მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-52(626)
„ძია“, პრინციპში, მართალი იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ბევრად უფრო დახვეწილი და მრავალმხრივი გახდა ლიკვიდაციის ხელოვნება, ვიდრე ეს მეოცე საუკუნეში იყო. თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ბევრი რამ შემსრულებელზეა დამოკიდებული და მოულოდნელობაც არაა გამოსარიცხი, რამაც, შეიძლება, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. რამდენიმე ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა, რომელთაგან, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.
ერთხელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამგზავნეს ერთი ობიექტის სალიკვიდაციოდ, რომელიც ყოფილი საბჭოელი იყო. ის ქვეყნიდან გაიქცა და ცილისმწამებლურ, ანტისაბჭოთა პროპაგანდას ეწეოდა.
– იმ ნაძირალას თავი უნდა აუფეთქო სპეციალური ტყვიით, – მითხრა შჩუკინმა, – ასეთია თვით პირველი მდივნის სურვილი, რომელსაც მისი პასკვილები ყელში აქვს ამოსული.
ობიექტი მაინის ფრანკფურტში ცხოვრობდა. გეგმის მიხედვით, ის დილით თავის სახლში, სნაიპერული შაშხანიდან მსხვილკალიბრიანი ტყვიით უნდა მომეკლა. მას ასეთი ჩვევა ჰქონდა: გაიღვიძებდა თუ არა, ბინის ფანჯრებს გააღებდა ხოლმე, გადმოდგებოდა და იზმორებოდა. სწორედ ზმორების დროს უნდა დამესვა მისთვის ტყვია თავში.
შესრულების წერტილად მდინარე მაინის მარჯვენა სანაპირო ავირჩიე. იქ ერთი მივარდნილი, წყალსაქაჩი შენობა იდგა, რომელიც ობიექტის სახლიდან ორასიოდე მეტრში მდებარეობდა. საცეცხლე პოზიცია ერთ-ერთ მილზე დავიკავე, რომელსაც ხეები ნიღბავდა. გავმართე შაშხანა, ფანჯარა მიზანში ამოვიღე და ობიექტის გამოჩენას დაველოდე. ფანჯარა რომ გაიღო და ობიექტმა ზმორება დაიწყო, სასხლეტს თითი მივადე და დაშვება დავაპირე, მაგრამ ვინ გაცალა?! მოულოდნელად წყალსაქაჩი მილი შუაში გადაიხსნა. იქიდან კი ისეთი წნევით ამოვარდა წყლის ჭავლი, რომ თითქმის ათი მეტრის სიმაღლეზე ამაგდო და ორმოცდაათ მეტრში დამანარცხა მიწაზე.
რომელი დავალების შესრულებაზე იყო ლაპარაკი! სნაიპერული შაშხანა წყალში ჩავარდა და, ალბათ, მდინარემ წაიღო, მე კი სიარული არ შემეძლო და მარჯვენა ფერდი ძალიან მტკიოდა. როგორც მოგვიანებით ექიმებმა დამიდგინეს, მარჯვენა მხარეს სამი ნეკნი მქონდა მოტეხილი. მიუხედავად ამისა, მაინც დამოუკიდებლად მოვშორდი იქაურობას და კონსპირაციულ ბინამდე მარტომ მივაღწიე. რადგან დავალება საკმაოდ მარტივი იყო, არც დამზღვევი მყავდა, არც მეკავშირე და სრულიად მარტო დავრჩი უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში, ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მძიმედ ვიყავი ტრავმირებული. ერთადერთი პლუსი ის იყო, რომ ფული და საიმედო პასპორტი მქონდა, დაუბრკოლებლად გადაადგილება შემეძლო და სამშობლოში დაბრუნება ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მოსკოვში გამგზავრება არც მიფიქრია. პირველ ყოვლისა, ძლიერი გამაყუჩებელი საშუალება შევიძინე აფთიაქში, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში მოქმედებდა და შპრიცით კუნთში გავიკეთე. შემდეგ დასავლეთ ბერლინში გავემგზავრე თვითმფრინავით და ჩემს ძველ ნაცნობს შევხვდი, რომელიც ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაციას იარაღით ამარაგებდა. ის მე სიკვდილს მყავდა გადარჩენილი – ერთხელ საფრანგეთის დაზვერვის კლანჭებს გამოვგლიჯე. ამიტომ, მას თავი ვალდებულად მიაჩნდა ჩემ წინაშე. როდესაც ის სიკვდილისგან ვიხსენი, მითხრა:
– თუკი ოდესმე რამეში დაგჭირდით, იცოდეთ, რომ უკან არაფერზე დავიხევ და თქვენს ერთგულ მეგობრად მიგულეთ. მიგელი თქვენთვის თავს გაწირავს.
