კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ სდარაჯობდა გურამ შარაძეს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სახლთან და რაზე არ ესაუბრება შვილს თემო გოგიძე

 

მსახიობი და გურამ შარაძის სიძე, თემო გოგიძე დიდი ხნის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. საზოგადო მოღვაწის ოჯახს შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა და როგორც თავად ამბობს, რომ არა ამ დასავლეთევროპული ქვეყნის მთავრობის მიერ გამოჩენილი მზრუნველობა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. 

თემო გოგიძე: შვეიცარია არაჩვეულებრივი‚ ფანტასტიკური და მოწესრიგებული ქვეყანაა. ელემენტარული‚ სქულები რომ ავიღოთ‚ მარტო ეს რად ღირს – მარიკუნა 55-ე სკოლაში დაგვყავდა‚ ბავშვს სერიოზული ნევროზი და სტრესი ჰქონდა – ახლაც‚ რომ გაიგო‚ მოვდიოდით‚ ტირილი დაიწყო‚ ეგონა‚ თბილისში ვაბრუნებდით სკოლაში. ძლივს ავუხსენით და დავაწყნარეთ ბავშვი‚ შვეიცარიულ სკოლაში სად ნახავ ზედახორას და ჭყლეტას‚ ან ვინ ყვირის‚ ან დერეფანში ვინ დარბის. შვეიცარიულ სკოლაში უპირველესად, ყოფაქცევაში წერენ ნიშნებს და მერე სხვა დისციპლინებში – ბავშვი თავიდანვე კულტურულად რომ იზრდება მერე ცუდისა და ბოროტის გაკეთება აღარ უნდება – გამჯდარი აქვს წესრიგი და პატიოსნება მშვიდ გარემოში გაზრდილ ადამიანს და სახელმწიფო ამას ყველაფერს უკან უბრუნებს. შესისხლხორცებული აქვს ხალხს ცხოვრების ეს წესი‚ ძალით კი არ აკეთებინებს ვინმე... და მერე‚ თბილისში ისეთი რთულია ინტეგრაცია‚ ჟენევაში‚ პირიქით‚ თავს ძალიან თავისუფლად გრძნობ‚ ყველა კომპლექსი გეხსნება. კომუნიკაბელური და უშუალო ხალხია‚ სულ დღესასწაულები აქვთ. უიქენდზე ბავშვები ხან პარიზში მიდიან‚ ხან სად... ოთხშაბათი და შაბათ-კვირა დასვენების დღეებია. სულ ზეიმები აქვთ ბავშვებს და ჩვენც სულ ვესწრებით ხოლმე. სკოლაში გამოგვიცხადეს, არ გაბედოთ და სახლში არ ამეცადინოთ ბავშვები, აბა ჩვენ აქ რისთვის ვართო. დირექტორებიც ძალიან თავმდაბალი და თავაზიანი ხალხია. ქართველი დირექტორებივით „ვაჟნები“ და ბიუროკრატები კი არ არიან‚ „ჯიპებით“ და დაცვით რომ დადიან. იქ ყველას უფლებები აქვს‚ ცხოველიც ადამიანის დონეზეა ლამის დაყენებული. თავიდან რომ ჩავედი‚ შოკი მქონდა ჟენევაში – გავიარე სილამაზის სალონთან და რას ვხედავ? ძაღლების ცოცხალი რიგია სალონში! გავგიჟდი... ხალხი კი მე მიყურებდა გაოცებული‚ საიდან ჩამოვიდაო (იცინის). მთავარია‚ ენა ისწავლო და კომუნიკაცია უადვილესია – ჟენევა ინტერნაციონალური‚ მხიარული ქალაქია და უამრავი ეროვნების ხალხი ცხოვრობს. თანაც, სულ საერთაშორისო ორგანიზაციებია იქ. 

ძალიან დიდი კონტრასტია აქაურობასა და შვეიცარიას შორის – ერთ უბრალო მაგალითს გეტყვით: გაფრენის წინა ღამეს თმის შესაჭრელად ჩავედი‚ ჩვენი სახლის ქვემოთ პატარა სალონია – გოგო ძლივს ორ კაპიკს შოულობს‚ ჩეკი ამოარტყა შემთხვევით არასწორად და საგადასახადო არ ყოფილა ჩასაფრებული? – მოგზავნილი ყოფილა და საწყალ ქალს კინაღამ გული გაუხეთქეს. რა უნდა ილაპარაკო‚ როცა ქვეყანა შიშზეა დაფუძნებული.

– შენ და რუსო ძალიან ემოციურები ხართ. იმ მშვიდ‚ ფლეგმატურ გარემოს როგორ შეეგუეთ?

