რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მაინტერესებს, რა რესურსი აქვს აკუმულატორს? ახალი შევიძინე და ძალიან მალე დაიწყო „დაჯდომა,“ სულ ეგრეთ წოდებული „პერემიჩკებით” მიწევს დაქოქვა. ხომ არ არის ეს დაკავშირებული ზამთართან?
პასუხი: თუ ახალი აკუმულატორი იყიდეთ, მას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა გარანტია, რომელიც, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამი თვის განმავლობაში მაინც ითვალისწინებს აკუმულატორის გამოცვლას. თუ სამი თვე გავიდა, ვეღარაფერს უშველით. მაგრამ, ვინაიდან თქვენ აკუმულატორი შეცვალეთ, ავტომატურად იგულისხმება, რომ წინა აკუმულატორსაც იგივე პრობლემა შეექმნა. იმის ალბათობა, რომ ორივე აკუმულატორს ერთი და იგივე რაღაც დაემართა, უფრო ცოტაა, ვიდრე იმის, რომ თქვენი ავტომობილის ელექტრონულ სისტემას აქვს პრობლემა. პირველ ყოვლისა, აუცილებლად უნდა გაასინჯოთ ელექტრიკოსს ან ვინმეს იმ ადგილას, სადაც აკუმულატორებს ყიდიან, რათა გაიგოთ, სათანადოდ მუხტავს თუ არა თქვენი ავტომობილის გენერატორი აკუმულატორს. თუ არ მუხტავს, პრობლემა ამ მიმართულებით უნდა ეძებოთ. ხოლო, თუ ნორმაზე მეტს მუხტავს, ესეც პრობლემაა, რადგან, აკუმულატორს ესეც გააფუჭებდა. თუ ყველაფერი მწყობრშია, მაშინ, ეს აკუმულატორის წუნიდან მომდინარეობს. თუმცა, არის კიდევ ერთი ძალიან უმნიშვნელო მიზეზი – აკუმულატორზე სადენების მიერთების გადაბმა. კარგად უნდა დააკვირდეთ, ეგრეთ წოდებული „კლემები” სუფთაა თუ არა და არის თუ არა სადენები „კლემასთან” და ერთმანეთთან მყარად მიერთებული. რაც შეეხება რესურსს, ეს უშუალოდ დამოკიდებულია კონკრეტული ავტომობილის მწარმოებლის ხარისხზე. იაფიანი აკუმულატორები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მოცემული ექვსთვიანი ან ერთწლიანი გარანტიის ვადით ძლებს, ხოლო კარგი ხარისხის აკუმულატორმა, შეიძლება, ათიდან თხუთმეტ წლამდეც კი გაძლოს. კიდევ ერთი ფაქტორია აკუმულატორის გამძლეობა ზამთარში. როგორც წესი, ზამთრის პერიოდში აკუმულატორის გაფუჭების ალბათობა სამმაგდება, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ სწორედ ზამთარში შეიძლებოდა დასწყებოდა პრობლემები თქვენს აკუმულატორს. ასეთი პრობლემის წინაშე უკვე ძალიან ბევრი მძღოლი დადგა.
კითხვა: ოჯახში გვყავს ორი „მიცუბიში პაჯერო”, ორივე 2000 წლამდე გამოსული მოდელი. ერთი სამლიტრიანი ბენზინის ძრავით არის აღჭურვილი, ხოლო მეორე – 2.5 ტურბოდიზელის ძრავით. დიზელისძრავიანი ავტომობილი შევიძინეთ რაიონში სასიარულოდ. ის ეკონომიურია და, თანაც, გაგონილი მქონდა, რომ დიზელის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებს თოვლსა და ყინულში ბენზინზე უკეთესი გამავლობა აქვს. ჩემი დაკვირვებით, ბენზინისძრავიანი გაცილებით უკეთ დადის თოვლიან და ყინულიან აღმართებზე, ვიდრე დიზელიანი. ეტყობა შევცდი, რომ მოარულ ხმებს დავუჯერე და წინასწარ არ გადავამოწმე ეს საკითხი. ან, იქნებ, სხვა რამეშია პრობლემა?