მიგელი ნახევრად ბასკი და ნახევრად ფრანგი იყო. მე კი მას ფრანგი ვეგონე. ის დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდა. რომ დამინახა, გულწრფელად გაუხარდა, გადამეხვია და მითხრა:
– როგორ ხართ, ჩემო მეგობარო. რით შემიძლია, გემსახუროთ, მესიე ჟან?
– დონ მიგელ, შეგიძლიათ, რომ ხვალ, დილის ხუთი საათისთვის, მაინის ფრანკფურტში „S-61“-ის სისტემის სნაიპერული შაშხანა მომაწოდოთ ფეთქებადი ტყვიებით და ამ სადგურის ამ შემნახველ საკანში დადოთ? თანხაზე ლაპარაკი არ არის. აი, გასაღები, – მიგელს რკინიგზის სადგურის შემნახველი საკნის გასაღები მივეცი, რომლის დუბლიკატიც მე მქონდა. მან კი გამიღიმა და მომიგო:
– თანხაზე სიტყვა არ გამაგონოთ, მე თქვენი მოვალე ვარ. როგორც თქვით, ყველაფერი ისე იქნება.
– კეთილი. დიდი მადლობა. ნახვამდის, – ვუთხარი მიგელს, გადავეხვიე და წამოვედი.
მიგელთან შეხვედრა, სულ რაღაც, ხუთი წუთი გაგრძელდა და მაინის ფრანკფურტში თვითმფრინავითვე დავბრუნდი. მართალია, ფრენის წინ გამაყუჩებელი მქონდა გაკეთებული, მაგრამ, უამინდოსის გამო რეისი გადაიდო და ისე მოხდა, რომ წამლის მოქმედების დრო თვითმფრინავში ყოფნისას ამოიწურა და მთელი ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ჯოჯოხეთური ტკივილების გადატანა მომიხდა. ფრანკფურტის აეროპორტში რომ დავეშვით, უმალვე აეროპორტის აფთიაქს მივაშურე, გამაყუჩებელი შევიძინე და აეროპორტის ტუალეტში გავიკეთე კუნთში. ტკივილი უმალვე მომეხსნა. შვება რომ ვიგრძენი, იმის ნაცვლად, რომ კონსპირაციულ ბინაში წავსულიყავი დასაძინებლად, საცეცხლე წერტილის შესათვალიერებლად გავემართე. წყალსაქაჩი საამისოდ აღარ ვარგოდა. ამიტომ, სასროლ ადგილად მდინარის ერთ-ერთი ჯებირი შევარჩიე. ობიექტის ბინა იქიდან ორასი მეტრის მოშორებით კი მდებარეობდა, მაგრამ, ჩემი შერჩეული წერტილი კარგად შენიღბული და უსაფრთხო იყო. ამიტომ, არჩევანი აღარ შემიცვლია და კონსპირაციულ ბინაში დავბრუნდი. მეორე დილით, ზუსტად 5 საათზე გავიღვიძე. ნახევარი საათის შემდეგ მიგელის მიერ დატოვებული შაშხანა უკვე ხელთ მქონდა და საცეცხლე წერტილისკენ მივემართებოდი.
ობიექტის ლიკვიდაციის მეორე ცდამ წარმატებით ჩაიარა და არანაირი გაუთვალისწინებელ ხელისშემშლელ გარემოებას აღარ ჰქონია ადგილი. უმალვე აეროპორტში გავემართე და დასავლეთ ბერლინში ჩავფრინდი, იქიდან აღმოსავლეთ ბერლინში გადავედი და ბერლინი-მოსკოვის ავიარეისის გაფრენის წინ გამაყუჩებლის მორიგი დოზა შევიშხაპუნე კუნთში. ამჯერადაც არ გამიმართლა. საშინელი უამინდობის გამო რეისი კვლავ გაიწელა და მოსკოვში ჩაფრენამდე საათ-ნახევრით ადრე კვლავ ამოიწურა გამაყუჩებლის მოქმედების დრო და ისეთი ჯოჯოხეთური ტკივილები დამეწყო, ლამის გული წამივიდა. ევროპის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, მოსკოვის აეროპორტის აფთიაქში გამაყუჩებელი პრეპარატები არ იყიდებოდა. სამედიცინო პუნქტში შესვლა კი არ მინდოდა, რადგან, უცხოეთის პასპორტით ვიყავი ჩამოფრენილი და, სანამ ყველა ფორმალობა დასრულდებოდა, შეიძლება, ტკივილისგან გულიც გამხეთქვოდა. ამიტომ, ჩვეულებრივი ქუჩის ტელეფონიდან კონსპირაციულ ტელეფონზე შჩუკინს დავურეკე და ვუთხარი:
– ვნუკოვოში ვარ. ჩემს მოსკოვურ ბინაში ტაქსით მივდივარ. მარჯვენა მხარის ნეკნები მტკივა და დახმარება მინდა.