– რა ვიცი‚ აბა. ლეჩხუმელები მშვიდები არიან‚ მაგრამ გაგვაგიჟეს‚ გენაცვალე (იცინის). სასოწარკვეთილები ვიყავით‚ ღმერთმა გადაგვარჩინა. რუსო ჟენევაში წავიდა‚ დავრჩით მე და მარიკუნა მარტო. ჩვენი ნათესავი გოგო‚ რომელიც გვეხმარებოდა და გვივლიდა‚ გათხოვდა... ბავშვს ნევროზი დაემართა აქ – ბავშვისთვის დედის გარეშე ყოფნა რა არის‚ წარმოიდგინე. ფრანგული ბავშვმა უსწრაფესად ისწავლა‚ მე ცოტა მიჭირს. ძალიან განიცდიდა უდედობას‚ მაგრამ ჩუმად იყო – ბებიასთან და ბაბუასთან მიმყავდა ვაკეში‚ ამეცადინებდნენ‚ ეთამაშებოდნენ. გურამი სახლში სულ სხვანაირი იყო‚ არაჩვეულებრივი გურული იუმორი ჰქონდა. ის რომ იხუმრებდა‚ ლუკმას ვერ შეჭამდი‚ მოკვდებოდი სიცილით.  გარედან ჩანდა მკაცრი‚ იმიტომ რომ თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა თავდადებით. სახლში უფრო თბილი იყო‚ ალალი. რამდენჯერ მივსულვარ და მინახავს‚ მარიკუნასთან ერთად მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი და თამაშობდა. მარის ბაბუა ძალიან უყვარდა‚ დღემდე განიცდის და მეკითხება‚ გური ბაბუ სად არისო? ვცდილობ‚ ამ საკითხზე არ ველაპარაკო და ვეუბნები‚ რომ გაიზრდები‚ მერე აგიხსნი-მეთქი‚ – ვუთხარი‚ რომ ბაბუამისი ცაშია. ჟენევაში რუსული ეკლესიაა და იქ დავდივართ ხოლმე‚ ბავშვიც დაგვყავს. ვიღაცამ გააგონა‚ რომ გურამი მოკლესო...  ჩვენს სახლთან, არაყიშვილის კუთხეში და გურამის სახლთან ჭავჭავაძეზე საეჭვო მანქანები და მოძრაობა ხშირად შემიმჩნევია. აკვირდებოდნენ‚ სად დადიოდა‚ როდის ბრუნდებოდა‚ ყველაფერი კარგად ჰქონდათ შესწავლილი. რომ დამირეკეს და მითხრეს‚ გონზე ვერ მოვდიოდი‚ ნამდვილი საშინელება იყო... ფაქტობრივად‚ მარტო ვიბრძოდით ჩვენი სიმართლისთვის. ქსენოფობიაში რომ გვდებენ ბრალს ქართველებს‚ არ შემიძლია ვთქვა – მაშინ‚ როცა ბევრმა ქართველმა ნაცნობ-ახლობელმა ცხვირწინ კარი მომიხურა‚ ჩემი სომეხი მეზობელი – გვარად ხჩიანი‚ ყურადღებას არ მაკლებდა‚ ხან ფულით მეხმარებოდა‚ ხან რით... უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანს. ამ ქალაქში მე რომ ჩამოვედი‚ სიყვარულით ვიყავი გარემოცული. ლეჩხუმიდან ჩამოვედი და იმისთვის‚ რომ თბილისში საკუთარი თავი მეპოვა. ბევრჯერ მშიერ-მწყურვალიც ვყოფილვარ‚ გაყინულიც... ფაქტობრივად‚ გიზო ჟორდანიამ გამზარდა. მაგრამ მერე ბევრი ცუდიც დავინახე. არ მეგონა‚ ადამიანებს ამდენი ცუდი თვისების გამოვლენა თუ შეეძლოთ. რუსო ჟენევაში მიდიოდა-მოდიოდა – არც მინდა იმ პერიოდის გახსენება. შვეიცარიის სახელმწიფომ სიკვდილს გადაგვარჩინა‚ გვიპატრონა.

– სიმამრმა როგორ მიგიღო?

– კარგად‚ თუმცა‚ ძალიან დავიბენი და ვნერვიულობდი (იცინის). რუსომ მოაგვარა თვითონ ჩვენი შეხვედრა. კარგი თვალები აქვს, პატიოსანი ბიჭი ჩანსო, – ასე უთქვამს ჩემზე. მერე ძალიან დავმეგობრდით‚ „გური ბაბუს“ ვეძახდი. ქვეყნისთვის თავი გასწირა გურამმა – მარტო ის ხომ არ არის ცხოვრება‚ საჭმელი და ფული გქონდეს – მე ახლა უბედნიერესი ვარ.

– როგორია შენი შვეიცარიული ცხოვრება?

