კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ბესო ცინცაძე ჰოკეის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში და ვის მოაპოვებინა მან სტენლის თასი 37 წლის პაუზის შემდეგ

ჩვენი რესპონდენტი უკვე 17 წელია, ამერიკაში ცხოვრობს. მისი ცხოვრების უმეტესი წლები ყინულს უკავშირდება. ფიგურული სრიალით დაიწყო და წლების შემდეგ ჰოკეითი შეცვალა. დღეს ის მთელ მსოფლიოში ცნობილი ფიგურაა. ბესო ცინცაძე, რომელმაც საკუთარი მეთოდებითა და განსხვავებული სტილით გაითქვა სახელი ჰოკეის სამყაროში, თავად „უყინულო“ ქვეყნიდან არის. ეს კი, ალბათ, ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელია. კაცი „უყინულო“ ქვეყნიდან ენხაელში მწვრთნელად მიიწვიეს, სადაც 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორ ცხოვრობს და რა წარმატებები ირიცხება მის ანგარიშზე, ამას უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობთ და თქვენს სფეროში სახელგანთქმული ადამიანი ხართ.

–  რასაც ვაკეთებ ჩემს დარგში, იმით მთელი მსოფლიო მიცნობს.

– ყინულის ჰოკეის დიდოსტატი ხართ. საიდან? როგორ? ეს კითხვა ბევრ ადამიანს გაუჩნდება, რადგან წარმოშობით ხართ ისეთი ქვეყნიდან, სადაც ყინული პოპულარული არ არის?

– ყინულს დიდი ხანია, ჩემი ცხოვრება დაუკავშირდა. თავიდან მოციგურავე ვიყავი, საბჭოთა კავშირის დროს შეკრებებზე დავდიოდით. გაგვიმართლა, რომ ფიგურულ სრიალში, „დინამოს“ ნაკრებში ვიყავით და ხშირად გვიწევდა აქეთ-იქით სიარული. „ციგნებივით“ ვიყავით, რადგან საქართველოში ნორმალური ყინული არასდროს გაგვაჩნდა. თუ იყო, ისიც პატარა, რის იმედადაც მართლა ვერ გავიზრდებოდით კარგ სპორტსმენებად. ამიტომ, შეკრებებზე ხშირად დავდიოდით. ბავშვობიდან მიყვარდა ჰოკეი და ჩვენს ყინულზე სულ ვთამაშობდი ხოლმე. თან, გურული კაცი ვარ და მოგეხსენებათ, გურულებს გვიყვარს აქეთ-იქით სირბილი. მოგვიანებით, რუსეთში გადამიყვანეს და იქ ვციგურაობდი. პირველი კაცი ვიყავი, საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გამოვედი ჯერ კიდევ ძველი დროშით. ასევე, გამოვდიოდი ევროპის ჩემპიონატებზე. მერე პრობლემები შეიქმნა თანხებთან დაკავშირებით, სპონსორები აღარ გვყავდა, ომი იყო გაჩაღებული და ვის ეციგურავებოდა. ამიტომ, იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა და ამერიკაში წამოვედი. თავიდან 8 წელი ფიგურული სრიალის განხრით ვიყავი ამერიკის შოუში და მსოფლიო ტურიც გვქონდა. თბილისში მაინც ვახერხებდი ჩამოსვლას ზაფხულობით და ორ თვეს მანდ ვატარებდი. 

 გავიდა დრო და ციგურები გამოვიცვალე, ფიგურული სრიალიდან ჰოკეიში გადავინაცვლე და დავიწყე ჩემი პროგრამით მუშაობა. მაშინ ფილადელფიის გვერდით, პენსილვანიაში ვცხოვრობდი. რამდენიმე წელი ნელ-ნელა ჩემთვის რაღაცეებს ვხლაფორთობდი, ათასნაირ რაღაცას ვიგონებდი. ჩვენს ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, ჰოკეის დიდი ლიგა იყო. ჰოკეისტებს სპეციალური მოჩხუბრებიც ჰყავთ გუნდში, რომ სხვებს ძვლები დაანგრიონ. ჰოდა, ერთი ასეთი მოჩხუბარი ჩეხი ბიჭი იყო, რომელმაც მითხრა, ბესო, კარგად სრიალი მიჭირს და თუ შეგიძლია, დამეხმარეო. წლების განმავლობაში ვეხმარებოდი და გუნდშიც შეამჩნიეს შედეგი. 2 მეტრზე მაღალი ბიჭი იყო. მერე ჰკითხეს, რას აკეთებ, რა ვარჯიშებს გადიხარ, ასე რომ მოუმატე თამაშსო. მან ჩემს შესახებ უთხრა და ისიც შესთავაზა, თუ გინდათ, მოიწვიეთ და ნახეთო. მიმიწვიეს და აღფრთოვანდნენ. ჩემი პროგრამა მქონდა, მთელი გუნდი ჩამაბარეს და დავიწყეთ მუშაობა. მერე ხელშეკრულებაც გამიფორმეს. ამის მერე, გუნდის მთავარი მწვრთნელი ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში, ენხაელში გადაიყვანეს, სადაც ვარსკვლავები თამაშობენ. მწვრთმელმა დამირეკა, ბესო, მჭირდებიო და ენხაელში წამიყვანა. საოცარი შემადგენლობა დამხვდა. პირველი დღიდან მიმიკედლეს და მათთან ზუსტად 6 წელი ვიმუშავე. აყვანიდან 3 წელში, სტენლის თასი ავიღეთ, რაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. ამის მერე სახელიც გამივარდა. შვეიცარიის ნაკრებს დღემდე ვუკეთებ შეკრებებს. გაგეცინებათ, მაგრამ ლენინგრადში „გაზპრომი“ მიწვევს. აბა, საქართველოში რომ იყოს ყინული და ჰოკეისტები, „გაზპრომის“ მაგივრად, მანდ ჩამოვიდოდი და ბავშვებისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. 