– დაჭრილი ხარ? – იყვირა შჩუკინმა.
– არა, მგონი, ნეკნები დამემტვრა, – მივუგე და, რადგან მეტი ლაპარაკი არ შემეძლო, ყურმილი დავკიდე. შემდეგ ტაქსიში ჩავჯექი, მძღოლს მისამართი ვუთხარი და თან დავამატე – რაც შეიძლება სწრაფად იარე, მეგობარო, ხუთმაგს გადაგიხდი.
მიუხედავად იმისა, რომ ტაქსისტი სულ რაღაც თხუთმეტ წუთში მივიდა ჩემს სახლამდე, „კაგებეს“ გადაცმული თანამშრომლები უკვე სადარბაზოსთან მელოდებოდნენ და მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარნენ. მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რომ საფულეში გერმანული მარკები მქონდა და ერთ-ერთ კოლეგას ვუთხარი:
– ოცი მანეთი გაქვს?
– დიახ, – მომიგო კოლეგამ.
– ტაქსისტს მიეცი და ჩვენ შემდეგ გავსწორდებით.
ტაქსისტი გახარებული წავიდა. მე კი პირდაპირ სტაციონარში წამიყვანეს „ვოლგით“, გზაში კი გამაყუჩებელი შემიშხაპუნეს, რადგან ნეკნების ტკივილისგან იმდენმა ოფლმა დამასხა, რომ მთელი ზედა სამოსი დამისველდა.
– სამი ნეკნი გაქვთ გატეხილი და სხეულზე ძლიერი დაჟეჟილობა აღგენიშნებათ. ერთი თვე წოლითი რეჟიმი! – კატეგორიულად გამომიცხადა „კაგებეს“ დახურული სტაციონარის მთავარმა ექიმმა, – ეს – მინიმუმ. ხოლო, როდესაც გამოჯანმრთელდებით, ერთი წლის განმავლობაში გეკრძალებათ მკვეთრი მოძრაობა და ორ კილოგრამზე მეტი სიმძიმის აწევა.
აკრძალვის მიუხედავად, ერთი კვირის შემდეგ უკვე თბილისში ვიყავი, სამი თვის შემდეგ კი, სრული ძალებით ჩავები მუშაობაში და ურთულესი სპეცდავალების შესასრულებლად გავემგზავრე.
„კაგებეს“ სტაციონარში შჩუკინმა მომინახულა და, მიუხედავად იმისა, რომ მისაყვედურა, ეტყობოდა, რომ სიამაყით იყო აღსავსე. მან მითხრა:
– კოკი, შემთხვევითობისგან არავინაა დაზღვეული. ამიტომ, გაუთვალისწინებელი ტრავმა რომ მიიღე, ოპერაცია აღარ უნდა გაგეგრძელებინა და მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყავი, – ვიქტორ იაკოვლევიჩმა პაუზა გააკეთა და ღიმილი დაამატა – ისე, ყოჩაღ შენ, ნამდვილი „ასი“ ხარ, არწივი!
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე შჩუკინს და, მიუხედავად იმისა, რომ მოტეხილი ნეკნები ძალიან მტკიოდა, ვცდილობდი, არ შემემჩნია.
აბა, შჩუკინს რას გამოაპარებდი და მითხრა:
– დაწექი, დაწექი, მაგარი ხარ, მაგარი... პირველმა ბრძანა, ყოველმხრივ უზრუნველყავითო და, გარდა ჩინის მომატებისა და ფულადი პრემიისა, კიდევ რას ითხოვ?
– არაფერს, ამხანაგო გენერალო, ყველაფერი მაქვს!
– კეთილი. თბილისის პრესტიჟულ რაიონში ოთხოთახიანი ბინა შენია – რომ ჩახვალ, ორდერი დაგხვდება.