– ფრანგულზე დავდივარ‚ უნდა გაცინო ჩემს ფრანგულზე. მოკლედ‚ „გავიჩითე“ ძალიან მაგარ სკოლაში – გერმანელები‚ ესპანელები... ძალიან სწრაფად ლაპარაკობდნენ‚ არაფერი მესმოდა‚ გავგიჟდი (იცინის). გადავედი სხვა სკოლაში‚ სადაც მარტო მე და მასწავლებელი ვართ თეთრები – დანარჩენები სულ აფრიკელები არიან. ჰოდა, „პონტში“ ვარ‚ რა (იცინის). ხომ იცი, ქართველებს სჭირთ ეს, პირველი თუ არა, მეორე მაინც უნდა იყოს. ეთიოპიელები და ერითრეელები არიან... სხვათა შორის‚ რომ გავიგე‚ მართლმადიდებლები იყვნენ‚ ძალიან გალამაზდა ეს ხალხი ჩემს თვალში. ჯიგრები არიან‚ რა. რომ გაიგეს შვეიცარიაში‚ მსახიობი ვარ‚ აღფრთოვანდნენ‚ – „ჟე სუი ლე კომედიენ-მეთქი“‚ ვუთხარი. იქ მსახიობის პროფესია ძალიან ფასობს‚ მსახიობები კარგად ცხოვრობენ. თეატრის რა გითხრა‚ არ არის მაინცდამაინც კარგი თეატრები შვეიცარიაში. ქართული თეატრისნაირი არსადაა, ძალიან მიყვარს ქართული თეატრი. სამაგიეროდ‚ კინომსახიობები კარგად ცხოვრობენ. იქ ყველას ჰგონია‚ რომ თუ მსახიობი ხარ‚ უამრავი ფული გაქვს... აბოდებთ ხელოვნებაზე. იმათაც ვართობ ხოლმე‚ ხან ვის პაროდიას ვაკეთებ‚ ხან ვისას – იცინიან და უხარიათ... მარიკუნაც დამყავს თეატრში‚ როცა დრო გვაქვს – ჩოგბურთზე... თვითონაც მოუნდა მსახიობობა – ამას წინათ კლასელებს უთქვამთ‚ რა მაგარია‚ მამაშენი რომ მსახიობია‚ ალბათ‚ რაც გინდა‚ ყველაფერი გაქვსო (იცინის).

– მარტო ფრანგულს სწავლობ‚ გერმანულს არა?

– ახლა გაჩერდი‚ გერმანული მინდა მე‚ ფრანგულს ძლივს ვსწავლობ?! (იცინის) თუმცა, დედაჩემი გერმანულის მასწავლებელია და მთელი ცაგერი მისი ნასწავლი გერმანულით ლაპარაკობს, თან რამდენი თაობა! გერმანული მეორე სახელმწიფო ენაა. ენის კომპლექსი არ მაქვს‚ მირჩევნია‚ თუნდაც შეცდომით ვილაპარაკო... მეტი საქმე არ მაქვს, ვინმეს ვეპრანჭო. ხანდახან ზმნის წარსული დრო არ ვიცი და ვეუბნები, ეს ზმნა წარსულ დროში-მეთქი (იცინის), ეგრე ვაგებინებ ხოლმე. მასწავლებელს ვუყვები დიდის ამბით, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა-მეთქი, რაღაცებს ვუყვები საქართველოზე. „ქუჩის დღეები“ რომ ნახეს – ჩემი ფილმი, ძალიან მოეწონათ. 

– როგორია ახალ საქართველოში ჩამოსვლა?

– სასწაული‚ ვერც წარმოიდგენ‚ რა ბედნიერი ვარ. ეკლესიაში რომ შევედი, სიხარულისგან ვიტირე, ამოხეთქა ემოციამ. ვგიჟდები ივანიშვილების ოჯახზე‚ რომელიც ჩვენც ძალიან გვედგა მხარში. ბერას სიმღერებს რომ ვუსმენ‚ ვტირი ხოლმე. 

– რუსო შვეიცარიელი მეზობლების ამბავსაც მომიყვა.

– ჰო, ეგრეა (იცინის). ცოტა უცნაური ხალხია, ხმაური არ შეიძლება ზედმეტი, 11 საათზე უკვე სძინავთ. თუმცა, ახალგაზრდებზე ამას ვერ ვიტყვი, ჟენევა მაინც უფრო ცოცხალი ქალაქია. შაბათ-კვირას კარგად ერთობიან ახალგაზრდები. 

– კიდევ რომელ ქვეყანაში იყავით?

– არსად ჯერ. მე და რუსა ესპანეთში ვცხოვრობდით‚ ისეთი ხმაურიანი და გიჟი ხალხია‚ ქართველებს ჰგვანან – ქუჩაში რომ მიდიხარ‚ ერთმანეთს ისე ხმამაღლა ელაპარაკებიან‚ ყურებში გუგუნი გესმის (იცინის).

– ფიქრობთ საბოლოოდ დაბრუნებაზე?

– კი, რა თქმა უნდა. არ არსებობს წუთი, რომ თბილისზე არ ვიფიქრო – აქ რა ხდება, როგორ არის საქმე. გონებით სულ აქ ვარ. 38 წელი ასე ვიცხოვრე და სხვანაირად არ შემიძლია. სულ უკვირთ იქ, გამოქცევაზე რომ ვარ. მეკითხებიან, როგორ, სულ მიდიხარო? რაც უნდა გამამდიდრონ და წავის ქურქი ჩამაცვან, მაინც საქართველოში მირჩევნია. მინდა, ჩემს ქალაქში ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყო. 

– მარიკუნამ იცის ქართული კარგად?

– სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობთ, მაგრამ სკოლაში ფრანგულად სწავლობს. ბავშვებსაც სხვა ენაზე ეკონტაქტება და ცოდოა, უჭირს ბავშვს. 

 

скачать dle 11.3