კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეთავაზებული მკვლელობა

 

მელისა ფანჯარასთან იდგა და რაღაცას დაჟინებით აკვირდებოდა. მისი მეუღლე, რობერტ უემსტერი, ღიმილით ადევნებდა თვალს. ბოლოს ვერ მოითმინა:

– მელისა, ნუთუ არ მოგწყინდა მაგ კაცის თვალყურის დევნება? ახალი არაფერი ხდება – ყოველდღე მოდის და მიდის. მგონი, გიჟია.

– სულაც არა. ის იმ კაცს ეძებს, რომლის გამოც მისმა ორსულმა ქალიშვილმა თავი მოიწამლა. როცა იპოვის იმ ნაძირალას და გაუსწორდება, დამშვიდდება კიდეც. მანამდე კი სულ ასე ივლის საფლავზე.

– საინტერესოა, როგორ გაიგებს, ვინ შეაცდინა მისი ქალიშვილი? – მხრები აიჩეჩა რობერტმა, – ცუდია, სასაფლაოსთან ასე ახლოს რომ ვცხოვრობთ.

– პირიქით, ძალიან საინტერესოა... – მელისამ ამოიოხრა და ფანჯარას მოსცილდა, – რაო, იმ ნაძირალამ, სტუმრად უნდა გეწვიოთო?

– თუ შენს სიძეს გულისხმობ, სავარაუდოდ, ხვალ დაგვაფასებს ვიზიტით და, ძალიან გთხოვ, ჩხუბისგან თავი შეიკავო.

– მან ჩემი და მოკლა, დეიდაჩემის მემკვიდრეობა კი მიითვისა.

– შენი და აბაზანაში დაიხრჩო. ეს უბედური შემთხვევა იყო. პოლიციამ საეჭვო ვერაფერი დაადგინა და საქმე დახურა.

– ჰმ, როგორ უნდა დამხრჩვალიყო? დაფიქრდი, განა ეს შესაძლებელია?

– გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამი იყო...

–  ვითომ არ იცი, რომ ჩემი და არ სვამდა, და იმ ნაძირალასთანაც განქორწინებას აპირებდა. დეიდა ენიმ, არ ვიცი, რატომ, მთელი თავისი ქონება ლილიენს დაუტოვა.

– ამის მერე გადაწყვიტა მან, ქმარს გაშორებოდა?

– ჰო, აბა, რა?! ეს ნაძირალა ყოველ ნაბიჯზე ატყუებდა. არასდროს ჰყვარებია, მარტო კარგი ცხოვრება უნდოდა. მთელი ქონების ხელში ჩაგდება მოინდომა და გამოუვიდა კიდეც. ო, რა დიდი სიამოვნებით მოვკლავდი!

– არც იფიქრო ამაზე! შენ არ გამოგივა ეგ ამბავი და დაგიჭერენ. მკვლელობა ოსტატურად მხოლოდ ნაძირლებს გამოსდით.

– მერე, ჩემი ყოფილი სიძე ნაძირალა არ არის?

– ისევ თავიდან იწყებ? ნუღარ ფიქრობ ამაზე. პოლიციას შენი სიძე არ დაუდანაშაულებია.

– იდიოტები არიან და იმიტომ. თურმე, მეზობლებმა დაადასტურეს, ცოლ-ქმარი არასდროს ჩხუბობდაო. ჩემი და ამაყი იყო და ის თავის პრობლემაზე ხმამაღლა, უცხოებთან არ ილაპარაკებდა. ის ქმარმა მოკლა, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს. ჯერ დაათრო, მერე კი აბაზანაში ჩაახრჩო.

– ყოველ შემთხვევაში, როცა მოვა, მაინც შეეცადე, თავი შეიკავო. სხვათა შორის, ჩვენი ცნობილი ექიმიც გამოჩნდა. იცოდი, ვეგეტარიანელი ყოფილა?

მელისამ მხრები აიჩეჩა:

– არ ვენდობი ვეგეტარიანელებს, უცნაური ხალხია.

