საკონსულტაციოები
ახალი ნიუტონის მოლოდინში
გასულ კვირას ისეთი ამბები დატრიალდა, ვინ ჭკუათმყოფელს ეცალა კანონშემოქმედებითი მუშაობის თვალის დევნებისთვის. ჰოდა, რაკი არ ეცალა, ლამის ის ფაქტიც კი გულმშვიდად მივიღეთ, როდესაც საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობისას დარბაზის ჭერიდან რაღაც ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ეს საპარლამენტო ჭერიდან ცვენის პირველი შემთხვევა არ არის, არც ის არის გამორიცხული, რამე კიდევ ჩამოვარდეს, რომელიმე რჩეულს თავშიც მოხვდეს და იქნებ ახალი ნიუტონიც დაგვებადოს.
ამის მოლოდინი იქით იყოს და, გასულ კვირას პარლამენტს კენჭი უნდა ეყარა „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტისთვის, თუმცა ეს ვერ მოახერხა და არა იმიტომ, რომ უმრავლესობამ ხმათა საჭირო რადენობა ვერ მოაგროვა (ან კი მოგროვება რაში სჭირდებოდა, როდესაც მის ანგარიშზე 85 ხმაა, კვორუმი კი 76-ია), არამედ იმის გამო, რომ რჩეულებს არც მერვე მოწვევის პარლამენტში ჰყვარებიათ, მაინცდამაინც, მუშაობა.
რაკი ამ კონკრეტული კენჭისყრისას ხმები ასე გადანაწილდა: 73 – მომხრე, 4 – წინააღმდეგი, საკითხი ჩავარდა. თავის გამართლების მიზნით, სესიაზე ითქვა, რომ ზოგიერთი დეპუტატის პულტმა არ იმუშავა. თუმცა უმცირესობის წარმომადგენელმა (რაკი ბ-ნები – გვარამია და ხეთაგური ჯერ არ დაეპატიმრებინათ, კანონშემოქმედებით ღვწაში მონაწილეობას „ნაციონალი“ დეპუტატებიც იღებდნენ) ბ-ნი ბობოხიძე იჟინებდა, რომ დარბაზში უმრავლესოელი 73 დეპუტატიც არ იმყოფებოდა (ანუ კოლეგებს პულტებით მანიპულაციაში დასდო ბრალი).
ჩვენ ვერ შევუდგებით ამ ბრალდების მტკიცებას და, ბუნებრივია, ვერც უარყოფას (უფლებამოსილება არ გვეყოფა), თუმცა ფაქტია, რომ უმრავლესობას მობილიზაცია კლებია. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ ახლებს ძველებისგან ამ თემაზე კონსულტაციები არ აწყენდათ, სანამ ყველა კანონპროექტი არ ჩაუგდიათ.