რამ მოუსწრო ზურაბ ჟვანიას ცოლს ამერიკაში და რატომ აკონტროლებენ ბუსა ჟვანიას
ზურაბ ჟვანიას ოჯახი, ახალი ხელისუფლების დანაპირებს, რომ ნათელს მოჰფენს პრემიერ-მინისტრის მკვლელობის საქმეს, მოთმინებით ელის. ზურაბ ჟვანიას ვაჟიშვილს, ბუსა ჟვანიას, ამაზე „რკინის” ვერსია აქვს: ბუნებაში სიმართლე არასდროს იმალება და არც ეს დარჩება დაფარულიო. ჟვანიების ოჯახში სასიამოვნო სიახლეც აქვთ – წელს იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ზურაბ ჟვანიას უფროსი შვილი, ლიზა. უმცროსები – ბუსა და ანჩო ჯერ სკოლაში სწავლობენ. თუმცა, სწავლასთან დაკავშირებით მათაც დიდი გეგმები აქვთ. კვიცი გვარზე ხტისო და და-ძმა ჟვანიები ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური და საინტერესო ბავშვები არიან – აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით, თუმცა ამაზე, ჯობია, თავად მათგან შეიტყოთ.
– როგორ ხართ, როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?
ნინო ქადაგიძე-ჟვანია: ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, პირადად მე, მიხარია, რომ შუებითა და წიგნებით ვაჭრობის გამო არ დამიჭერენ და უბედურებაში არ გავეხვევი, ამოვისუნთქე. სულ მქონდა ხოლმე ეს შიში. ყველა ადამიანი იმდენად დაუცველი იყო, არავის ჰქონდა გარანტია, სრულიად გაუგებარ სისულელეში არ გახვეულიყო. მეც მათ შორის ვიყავი, თუმცა ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ ყოფილა, მგონი, მთელმა საქართველომ ამოისუნთქა. რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობთ, თუ რა იქნება მომავალში, გვინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს და ქვეყანა სტაბილური განვითარების გზას დაადგეს. ეს რთულია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ასე იქნება.
ლიზა: მე ახლახან ჩამოვედი ამერიკიდან. იქ ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი, რა იქნებოდა. როცა ციხის ვიდეოები გამოაქვეყნეს და მიტინგები დაიწყო, ძალიან განვიცადე. ყველაფერს თვალს ვადევნებდი, არჩევნები რომ ასე არ დამთავრებულიყო, როგორც დასრულდა, არავინ იცის, რა მოხდებოდა. ვეუბნებოდი კიდეც ჩემს ამერიკელ მეგობრებს: ჩემს ქვეყანაში პირველად მოხდა, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა-მეთქი, რაც ძალიან მიხაროდა. ჩემი გადმოსახედიდან, მგონი, ყველაფერი კარგადაა თბილისში, ხალხიც ისე აღარ წუწუნებს, პოლიტიკაზეც, მგონი, იმდენად აღარ ლაპარაკობენ, როგორც ადრე.
ბუსა: ჩემს გარშემო ბევრი არაფერი შეცვლილა, ან რა უნდა შეცვლილიყო? მე არც ვიცოდი, ასე თუ იდგა საკითხი, რომ დედა შეიძლებოდა შუებისა და წიგნების გამო დაეჭირათ.
ლიზა: საგადასახადო სამსახური რომ დაადგებოდა ხოლმე, არ გახსოვს?
ბუსა: საგადასახადო ახლაც დაადგება, ეგ წელიწადში ერთხელ ყველგან ხდება.
– როგორც ჩანს, აქტიური პოლიტიკური დისკუსია აქვთ სახლში და ასევე, თქვენი ასაკისთვის შესაფერისი აქტიური პოზიციაც გაქვთ.
ლიზა: როცა შენს ქვეყანაში ხდება მნიშვნელოვანი რამ, თუ ქართველი ხარ, ამაზე თვალს ვერ დახუჭავ, სადაც არ უნდა იყო. ციხის კადრები ადამიანურ ემოციებზე იყო გათვლილი, ყველა ადამიანმა პირად შეურაცხყოფად მიიღო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, პოლიტიკურად აქტიური იყო თუ არა. როცა საზოგადოების წევრი ხარ, გულგრილი ვერ იქნები იმაზე, რაც შენს ირგვლივ ხდება.