პასუხი: ზოგადად, დიზელის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი თოვლიან და ყინულიან გზაზე ხშირ შემთხვევაში მართლაც უკეთ გრძნობს თავს. ეს გამომდინარეობს ძრავას ბრუნების ნელი აკრეფიდან, ანუ, ძრავა ნელ-ნელა ადის მაღალ ბრუნებზე და, შესაბამისად, საბურავიც ნელ-ნელა უმატებს ბრუნვას, რის გამოც ის ნაკლებად იწყებს ბუქსაობას. თქვენი კონკრეტული შემთხვევა ამ ორი ავტომობილის სხვა თვისებებს ეფუძნება. სამლიტრიანი ბენზინის ძრავით აღჭურვილი „პაჯეროების” უმეტეს ნაწილს გააჩნია ბლოკირებული უკანა ხიდი, რასაც იშვიათად (თითქმის არასდროს) ვხვდებით 2.5 ტურბოდიზელის შემთხვევაში. სავარაუდოდ, თქვენი 3.0 „პაჯეროც” ბლოკირებული უკანა ხიდით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ორივე უკანა საბურავის ერთდროულ ბრუნვას, მაშინ, როცა დიზელის ძრავით აღჭურვილი მოდელი მხოლოდ ერთ-ერთი უკანა საბურავის ბრუნვას იყენებს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი”, „ე” კლასის, მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილი. მივდიოდი ცხვარიჭამიაში, თოვლიან გზაზე. რაღაც მომენტში, აღმართზე მომიწია გაჩერება, მაგრამ, მერე ძალიან გამიჭირდა დაძვრა – რამდენჯერაც მოვინდომე დაძვრა, უკან ცურავდა. ამ დროს ვიღაც ღვთისნიერმა ადამიანმა გამოიარა და მასწავლა – მეორე სიჩქარით დაძარი და ისე წადიო. ვცადე და მეორე ცდაზე მოვახერხე სვლის გაგრძელება. რას ნიშნავს ეს, რამე სპეციალური ხერხია ასეთ სიტუაციებში გამოსაყენებლად? საერთოდ, როდის შეიძლება მეორე სიჩქარით დაძვრა?
პასუხი: თოვლსა და ყინულზე ავტომობილის დაძვრის ძირითადი პრობლემა ისაა, რომ საბურავები პირველ მოჭიდებას ვერ ახერხებს, ანუ, თავიდან ვერ პოულობს მოჭიდებას. ყველაზე რთულია ინერციის განვითარება. ის, რომ პირველი სიჩქარე ძლიერი და აგრესიულია, არ გვაძლევს საშუალებას რომ თავად მოვზომოთ, რამდენი გაზი გვჭირდება. ამიტომ, თუ დაბუქსავდა და თოვლის ან ყინულის საფარს ვერ ჩაეჭიდა, ბუქსაობას განაგრძობს. ასეთ დროს დაძვრა, მით უმეტეს, აღმართზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ის კი არა, შეიძლება, უკანაც დავგორდეთ. ის, რაც თქვენ გასწავლეს, ანუ, მეორე სიჩქარით დაძვრა, კარგად გამოიყენება ამ დროს, რადგან მას ძრავადან ბორბლებამდე ნაკლები სიმძლავრე მიაქვს, ნაკლებად აგრესიულია და, შესაბამისად ნაკლებია ავტომობილის მოწყვეტის ალბათობა. ამ დროს საჭე უფრო რბილი ხდება, რადგან, უკანა საბურავებისთვის ზედმეტი ძალის მიცემა არ ხდება. ჩვენ თავად შეგვიძლია, განვსაზღვროთ, რა ძალით დავძრათ ავტომობილი, როცა მას მოსხლეტის მომენტი არ აქვს. ამ ილეთის გამოყენება მოყინულ გზაზე ხშირად შეიძლება. მის გამოსაყენებლად მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებს გააჩნიათ სპეციალური რეჟიმი, რომელიც გამორიცხავს დაბუქსავებას. თუ ეს რეჟიმი ჩართულია, შეიძლება, ავტომობილი ადგილიდანაც კი არ დაიძრას, თუკი საფართან ჩაჭიდებას ვერ ახერხებს. მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებსაც ძალიან ხშირად აქვთ მოცურების თავიდან აცილების რეჟიმი, რომლის ჩასართავადაც სპეციალური ღილაკი არსებობს. მოდელების უმრავლესობაში კი, ეს რეჟიმი ყინულიან გზაზე გასვლასთან ერთად, თავისით ირთვება და მერე ის უნდა გამორთოთ. ეს ელექტრონული სისტემა იმდენად ცუდად ერევა მართვის ჩვენს სტილში, რომ შესაძლოა, ნერვებიც მოგვიშალოს, განსაკუთრებით – „მერსედესებში”. მაგალითად, შესაძლოა, აღმართზე ასვლას ვცდილობდეთ, ავტომობილს მოჭიდება უჭირდეს და ამ სისტემამ ოთხივე საბურავი დაამუხრუჭოს.