 „პიტსბურგ პინგვინსებს“ რომ ვავარჯიშებდი, „ბოსტონ ბრუინსში” მიმიწვიეს. ბოსტონი უფრო ევროპას ჰგავს, სადაც ვცხოვრობ, იქიდან 10 წუთია ჰარვარდის უნივერსიტეტამდე. „ბოსტონ ბრუინსი” არნახული გუნდია. ერთწლიანი ვარჯიშის მერე, სტენლის მეორე თასი მოვიგეთ. პირველი 37 წლის წინ ჰქონდათ მოგებული. უყვართ ჩემთან ურთიერთობა, კარგი ენერგია მიმაქვს, ვავარჯიშებ და ასე შემდეგ. 

 ამერიკაში ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელია, მაგრამ ისეთი წარმატებისთვის მაინც ვერ მიუღწევიათ თავისი კარიერის განმავლობაში, სტენლის თასი რომ აეღოთ. ზოგი ისე ამთავრებს კარიერას, ხელიც კი არ შეუხია ამ თასისთვის. მე კი ეს თასი ერთი დღე სახლში მედო. ქართულმა სპორტმა შეჯიბრების მომენტი მასწავლა. 

– სხვა მწვრთნელისგან განსხვავებით, ვარჯიშის საკუთარი და ყველასგან განსხვავებული მეთოდი გაქვთ.

– გუნდში 4 მწვრთნელი მუშაობს. ერთი მეკარეებს ავარჯიშებს, სხვა კი მთავარი მწვრთნელია, რომელიც სტრატეგიაზე ამუშავებს სპორტსმენებს და ასე შემდეგ. არიან სპორტსმენები, ყინულზე სწრაფად გაქცევა რომ უჭირთ. მათ სჭირდებათ ფიზიკური მომზადება, უფრო მოქნილი რომ იყოს და თავს ისე გრძნობდეს, როგორც თევზი წყალში. ეს მისია მე მაბარია. ჯერჯერობით ჩემით ყველა კმაყოფილია. უკვე მეორე წელია, „ბოსტონის პატარა არწივებს” ვავარჯიშებ. კვირაში 285 ბავშვი მყავს. უკვე მართლა არწივებივით დაფრინავენ. პენსილვანიაშიც ვავარჯიშებდი დიდების პარალელურად ბავშვებს, რომლებიც ორი წელი ზედიზედ ამერიკის ჩემპიონები გახდნენ. ახლა 15 წლის არიან და 10 წლიდან მე გავზარდე. ჩემპიონები არიან და უკვე აგენტები დასდევენ. თუ ხელს მოვაწერ ხელშეკრულებას, ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არის 3, 5, ან 10-მილიონიანი კონტრაქტები წელიწადში. ჩემი მისია სწორედ ის არის, ბავშვები გავზარდო და პროფესიონალებად ჩამოვაყალიბო. საქართველოში რომ იყოს ყინულის მოედანი, დიდი სიამოვნებით გავზრდიდი წარმატებულ ჰოკეისტებს. ყინულის მოედანი თუ არ იქნება, ზედმეტია ყველაფერზე ლაპარაკი. მარტო იმ რაიონში, სადაც მე ვცხოვრობ, 6 ყინულია. ტორონტოში დავდივარ ხშირად, სადაც ყინულის ბიზნესები მაქვს და ბევრ ხალხს ვავარჯიშებთ. წარმოიდგინეთ, მარტო ტორონტოში 1000 ყინულია. ასეთ პირობებში გინდა არ გინდა, გამოხვალ კარგი ჰოკეისტი, აბა რა! თან, მით უმეტეს, თუ კარგი მწვრთნელიც გყავს. 