ბუსა: პოლიტიკა ჩემთვის საინტერესო სფერო არაა. უფრო სწორად, ის, რაც საქართველოშია პოლიტიკა არ არის. ჩემი აზრით, პოლიტიკა არის საქმის კეთება, პროგრესი, საქართველოში კი არც ერთი პოლიტიკოსისგან არ დამინახავს ის, რომ საქმე გააკეთოს უკეთესად. უფრო მეტად საკუთარი თავის წარმოჩენაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე და მაღალ რეიტინგზე ფიქრობენ, ფასეულობები ბევრს არ ახსოვს. რეიტინგი თავისთავად უნდა მოჰყვებოდეს შენს გაკეთებულ საქმეებს.
ლიზა: ეს ასე არაა, რეიტინგი თუ არ გაქვს, ხელისუფლებაში ვერ მოხვალ.
ნინო: ძალიან საინტერესო თემებზე საუბრობენ, რას ნიშნავს პოლიტიკოსი შენი ფასეულობებით, ღირსებითა და პრინციპებით და რას ნიშნავს იყო პოლიტიკოსი, ორიენტირებული რეიტინგსა და პოპულარობაზე. ალბათ, ეს იყო ძირითადი პრობლემა ზურასთვის და ამ თემაზე მოხდა აზრთა გაყოფა. ზურა არ იყო პოპულისტური პოლიტიკოსი, შეიძლება ბევრ რამეს აკეთებდა თავისი რეიტინგის საზიანოდ, მაგრამ თვლიდა, რომ ეს იყო სახელმწიფოსთვის საჭირო საქმე. ზურას არ უყვარდა თავის გამოჩენა, საკუთარი თავის ზედმეტი ფიარით არასდროს ყოფილა დაკავებული.
– ბუსა, როგორ ფიქრობ, შენ თუ დაუკავშირებ ცხოვრებას პოლიტიკას და რა იცი მამაზე, როგორც პოლიტიკოსზე?
ბუსა: იმაზე, თუ ზურა როგორი პოლიტიკოსი იყო, ინფორმაციის მიღება რთული არაა, არსებობს წიგნი, ფილმი, ამაზე საუბრობს ბევრი ადამიანი. დედასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, ბევრი არაფერი მიკითხავს, უმეტესად ბებია მიყვება ხოლმე ისტორიებს. არ ვიცი, მოვსინჯავდი თუ არა ძალებს პოლიტიკაში, გააჩნია როგორი პირადი სიტუაცია მექნება, როგორ ჩამოვყალიბდები. თუ ჩავთვლი, რომ საჭიროა და მზად ვარ პოლიტიკისთვის ჩემი განათლებით, თვისებებით, გამოცდილებით, შესაძლოა, წავიდე ამ ნაბიჯზე. ტყუილად პარლამენტში ჯდომას რა აზრი აქვს. ჯერჯერობით ჩემი გეგმები აქეთ-იქით ტრიალებს.
– შენც, ლიზას მსგავსად, ამერიკის უნივერსიტეტისკენ აიღებ გეზს?
– არ ვიცი, ჯერ გადაწყვეტილებები არ მიგვიღია. ლიზასაც, იმის მიუხედავად, რომ უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ გამოვა.
ნინო: ბუსა, ალბათ, არავის გზას არ გაჰყვება და თავისას იპოვის. ამერიკაში ბევრი კარგი უნივერსიტეტია, სადაც სწავლა შეიძლება.
ბუსა: არა, ლიზასთან არ მინდა, მერე სულ უნდა მაკონტროლოს (იცინის).
– გაკონტროლებს?
– ცდილობს, მარტო ლიზა კი არა, ანჩო და მისი მეგობრებიც კი, დედაზე რომ არაფერი ვთქვა.
ლიზა: შენ თუ იქაც კონტროლი დაგჭირდება, თუ რამეს დააშავებ, შენ თვითონ აგებ პასუხს.
ნინო: ბუსა, ერთადერთი მამაკაცი ხარ ჩვენს ოჯახში და გვინდა, უფრო კარგი იყო.
– ლიზა, იელის უნივერსიტეტში მოხვედრა იოლი არაა, ბევრი გამოცდა ჩააბარე?
ლიზა: ჩაბარების პროცესი რთული იყო, ბევრი შრომა დამჭირდა. თუმცა, სწავლის პროცესი ბევრად უფრო რთულია. ჩავაბარე ამერიკული ეროვნული გამოცდები. უნივერსიტეტმა მომცა სტიპენდია. იქ ისეთი წესია, თუ მიგიღეს მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ოჯახიდან ხარ, რამდენიც გჭირდება, იმდენს გაფინანსებენ.
– მოგწონს ამერიკული ცხოვრება?
