მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N26-52(626)
გუსმანი ყოყმანობდა. ეს მის ცხოვრებაში პირველად ხდებოდა – წამები, წუთები გადიოდა. ის კი გაშეშებული იდგა და გადაწყვეტილების მიღება ვერ გაებედა. ამავდროულად ყურში განუწყვეტლივ ჩაესმოდა თავისი პირადი მცველის სიტყვები: „როგორ მოვიქცეთ?“
„როგორ მოხვდა ეს იდიოტი ბორისპოლის გზატკეცილზე? – ფიქრობდა გუსმანი, – ელოდნენ გეგეშიძეს და შეხვედრის ადგილზე კაცუბა მოვიდა!.. თევზის დასაჭერად ნამდვილად არ მივიდოდა. ოჰ, გეგეშიძე, როგორ გამაბი ასე! ამის გათვლა შეუძლებელი იყო. იგრძნო... არაბუნებრივად აქვს განვითარებული საფრთხის შეგრძნება, ან კიდევ, მართლაც ჯოჯოხეთის მბრძანებელი მფარველობს. ვინ იფიქრებდა, რომ თავის მაგივრად შეხვედრაზე ამ ბედოვლათს გამოგზავნიდა! რას კარგავდა? კაცუბას ისედაც უნდა შევხვედროდი და, თუ მეც იქ მივიდოდი, იმპროვიზებული შეხვედრა გამოგვივიდოდა სუფთა ჰაერზე. და თუ ის მოხდებოდა, რაც მოხდა, გეგეშიძეს ძალიანაც არ დაწყდებოდა გული. ჩანს მასაც მოაბეზრა თავი ამ უხერხემლო კრეტინმა“...
– როგორ მოვიქცეთ? – ისევ გაისმა ტელეფონიდან მცველის ხმა.
– მძიმედაა დაჭრილი? – ჰკითხა გუსმანმა.
– ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ, იცოცხლებს.
– საავადმყოფოში უნდა მიიყვანოთ, – თქვა გუსმანმა.
– ჩვენ მივიყვანოთ საავადმყოფოში? – გაუკვირდა მცველს, – მერე, იქ რა განმარტება მივცეთ?
„მართალია, არ ივარგებს ჩემი ხალხის საავადმყოფოში გამოჩენა. დაე, ბედისწერამ გადაწყვიტოს: თუ საცოცხლებელია – იცოცხლებს, თუ არა – მოკვდება. იქნებ, ესეც შედიოდა გეგეშიძის გეგმებში? ნამდვილად ასე იქნებოდა. თუ მიხვდა, რომ ჩემ მაგივრად სხვა ხალხი დახვდებოდა ტბასთან, იმასაც მიხვდებოდა, რომ უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა. მიხვდა და შეხვედრაზე კაცუბა გამოგზავნა. უნდოდა, ჩემთვის აეკიდებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორის „ტრუპი”?! კეთილი... ვნახოთ, რას შემომთავაზებ ხვალ. შენ უკვე აურ-დაურიე ჩემი გეგმები, გეგეშიძე, ახლა ჩემი ჯერია“, – გაიფიქრა გუსმანმა და მცველს უბრძანა, თავისივე მანქანით მიიყვანეთ გზატკეცილამდე, მანქანაში დატოვეთ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ და იქაურობას მოშორდით.
– გასაგებია, – უპასუხა მან და ტელეფონი გათიშა.
