რატომ არის საქართველო მეჰმედ მელექის მეორე სამშობლო და რა აკავშირებს მას გოგი დოლიძესთან
ჩვენი რესპონდენტი უკვე წლებია, საქართველოში ცხოვრობს და მას მეორე სამშობლოდაც მიიჩნევს. მისი კარიერა უკვე რამდენიმე წელიწადია, კომპანია „ბეკოს” უკავშირდება – მეჰმედ მელექი საქართველოში მისი გენერალური დირექტორია. მართალია, ბატონ მეჰმედთან არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ, პირად ცხოვრებაზე – არასდროს. ის საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა, რომელმაც გულახდილად გვიამბო თავისი ოჯახისა და კარიერის შესახებ. ჰყავს მეუღლე, ია თადიაშვილი-მელექი და ორი ქალიშვილი.
– რამდენი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობთ და როგორ მოხვდით ჩვენს ქვეყანაში?
– 1999 წლის 16 სექტემბერს პირველად ჩამოვედი საქართველოში ტურისტის სტატუსით და სამ დღეში უკან დავბრუნდი. აქაურობა ძალიან მომეწონა და, ამიტომ, რომ ჩავედი, ჩემებს დაველაპარაკე, საქართველოში სასწავლებლად წასვლაზე. იმ პერიოდში თურქეთში ადგილობრივ ტელევიზიაში ვმუშაობდი. მათაც ვუთხარი ჩემი გამგზავრების შესახებ და ცოტა ხანში წამოვედი კიდეც საქართველოში. ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში დოკუმენტური ფილმების სარეჟისორო ფაკულტეტზე. ჯერ მანანა ანასაშვილის ჯგუფში ვიყავი, შემდეგ კი გია ჭუბაბრიასთან გადამიყვანეს. ჩვენი რექტორი გოგი დოლიძე იყო, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ მისი მესამე შვილი ვიყავი. თეატრალურში სწავლის პარალელურად კაზინოში ვმუშაობდი. 2001 წლიდან 2003 წლამდე ვიმუშავე კაზინოში, მერე კი თურქეთში დავბრუნდი სამუშაოდ. ახლა ვისიც არის „ბეკო,” ის ტელევიზიაც მისია, სადაც მაშინ ვმუშაობდი.
– ტელევიზიაში ჟურნალისტად მუშაობდით?
– ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ვიყავი. 2003 წელს „ბეკოში” გადმოვედი, მერე კი დავოჯახდი. მე და ჩემი მეუღლე უკვე მეცხრე წელია, ერთად ვცხოვრობთ.
– მეუღლე საქართველოში გაიცანით?
– დიახ, აქ გავიცანი, თან, ძალიან საინტერესოდ: ერთ-ერთ კაფეში მე და ჩემი ორი მეგობარი ვისხედით, გვერდითა მაგიდასთან კი სამი გოგონა იჯდა, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მომავალი მეუღლე იყო. ჩემს მეუღლეს ძალიან ლამაზი თვალები აქვს და, როგორც კი დავინახე მაშინვე მომეწონა. კი მომეწონა, მაგრამ, როგორ უნდა გამეცნო, არ ვიცოდი. ცოტა ხანში საპირფარეშოში შევიდა, მეც გავყევი და იქვე დაველოდე. მერე ვუთხარი, ძალიან ლამაზი ხარ და შენი გაცნობა მინდა-მეთქი. მივეცი ჩემი ტელეფონის ნომერი, მაგრამ, ექვსი თვე არ დაურეკავს. ექვსი თვის მერე კი მისმა მეგობარმა დამირეკა – გახუმრება უნდოდათ ჩემთან. ისე შევიჭერით რომლებში, ბოლოს ორივეს ერთად შევხვდი. სამი თვე ძალიან მაწვალეს, პაემანზე ორივე ერთად მოდიოდა. მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ერთმანეთი კარგად რომ გავიცანით, დავქორწინდით კიდეც და დღემდე ბედნიერად ვცხოვრობთ. ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ ის არის ჩემი მეორე ნახევარი. გვყავს ორი გოგონა: უფროსი 7 წლის არის, რომელიც დემირელის სკოლაში სწავლობს და „ერისიონში” ცეკვავს, უმცროსი ჯერ 4 წლისაა. ჩემი მეუღლეც ძალიან დატვირთულია, ტანსაცმლის ორი მაღაზია გვაქვს – „ქსინთი,” რომელსაც ის კურირებს, მარკეტინგიდან ფიარამდე ყველაფერს ის განაგებს.
– სარეჟისორო ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული. პროფესიით თუ გიმუშავიათ?
– ორი დოკუმენტური ფილმი მაქვს გადაღებული. ერთი ხანჯლებზე, დანებსა და თოფებზე იყო, მეორე კი – ქართულ სამოსზე. ორივე ძალიან კარგი ფილმია, მაგრამ, რატომღაც, არ ვაჩვენეთ ტელევიზიაში. ახლა უკვე ვფიქრობ, რომელიმე ტელევიზიას მივცე და აჩვენონ.
– გოგი დოლიძე მესამე შვილს მეძახდაო, თქვით. მასთან ახლაც გაქვთ კავშირი?
