აღიარების სანაცვლოდ
ანუ, სამაგიერო?!
მართალია, ისრაელის სახელმწიფომ დაგმო იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში ქართველებისადმი მიმართული შეურაცხმყოფელი წარწერები, ბოდიშიც მოიხადა და წარწერებიც წაშალა, თუმცა, ფაქტი, თუნდაც, ვანდალური, არც ისე საწყენი იყო, რადგან, იმ წარწერებამდე მცირე ხნით ადრე საქართველომ, რატომღაც, მხარი დაუჭირა გაეროში პალესტინისთვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას (ასე რომ, მავანთა მოუზომავი რეაქცია, მისაღები თუ არა, გასაგები იყო). შესაბამისად, პირადად მე იმ წარწერების ავტორს, მაინცდამაინც, ვერ გავამტყუნებდი.
მაგრამ, სულ ახლახან გაირკვა, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაულმა ქართველთა დიდი ჯგუფების გარეშე ჩაიარა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ისრაელის შსს-მ საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გადაგზავნილი 46-კაციანი სიიდან ვიზა არც ერთს არ მისცა. ანალოგიური უარი მიიღეს იმ ტურისტულმა სააგენტოებმა, რომლებიც წინა წლებში ამ ბიზნესით აქტიურად იყვნენ დაკავებულნი.
ისრაელში საქართველოს ელჩი ამ უარს პალესტინისადმი საქართველოს მიერ გამომჟღავნებულ თბილ გრძნობებს არ უკავშირებს, ჩვენი სასულიერო პირები კი აცხადებენ, რომ უარის მიზეზი წინა წლებში ისრაელში ქართველების დარჩენის შემთხვევების მოხშირებაა, მაგრამ, სავარაუდოდ, ძაღლის თავი მაინც პალესტინისადმი გულშემატკივრობაშია დამარხული.
და თუკი ქართული დიპლომატია კვლავაც პალესტინელთადმი სიყვარულის ერთგულების გზით გააგრძელებს სიარულს, არც ის არის გამორიცხული, აღდგომის დღესასწაულზე სასწაულმოქმედი ცეცხლის გარეშეც დავრჩეთ.