მადლობის მეტი რა მეთქმოდა. იმ პერიოდში ოთხოთახიანი ბინა თბილისის პრესტიჟულ რაიონში მხოლოდ პრივილეგირებული ადამიანების ხვედრი იყო და მათ რიგებს ვეკუთვნოდი მეც. მერიკო სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. როცა თანამედროვედ გარემონტებული და მოწყობილი ბინის დასათვალიერებლად მივედით, მან ემოციები ვერ შეიკავა და სიხარულისგან კისერზე ჩამომეკიდა. რემონტიც და ავეჯიც, ისევე, როგორც ბინა, „კაგებეს“ საჩუქარი იყო და ის დღემდე იმავე მდგომარეობაშია, როგორც მაშინ, როცა გადმოგვცეს. იქ თითქმის არავის უცხოვრია, მხოლოდ ჩამოსულ სტუმარს ვაბინავებდით იქ, რომ თავი თავისუფლად ეგრძნო და არ შეზღუდულიყო. „კაგებეს“ ნაჩუქარი ბინის გარდა, თბილისში კიდევ რამდენიმე ბინა შევიძინე, მაგრამ, მერიკოს გარდაცვალებამდე არც ერთში არ მიცხოვრია, სულ პლეხანოვზე, ძველ იტალიურ ბინაში გავატარეთ. ის ბინა დღემდე ისეთ მდგომარეობაშია, როგორც მერიკოს დროს იყო და, მართალია, დროდადრო ვაკითხავ ხოლმე, მაგრამ, ძირითადად, ახალაშენებულ ბინაში ვცხოვრობ. თბილისის გარდა, რამდენიმე ფეშენებელური ბინა და აგარაკი მაქვს როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტებზე. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ საკმაოდ შეძლებული და კარგად უზრუნველყოფილი ადამიანი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი მაკლია და, რაც მთავარია, ყველა შვილი საიმედოდ მყავს დაბინავებული. რამე რომ დამემართოს, საქმე ისე მაქვს მოწყობილი, რომ ჩემი უზარმაზარი ქონება ყველაზე თანაბრად გადანაწილდება.
მრავალი წლის წინათ, როდესაც „კაგებეში“ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პროფესიის წყალობით მილიონერი გავხდებოდი. მაქსიმუმი, რაზეც შემეძლო, მეოცნება, იყო კარგი პენსია, საყოფაცხოვრებო კომფორტი, რა თქმა უნდა, ბედნიერი ოჯახი – კარგი შვილები და შვილიშვილები და საზოგადოების მხრიდან პატივისცემა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რასაც მუდმივად ქადაგებდა კომუნისტური პროპაგანდა და რისკენაც მიისწრაფოდა მთელი საბჭოთა მოსახლეობა.
ერთხელ, ერთი ჩემი ძველი ძმაკაცი შემხვდა, რომელსაც დღემდე წარმატებული, უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვგონივარ. ის მე პრესტიჟულ რესტორანში დავპატიჟე და ორიოდე ჭიქის შემდეგ ვკითხე:
– შენ რას საქმიანობ?
– ვარ, რა! პატარა ჯიხური მაქვს სახლთან და მე და ჩემი ცოლი ვვაჭრობთ, პურის ფულს ვშოულობთ. თან, პატარა პენსიაც დამინიშნეს – მე ხომ აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. სოხუმის დაცემის დღეს მძიმედ დავიჭერი და ძლივს გადავურჩი სიკვდილს. ერთი სიტყვით, ცუდად არ ვარ.
ჩემი ძველი ძმაკაცის სიტყვებში ეჭვი შემეპარა და რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი გადავამოწმე. მას ჯიხურიც ჰქონდა და პენსიაც, მაგრამ, ეს ყველაფერი პურის ფულად ჰყოფნიდა მხოლოდ და ძალიან ცუდად ცხოვრობდა. გაზისა და დენის ფულს თითქმის ვერ იხდიდა და ხან ერთი ჰქონდა გამორთული, ხან – მეორე. შვილი კი უნივერსიტეტის მეორე კურსიდან იმიტომ გამოურიცხეს, რომ გადასახადს ვერ იხდიდა...
„ეეჰ, შენ რა გითხარი, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც ყველაფერი გავარკვიე, – ესაა, ცუდად არ ვარო? ცუდად კი არა, ძალიან ცუდად ყოფილხარ, მაგრამ, ამ ყველაფერს სულ მალე მოეღება ბოლო“.