ნორმან ტაილი მეორე საღამოსვე ესტუმრა ნათესავებს. უემსტერის შიშის მიუხედავად, მელისას საკმაოდ მშვიდად ეჭირა თავი. მხოლოდ ის ჰკითხა, რატომ მოხვედიო.

– იმიტომ, რომ მენახეთ. თქვენ ხომ ყოველთვის ზემოდან მიყურებდით, ახლა კი მეც მდიდარი ვარ. დიახ, თქვენი და ფულისთვის შევირთე. თუმცა, მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ თქვენი საყვარელი დეიდა მთელ თავის ქონებას იმას დაუტოვებდა. გულახდილად გეტყვით, დეიდათქვენს კეთილმეგობრულად ვუთხარი, როგორ მოიხსენიებდი მას, როცა თქვენთან არ იყო. ჰოდა, ამან ნაყოფიც გამოიღო. თან, მე ყოველთვის მოვწონდი ქალებს... – ნორმანმა ამაყად შეათვალიერა საკუთარი გამოსახულება ბუხრის ზემოთ დაკიდებულ სარკეში.

მელისამ ამოიოხრა:

– აქ აპირებ ცხოვრებას?

– ჰო, რაღაც პერიოდის განმავლობაში მომიწევს. სანამ ანდერძი ძალაში შევა, მეზობლები ვიქნებით. ისე, ეს ლამაზი სახლი ყოველთვის მომწონდა. ვეგეტარიანელიც გავხდი – ესეც ანდერძის ნაწილია...

მელისამ ტუჩები გაბუსხა – ეს იმის ნიშანი იყო, რომ რაღაცაზე ფიქრობდა.

– იცი, რას გეტყვი? რადგან საქმე ასე წავიდა და დეიდაჩემის სახლში აპირებ ცხოვრებას, იქნებ, ვარდებიც მიგეტანა მის საფლავზე? ხალხი აკვირდება ასეთ წვრილმანებს. ხვალ საღამოს კი, შეგიძლია, ვახშმად გვეწვიო კეთილმეზობლობის ნიშნად.

– კარგი, – ნორმანმა ირონია ვერ დაინახა ქალის სიტყვებში და დასთანხმდა.

– მაშინ, აღარ გადავდებ, ვარდებს ბაღში დავკრეფ...

ის იყო, მისტერ დევისი მოშორდა ქალიშვილის საფლავს... მელისამ შორიდან დაანახვა ყოფილ სიძეს თეთრი, სადა ქვა...

– აი, ის საფლავია. მიდი, დადე თაიგული, მე აქ დაგელოდები.

სანამ ნორმანი საფლავზე თაიგულს დებდა, დევისი მელისას მიუახლოვდა:

– ვინ არის ის ახალგაზრდა კაცი? რაღაც, ვერ ვიცანი...

– ჩემი ყოფილი სიძეა, დის ქმარი... ჩემი და ორი თვის წინ გარდაიცვალა... უბედური შემთხვევა...

– აა, მახსოვს ეს ამბავი, მახსოვს...

– ხვალ საღამოს ვახშმად მობრძანდით და უფრო ახლოს გაგაცნობთ. ისე, თქვენი ქალიშვილი, მგონი, იცნობდა მას... თუმცა, არ იფიქროთ, რომ რამეზე მიგანიშნებთ...

– აუცილებლად მოვალ, – სწრაფად დაეთანხმა დევისი და ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა...

მელისა კმაყოფილი და გაბრწყინებული სახით ფუსფუსებდა სამზარეულოში. რობერტმა დაეჭვებით შეხედა ცოლს:

– მითხარი, რა ჩაიფიქრე?

– არაფერი. საიდან მოიტანე, რომ რამე ჩავიფიქრე? უბრალოდ, ვახშმად რამდენიმე ადამიანი დავპატიჟე.

– ჰო, რა თქმა უნდა. ყოფილი სიძე და დევისი... უცნაურია, ეგ კაცი რაღასთვის გჭირდებოდა? წესიერად არც კი იცნობ.

