როგორი იქნება 2013 წელი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის და რომელს მიეხმარებიან ვარსკვლავები დასახული მიზნების მიღწევაში
ახალი წელი, ბუნებრივია, სიახლესთან და, ესე იგი, უკეთეს მომავალთან ასოცირდება (ადამიანის ოპტიმიზმისა და თვითგადარჩენის ინსტინქტის გათვალისწინებით), თუმცა ის, თუ როგორი იქნება, გარკვეულწილად, ვარსკვლავებზეცაა დამოკიდებული (ასტროლოგიას რომ თავი დავანებოთ, იმიტომაც, თუ რა ბუნებრივი მოვლენებია მოსალოდნელი). ასტროლოგ მიხეილ ცაგარელთან ერთად მიმოვიხილავთ 2013 წლის პოლიტიკურ ასპექტებს და იმასაც, თუ როგორი იქნება ის ქართული პოლიტიკური სცენის წინა ხაზზე მდგარი პოლიტიკოსებისთვის.
– დაამშვიდებს ჩვენს ქვეყანას 2013 წელი?
– 2013 წელი მშვიდი არ იქნება, თუმცა არ იქნება ისეთი დაძაბული, როგორიც 2011 და 2010 წლები იყო. უფრო მეტია პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური კუთხით განვითარების შესაძლებლობები, მაგრამ ვერც სირთულეებს ავცდებით, იმიტომ რომ კვლავ გრძელდება ორხელისუფლებიანობა, რაც დაძაბავს სიტუაციას და ჩვენ შეიძლება, აღმოვჩნდეთ ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრე, როდესაც დაპირისპირებამ შესაძლოა, აპოგეას მიაღწიოს. ამ თვალსაზრისით, რთული პერიოდები გვაქვს: თებერვალი, მარტი და აპრილი. ამ პერიოდებში კონფლიქტების, დაძაბულობის ტენდენცია რადიკალურად იმატებს.
– შიდა თუ გარე კონფლიქტებისაც?
– შიდა დაპირისპირება, მათ შორის, უპირველესად, სახელისუფლო სტრუქტურებს შორის. გველი მისტიკური ცხოველია და, ამდენად, შესაძლოა, 2013-მა წელმა შექმნას პირობები ფარული გარიგებებისთვის. შესაძლოა, ამ ფარული გარიგებების შედეგად არაერთი დეპუტატი გადავიდეს უმცირესობიდან უმრავლესობაში ან შეიძლება, შიდა ფარული გარიგებების შედეგად მოილაპარაკონ კანდიდატებზე, რომლებიც შემდგომ მნიშვნელოვან თანამდებობებს დაიკავებენ. ამას ჩვენ 2013-ში ვერ დავინახავთ, მაგრამ 2014 და 2015 წლებში შესაძლოა, გამოვლინდნენ ახალი სახეები.
– ბიძინა ივანიშვილისთვის როგორი იქნება 2013 წელი?