– რა თქმა უნდა, დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ის ჩემთან სახლშიც არის ნამყოფი თურქეთში. იზმირში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იმართებოდა, სადაც სტუდენტები ვიყავით ჩასული და ბატონი გოგიც იქ იყო. ფესტივალის დასრულების შემდეგ სახლში მივიპატიჟე და ჩემი ოჯახი გავაცანი. გიორგი კალანდიაც ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. პირველი დოკუმენტური ფილმები რომ გადაიღო თურქეთში, პირველ ორ სერიაში ჩემი ოჯახის წევრებიც არიან გადაღებული.
– დედმამიშვილი თუ გყავთ?
– დიახ, და-ძმა მყავს, ორივე ჩემზე უმცროსია. ჩემი და მშენებელი ინჟინერია, ძმამ ტურიზმის ფაკულტეტი დაამთავრა და მაგ სფეროში მუშაობს.
– ქართულად კარგად ლაპარაკობთ. ადვილად შეისწავლეთ ჩვენი ენა?
– რატომ, არ ვიცი, მაგრამ, თეატრალურში სამი წელი რუსულ სექტორზე ვსწავლობდი. თუმცა, აქ რომ ჩამოვედი, არც ქართული ვიცოდი და არც რუსული. ქართულად ლაპარაკი ქუჩაში ვისწავლე, ბევრი ქართველი მეგობარი მყავდა. ქართული ენის შესწავლა არ გამჭირვებია, რადგან ლაზი ვარ და ძალიან ჰგავს ეს ორი ენა ერთმანეთს. საქართველოს მოქალაქეობაც მაქვს მიღებული. ძალიან მიყვარს აქაურობა, ეს ჩემი მეორე სამშობლოა.
– როგორი მეუღლე და როგორი მამა ხართ?
– ბავშვების მიმართ ცოტა მომთხოვნი ვარ, რადგან, მინდა, კარგად ისწავლონ და ყველაფერი წესრიგში ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, ძალიან რბილი და მოსიყვარულე მამა ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, მათთვის კარგი მეგობარი ვიყო. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ერთმანეთს იმდენად ვგავართ, ხშირად და-ძმა ვგონივართ. იმასაც ამბობენ, რომ ერთმანეთს ძალიან ვუხდებით. სამსახურში წარმატებული ადამიანი რომ ვარ, ერთი მხრივ, ოჯახის დამსახურებაა. თუ ოჯახში ხარ წარმატებულად და კარგად, სამსახურშიც იგივენაირად იქნები – მე ასე მგონია.
– მართალია, წარმატებული ადამიანი ხართ, მაგრამ, ალბათ, უფრო დიდ წარმატებაზეც ოცნებობთ.
– არა. თავის დროზე ღმერთს ყოველთვის იმას შევთხოვდი, ღმერთო, ეს, ეს და ეს შემისრულე-მეთქი. მადლობა მას, რომ ყველაფერი შემისრულა და აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს: მყავს კარგი ოჯახი, მაქვს კარგი სამსახური, თუ საჭიროა – კარგი მანქანაც და ასე შემდეგ. ამის გარდა რა უნდა შევთხოვო ღმერთს?! ახლა, ერთადერთი, ის მინდა, რომ ჯანმრთელად და კარგად ვიყოთ.
– როგორც აღნიშნეთ, ძალიან გიყვართ თქვენი მეუღლე, რომელსაც, ალბათ, ბევრ სიურპრიზსაც უკეთებთ და სიყვარულს ამითაც გამოხატავთ.
– ეგ ერთი მინუსი ნამდვილად მაქვს – გრძნობებს ვერ გამოვხატავ. ძალიან იშვიათად მექნება მისთვის ნათქვამი – „მე შენ მიყვარხარ“. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიტყვებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, გულში მაქვს, მაგრამ, ყოველთვის ვერ ვამბობ. მართალია, სხვებთან ხშირად ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, მაგრამ, როცა მის პირისპირ ვზივარ და თვალებში ვუყურებ, ცოტა მიჭირს ამის თქმა. ჩემგან განსხვავებით, თვითონ ყოველთვის მეუბნება, რომ ვუყვარვარ.
– თურქულად თუ ლაპარაკობს?
– თურქული ძალიან კარგად იცის და უკვე ლაზურსაც სწავლობს. თავიდან ცოტა გაუჭირდა – სხვა ქვეყანა, სხვა ტრადიციები და ასე შემდეგ, მაგრამ, ეს ადრე იყო, თორემ, ახლა უკვე ჩემ გარეშეც მიდის თურქეთში. ყოველ ზაფხულს ბავშვებთან ერთად ერთი თვით ჩადის, თან, ზღვა ძალიან ახლოს არის ჩვენს სახლთან. აი, ეს არის ჩვენი ოჯახი და ცხოვრება. სამომავლოდ, ღმერთის ნება თუ იქნება, ერთი ბიჭი გვინდა რომ გვყავდეს.
– საქართველოში წარმატებული ადამიანი ხართ. აქ გეგმავთ ცხოვრების გაგრძელებას თუ თურქეთში?
– მართალია, საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, მაგრამ, სამომავლოდ თურქეთში ვაპირებ წასვლას. ბავშვები იზრდებიან და, მინდა, უფრო კარგად იცხოვრონ და უფრო კარგ უნივერსიტეტებში ისწავლონ. თურქეთი იქნება ეს, ევროპა, თუ სხვა ადგილი – არ ვიცი, მაგრამ, გვინდა, რომ ბავშვებისთვის ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთოთ. ამისთვის მე და ჩემი მეუღლე უკვე ვემზადებით.