– ისეთი საყვარელია და უბედური... რა მოხდება, თუკი ჩვენთან ივახშმებს? ჩემი ორი მეგობარიც მოვიპატიჟე მეუღლეებითურთ.

ნორმან ტაილმა შემწვარი იხვის სუნი სასტუმრო ოთახში შესვლისთანავე იგრძნო... ის სტუმართაგან ყველაზე ბოლოს მოვიდა.

 – ხორცის სუნია თუ მეჩვენება? მელისა, დაგავიწყდა, რომ ვეგეტარიანელი ვარ?

– არა, მაგრამ, ცუდი რეცეპტების კრებული შემხვდა და ჩემი ვეგეტარიანული მცდელობები კრახით დასრულდა. გამონაკლისს ვერ დაუშვებ? შესანიშნავი იხვია, ვაშლით.

ნორმანმა შეიგინა.

– როგორ მშიოდა. ვეჭვობ, სპეციალურად მოიქეცი ასე. სულელი ვარ, რომ მოვედი!

– თუ ნებას დამრთავთ, მე დაგპატიჟებთ სოკოს რაგუზე, – საუბარში ჩაერია მისტერ დევისი, – არ მიცნობთ, მაგრამ, მეც ვეგეტარიანელი ვარ და ერთმანეთს გავუგებთ. აქვე ახლოს ვცხოვრობ.

– სიამოვნებით. მელისა, ჩემი ფეხი არ იქნება შენთან...

 დევისისა და ნორმანის წასვლა მელისას სულაც არ სწყენია. მან დარჩენილი სტუმრები მხიარულად მიიპატიჟა სუფრასთან:

– იმედია, თქვენ მაინც შეაფასებთ ჩემს კულინარიულ ოსტატობას...

მეორე დილით ცოლ-ქმარს პოლიციის ინსპექტორმა მიაკითხა:

– სამწუხარო ამბავი მაქვს. თქვენი სიძე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევაა – სოკოთი მოიწამლა.

– მართლა? ასე იცის ვეგეტარიანელობამ, – თქვა მელისამ და იქვე დაამატა – ბატონო ინსპექტორო, ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ მისმა სიკვდილმა ღრმა მწუხარებაში ჩამაგდო. ჩემი და ჯერ სამი თვეც არ არის, რაც მიწას მივაბარეთ.

– საქმეც ეგაა... – ინსპექტორი რაღაცით შეფიქრიანებული ჩანდა, – თქვენ გქონდათ მოტივი, მოგეწამლათ ის, თუ გავითვალისწინებთ დის ამბავს და იმასაც, რომ ნორმანს სხვა ნათესავი არ ჰყოლია, ანუ, ერთადერთი მემკვიდრეები თქვენ ხართ... მიუხედავად ამისა, რკინისებური ალიბი გაქვთ და ოთხი მოწმე, რომ მას თქვენს ოჯახში ერთი ლუკმაც არ ჩაუდევს პირში. დევისს კი მოტივი საერთოდ არ ჰქონია... უნდა ვაღიაროთ, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან გვაქვს – შეიძლება, მის ულუფას ერთი შხამიანი სოკო შეჰყვა... მეტი შეკითხვა აღარ მაქვს.

– მე მაქვს შეკითხვა, – თქვა უემსტერმა და ცოლს მკაცრად შეხედა, როცა ინსპექტორმა კარი გაიხურა, – როგორ ჩააგონე მისტერ დევისს, რომ სწორედ ნორმანი იყო მისი ქალიშვილის გამაუბედურებელი? რა უთხარი?

– არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. უბრალოდ, ნორმანი ისეთი სულელი და თავდაჯერებული იდიოტი იყო, არც დაუხედავს წარწერისთვის საფლავის ქვაზე, სადაც ყვავილები დააწყო. რა თქმა უნდა, ეს დეიდას საფლავი არ ყოფილა... დევისმა კი საკუთარი თვალით დაინახა, როგორ დადო თაიგული ვიღაც ახალგაზრდა კაცმა მისი ქალიშვილის საფლავის ქვაზე – სულ ეს იყო...

 

скачать dle 11.3