, დაარეგულირებდა ბაზარი. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კულტურა წახალისებული და დაფინანსებულია, მით უფრო, ასე უნდა ხდებოდეს ჩვენი ტიპის ქვეყანაში, სადაც ბაზარი შედარებით მწირია და ხელოვნება მასზე ვერ იქნება ორიენტირებული. პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის პრიორიტეტები იყო და რჩება კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, ამ მიმართულებებით ფონდმა ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა.
– რატომ შეელიეთ ამ კეთილ საქმეებს და რატომ დაუკავშირეთ ცხოვრება ისევ პოლიტიკას? ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ხომ არ შედიან?!
– როგორც ჩანს, პირველი გამოცდილება მუდმივად მიჰყვება ადამიანს, ამას გარდა, ქვეყანაში ისეთი ვითარება იყო, რომ მასთან არშეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, ნიშნავდა საკუთარი ქვეყნის მომავლის გაწირვას. როდესაც მე პოლიტიკაში დაბრუნება გადავწყვიტე ირაკლი ალასანიასთან ერთად მივედი პატრიარქთან და ვაცნობე ამის შესახებ, მან დაგვლოცა და ისიც კი გვითხრა: ერთმანეთს როგორ ჰგავხართ ორი ირაკლიო; თან დაამატა: მარტონი კი არ ხართ, ხომ არ გავიწყდებათ, მეც რომ ირაკლი ვარო. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ალბათ, ერთსა და იმავე მდინარეშიც შედიან ორჯერ (იცინის).
მე „თავისუფალ დემოკრატებში“ ვარ მისი დაარსების დღიდან. ირაკლი ალასანიასთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს, ეს ჯერ კიდევ აფხაზეთში დაიწყო. იმ პერიოდში მე საქართველოს საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ომის დროს ხშირად მიწევდა ჩასვლა სოხუმსა და გაგრაში, სადაც იყო საბაჟო პუნქტები. ჩვენი თანამშრომლები საომარ სიტუაციებშიც იყვნენ ჩართულები. მე პირადად, ფრონტისთვის აქედან საკვები და საჭირო ნივთები ჩამქონდა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი და ირაკლის ურთიერთობა, რომელიც მერე უფრო გაღრმავდა. როდესაც ირაკლიმ მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება, მეც, კარგად ვიცნობდი რა მის გუნდსა და მსოფლმხედველობას, მათთან ერთად აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება და ჩართვა გადავწყვიტე. მე აქამდეც ვიყავი ჩართული ყოველდღიურ პარტიულ ცხოვრებაში. არჩევნების პერიოდში ვმონაწილეობდი კოალიციის საორგანიზაციო საქმეებში და არ ვყოფილვარ პოლიტიკური სახე, ვხელმძღვანელობდი კახეთის მიმართულებას, ალბათ, იმიტომ, რომ წარმოშობით კახელი ვარ, თუმცა, უკვე მეოთხე თაობის სოლოლაკელად ვრჩები (იცინის). მას შემდეგ კი, რაც ირაკლი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაინიშნა, ის დაინტერესდა ჩემი დამოკიდებულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რადგან, ყოველთვის ცდილობს, რომ არ წაგართვას არჩევანი. მე, როგორც „გამოცდილმა პოლიტიკოსმა,” უფრო საჭირო მიმართულებაზე – პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე გავაკეთე არჩევანი. ირაკლისგან ეს არის დიდი ნდობა ჩემ მიმართ, რადგან პარტია მისთვის არის როგორც შვილი და, შესაბამისად, ძალიან ძვირფასია.
– ძველ ცხოვრებას, რომელიც საპატრიარქოსთან იყო დაკავშირებული, სულ შეელიეთ?
– მე დღესაც სტიქაროსანი ვარ. როდესაც აქტიურ პოლიტიკაში ვიყავი, პატრიარქის გვერდით დგომა ფამილარული იქნებოდა და ერთ პატარა ტაძარში „დავიმალე” (იცინის). კვლავინდებურად მაქვს ურთიერთობა პატრიარქთან, ვცდილობ ხოლმე, მოვინახულო, მისგან რჩევა მივიღო. ვცდილობ, რომ ასეთ გზაზე დადგნენ ჩემი შვილებიც. სამი ბიჭის მამა ვარ და ეს ყველაზე საპატიო მისიაა ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ვცდილობ, მათთვის დრო გამოვნახო. ბიჭს, შეიძლება, ხანმოკლე ურთიერთობაც ეყოს მამასთან, მთავარია, ის შენი ცხოვრების წესს აფასებდეს. ეს ყველაზე კარგი და საკმარისი მაგალითია მისთვის, ბიჭისთვის, რომელიც ხედავს, რომ მამა სწორი გზით მიდის.