„უცნობი“ თოვლის ბაბუა!
ადამიანებს უნდათ, რომ ის მართლაც არსებობდეს... დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ, ბიზანტიის ქალაქ ლიკიაში არქიეპისკოპოსი ნიკოლოზი ცხოვრობდა – კეთილი, ღარიბებისა და ბავშვების დამცველი... ყველას სიყვარული დაიმსახურა და სიკვდილის შემდეგ წმიდანად შერაცხეს. მისი ხსენების დღეს, დეკემბერში წესად იქცა ბავშვებისთვის საჩუქრების ჩუქება. ამას ის თავად აკეთებდა... როდის იქცა ის თოვლის ბაბუად და როდის შეიძინა სხვა, უამრავი სახელი, ეს ზუსტად არავინ იცის. მთავარი ხომ სხვაა – დაიჯერო უდიდესი სიკეთის.
პირველად ახალი წელი ამომავალი მზის ქვეყანაში შებრძანდება. თუმცა იქ საზეიმო ზარი თორმეტჯერ კი არა, 108-ჯერ რეკავს. იაპონელებს სჯერათ, რომ ადამიანებს 108 უბედურება ემუქრებათ და გონგის თითოეული ჩამოკვრით, თითოს აფრთხობენ.
იაპონელ თოვლის ბაბუას სეგაცუ სანი – მისი უდიდებულესობა ახალი წელი ჰქვია. მას რომ აამონ, იაპონელები სახლების წინ სამი ბამბუკის ჯოხითა და ნაძვის ტოტებით პირამიდას დგამენ. მთავარი აქსესუარი ნიჩბებია, რომლითაც ოჯახმა ხვავი უნდა მოხვეტოს. მათ ან კართან აწყობენ, ან დირესთან ჰკიდებენ. სახლებში ნაძვის ხესაც დგამენ და იაპონელები მას მოტიბანას ეძახიან – ეს არის კენარისა და ბამბუკის ტოტები, რომელსაც ბრინჯის ფქვილისგან გამომცხვარი ბურთულებით რთავენ. 108-ჯერ გონგის ჩამოკვრის შემდეგ, ოჯახის წევრები სათითაოდ ხსნიან და ჭამენ ამ ბურთულებს. თან სურვილებს ჩაუთქვამენ ხოლმე.
იაპონელების საახალწლო სუფრაზე (მნიშვნელობა არა აქვს, რისი წელია) აუცილებლად არის გრძელი მაკარონი – მრავალი წლის სიცოცხლის აღსანიშნავად, ბრინჯი – შემოსავლისთვის, თევზი – ძლიერებისთვის, ლობიო – ჯანმრთელობისთვის. სუფრასთან ჩუმად სხედან და მომავალზე ფიქრობენ. ეს ერთგვარი მედიტაცია-რიტუალია. ფანჯრებსა და კარებზე აუცილებლად აკრავენ წითელ ქაღალდს. დილამდე სახლიდან ცხვირსაც არავინ გამოყოფს, თორემ ძველ წელს ბედნიერებაც თან გაჰყვება. საახალწლო სუფრის ცენტრში ბრინჯში ჩამჯდარი შემწვარი იხვი დევს, რომელიც ოჯახის უფროსმა აუცილებლად ათას ნაწილად უნდა გაჭრას. მაშინ ახალი წელი სრულ ჰარმონიასა და სიხარულში ჩაივლის.
ლაპლანდიელი, სახელგანთქმული თოვლის ბაბუის იოულუპუკის სახელი, ორიგინალში ასე ჟღერს – საშობაო თხა. სინამდვილეში ის საყვარელი, თეთრწვერა მოხუცია, წითელი ცხვირითა და კეთილი თვალებით.
ბაბა ნატალე – იტალიელი, ცელქი თოვლის ბაბუა, რომელიც იტალიელებს, ახალი წლის ღამეს, ფანჯრებიდან ძველ ავეჯს აყრევინებს. შეიძლება, საკმაოდ მძიმე ნივთიც დაგეცეთ თავში. ბაბა ნატალე ტემპერამენტიანი და ენერგიულია. ჰყავს ფერიაც – ბეფანა. ის უფრო რუს „ბაბა იაგას“ ჰგავს, ვიდრე ზეციურ ფერიას. „საფრენი აპარატი“ – ცოცხიც აქვს და ძალიან ცელქია. იტალიელების საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის ყურძენი, ნიგოზი და ქერი – ჯანმრთელობის, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების სიმბოლო.