„ხომ არ ავჩქარდი? – ისევ ფიქრს მიეცა გუსმანი, – რას იტყვის კაცუბა, როცა გონს მოეგება? ცხელ გულზე პირი არ მოაღოს და ყველაფერი არ დაფქვას! თუმცა, რა აქვს სათქმელი? იმას ხომ არ იტყვის, კანონიერმა ქურდმა გეგეშიძემ გუსმანთან შესახვედრად გამგზავნაო! ისე, მართლა საინტერესო იქნებოდა, ასეთი განცხადება რომ გაეკეთებინა. დარწმუნებული ვარ, ქირურგიული განყოფილებიდან, ფსიქიატრიულში გადაიყვანდნენ! ჯანდაბას კაცუბა, მასზე ფიქრიც კი არ ღირს. მას ისე პანიკურად ეშინია გეგეშიძის, თავდაყირაც რომ დაკიდონ, მის სახელს მაინც არ ახსენებს. აქედან გამომდინარე, არაფერს იტყვის ჩემზეც. აი გეგეშიძეზე კი მართლაც ღირს დაფიქრება. ის კაცუბა არ არის, რომ სოროში შეძვრეს და გადარჩენისთვის ილოცოს. ამის კაცი რომ ყოფილიყო, უკვე მოძებნიდა სოროს, ის კი, პირიქით, აქეთ მიტევს. კაცუბას იმ შეხვედრაზე გამოგზავნა გამოწვევაა და სხვა არაფერი. არ მენდო, ეჭვი შეეპარა ჩემში, შემამოწმა და მეც ვჭამე! მაგრამ, არც მე ვაპირებ სოროში შეძვრომას. არც ვიკადრებ და აზრიც არ აქვს. გეგეშიძისგან თავის დაღწევის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს – ის უნდა მოკვდეს, სხვანაირად ვერავინ შეძლებს მისი შმაგი ბუნების დაოკებას!..“
გუსმანი ადგა, მცირე ხანს ბოლთას სცემდა სამუშაო ოთახში. საპატიო ყარაულის ჯარისკაცივით გამოზომილი ნაბიჯებით დადიოდა ერთი კედლიდან მეორისკენ. უცებ, სწრაფად შემობრუნდა. მაგიდას მიუახლოვდა, მობილური ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა...
ორიოდე ზუმერის შემდეგ ყურმილიდან ლუკას ხმა გაისმა:
– იმაზე გვიან დარეკე, ვიდრე ველოდი!
– ჩანს, არ მქონდა დარეკვის მიზეზი, – უპასუხა გუსმანმა.
– ახლა გაქვს?
– მაქვს!.. რა დაგიშავა კაცუბამ?.. თითქოს შენი კაცი იყო, წლების განმავლობაში ერთგულად გემსახურებოდა. არ მეგონა ასე იოლად თუ გაწირავდი!
– მე ის არ გამიწირავს. არ იმსახურებდა, მაგრამ, მაინც გადავარჩინე, – უპასუხა ლუკამ.
– გადაარჩინე?! – ცივად გაიცინა გუსმანმა, – არა, იმ ტბაზე გამოგზავნით შენ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანე!
– არ მეგონა, შენი ხალხი პირველივე შემხვედრს თუ დაუწყებდა სროლას...
– ჩემი ხალხი სხვა ვინმეს ელოდა, – თქვა გუსმანმა, – და, შენც კარგად იცი, ვის!
– მაოცებს შენი გულწრფელობა. ისე, კი მსმენია, ყველა მომაკვდავს უჩნდება აღსარების სურვილიო!
– აღსარების?! არა... არც მე ვარ მომაკვდავი და არც შენ – წმიდა მამა, რომელსაც აღსარებას ვეტყოდი!
– ერთ რამეში მართალი ხარ – წმინდა მამა ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, შენ ნაღდად მომაკვდავი ხარ. შეიძლება, ჯერ ვერ გრძნობ, თუმცა, მერწმუნე, ძალიან მალე შეიგრძნობ ამას! – ცივად უთხრა ლუკამ.
– არ დაიჯერებ, მაგრამ, ყოველივე ამის შემდეგ, მაინც კარგად ვარ განწყობილი შენ მიმართ, – ჩაილაპარაკა გუსმანმა, – ახლა გეტყვი ამას. მერე, შეიძლება, ამის შესაძლებლობა აღარ გვქონდეს: მიყვარს ქართველები და საქართველო. ბავშვობაში ჩემს მეზობლად ქართველების ოჯახი ცხოვრობდა, თბილისელები იყვნენ. იმ ოჯახში ჩემი თანატოლი ბიჭი იზრდებოდა – ანდრო, ჩვენებურად – ანდრეი. უდიდესი მეგობრობა გვაკავშირებდა. სკოლის ასაკი ერთმანეთის გვერდით გავატარეთ. დღედაღამ ერთად ვიყავით. მისგან ქართული ენაც კი შევისწავლე. შემდეგ ის ოჯახი თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად... ჯარში მსახურების დროსაც ქართველებთან ვმეგობრობდი... ინსტიტუტშიც ყველაზე ახლო მეგობრები ქართველები მყავდა. თბილისსა და საქართველოშიც ბევრჯერ ვარ ნამყოფი. უამრავ ქართველს ვიცნობ. მიმაჩნდა, რომ გონიერი, სანდო ხალხი ხართ, თავისებურად ფიცხი, თამამი და გიჟმაჟი, მაგრამ, მამაკაცი ხომ ასეთიც უნდა იყოს. ასე მეგონა, ვიდრე შენ გაგიცნობდი. ჩემი შეხედულებები ქართველებზე შენ მოგაწერე და ამაში შევცდი... მეგონა, შენც ისევე გონიერი იყავი, როგორც ყველა ის ქართველი, რომელსაც აქამდე შევხვედრივარ. გონიერი კაცი მიხვდებოდა, რომ ჩემი მდგომარეობის ადამიანი შენნაირ პიროვნებასთან საქმეს არ დაიჭერდა. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდებოდა მაგრამ, სანამ შენ საჭირო იქნებოდი ჩემთვის. ასე რომ, ნურავიზე იქნები ნაწყენი. ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე! გული მწყდება, ყველაფერი ასე რომ დამთავრდა. ჯობდა, საქმე გაგეკეთებინა და შემდეგ მშვიდად, ზედმეტი ხმაურის გარეშე გასცლოდი აქაურობას – ასეთ შემთხვევაში არავინ შეგეხებოდა. მაგრამ, არა!.. როცა მიხვდი, რომ აქციებს ვერ მიიღებდი, აქეთ შემოგვიტიე. ახლა კაცუბას სისხლითაც დაიმძიმე სული და ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, შენს ბოგინს წერტილი უნდა დაესვას და, მინდა იცოდე, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს!
– ვხედავ, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი გქონია, – ირონიით თქვა ლუკამ.
– გადაწყვეტილი კი არა, მოგვარებული, – შეუსწორა გუსმანმა, – მე შენს გასასრესად სახლიდან გასვლაც არ დამჭირდება, ჩემი ერთი სიტყვა იკმარებს და შენ სამუდამოდ გაქრები ჩემი ქვეყნიდან!
– იმ ნაბიჭვრების იმედად ხომ არ ხარ, ტბის პირას რომ უნდა დაგეხვედრებინა ჩემთვის?
– შენ კიდევ მოგელის მათთან შეხვედრა! – მუქარით წამოისროლა გუსმანმა.
– არა მგონია, – მშვიდად უპასუხა ლუკამ, – ბრიგადაში სხვა ნაბიჭვრებიც გეყოლება, მაგრამ, ამათ ნაღდად ვეღარ შევხვდები!
– რა თქვი? – დაიძაბა გუსმანი.
– მე უფრო გონიერი მეგონე... – ჩაილაპარაკა ლუკამ და მობილური გათიშა.
გუსმანი რამდენიმე წამი გაშეშებული დარჩა. უსიამოვნო შეგრძნებამ, რომ ამჯერადაც რაღაც ვერ განსაზღვრა, მოსვენება დაუკარგა. ბოლოს ისევ მობილურ ტელეფონს მიუბრუნდა და სწრაფად აკრიფა თავისი ერთ-ერთი მცველის ნომერი. ზარს არავინ გამოხმაურებია. გუსმანმა მეორე მცველის ნომერი აკრიფა. შედეგი იგივე იყო – ზარს არავინ უპასუხა. მესამე მცველის ნომრის აკრეფისას შენიშნა, როგორ უკანკალებდა ხელი. თავს ძალა დაატანა, მარჯვენა დაიმორჩილა და ისე აკრიფა – კვლავ დუმილი. გუსმანმა გაგრძელება ვეღარ შეძლო, მობილური მაგიდაზე დააგდო, სავარძელში ჩაეშვა, თვალები დახუჭა და ფიქრს მიეცა.
* * *
ვარდისფერმა ნისლმა მძიმედ დაიხია უკან და ადგილი ჩვეულ შეგრძნებებს დაუთმო. პირველი, რაც კაცუბამ შეიგრძნო, სიცივე იყო. ისე სციოდა, თითქოს ჩრდილოეთ პოლუსზე იყო. კანკალის ტალღა ფეხებიდან დაიძრა და სხეულის ყველა წერტილს დაუარა. დაუბრუნდა სმენაც, ოღონდ, ეჩვენებოდა, რომ ხმები ძალიან შორიდან ჩაესმოდა. ბოლოს კაცუბამ გაჭირვებით აზიდა ქუთუთოები და მზერა თეთრ ჭერს მიაპყრო.
– როგორ გრძნობთ თავს? – ჩაესმა გვერდიდან.