– მე ჯერ კიდევ შარშან ამ დროს აღვნიშნე, რომ 2012 წელი პრეზდენტ სააკაშვილს ძალიან რთული და უარყოფითი ექნებოდა. ეს პერიოდი მისთვის 2013 წლის თებერვალში მთავრდება. თხის წელიწადშია დაბადებული და 10 თებერვლიდან თხას ეწყება აღმავალი პერიოდი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რას გააკეთებს ამ პერიოდის ამოწურვამდე ბიძინა ივანიშვილი, რადგან 10 თებერვლის შემდეგ იგი გაცილებით მეტ სირთულეს წააწყდება, იმიტომ რომ პრეზიდენტის იღბლიანობა აშკარად მოიმატებს. ამდენად, ძირითადი საკითხები უნდა გაარკვიოს 10 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს ორმაგი ძალისხმევის გაღება მიზნის მისაღწევად. ივანიშვილს, რადგან მერწყულის ზოდიაქოს ნიშანია, 2013 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ დადებითი აქვს და ეს პერიოდი, დაახლოებით, ივნისის ბოლომდე გაგრძელდება მისთვის. ამიტომ წლის პირველ ნახევარში უნდა შეძლოს ძირითადი საკითხების გადაწყვეტა. მისთვის მეორე ნახევარი უფრო სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, რადგან მოიმატებს მის მიმართ კრიტიკა არა მარტო ოპოზიციის, არამედ შესაძლებელია, იმ პიროვნებების მხრიდანაც, რომლებიც ჯერჯერობით ხმას არ იღებენ და დამკვირვებლის როლში გამოდიან. იმავე პერიოდში მისთვის მატულობს კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ მან წლის პირველ ნახევარში უნდა მოიპოვოს ის სტატუსი, რომელიც ხელს შეუწყობს იმაში, რომ წლის მეორე ნახევარი მშვიდად განვლოს და პირველი ნახევრის წარმატებებმა ხელი შეუწყოს მეორე ნახევრის სირთულეების დაძლევას.
– პრეზიდენტ სააკაშვილს რას უმზადებენ ვარსკვლავები?
– მისთვის ეს ახალი წელიწადი, მთლიანობაში, უმჯობესია, წინა წელიწადზე, მაგრამ სირთულეები მასაც ექნება. ძირითადად ბრძოლა პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს შორის წარიმართება წლის პირველ ნახევარში და ეს ვითარება, ფაქტობრივად, ივნისის ბოლომდე გასტანს. პრეზიდენტ სააკაშვილს 2013 წელს იღბლიანობა მაღალი აქვს, მისთვის ეს პოზიტიური პერიოდია, ექნება საშუალება, რომ ურთიერთობები განამტკიცოს, მათ შორის, უცხოელებთან და ძველ მეგობრებთან. იგი ეცდება ახალი კარიერული გზებისა და იმ საშუალებების მოძიებას, რომლებიც მის „ნაციონალურ მოძრაობას“ უმაღლეს სამთავრობო სტრუქტურებში დაბრუნებას შეუწყობს ხელს. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველი ნახევარი იქნება ძალიან ცხელი და არა მარტო ივნისის ბოლომდე, არამედ შესაძლოა, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდეს ასეთი ბრძოლა. წლის მეორე ნახევარი, რომელიც მისთვის სექტემბრიდან ამოქმედდება, გაცილებით რთული იქნება.
– ესე იგი, ივანიშვილისა და სააკაშვილის რთული პერიოდები ერთმანეთს დაემთხვევა?
– დაახლოებით, ერთნაირად მიდიან, სააკაშვილისთვის 2013 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2012 იყო, მაგრამ პირველი ნახევარი აშკარად უკეთესი ექნება. ბიძინა ივანიშვილისთვის 2013 წელი ისეთივე ეფექტური ვერ იქნება, როგორიც 2012 იყო, მაგრამ პირველი ნახევარი – მაინც უკეთესი. სააკაშვილისთვისაც მეორე ნახევარი უარესია, დანაკარგების ტენდენცია მაღალი აქვს. შეიძლება, შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემები, მოიმატებს კონფლიქტების ტენდენცია, გააქტიურდებიან ფარული მტრები, მათ შორის, შიდა პარტიულ სტრუქტურებში. გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები, მასში გაძლიერდება სულსწრაფობა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვას და ამიტომ მე მას 25 აგვისტოს შემდეგ არ ვურჩევ ზედმეტ აქტიურობას კარიერული კუთხით. საერთოდ, ყველა მშვილდოსანს ვურჩევდი ამ პერიოდში, რაც შეიძლება, მინიმუმამდე დაიყვანონ აქტიურობა, მეტი იკითხონ, რათა იქიდან მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ძალიან გამოადგებათ 2014 წელს.