ნიკოლაუსი – გერმანელი თოვლის ბაბუა. ის ძალიან უყვართ ბავშვებს, რატომაც არა?! შეგიძლია, შენი ცელქობები მას დააბრალო. ახალი წლის ღამეს ბევრი ტკბილეული მოაქვს. მაგრამ ნიკოლაუსი მარტო არ დადის, თან ავი სულებიც დაჰყვებიან. მაგალითად, პოლიცნიკელი, რომელსაც ქურქი უკუღმა აცვია, დადის ქუჩებში და ურჩ, მარტო მოსეირნე ბავშვებს აგროვებს. აჭმევს მათ ხახვსა და ნიორს.
მიკულაში – ჩეხი თოვლის ბაბუა მოდის მიმდევარია. აცვია გრძელი ქურქი და მაღალი შლაპა ახურავს. თან თეთრი, ქათქათა ანგელოზი დაჰყვება. ასევე, ფუმფულა ჭინკაც. კარგ ბავშვებს ასაჩუქრებს, ცუდებს კი კარტოფილსა და ნახშირს ურიგებს.
ჩეხებს სადღესასწაულო სუფრებზე აუცილებლად აქვთ ვაშლითა და ნიგვზით მომზადებული კერძი. ვაშლი სიკეთის ნიშანია. უფრო ხშირად ვაშლს ნიგვზით გამოტენიან ხოლმე და შეწვავენ.
სანტა კლაუსი – ის ამერიკული თოვლის ბაბუაა. წითლებში გამოწყობილი. ეწევა ჩიბუხს, ბევრს მოგზაურობს ირმებით ცაში. სახლებში კი ბუხრებიდან ჩადის.
სხვათა შორის, ავსტრალიური თოვლის ბაბუა ამერიკელ ძმას ძალიან ჰგავს. თუმცა, ქურქი არ აცვია და საცურაო, წითელი ტრუსებით კმაყოფილდება. წელიწადის ამ დროს ხომ ავსტრალიაში ძალიან ცხელა. ორივე ქვეყანაში აცხობენ საახალწლო ღვეზელებს. ერთ-ერთში კი მონეტას აყოლებენ. ვისაც მონეტა შეხვდება, მისთვის ახალი წელი განსაკუთრებით ბედნიერი და წარმატებული იქნება.
წმიდა ვასილი – ბერძენი თოვლის ბაბუა. კვიპროსზეც ჩადის ხოლმე. ღიპიანია და საჩუქრების დარიგება უყვარს. სახლის კართან მძიმე ქვებს ტოვებს – დე, ამ სახლის პატრონს ჯიბეები ფულმა ამ ქვასავით დაუმძიმოსო.
ბაბუა შობა – ასე ეძახიან ინგლისში თოვლის ბაბუას. კეთილდღეობის სიმბოლო ამ ქვეყანაში ღორი და ბუხრის მწმენდავია.
დაკიდეთ ძველი წინდა ბუხართან ან კართან, რომ ის თოვლის ბაბუამ ტკბილეულით აავსოს.
„იულ ტომტენი“ – თოვლის ბაბუის შვედი „მოადგილე“. შვედები თავმდაბალი ხალხია და ამბიციები ნაკლებად აწუხებთ. იულ ტომტენი თარგმანში „საშობაო გნომს“ ნიშნავს. ის ჯადოსნურ ტყეში ცხოვრობს, თავის ერთგულ მეგობართან, თოვლის კაცუნა – დასტისთან ერთად. შიკრიკებად ელფები ჰყავს.
პიერ ნოელი – თოვლის ბაბუის ფრანგი ბიძაშვილი. ახალი წლის ღამეს ის სახურავებზე დასეირნობს. სახლებში ბუხრებიდან ჩადის და საჩუქრებს ბუხართან აწყობს.
საფრანგეთში დღესასწაული ვერ ჩაივლის შებრაწული ინდაურის გარეშე.
გვერდი მოამზადა
ელენე წულუკიძემ