კაცუბამ მძიმედ შეაბრუნა თავი და ხმის მიმართულებით გაიხედა. მისი საწოლის გვერდით თეთრ ხალათებში გამოწყობილი ქალი და ჭაღარათმიანი მამაკაცი იდგნენ.
– სად ვარ? – იკითხა კაცუბამ.
– საავადმყოფოში, – უპასუხა მამაკაცმა და პულსის გასაზომად მისი მაჯა თითებში მოიქცია.
– საავადმყოფოში? – გაუკვირდა კაცუბას, – რატომ, მე ხომ ავად არ გავმხდარვარ!
შემდეგ კი გონებაში ტბის ჩაბნელებული სანაპირო გაცოცხლდა: ორი შავი „ჯიპი“. იქიდან გადმოსული მამაკაცები, რომლებმაც ავტომატები მოიმარჯვეს. კაცუბა გვერდითა სავარძელზე გადაწვა და მოიკუნტა, რომ ასე მაინც გადაერჩინა თავი. ავტომატების კაკანი. გვერდსა და თეძოზე ზედიზედ იგრძნო მძიმე დარტყმები, რასაც მწველი ტკივილი მოჰყვა. თავდამსხმელები სირბილით მოუახლოვდნენ მანქანას, კარი გააღეს და კაცუბა ძირს გადაათრიეს. ერთ-ერთი მათგანი სახეში ჩააცქერდა, შემდეგ შეიგინა, გვერდზე გადგა და ტელეფონი მოიმარჯვა... რა მოხდა შემდეგ, აღარ ახსოვდა – კაცუბას თავისთავად დაეხუჭა თვალები და ვარდისფერ ნისლში ჩაიძირა.
– თქვენი მდგომარეობისთვის არც ისე ცუდია, – ჩაილაპარაკა ექიმმა და თითები შეუშვა.
– რატომ მცივა? – ჰკითხა კაცუბამ.
– ბევრი სისხლი დაკარგეთ.
– სად ვარ დაჭრილი?
– ერთი ტყვია გვერდში მოგხვდათ. ორი – თეძოში. ნუ ღელავთ. მოსასმენადაა მძიმე, სინამდვილეში საშიში არაფერია. ერთ კვირას გაგაჩერებთ საავადმყოფოში. შემდეგ კი შინ განაგრძობთ მკურნალობას, – უპასუხა ექიმმა, – საავადმყოფოში დროულად რომ მოეყვანეთ, ამდენ სისხლს არ დაკარგავდით და ბევრად მალე დაგაყენებდით ფეხზე. თავბრუ ხომ არ გესხმით?.. შეძლებთ საუბარს?
– განა ჩვენ არ ვსაუბრობთ? – გაუკვირდა კაცუბას.
– ჩემთან არა, თქვენს კოლეგასთან. შეიძლება, ამ საუბარმა აგაღელვოთ, რაც ერთობ არასასურველია თქვენს მდგომარეობაში. თუ თქვენ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მე მას სხვა დროს მოსვლას ვთხოვ, – თქვა ექიმმა.
– არა... მოიწვიეთ...
– კეთილი, – უპასუხა ექიმმა, მერე კი ქალს ანიშნა – გამომყევიო და კარისკენ წავიდა.
ორიოდ წუთში პალატაში კაცუბასთვის კარგად ნაცნობი ანატოლი ზიბკო შემოვიდა.
მისი გამოჩენა ცუდად ენიშნა კაცუბას. ამ ჩია, ჩინელივით ყვითელსახიანი მამაკაცის დანახვას გენპროკურატურის საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრა ერჩივნა. ოფიციალურად ზიბკო კანცელარიაში უმნიშვნელო თანამდებობას იკავებდა, მაგრამ, ხელისუფლების შიდა სამზარეულოში ჩახედულთათვის ცნობილი იყო, რომ ის მთავრობის უმაღლესი რგოლის წარმომადგენლების არაოფიციალურ დავალებებს ასრულებდა და, როგორც წესი, მას ავალებდნენ ყველა საჩოთირო საკითხის მოგვარებას.
ზიბკო კატასავით უხმაურო ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს, ტაბურეტზე ჩამოჯდა და ჰკითხა:
– როგორ ხარ, სერგეი?
– უკეთესადაც შეიძლებოდა, – ყრუდ ჩაილაპარაკა კაცუბამ.