– კი, ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემი სახლი, თბილისი და ქვეყანა სულ მენატრება. მე ვცხოვრობ უნივერსიტეტის კამპუსში. ქალაქში იშვიათად გვიწევს გასვლა. ნიუ-ჰეივეინი პატარა, მაგრამ სახიფათო ქალაქია. როგორც მე ვიცი, ყველაზე საშიში ქალაქების ათეულში შედის. კამპუსიდან რამდენიმე კვარტალში ლათინური დასახლებაა, სადაც გავლა საშიშია. ჩემს კურსზე ძირითადად ამერიკელები სწავლობენ. დამოუკიდებლად ცხოვრება საინტერესოა. იქ არავის აინტერესებს ვისი შვილი ხარ, როგორი ოჯახიდან – ზოგი მილიონერის შვილია, ზოგი არისტოკრატების, მაგრამ არავის არაფერი არ ეტყობა, არც ჩემზე იციან რამე. იქ ყველა თავად ზრუნავს თავის კარიერაზე.
– ქალბატონო ნინო, შვილის ასე შორს ყოფნას როგორ შეეგუეთ?
ნინო: დროდადრო ძალიან მენატრება ხოლმე. მგონია, რომ თვითონ არის ძალიან ბედნიერი, ეს კი ჩემთვის ყველაზე მთავარია. თავიდან მიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ასეთ უნივერსიტეტში მოვახერხეთ ჩაბარება. სანამ ამერიკაში არ წავიდა, ვერ ვიჯერებდი. არჩევნების შემდეგ მეც წავედი ამერიკაში, თითქმის ერთი თვე დავრჩი, ქარიშხალმა სენდიმაც მომისწრო.
– ბუსა, რთულია იყო ზურაბ ჟვანიას შვილი?
ბუსა: კი, რთულია, პასუხისმგებლობა გაქვს ძალიან დიდი. მე ძირითადად, ისეთ წრეში მიწევს ურთიერთობა, ვინც იცის, ვისი შვილიც ვარ. ამიტომ ვცდილობ, უკეთესად მოვიქცე. მაგალითად, თუ მასწავლებელი მეუბნება, მამაშენს ვიცნობდიო, ვცდილობ, იმასთან უფრო კარგად მოვიქცე და ვისწავლო, ვიდრე – სხვასთან.
– მამასთან დაკავშირებით ყველაზე კარგად რა შემორჩა შენს მოგონებებს?
– კენიაში ვიყავით ერთად, ორი კვირა დავრჩით. მაშინ რვა წლის ვიყავი, უფრო სწორად იქ გავხდი. „ჰეფი ბერზდეიც“ იმღერეს აფრიკელებმა. ტრუსიკიანი აფრიკელები არ იყვნენ, უფრო ცივილიზებული ტომი იყო.
– ქალბატონო ნინო, ხასიათით ჰგავს ბუსა მამას?
ნინო: არც ერთი ადამიანი არ მეორდება, თუმცა გენეტიკურად ბევრი შინაგანი თვისება მიჰყვება მშობლებისგან. ბუსა პიროვნული თვისებებით კიდევ უფრო სხვანაირია. ძალიან მიხარია, რომ სამივემ ზურას ინტელექტი აიღო. სამივე ძალიან კარგად აზროვნებს. მე მგონია, რომ ბუსა ზურასნაირი არ იქნება, ეს შეიძლება, კიდევ უკეთესი იყოს – უკეთ მოახდინოს ადაპტირება სოციუმთან, რომელშიც მოუწევს ცხოვრება, უფრო ზუსტი ნაბიჯები გადადგას. მე ვფიქრობ, ბუსას აგრესიული, მამაკაცური ხასიათი აქვს და სხარტი ტვინი. გაიზრდება და ცოტა თვითკონტროლსაც ისწავლის.
– დღეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თემა ძალიან აქტუალურია, ახალი ხელისუფლება ამ საქმის გახსნას ახალი წლის დადგომამდე გვპირდება, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
– მე არ ველოდები ამას ახალ წლამდე, ჯერ ბევრი რამ უნდა დალაგდეს თავის ადგილზე. უნდა მოხდეს ყველა დეტალის დაზუსტება, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ. ყველაფერი ისე იყო, რომ რაც შეიძლებოდა უყურადღებოდ დაეტოვებინათ, დატოვეს და არ შეამოწმეს. ახლა პირიქით – ყველა დეტალს ამოწმებენ, ბევრი სამუშაო აქვთ. მე ვიღებ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, მაგრამ ამ თემაზე, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, საუბარი აკრძალული მაქვს და მეც იგივეს ვფიქრობ.
ბუსა: სიმართლე რომ ბოლომდე დაიმალოს, ასეთი რამ ბუნებაში არ ყოფილა. არ ვიცი, ახლა რატომ უნდა დაირღვეს ბუნების კანონი...