ჩვენი შეხვედრიდან ერთი თვის თავზე, ჩემი ძველი ძმაკაცის შვილი არამცთუ უნივერსიტეტში აღადგინეს, არამედ, ლონდონში გაემგზავრა სასწავლებლად, მისი ძვირად ღირებული განათლება კი უკვე სრულადაა დაფარული და სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებს ყოველთვიურად; ჩემს ძმაკაცს კი, პატარა ჯიხურის ნაცვლად, ორი მსხვილი მარკეტი აქვს თბილისის პრესტიჟულ რაიონებში და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობს, უკვე მართლა არაფერი აკლია და სხვებსაც ეხმარება.
რესტორანში ჩვენი შეხვედრიდან ექვსი თვის მერე მან დამირეკა, შეხვედრა დამინიშნა და რომ მივედი, ისევ იმ რესტორანში წამიყვანა უკვე თავისი „ჯიპით“ და, სუფრას რომ მივუსხედით, სასმისი ასწია და მითხრა:
– ქართული ანდაზაა: მადლი ქენი, ქვაზე დადე და შედეგს ნუ დაელოდებიო. მოდი, ამ ჭიქით იმ ხალხს გაუმარჯოს, შენი თამადობით, ვინც ყოველგვარი ანგარების გარეშე სჩადის სიკეთეს.
რა თქმა უნდა, მეც შევუერთდი ჩემი ძმაკაცის სიტყვებს, არაფერი მიკითხავს მისთვის და არც მას უთქვამს, შენი წყალობით გავიმართე წელშიო – ეს საჭირო არ იყო... საკმაოდ გვიან დავიშალეთ და მან ჯერ მე მიმიყვანა სახლში ტაქსით, მერე კი თვითონ წავიდა. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და დღემდე ახლომეგობრული და თბილი ურთიერთობები გვაქვს, როგორიც სკოლაში, ბავშვობისას გვქონდა. სხვათა შორის, რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით უფრო გენატრება შენი ბავშვობა, ძველი მეგობრები და მთელი არსებით მიისწრაფი წარსულისკენ. გენიალური ფრაზა თქვა ეგზიუპერმა – ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო, ეს იმიტომ, რომ ეს პერიოდი საუკეთესოა ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანი კი, რაც უნდა თავმოძულებული იყოს, მაინც საუკეთესოსკენ მიისწრაფვის და იმედი აქვს, რომ ერთხელ მაინც იქნება ბედნიერი. თუ ბედნიერი ხშირად ხარ და შენი ახლობლებიც ბედნიერები არიან, ეს ხომ ორმაგი ბედნიერებაა, მაგრამ, თუკი ბედნიერება აბსოლუტურად უცხო, უცნობი ადამიანებისთვის მოგაქვს, ეს თითქმის აბსოლუტური ბედნიერებაა.
მთელი ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის განმავლობაში უამრავი საქმე მაქვს გაკეთებული. თითოეული მათგანი ძალიან სახიფათო იყო. ლამის ყოველ მეორე შემთხვევაში ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მიუხედავად ამისა, მე არც დამიწუწუნია, არც ფული მომითხოვია და, მით უმეტეს, არც უარი მითქვამს სახიფათო მისიის შესრულებაზე. მართალია, ყოველივე ამაში კარგი ანაზღაურება და უდიდესი მხარდაჭერა მქონდა, მაგრამ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმავე სამუშაოს უფასოდაც შევასრულებდი. იმიტომ შევასრულებდი, რომ მტკიცედ მწამდა, ადამიანებისთვის ბედნიერება მომქონდა და ეს მართლაც ასე იყო. ჩემი ღრმა რწმენით, თითოეული ჩემ მიერ ლიკვიდირებული მტერი ასეულ ათასობით საბჭოთა მოქალაქისა თუ სხვა მშვიდობიანი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე იყო და ამისთვის ნამდვილად ღირდა რისკზე წასვლაც და საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც. მართალია, მე არ ვიცნობდი ჩემ მიერ გადარჩენილებს, მაგრამ, ყოფილა შემთხვევები, რომ უშუალოდ მიმიღია მონაწილეობა ადამიანების გადარჩენაში და მათი მადლიერი თვალების ხილვისას თუ სიტყვების მოსმენისას კიდევ ერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ სამართლიან საქმეს ვემსახურებოდი.
ერთხელ შჩუკინმა სასწრაფოდ მიხმო თავისთან და მითხრა:
– სასწრაფოდ პარიზში უნდა გადაფრინდე და ალან კოსი უნდა „აძოვო“. ის ალჟირში მიფრინავს და გასარკვევია, ვის შეხვდება.