– ჰო... ცუდია... ძალიან ცუდი, – დაეთანხმა ზიბკო, – მაგრამ, არა უშავს. მთავარია, რომ გადარჩი. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
– ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მაქვს საფიქრალი – ჯანმრთელობა და მხოლოდ ჯანმრთელობა! – უპასუხა კაცუბამ.
– ხვალ პროკურატურის გამომძიებელი რომ მოგაკითხავს, იმავეს ეტყვი? – შემპარავად ჰკითხა ზიბკომ.
კაცუბამ გამომცდელად შეხედა და შემდეგ უთხრა:
– პირდაპირ მითხარი, ანატოლი, რისთვის მოხვედი?
– უცნაური საქმეა, ძალიან უცნაური. სიმართლე რომ გითხრა, ასეთს არასდროს შევხვედრივარ... – წამოიწყო ზიბკომ.
– რა გეჩვენება უცნაური, ჩემზე თავდასხმა? – ჰკითხა კაცუბამ.
– არა... ასეთი თავდასხმები ბოლო ხანებში ხშირად ხდებოდა. ჩემი ვარაუდით, „ნორდსტრიმის“ საქმის დამთავრების შემდეგ ეს სისხლისღვრაც უნდა შემწყდარიყო, მაგრამ, არ შეწყდა. ეს კი ძალიან ბევრს აღელვებს მთავრობაში. შენ რას იტყვი ყოველივე ამის შესახებ?..
– ჯერჯერობით ვერაფერს. მე ისიც კი არ ვიცი, ვინ დამესხა თავს, – უპასუხა კაცუბამ.
ზიბკო წინ გადაიხარა, ტუჩები ყურთან მიუტანა და თითქმის ჩურჩულით უთხრა:
– სერგეი, ნუ ბავშვობ. ამ საქმეში „არ ვიცი, არ მინახავს და არ მახსოვს“ – არ გამოვა, ყველა კარტის გახსნა მოგიწევს. დამიჯერე ყველასთვის ასე აჯობებს. მე თუ არ დამელაპარაკები, სხვა მოვა. ისეთი კაცი მოვა, რომელსაც უარს ვერ შეჰბედავ. თქმით მაინც ყველაფერს იტყვი, მაგრამ, შემდეგ შენს ნათქვამს სხვა ფასი ექნება.
კაცუბა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა:
– რა გაინტერესებს?
– სად დაგესხნენ თავს? – ჰკითხა ზიბკომ.
– იქ, სადაც მიპოვეს.
– საინტერესოა... – ცივად გაეღიმა ზიბკოს, – ესე იგი, საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში?
– სად? – გაოცებულმა შეხედა კაცუბამ.
– შენ რა, მართლა არაფერი გახსოვს?
– გონების დაკარგვამდე ყველაფერი მახსოვს. მაგრამ, ნამდვილად არ ვიცი, როგორ მოხვდი საავადმყოფოში, – უპასუხა კაცუბამ.
– საავადმყოფოში შენივე მანქანით მოგიყვანეს. ვინც ეს კეთილი საქმე გააკეთა, მიმღებ განყოფილებასთან მიგატოვა და წავიდა. კეთილშობილური საქციელია. დღეს იშვიათია ადამიანი, რომელიც კეთილი საქმის სანაცვლოდ არაფერს ელის, – ზიბკომ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა – ესე იგი, გონების დაკარგვამდე ყველაფერი გახსოვს?
– რა თქმა უნდა.
– ვინ იყვნენ ისინი? – ჰკითხა ზიბკომ.
– არ ვიცი. ორი „ჯიპით“ იყვნენ. ოთხი კაცი დავინახე. მანქანიდან გადმოსვლისთანავე გახსნეს ცეცხლი. პირველ თუ მეორე ჯერზე დამჭრეს. გონება მალევე დავკარგე.
– რით იყვნენ შეიარაღებულები? – განაგრძო ზიბკომ.
– „ბიზონებით”, – უყოყმანოდ უპასუხა კაცუბამ.
– გინდა, საინტერესო ამბავი გიამბო?
კაცუბამ დუმილით უპასუხა. ზიბკოსთან საუბარი უჭირდა. ალღოს ვერ უღებდა, რა სურდა მას და საით მიჰყავდა საუბარი.
– დილით კიევი-ბორისპოლის გზატკეცილის მეთერთმეტე კილომეტრზე ორი „ჯიპი“ აღმოაჩინეს. მანქანებში ექვსი გვამი იყო. იქვე ეყარა მათი იარაღიც, საერთო ჯამში, ოთხი ცალი ავტომატი „ბიზონი”... რას იტყვი ამაზე?!
– არ მესმის, რაზეა საუბარი, – ყრუდ ჩაილაპარაკა კაცუბამ.
– ისინი გუსმანის პირადი დაცვის წევრები იყვნენ... ვერც ამაზე მეტყვი რამეს? – ჰკითხა ზიბკომ.
– შეუძლებელია! – დაიბნა კაცუბა.
– მომისმინე, სერგეი, – განაგრძო ზიბკომ, – ნუ გგონია, რომ მხოლოდ შენ იცი, რაც იცი!.. ვხედავ, რომ გულწრფელი საუბარი გიჭირს. მე დაგეხმარები და უახლოეს წარსულს შეგახსენებ: არც ისე დიდი ხნის წინ შენ დაგიკავშირდა სტეფანე გუსმანი და შეხვედრის მოწყობა გთხოვა ქართველ კანონიერ ქურდთან, გეგეშიძესთან, რომელთანაც შენ გარკვეული ურთიერთობა გაკავშირებს და შენც მოაწყვე ეს შეხვედრა. გავაგრძელო?!
– არ არის საჭირო.
– კეთილი... ახლა მე მაინტერესებს რა მოხდა გუსმანსა და გეგეშიძეს შორის და შენ რატომ დაგესხნენ თავს? – ჰკითხა ზიბკომ.
– გუსმანის თხოვნით, გეგეშიძე „ნორდსტრიმის“ საქმეში ჩაერთო. ამის სანაცვლოდ, გუსმანმა დოსიეს გაწმენდისა და აქციების პაკეტის „ვერშინასთვის” გადაცემის პირობა მისცა. თავის მხრივ გეგეშიძემ შეთანხმების ყველა პირობა შეასრულა – საქმიდან გაიყვანა კლიმი და მისი სასტავი, რომლებიც რუსული „ეფესბეს” სასარგებლოდ მოქმედებდნენ, მაგრამ, გუსმანმა გადააგდო...
– და თავდასხმაც მოუწყო, – ჩაურთო ზიბკომ.
– ჰო, მოუწყო... მაგრამ არ ღირდა ამის გაკეთება. ამით გუსმანმა საქმე კი არ მოაგვარა, კრაზანის ბუდე გააღიზიანა, – უპასუხა კაცუბამ.
– და შენც მათ ჭიდაობაში გაიჭყლიტე?
– ვეჭვობ, რომ ასეა, – დაეთანხმა კაცუბა, – ისე კი, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვი. გუშინ საღამოს გეგეშიძემ გუსმანთან შეხვედრა მთხოვა. შეხვედრაზე „ვერშინისთვის” გადასაცემ აქციებზე უნდა შევთანხმებულიყავით. მაგრამ, გუსმანის მაგივრად შეხვედრის ადგილზე „ბიზონებით” შეიარაღებული მკვლელები დამხვდნენ.
– დარწმუნებული ვარ, რომ ეს იგივე სასტავია, რომელიც ბორისპოლის გზატკეცილზე აღმოაჩინეს, – თქვა ზიბკომ.
– მეც ასე მგონია, – დაეთანხმა კაცუბა.
– მაშინ, თავისთავად ისმევა კითხვა: ვინ დახოცა ისინი და ვინ მიგიყვანა საავადმყოფოში? – განაგრძო ზიბკომ.
– ლოგიკურად, გეგეშიძის გარდა, ამას ვერავინ გააკეთებდა, – უპასუხა კაცუბამ.
ზიბკო მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:
– შეგიძლია გეგეშიძე შემახვედრო?
კაცუბამ დაძაბული მზერა შეავლო და შემდეგ წამოიძახა:
– თავი გამანებეთ!.. გესმით? თავი გამანებეთ!.. ვისაც სურვილი აქვს, თავად მოძებნოს გეგეშიძე!..
– კარგი, მაშინ, სხვანაირად გეტყვი: შენ მე გეგეშიძესთან შეხვედრას მომიწყობ! – მკაცრად თქვა ზიბკომ.
– შენ რა გგონია, მე ვიტყვი და გეგეშიძე სასწრაფოდ გეახლება?! ჯერ ერთი, მე მას არ მოვატყუებ. მკითხავს და ვეტყვი, ვისაც უნდა მასთან შეხვედრა.
– უთხარი, რა პრობლემაა, – მხრები აიჩეჩა ზიბკომ.