– ვფიქრობ, თქვენი ტალანტი თანდაყოლილია.

– ალბათ. ნიჭიერი ყოველთვის ვიყავი. მუშაობა ძალიან მიყვარს. ხანდახან დილა რომ გათენდება, მიხარია და ერთი სული მაქვს, როდის მოვა სამსახურში წასვლის დრო, ახალი რაღაც რომ გავაკეთო. 

– თან, საკმაოდ ჯანმრთელი სპორტია.

– რა თქმა უნდა. ბევრი მოყვარულიც დადის, რადგან ბრონქებისთვისაც კარგია და საერთო ჯანმრთელობისთვისაც. სულ ვამბობ, ყოველ დღე, ასეთ სუფთა ჰაერს რომ ვსუნთქავ, გეგმაში მაქვს, 100 წელი თავისუფლად ვიცოცხლო. ჰოკეისტებს იმასაც ვეუბნები, 80 წლის რომ ვიქნები, მაშინაც გავარჯიშებთ-მეთქი.

– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

– ჩემი მეუღლე, იულია ლიაშენკო ლატვიელია, რიგიდან. ახალგაზრდობაში ცნობილი სპორტსმენი იყო. ლენინგრადში ვარჯიშობდა ოლიმპიური ჩემპიონების გამოცდილ და სახელოვან მწვრთნელთან, თამარა მოსკვინასთან. იულია ბავშვობიდან მასთან ვარჯიშობდა. ავსტრალიაში იყვნენ მსოფლიო ჩემპიონატზე და მესამე ადგილი აიღეს. ჩვენ რუსეთიდანაც ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მერე ამერიკაში შევხვდით და უკვე 15 წელია, ერთად ვცხოვრობთ. საქართველოში ხელი რომ მოვაწერეთ, ჩვენმა პატრიარქმა დაგვლოცა. მადლობა უფალს, ყველაფრისთვის, ასეთი კარგი ცხოვრება რომ მოგვცა. ჯერჯერობით ერთი ქალიშვილი გვყავს, სოფო, რომელიც 8 წლისაა. სოფოც ციგურაობს და საკმაოდ პერსპექტიული ბავშვია. იმედი მაქვს, საქართველოს სახელით გამოვა, თუ არა და ამერიკის სახელით მაინც. ჩვენ რომ მოკლებული ვიყავით ყველაფერს, ვცდილობთ, ის ისე გავზარდოთ, არაფერი მოვაკლოთ. რაც მთავარია, წარჩინებული მოსწავლე უნდა იყოს.

– ქართულად თუ ლაპარაკობს?

– ცოტას. მე და ჩემი მეუღლე რუსულად ვლაპარაკობთ, ამიტომ სოფომაც კარგად იცის რუსული ენა. ინგლისური უკვე თავისი ენაა, სკოლიდან გამომდინარე. საკმაოდ ბევრი ქართული სიტყვა იცის და ვცდილობ, ლაპარაკიც ვასწავლო. 18 წლის მეგობარი ბიჭები მყავს აქვე, რომლებიც ჩემი მეზობლები არიან თბილისიდან და ჰარვარდში სწავლობენ. ვპატრონობ მათ, დასვენების დღეებში მომყავს ჩვენთან. დიდი სახლი მაქვს და ამის საშუალება არის. მათ ცივ ნიავს არ ვაკარებ. მეც მახსოვს ბავშვობაში „პაეზტკებში” რომ დავდიოდით, კარგი ხალხი გამოგვიჩნდებოდა და ბევრ რამეში გვეხმარებოდნენ. ამიტომ, მეც მინდა, დიდი სიამოვნებით დავეხმარო ამ ბავშვებს. არიან კიდევ კარგი ბიჭები, ფორტეპიანოზე უკრავს გიო მიქაძე, ერთი ქართველი კიდევ ბალერონია, რომელიც ბოსტონის ბალეტშია და ასე შემდეგ. ასე რომ, ვმეგობრობთ.

– როგორც ჩანს, ბოსტონში პატარა საქართველო გაქვთ.

– კი, პატარა საქართველო ნამდვილად მაქვს ბოსტონში. თან, სახლიც დიდი ეზოთი ვიყიდე. ამ ზაფხულს ფაცხასაც ჩავდგამთ და სტუმრები რომ ჩამოვლენ, კარგად დაისვენებენ ჩვენთან. 

– საქართველოში როდის გეგმავთ ჩამოსვლას?

– ალბათ, მარტში ჩამოვალ 10 დღით. წინა წელს საქართველოში შევხვდით ახალ წელს. მიყვარს საქართველოში ჩამოსვლა. ენერგიას მაძლევს ოჯახი, ნათესავები და თვითონ თბილისი. მიხარია რომ ამ პატარა ქვეყნიდან ვარ.

 

скачать dle 11.3