„ძოვება“ თვალყურის დევნებას ნიშნავს. ალან კოსი, იგივე ჟერარ პაპენი, იგივე ოსკარ სიმონი, სინამდვილეში საერთაშორისო ტერორისტი, ალჟირელი მუსტაფა იბნ ბენ აბერი იყო. ის, ისევე, როგორც სხვა ტერორისტები, საბჭოთა კავშირში იყო მომზადებული და „კაგებეს“ დავალებებს ასრულებდა. შემდეგ კი, ისევე, როგორც ზოგიერთი მისი კოლეგა, განზე გაუდგა თავის ყოფილ პატრონს. „კაგებესგან“ გარიყვა კარგი რომ არ იყო, ბავშვმაც კი იცოდა და ბენ აბერი კანონგარეშედ გამოცხადდა ლუბიანკაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ, ადრე თუ გვიან, მას საბჭოთა უშიშროების საშინელი რისხვა დაატყდებოდა თავს. ამიტომ, შჩუკინმა რომ მისი „ძოვება“ დამავალა, გამიკვირდა და ვკითხე.
– მხოლოდ უნდა „ვაძოვო“?
– ჯერჯერობით, მხოლოდ უნდა „აძოვო“. ამას სხვებიც იზამდნენ, მაგრამ, შენ იმიტომ გგზავნი, რომ ბენ აბერი უმართავი ადამიანია. რა დროს როგორ მოიქცევა, არავინ იცის, ამიტომ, „ძოვებასთან“ ერთად, ის მიზანშიც უნდა გყავდეს ამოღებული და საჭიროების შემთხვევაში განაჩენსაც აღუსრულებ.
– პირდაპირ რომ აღვუსრულოთ?
– ნუ ვიჩქარებთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ის მსხვილ აქციას გეგმავს და ეს ყველაფერი ისე უნდა გაფორმდეს, თითქოს ჩვენ შევუკვეთეთ. ამიტომ, მინდა, მყარად დააჯდე მას კუდზე და ალჟირში ყველა მისი შეხვედრა გადაიღო და მოისმინო, რაშიც ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან. ალჟირის დედაქალაქში რომ ჩაფრინდები, მეკავშირე მოვა და ყველაფერში გაგარკვევს. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!
ბენ აბერს პარიზის საერთაშორისო აეროპორტ „ორლიში“ „დავაჯექი კუდზე“. სულ რაღაც ოცი წუთის ჩაფრენილი ვიყავი საფრანგეთის დედაქალაქში, როდესაც პარიზელმა მეკავშირემ ალჟირის რეისის ბილეთი გადმომცა და კეთილი მგზავრობა მისურვა. ობიექტი „ლუქსის“ კლასით მგზავრობდა და იმავე სალონში ვიმყოფებოდი მეც. ჩვენი ადგილები სხვადასხვა რიგში, მაგრამ, გვერდიგვერდ მდებარეობდა.
– აი, თქვენი ბარგის ნომერი, – მითხრა მეკავშირემ პარიზში, ბარგის ჩეკი გადმომცა და დაამატა – ლურჯი ტყავის ჩემოდანია. შიგ ორი მაყუჩიანი პისტოლეტი და ასი საბრძოლო ვაზნა დევს.
ორასი მგზავრით სავსე სუპერლაინერი მსუბუქად აფრინდა „ორლიდან“ და ცხელი კონტინენტის მიმართულებით გაფრინდა. ობიექტი ერთი ხელის გაწვდომაზე მყავდა და გადავწყვიტე, ჩამეთვლიმა, რადგან, მოსკოვიდან ჯერ ლისაბონში ჩავფრინდი, რომ ჩემზე ეჭვი არავის აეღო, იქიდან კი პარიზში გადავფრინდი, უკიდურესად მოქანცული ვიყავი და დასვენება არ მაწყენდა. სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი, ფეხები გავმართე და, ის იყო, თვალებზე სახვევი უნდა ჩამომეფხატა, რომ სალონში ორი ავტომატგადაკიდებული ქერათმიანი კაცი შემოვიდა და ბენ აბერს თავი დაუქნიეს. ის კი ელეგანტურად წამოდგა, ერთ-ერთი კოლეგის მიერ გადმოგდებული მოკლელულიანი ავტომატი მარჯვედ დაიჭირა, მხარზე გადაიკიდა და ინგლისურად გამოაცხადა:
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონებო და ბატონებო, მცირედი შეწუხებისთვის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მცირედი შეწუხება და მეტი არაფერი. თუ, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და არ გვაიძულებს, რომ უკიდურეს ზომებს მივმართოთ.