– როგორ გგონია, გუსმანის შემდეგ, მოინდომებს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირთან შეხვედრას? – ჰკითხა კაცუბამ.
– ეგ უკვე შენი საქმეა.
– საქმეც ეგაა, რომ ჩემი საქმეა. იქ რაიმე გაუგებრობა რომ მოხდეს, გეგეშიძე მე მომთხოვს პასუხს!
– არაფერი მოხდება. შევხვდები, მშვიდად დაველაპარაკები და ასევე მშვიდად დავშორდებით ერთმანეთს. დამიჯერე, ისეთ საქმეს შევთავაზებ, კმაყოფილიც კი დარჩება, – უთხრა ზიბკომ.
კაცუბამ გამომცდელად ახედა და შემდეგ უპასუხა:
– მოდი, ასე მოვილაპარაკოთ: მე მაგ საქმეში არ ჩავერევი...
ზიბკო რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ, კაცუბამ არ დააცალა. ხელის აქნევით ანიშნა, მაცადეო და ლაპარაკი განაგრძო:
– არ ჩავერევი, მაგრამ, მიგასწავლი კაცს, რომელიც შეძლებს გეგეშიძის შეხვედრაზე დათანხმებას... „ვერშინის” ადვოკატს, ვასილიჩს დაუკავშირდი. ეგ ერთადერთი კაცია, ვისაც გეგეშიძე ენდობა. თუ მას დააჯერებ, რომ მართლაც საქმიანი წინადადება გაქვს, შეგახვედრებს გეგეშიძეს; თუ ვერა, მაშინ, მეც ვერაფერში დაგეხმარები!..
* * *
პროკურატურის გამომძიებელი მაგიდას მიუჯდა, წინ საქაღალდე დაიდო და გუსმანს სახეში შეხედა. სტეფანეს უმალ წაუხდა ხასიათი – მაშინვე მიხვდა, რომ მძიმე საუბარი ელოდა, მაგრამ, მაინც სცადა ფონს ჩვეული მეთოდით გასვლა. სახეზე გულისხმიერი მასპინძლის ნიღაბი მოირგო და ღიმილით შესთავაზა გამომძიებელს:
– რას მიირთმევთ – ვისკი, ტეკილა – სამარკო კონიაკი...
– არ ვსვამ, – მოკლედ მოუჭრა გამომძიებელმა.
– მინერალური წყალი, ჩაი, ყავა, ხილის ცივი წვენი, – უცვლელი ტონით განაგრძო გუსმანმა.
– უკვე გითხარით, რომ არ ვსვამ. თუ თქვენ ხართ დალევის ხასიათზე, შემიძლია, წავიდე და სხვა დროისთვის პროკურატურაში დაგიბაროთ! – უპასუხა გამომძიებელმა.
– მე დამიბარებთ პროკურატურაში?! – გუსმანს უმალ გაუქრა სახიდან ღიმილი.
– რა გეჩვენებათ ამაში დაუჯერებელი? – მშვიდად ჰკითხა გამომძიებელმა.
– იცით, ვის ელაპარაკებით?
– ვიცი.
– კეთილი... – გუსმანი ბარს მოშორდა და გამომძიებლის პირისპირ დაჯდა, – გისმენთ.
გამომძიებელმა საქაღალდე გახსნა, რაღაც დოკუმენტებს გადახედა და გუსმანს ჰკითხა:
– რა შეგიძლიათ, მითხრათ თქვენი დაცვის წევრებზე მომხდარი თავდასხმის შესახებ?
– მე უნდა გითხრათ? – გაიკვირვა გუსმანმა, – მე თქვენგან ველოდი განმარტებებს.
– იქნებ, ის მაინც ამიხსნათ, რას აკეთებდა თქვენი დაცვის რვა წევრი ღამით, კიევი-ბორისპოლის გზატკეცილზე? – განაგრძო გამომძიებელმა.
– რა გითხრათ... – მხრები აიჩეჩა გუსმანმა, – ისინი ზრდასული ადამიანები არიან, აქვთ პირადი ცხოვრება და მე არ მაბარებენ ანგარიშს, რას აკეთებენ სამსახურიდან თავისუფალ დროს. შეიძლება, რესტორანში იყვნენ, ან – მეძავებთან...
– თქვენი დაცვის წევრები რესტორნებსა და მეძავებში ავტომატებით შეიარაღებულები დადიან? – ირონიით ჰკითხა გამომძიებელმა.