ერთი დეტალი მინდა გითხრათ, ეს ჩემი დაკვირვების შედეგია და ძალიან მაინტერესებს, როგორ დასრულდება. როდესაც პლანეტა სატურნი, მთავარი დამსჯელი პლანეტა, შედის მორიელის ზოდიაქოში, ეს პროცესი 30 წელიწადში ერთხელაა. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ამ დროს რუსეთში და არაერთი რუსი იმპერატორი დაიღუპა ან გადააყენეს სატურნის შესვლის შემდეგ მორიელის ზოდიაქოში: ალექსანდრე პირველი და მესამე, უფრო მეტიც, ეს მოხდა მაშინ, როდესაც სტალინი და ლენინი გარდაიცვალნენ. სწორედ ახლა შევიდა ისევ სატურნი მორიელის ზოდიაქოში.
– როდის გამოდის?
– ორი წლის შემდეგ. მე ვაკვირდები: ცოტა ცუდად გრძნობს თავს პრეზიდენტი პუტინი. ზუსტად ვერ ვიტყვი, რომ მას სერიოზული პრობლემები შეექმნება, ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში ნამდვილად არა, მაგრამ, თუ ამ ორი წლის განმავლობაში პუტინი ან არ გადააყენეს, ან მას ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნა, ესე იგი, ეს კანონზომიერება დაირღვევა რუსეთის ისტორიაში. თუმცა ისევ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
– ვანო მერაბიშვილს რა ელის?
– ახლა საკმაოდ რთული პოზიციის წინაშე დგას და ეს გაგრძელდება ივნისის, დაახლოებით, 26-მდე. თუ ის არ იქნება სულსწრაფი და ამდენს არ ილაპარაკებს ტელევიზიით, სირთულეებს დაძლევს. ძალიან ბევრს ლაპარაკობს, არადა ახლა შავი მთვარე იმყოფება ყველაზე მოლაპარაკე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ ძალიან ფრთხლად უნდა იყოს, რომ ისეთი რამ არ წამოსცდეს, რასაც შემდეგ ჟურნალისტები დაიმახსოვრებენ და პრობლემებს შეუქმნიან ამის გამო. მხოლოდ და მხოლოდ ამ მხრივ სჭირდება ყურადღება. სხვა მხრივ, ყველაზე კარგი წელიწადი აქვს ვანო მერაბიშვილს. ენერგოტონუსი ძალიან მაღალი ექნება, იღბლიანობაც, უცხოელებთან კონტაქტის დამყარების კუთხით ვანოს ძალიან კარგი წელიწადი ელის და შესაძლოა, მეორე ნახევარი უკეთესიც კი ჰქონდეს, ვიდრე პირველი ნახევარი. მთლიანობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ თავს ყველაზე კარგად ვანო მერაბიშვილი იგრძნობს და ის იქნება ყველაზე სტაბილურად. თუმცა ვიმეორებ, არ არის გამორიცხული, ზედმეტი თქვას, რაც შემდეგ პროკურატურას გამოადგება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს ივლისში. შემდეგ მისთვის საყურადღებოა ოქტომბერი და წლის ბოლო. შეიძლება, იმდენი რამ დაუგროვდეს, რომ ეს კარგი წელიწადი ექცეს ცუდად და, მეტიც, გარკვეულწილად, პროკურატურამ სერიოზული მასალებიც მოიძიოს.
– გიგი უგულავა?
– უგულავასთვის წლის პირველი ნახევარი კარგია, შესაძლოა, ბიზნესის გაფართოების პერსპექტივაც შეექმნას. ყოველ შემთხვევაში, კარიერული კუთხითაც კი პირველ ნახევარში აქვს საშუალება, რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ წლის მეორე ნახევარი სერიოზულად პრობლემური ექნება. შესაძლოა, გაუხსენონ ძველი შეცდომები. თან, ძველმა შეცდომებმა ამოტივტივება დაიწყოს. შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებმაც იჩინოს თავი, შიდა ინტრიგებმა, ცდუნებებმა. მეტიც, შესაძლოა, ამ პერიოდში ვალების დაბრუნება მოუწიოს.
– მორალურ ვალებს გულისხმობთ თუ მატერიალურს?
– ყველა სახის, ამიტომ ივლისიდან მას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა დასჭირდება.
– ბოკერია შეინარჩუნებს უხილავი მმართველის სტატუსს?
– ბოკერია გააგრძელებს რუხი კარდინალის როლის შესრულებას. ალბათ, ტაქტიკურად ყველაზე სწორად მოიქცევა „ნაციონალური მოძრაობიდან“. სავარაუდოდ, ორ პიროვნებას – ბაქრაძესა და ბოკერიას, აქვთ ყველაზე მეტი შანსი, შედარებით მშრალები გამოვიდნენ იმ პრობლემებიდან, რომლებიც მოსალოდნელია, შეექმნას „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ ფრთხილი მოქმედებით და მას აქვს ამის უნარი, შეძლებს, დაიბევოს სტატუს-კვო წლის განმავლობაში.
– გადავინაცვლოთ ხელისუფლებისკენ: დავით უსუფაშვილს სწყალობენ ვარსკვლავები 2013-ში?
– წლის პირველი ნახევარი შედარებით სუსტი აქვს, ტონუსიც ცოტა დაბალი აქვს და იღბლიანობაც. მაგრამ მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, სექტემბრიდან მისთვის ძალიან კარგი პერიოდი იწყება. ძალიან ენერგიული გახდება და ეზრდება სერიოზული წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, მათ შორის, პოპულარობისაც.
– ირაკლი ალასანიას?
– ირაკლი ალასანიას, დაახლოებით, ისეთივე შესაძლებლობები აქვს, როგორც პრეზიდენტს. წლის პირველი ნახევარი მისთვისაც ძალიან კარგი იქნება, ამიტომ ამ პერიოდში უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს მისი პოპულარობის ზრდას და წარმატებებს, მათ შორის, უცხოელებთანაც. მეორე ნახევარი გაცილებით რთული ექნება, უფრო კონფლიქტური, მასში მოიმატებს სულსწრაფობა, მის გარშემო – ინტრიგები. ამდენად, მეტი ყურადღებით უნდა იყოს მეორე ნახევარში, არ გადაიღალოს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნას. ამ პერიოდში შეცდომების დაშვების ალბათობაც მაღალი ექნება, ამიტომ წლის მეორე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოს.
– ზოდიაქოს ნიშნებიდან გამომდინარე, ქვეყანას სააკაშვილი უფრო უთავსდება თუ ივანიშვილი?
– ივანიშვილი. საქართველოს მართავს ლომის ზოდიაქო და ბიძინა ივანიშვილის პირად ჰოროსკოპში თეთრი მთვარეა მისი მფარველი ანგელოზი, რომელიც პლანეტა იუპიტერთან ერთად დაბადების მომენტიდანვე იმყოფება ლომის ზოდიაქოში. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ ის დაიბადა, როგორც მმართველი, რომლის მფარველი ანგელოზი ხელს უწყობს მის ცხოვრებისეულ გამარჯვებებს. თანაც, ხვდება ლომის ზოდიაქოში, რომელიც მართავს საქართველოს. საქართველოსთვის ბიძინა ივანიშვილს მეტი წარმატების მოტანა შეუძლია და, პირიქით, საქართველოსაც შეუძლია მისთვის მეტი წარმატების მოტანა: მისი მფარველი ანგელოზის ქვეყანაა. ამიტომ იყო, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში ბრუნდებოდა საქართველოში. უცხოეთში მისი ბიზნესის საქმეები უკეთ მიდიოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც აქ მოდიოდა, რაც მიანიშნებს, რაოდენ ძლიერია ამ ქვეყნის ენერგეტიკა მისთვის.
– თვითონ ივანიშვილი-სააკაშვილის შეთავსებაზე რას ამბობენ ვარსკვლავები?
– არ არის ისეთი ცუდი, როგორიც იყო სააკაშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის. მათ აუტანელი შეთავსება ჰქონდათ. აქ არის შეთავსება, რადგან 7 წელს ისინი საკმაოდ ნორმალურად ურთიერთობდნენ. პრობლემა წარმოიშვა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის შედეგად და პრინციპული იდეოლოგიური განსხვავებები გახდა მათ შორის სერიოზული დაპირისპირების მიზეზი, თორემ ფსიქოტიპით მათ შორის სავსებითაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება. მაგრამ აქვე იმას გეტყვით, რომ ფსიქოტიპით პუტინი და სააკაშვილიც უთავსდებიან ერთმანეთს, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი და პუტინი.
– რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის 2013 წელი როგორია?
– უკეთესია, მაგრამ რუსეთი ელცინის პერიოდიდან უსამართლო ენერგეტიკულ ზონაში იმყოფება. ის ამ ზონაში 2014 წლამდე დარჩება, როდესაც ნებისმიერი მისი უსამართლობა უპრობლემოდ ჩაივლის, ამიტომ ყოველთვის ვუკიჟინებდი შევარდნაძეს, ფრთხილად იყავით რუსებთან, ახლა რასაც გააკეთებს, ყველაფერი ისე ჩაივლის, ვითომც არაფერი-მეთქი. ამიტომ უაზრობაა, რუსეთს რამე მოჰკითხოთ 2014 წლამდე, მე ვიტყოდი 2016 წლამდეც. თუმცა 2014 წელს ისინი პირველად დასვამენ კითხვას, იქნებ ჩვენი მოქმედება არასამართლიანი იყო? ამ კითხვას ჯერ სათანადო პასუხები არ გაეცემა, მაგრამ 2016 წელს რუსები აშკარად გამოდიან ამ ზონიდან. უკვე მიხვდებიან, რომ რაღაცას აშავებენ და დაიწყებენ ამის გამოსწორებას. ამდენად, 2013 წელი არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობის საწყისი. 2014 წელი აშკარად გამოაჩენს, რომ უმჯობესდება სიტუაცია და 2016-დან აშკარად დალაგდება, თუმცა, როგორც გითხარით, ეს ელემენტები 2013 წლიდან გახდება თვალში საცემი.
– როგორია „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“, როგორც პარტიული წარმონაქმნების სიცოცხლისუნარიანობა 2013-ში?
– „ოცნებას“ ჯერჯერობით მაღალი აქვს სიცოცხლისუნარიანობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – არა, იმიტომ რომ ყველა ტიპის გაერთიანება ემორჩილება კოსმიურ პრინციპს: არსებობს განვითარების 9-წლიანი ციკლი. თუ 9 წლის თავზე ორგანიზაცია არ ცვლის თავის პოლიტიკას: ეკონომიკურს, პოლიტიკურს თუ საკადროს, რაღაც ტრანსფორმაცია-რეგენერაციას თუ არ ახდენს, 9 წლის შემდეგ ის ორგანიზაცია უბრალოდ იშლება. „მოქკავშირსაც“ ვუკიჟინებდი ამას. „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ვურჩევდი, რომ, თუ ისინი 2012 წელს, როდესაც 9 წელი უსრულდება, არ შეცვლიან პოზიციას, დაიშლებოდნენ ან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. შეექმნათ?! ამდენად, მათი სიცოცხლისუნარიანობა დაბალია. თუ რეგენერაციას არ მოახდენენ და მნიშვნელოვნად არ შეცვლიან თავიანთ პოლიტიკას, ძალიან გაუჭირდებათ მიზნის მიღწევა. რაც შეეხება „ოცნებას“: მათ პირველი გამოცდა ელით 3 წლის შემდეგ.