თავშესაფარი
ჩაიდინეთ დანაშაული, მშვენიერო…
რაკი ყოველივე უცხოს ფრიად ვეწაფებით, კოჰაბიტაციაც ისე შევისისხლხორცეთ (ბუნებრივია, ოდენ ტერმინის, ანუ, ასოთა თამაშის დონეზე), ჩვენს მეტყველებას ლამის, თუ მთლად დედის რძესავით ვერა, „ჰუმანასავით“ მაინც შეერგოს.
ერთი მხრივ, ნახელისუფლარნი თავისას არ იშლიან (ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრებას მათ მიერ ნალოლიავები დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებად აღიქვამს), მეორე მხრივ კი, არც ახლები იტეხენ იხტიბარს (ან კი როგორ გაიტეხენ, როდესაც, ლამის მთელ საქართველოს საკუთარ არა მხოლოდ ტყავზე აქვს ნაწვნევი ქართული დემოკრატიის ხელკეტის ტკბილ-მწარე გემო).
ერთი სიტყვით, საკუთარი მოთხოვნები პრეზიდენტმა თავისავე წინასაახალწლო გამოსვლაში ჩამოაყალიბა (პირადად მე ყველაზე მეტად გული იმ პუნქტმა დამიკოდა, რომლითაც პრეზიდენტი თავისუფალი მედიის ზეწოლისგან გათავისუფლებას მოითხოვდა), მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას აუწყა, რომ, შესაძლოა, ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ ამნისტიის მსგავსი ღონისძიება გატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჩინოვნიკობისას ჩადენილი დანაშაული უნდა ეპატიოთ.
მოგვიანებით ეს აზრი ნაახალწლევს პარლამენტის თავმჯდომარემაც განავრცო. კერძოდ, ბ-ნი უსუფაშვილი ბრძანებს, რომ მმართველი კოალიცია მზად არის, საჯარო მოხელეების მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს, თუმცა, აი, იმას კი გვპირდება, რომ ეს ჰუმანური მიდგომა მძიმე დანაშაულის ჩამდენ ყოფილებზე არ გავრცელდება (მოკლედ და პროზაულად რომ ვთქვა, მკვლელებსა და დიდი ოდენობით ფულის გამფლანგველს, ნებისმიერ შემთხვევაში, გასკვანჩავენ).
ვის „გასკვანჩავენ“ და ვის ვერა, ამას საგაზაფხულო სესიის ფინალისკენ ვნახავთ, ვინაიდან, საყოველთაო შერიგების დოკუმენტზე მუშაობას კანონმდებლები, სწორედაც რომ, საგაზაფხულო სესიაზე შეუდგებიან.
თუმცა, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ მრავალი ნაჩინოვნიკარი მშრალზე მშრალი გამოვა, რაც, თავისთავად, აჩენს ეჭვს, რომ თანამდებობა ერთგვარი თავშესაფარი, ზედაც, ინდულგენციაა და, შესაბამისად, როგორც არასდროს, აქტუალურია შეგონება: ბედი მომეც, სანეხვეზე დამაგდეო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „სანეხვეში“, ზოგადად, სკამი იგულისხმება).