ბენ აბერი თავმომწონედ, შეიძლება ითქვას, მეტრირებულადაც კი ლაპარაკობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ თავის სიტყვებს არ შეასრულებდა. ის კი ბრიტანეთის მთავრობისგან ჯეიმს და მარგარეტ ონილების გათავისუფლებას მოითხოვდა, რომლებიც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წევრები იყვნენ და ტერორიზმისთვის უვადო პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ბენ აბერის განცხადებით, ლაინერზე ოთხმოცი ბრიტანელი მოქალაქე იმყოფებოდა და მათ შორის იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრიც. მისივე თქმით, ალჟირში მიმავალი თვითმფრინავი ლიბიაში დაეშვებოდა და იქ დაელოდებოდა ციხიდან გათავისუფლებულ ტერორისტებს, ხოლო, თუკი მისი მოთხოვნა თორმეტი საათის განმავლობაში არ შესრულდებოდა, მაშინ ყველა მგზავრს მოუღებდნენ ბოლოს და ხოცვას ბრიტანელებით დაიწყებდნენ. იმავე ტექსტი ბენ აბერმა ფრანგულად და ესპანურადაც გაიმეორა და ბოლოს დაამატა:
– ჩვენ, სამართლიანობისთვის მებრძოლი რვა თავგანწირული ადამიანი, კბილებამდე ვართ შეიარაღებულები და არავის გირჩევთ გმირობის გამოჩენას. მშვიდად ისხედით თქვენს ადგილებზე, ხოლო, თუკი ვინმეს რამე დაგჭირდებათ, ჩვეულებრივად, სტიუარდესებს მიმართეთ.
ბენ აბერის ხალხი ძალიან კორექტულად იქცეოდა და ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში ყოველგვარი ექსცესების გარეშე დავეშვით. თუმცა, თორმეტსაათიანი ლოდინის შემდეგ, ბენ აბერი კვლავ სიტყვით გამოვიდა:
– სამწუხაროდ, ბრიტანეთის მთავრობამ უარი განაცხადა ჩვენი მეგობრების გათავისუფლებაზე, ამიტომ, იძულებულები ვართ, პირობა შევასრულოთ და ბრიტანეთის მოქალაქეების დახოცვა დავიწყოთ. ხოლო ლიბიის მთავრობა რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ, ჩვენი თვითმფრინავი ჯერ ჰაერში აფრინდება და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ თქვენს სიკვდილით დასჯას.
ავიალაინერი საწვავით აავსეს. დილის 9 საათზე ის კვლავ ცაში აიჭრა და, საით აიღო კურსი, ბენ აბერს აღარ უთქვამს. ათწუთიანი ფრენის შემდეგ ჩვენი თვითმფრინავი ლიბიის უზარმაზარი უდაბნოს თავზე მიფრინავდა. ბენ აბერმა ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა მამაკაცი ააყენა თავისი ადგილიდან, რიგებს შუა მუხლებზე დააყენა, ავტომატი კეფაზე დაადო და გამოგვიცხადა:
– ეს ჯენტლმენი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრია, მისმა ქვეყანამ კი მისი სიცოცხლის გადარჩენაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, ის იქნება პირველი მსხვერპლი და მას მიჰყვებიან სხვებიც, ზუსტად ისე, როგორც უკვე გამოვაცხადეთ.
იარაღდადებულ ბრიტანელს კრინტიც არ დაუძრავს. ის საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა. და უდიდესი ღირსების გრძნობით ელოდა სიკვდილს, რომელიც სულ მალე უნდა სწვეოდა მიბჯენილი იარაღის ლულიდან.
ტერორისტებთან გამკლავება სავსებით შესაძლებელი იყო და ის ორი მაყუჩიანი პისტოლეტი ვინატრე, რომლებიც ლურჯ ჩემოდანში ელაგა. თუმცა, ლურჯი ჩემოდანი თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში იდო და ჩემთვის მიუწვდომელი იყო. ბენ აბერმა სასხლეტს თითი გამოსდო და, ის იყო, უნდა დაეშვა, რომ უცებ მას შუახნის მამაკაცი დაეჯახა, რომელიც ჩემ წინ იჯდა და ტერორისტი იატაკზე დააგდო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს შუახნის მამაკაცი ბრიტანეთის სამეფო უსაფრთხოების ოფიცერი იყო და სამეფო ოჯახის წევრის დაცვა ევალებოდა. ის წაქცეულ ტერორისტს ზემოდან დაახტა და ბენ აბერის გასროლილმა ავტომატურმა ჯერმა მას რამდენიმე გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. სალონში კიდევ ორი ტერორისტი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი დაიბნა და ხელყუმბარა გახსნა, რომელიც ხელიდან გაუვარდა და მის უკან, ტუალეტთან აფეთქდა. ამის გამო თვითმფრინავს მარჯვენა, შუა ადგილას, საკმაოდ დიდი ზომის ხვრელი გაუჩნდა, მართვა დაკარგა და პიკირება დაიწყო... თვითმფრინავში პანიკა ატყდა და, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტები შეიარაღებულები იყვნენ, შეშინებული მგზავრები მათ ეტაკნენ, ტყვიებს არ შეუშინდნენ და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორი მათ დახოცეს, ბენ აბერს კი მე გამოვუყვანე წირვა. ის ჯერ კიდევ იატაკზე ეგდო და ზემოდან დაცხრილული ბრიტანელი ოფიცერი ეწვა, როცა მისივე ავტომატური იარაღით დავუცხრილე გული.
უცებ, პიკირებაზე წასული ლაინერი გასწორდა, კიდევ გარკვეული დრო იფრინა და უდაბნოს ქვიშიან გრუნტს შეახო შასი. აშკარა იყო, პილოტები თვითმფრინავის დასმას ცდილობდნენ, მაგრამ, ეს არანაკლებ საშიში იყო, ვიდრე ჩამოვარდნა. ლაინერმა ორასიოდე მეტრი სულ ხტუნვა-ხტუნვით გაიარა უდაბნოს ქვიშაში, შემდეგ უცნაური ბრუნი გააკეთა, მარჯვენა ფრთით ღრმად ჩაჯდა ორმოში და კორპუსს ცეცხლი წაეკიდა. იმ მომენტისთვის ტერორისტები უკვე დახოცილები იყვნენ, მაგრამ, სხვა სასიკვდილო საფრთხე გველოდა: თუ ხალხი დროზე არ დააღწევდა თავს ცეცხლწაკიდებულ ლაინერს, ის აფეთქდებოდა და ყველანი დავიღუპებოდით. ლაინერი იმგვარად იყო ქვიშაში ჩაფლული, რომ კარი არ ჩანდა, ილუმინატორები კი იმდენად ვიწრო იყო, რომ იქ ბავშვიც ვერ გაძვრებოდა. დრო არ ითმენდა. ცეცხლი საწვავის ავზს უახლოვდებოდა და რაღაც უნდა მეღონა. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა. ჩემ მიერ დაცხრილულ ბენ აბერს ხელყუმბარა ამოვაცალე და ტერორისტის გვამი ჩამსხვრეულ, ვიწრო ილუმინატორთან მივათრიე. შემდეგ ის ავაფარე ილუმინატორს, ხელყუმბარა უბეში ჩავუდე და უკან დავიხიე „ლიმონკა“ ხუთიოდე წამში აფეთქდა, ფანჯარაში დიდი ხვრელი გაკეთდა და გზა გაიხსნა.
– წესრიგი დაიცავით! – მოვუწოდე მგზავრებს, რადგან, ყველა იმას ცდილობდა, პირველი გამძვრალიყო ხვრელში – ჯერ ბავშვები და ქალები გავიდნენ და ასიოდე მეტრით მოშორდნენ ცეცხლწაკიდებულ ლაინერს!
მგზავრების გადარჩენის პროცესი თითქმის შვიდ წუთს გაგრძელდა და 196 ადამიანი უვნებლად გამოვიყვანეთ ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან. ოთხი ადამიანი, მათ შორის, სამეფო ოჯახის წევრის მცველი, დაიღუპა და როდესაც ბოლო გადარჩენილი მგზავრი მივიყვანე უსაფრთხო ადგილამდე, უზარმაზარი ლაინერი აფეთქდა.
ლიბიის უდაბნოში მაშველი ძალა საკმაოდ გვიან – ოთხი საათის შემდეგ გამოჩნდა და ყველანი დედაქალაქ ტრიპოლში გადაგვიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დახმარება არ მჭირდებოდა, პროფილაქტიკის მიზნით, მეც საავადმყოფოში მიმიყვანეს, მაგრამ, იქიდან გამოვიპარე და ლიბიის ტერიტორია საბჭოთა ტანკერით დავტოვე, რომლის კაპიტანსაც ლუბიანკასთან დასაკავშირებელი საიდუმლო შიფრი ვუკარნახე და როდესაც „კაგებეს“ შტაბ-ბინას ელაპარაკა, სასწრაფოდ ბორტზე ამიყვანა და დამმალა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში