ვის მიუძღვნა თავისი მეგაპოპულარული ჰიტი “განგნამ სტაილი„ PSY-მ და იცნობს თუ არა ის ბერკლის ქართველებს
969 მილიონმა ადამიანმა ნახა ეს ვიდეორგოლი „იუთუბიზე” და ამ მონაცემით კორეელი პაკ ჩე სანი, იგივე ყველასთვის კარგად ცნობილი PSY, გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა. მისი კომპოზიცია „განგნამ სტაილი” პოპულარობის ყოველგვარ მასშტაბებს გასცდა და 2012 წლის ნომერ პირველ სიმღერად, ცეკვად, ვიდეორგოლად და საკულტო მიმდინარეობად იქცა მთელ მსოფლიოში და, მათ შორის საქართველოშიც. PSY-ის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ მისით გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი დაინტერესდა და მასთან ერთად წაიცეკვა კიდეც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში. გაეროს გენმდივანს, ალბათ, არ გაუჭირდა კორეელ ვარსკვლავთან შეხვედრა, მე კი PSY-თან დაკავშირების რამდენიმე ხერხს მივმართე და, ხანგრძლივი ძიებისა და უამრავი ადამიანის შეწუხების შემდეგ, ნიუიორკელმა მეგობრებმა ტელეფონით სეულში დამაკავშირეს ამ მომენტისთვის მსოფლიოს ნომერ პირველ პოპ-ვარსკვლავთან და ექსკლუზიურად „თბილისელებისთვის” PSY-მ რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.
– PSY უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის. მინდა, გითხრათ, რომ თქვენ ძალიან პოპულარული ხართ საქართველოში, თქვენი სიმღერა თითქმის ყველამ იცის და ცეკვის ილეთებსაც ყოველი მეორე იმეორებს. თქვენ შესახებ ჩვენთან ცოტა რამ არის ცნობილი. იქნებ, რამდენიმე სიტყვით დაგვიხასიათოთ საკუთარი თავი.
PSY: გამარჯობა, მე ვარ PSY კორეიდან და მოხარული ვარ, რომ თქვენ გესაუბრებით. სინამდვილეში, პაკ ჩე სანი მქვია, PSY კი ჩემი სასცენო ფსევდონიმია, რომელიც იკითხება როგორც „საი”. ვარ 34 წლის და სულ მალე დაბადების დღე მექნება (31 დეკემბერს, – ავტორი). მყავს ორი შვილი, ტყუპები, ისინი 4 წლის არიან და უკვე იციან, რომ მათი მამა მომღერალია. მიყვარს ვისკის დალევა. ბავშვობიდან ვუსმენდი „ქუინს” და ფრედი მერკური ჩემთვის ნამდვილი კერპი იყო. ალბათ, საკმარისია დახასიათებისთვის (იცინის).
– თუ მოელოდით, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა თქვენი კლიპი „განგნამ სტაილი” და, იქნებ, გვითხრათ რაზეა ეს სიმღერა?
– ეს კომპოზიცია ივლისში ჩავწერე და ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა. მანამდე, 12 წლის განმავლობაში, მხოლოდ კორეაში ვიყავი ცნობილი, ახლა კი ყველგან მცნობენ. „განგნამ სტაილი” კორეულად „ფუფუნებაში ცხოვრებას“ ნიშნავს. ეს სიმღერა სეულის ფეშენებელური უბნის – კანამგუს მცხოვრებლებს მივუძღვენი და ამის გამო ისინი, ალბათ, არ გამიბრაზდებიან (იცინის).
– როგორც ვიცით, თქვენ მუსიკალური განათლება ამერიკაში, ბერკლის კოლეჯში გაქვთ მიღებული. მანდ ჩვენი თანამემამულეები: ვაჟა მანია, გიორგი მიქაძე, ბაჩა მძინარიშვილი სწავლობენ. ხომ არ გსმენიათ მათ შესახებ?
– ბერკლიში სწავლა ვერ დავასრულე, დამწყები მოსწავლე ვიყავი კოლეჯში და იმ მომენტისთვის ნაადრევი იყო ჩემთვის იქ სწავლა. უნდა გითხრათ, თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ამერიკული ჯორჯიიდან მირეკავდით და არ მეგონა, თუ ასეთი შორეული ქვეყნიდან დამიკავშირდით. მინდა, წარმატება ვუსურვო თქვენს თანამემამულეებს ბერკლიში. სამწუხაროდ მათ არ ვიცნობ.
– ახალი წელი ახლოვდება და რას უსურვებდით თქვენს ქართველ თაყვანისმცემლებს 2013 წელს?
– ვულოცავ საქართველოს ახალ წელს, ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობას და წარმატებას თავიანთ საქმეებში. ჩემს თაყვანისმცემლებს კი ვუსურვებ, ჩაიცვან გემოვნებით და იცეკვონ ეფექტურად (იცინის).
საგანგებოდ „თბილისელებისთვის”
ტატა დევდარიანი ნიუ-იორკიდან