– არ ვიცი, ისინი თავად წყვეტენ შეიარაღების საკითხებს.
– საიდან აღმოაჩნდათ თქვენი დაცვის წევრებს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი ავტომატები? მე ვგულისხმობ „ბიზონებს”, რომლებიც თქვენი დაღუპული პირადი მცველების მანქანებში აღმოაჩინეს, – ჰკითხა გამომძიებელმა, – მე ყურადღებით გავეცანი მათთვის განკუთვნილ საშტატო შეიარაღებას, ის ამ ტიპის იარაღს არ ითვალისწინებს.
– არ ვიცი, – მოკლედ უპასუხა გუსმანმა, რომელიც უკვე ნერვული აფეთქების პირას იყო.
– ძალიან მშვიდად მპასუხობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი დღის წინ თქვენი პირადი დაცვის რვა წევრი დაიღუპა.
– აქ ჩემი სიმშვიდის ხარისხის დასადგენად მოხვედი, შვილო? – ცივი ირონიით ჰკითხა გუსმანმა.
– მე თქვენი „შვილო” არ ვარ! – მკაცრად თქვა გამომძიებელმა.
– აქ ჩემი სიმშვიდის ხარისხის დასადგენად მოხვედი, ბატონო გამომძიებელო?! – გაიმეორა გუსმანმა.
– ვნახოთ, როდემდე გაგყვებათ სიმშვიდე. მე გულდასმით გავეცანი შეკვეთილი მკვლელობების სტატისტიკას და, იცით, რა აღმოვაჩინე? – განაგრძო გამომძიებელმა.
– ავსტრალია ან ამერიკა. არა... ატლანტიდა!.. – ივარაუდა გუსმანმა.
– ცდებით... უფრო საინტერესო რამ და, დარწმუნებული ვარ, თქვენც დაგაინტერესებთ. აღმოჩნდა, რომ ამგვარ დანაშაულებებში „ბიზონები” მხოლოდ ორჯერ ფიგურირებდა. აქამდე ერთმანეთს მამაპაპური „კალაშნიკოვებით” ხოცავდნენ, სნაიპერული შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებითაც კი. მაგრამ, „ბიზონები” მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდა: პირველ შემთხვევაში ისინი გამოიყენეს კანონიერ ქურდ გეგეშიძეზე თავდასხმისას და მისი გვამი ჯერაც არ არის აღმოჩენილი; მეორე შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა – „ბიზონით” დაჭრეს შინაგან საქმეთა კურატორი და პრეზიდენტის მრჩეველი, სერგეი კაცუბა. მას სამი ტყვია ამოუღეს ჭრილობებიდან. იმავე დილით კი კიევი-ბორისპოლის გზატკეცილზე დაღუპული თქვენი პირადი მცველების მანქანებიდან მილიციის თანამშრომლებმა ოთხი „ბიზონი” ამოიღეს!.. ამჟამად ეს იარაღი ბალისტიკურ ექსპერტიზას გადის. ძალიან მაინტერესებს თქვენი სახის დანახვა, როცა ექსპერტიზა დაადგენს, რომ ორივე თავდასხმისას ეს იარაღი იყო გამოყენებული.
– შენ მაგას ვერ მოესწრები. ასე თუ განაგრძე, ექსპერტიზის დამთავრებისას პროკურატურიდან ძალიან შორს იქნები! – დაუფარავი ბრაზით მიუგო გუსმანმა.
– ესე იგი თქვენ ამ კითხვაზეც არ გაქვთ პასუხი?
– არა! – ცივად მოუჭრა გუსმანმა.
– კეთილი... მაშინ, იქნებ, ამ ფოტოებმა გამოგიცოცხლოთ მეხსიერება და მომდევნო შეხვედრისას რაღაცაზე მაინც გამცეთ პასუხი!.. – ამ სიტყვებთან ერთად, გამომძიებელმა მაგიდაზე კონვერტი დადო, ფეხზე ადგა და დაუმშვიდობებლად გავიდა ოთახიდან.
როგორც კი გამომძიებელმა კარი გაიხურა, გუსმანმა კონვერტი გახსნა და ამღვრეული მზერით დააცქერდა თავისი პირადი მცველების სხვადასხვა მდგომარეობაში გაშეშებულ ცხედრებს, რომლებიც ფოტოსურათებზე იყვნენ აღბეჭდილნი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში