კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვერ გაიყო ორმა ქალბატონმა ერთი მამაკაცი

 

ქალბატონები იმის გამო, რომ კაცი ვერ გაიყვეს, საპატიმროში აღმოჩნდნენ. ორიდან ერთს, ფიქრია ს-ს – 3 წელი, ხოლო ნატალი ზ-კოს 1 წელი მიესაჯა. სამართალდამცველებმა ისინი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, რადგან, „კონკურენტებმა” არა მხოლოდ ერთმანეთს, გამშველებელ საყვარელსაც სცემეს. თუმცა, ვინაიდან ფიქრია ს-მ საყვარლის დედასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მას შედარებით მძიმე სასჯელი ერგო. მთავარი კი ის არის, რომ ქალები სასჯელს არა ციხეში, არამედ, პირობით მოიხდიან...   

ქალებს შორის ასაკობრივი სხვაობა, არც მეტი, არც ნაკლები, 15 წელია: ფიქრია 40 წლისაა, უკრაინელი ნატალი კი – 25-ის. მაგრამ, როგორც ჩანს, სიყვარულმა ასაკი მართლაც არ იცის, რადგან, 45 წლის ანტონ ლ. ორივე ქალს ისე თავდავიწყებით შეუყვარდა, კინაღამ ერთმანეთი დახოცეს. თუმცა, ფიქრიამ ეს არ იკმარა. საყვარლის ლანძღვითა და ცემით გული რომ იჯერა, დედამისზეც გადავიდა და ასაკოვან ქალს კინაღამ ხელი მოსტეხა...  

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ფიქრია ს. დაახლოებით ღამის 11 საათზე სტუმრად მივიდა ანტონ ლ-სთან. მაგრამ, იმის გამო, რომ ანტონ ლ-ს სტუმარი ჰყავდა, ქალს ქუჩაში გამოხედა, უთხრა, რომ სტუმრები ჰყავდა და სთხოვა, მათი წასვლის შემდეგ, უფრო გვიან, დაახლოებით ღამის 2 საათისთვის მისულიყო. ფიქრია ს., რომელსაც ანტონ ლ-სთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, შემოთავაზებულ წინადადებას დასთანხმდა, თუმცა, ვინაიდან დაეჭვდა, რომ კაცი ატყუებდა, გადაწყვიტა, დროის გასვლას იქვე დალოდებოდა და ერთ-ერთი სახლის გარეთ მდებარე სკამზე ჩამოჯდა, საიდანაც ანტონ ლ-ს ბინას უთვალთვალებდა. 

დაახლოებით ერთ საათში ფიქრია ს-მ დაინახა ქალი და მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ. სიბნელის მიუხედავად, ფიქრია ს. მიხვდა, რომ ანტონი ქალს აცილებდა და სიჩუმეში მათი საუბარიც მოისმინა – ქალი და კაცი ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, ჰკოცნიდნენ და მომავალ შეხვედრაზე თანხმდებოდნენ. სწორედ ამ მომენტში მათ წინ ტაქსი გაჩერდა, რომელშიც ანტონმა ქალი ჩასვა და, ის იყო, მძღოლმა მანქანის დაძვრა დააპირა, ფიქრია ს. სამალავიდან გამოვიდა და ჩხუბი ატეხა. ქალებს შორის გინება და ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, რომელშიც ანტონ ლ. ჩაერია, მაგრამ, მას უფრო მეტი მოხვდა. ქალები ვერც ჩხუბის ხმაზე შეკრებილმა მეზობლებმა გააშველეს. მათი დაწყნარება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა და, არა მხოლოდ ქალები, მათი საყვარელიც წაიყვანა, რომელიც შემდეგ საავადმყოფოშიც კი აღმოჩნდა, ისე იყო ნაცემი. საავადმყოფოში მოხვდა, ასევე, ანტონ ლ-ს დედაც, რადგან, შვილის დაცვის მცდელობისას ისიც არანაკლებად დაშავდა... 

ორი სიყვარულის ისტორია

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფიქრია ს. გათხოვილი არასდროს ყოფილა და როგორც განაცხადა, ანტონი ძალიან უყვარდა. რით შეაყვარა ანტონ ლ-მ მას თავი, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ფიქრია ჩვენებაში არაერთხელ იმეორებს, რომ ანტონი უპრინციპო და უფხო კაცი იყო – რაც არ უნდა ჩაგედინა, რაც არ უნდა მოგეყოლა, არაფერი აღიზიანებდა და არაფერი აეჭვიანებდა, ყველაფერს ღიმილით უყურებდაო... 

როგორც ირკვევა, მათი ურთიერთობა დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა და ამ ურთიერთობის შესახებ ანტონის დედამაც იცოდა, რომელსაც ფიქრია მაინცდამაინც არ მოსდიოდა თვალში, თუმცა ჩვენებაში ამის მიზეზს ფიქრია თავადვე განმარტავს. მისი აზრით, ანტონის დედას, ლილის, არ მოსწონდა, რომ გასათხოვარი ქალი ღამით მისი შვილის ოთახში რჩებოდა... მართალია, ფიქრია საყვარელთან მალულად შედიოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ დედამისი მაინც ყველაფერს ხვდებოდა, მით უმეტეს, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ დილით ანტონის ოთახიდან გამოსულს, არაერთხელ შეხვედრია... 

ფიქრია ს-ს ჩვენებიდან: „ანტონი მეგობარმა გამაცნო. მითხრა, რომ ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო. რომ გავიცანი, ამაში თავადაც დავრწმუნდი, რადგან, ძალიან დამეხმარა – იმ პერიოდში კანის დაავადება მქონდა და, როცა გაიგო, ექიმთან მან წამიყვანა. შემდეგ წამლებიც მან მიყიდა და ასე დავმეგობრდით. იმდენად მომეწონა, მასთან ურთიერთობის ინიციატორი მე გავხდი. ისიც დაჰყვა ჩემს სურვილს და შეხვედრებზე უარს არ მეუბნებოდა. შემდეგ სახლშიც მიმიყვანა და მას შემდეგ სულ მასთან ვხვდებოდით ერთმანეთს. ანტონის გამო სხვა კაცები მივატოვე, რადგან ის ყველასგან განსხვავდებოდა. ჩვენი შეხვედრები თითქმის ორი წელი გაგრძელდა. მინდოდა, ცოლად გავყოლოდი, მაგრამ, ამ თემაზე არაფერს მეუბნებოდა. ბოლოს ისევ მე დაველაპარაკე, თუმცა, ისეთი პასუხი მივიღე, ვერაფერი გავიგე. უფრო სწორად, როდესაც ვუთხარი, რომ, დრო იყო, ოჯახი შეგვექმნა, ერთი სიტყვით მიპასუხა – შეიძლებაო. ამით ჩავთვალე, რომ ვუყვარდი და ჩემთან ქორწინებაზეც თანახმა იყო, მაგრამ, ვხვდებოდი, რომ დედამისს არ მოვწონდი. დარწმუნებული ვიყავი ჩუმად გვისმენდა კიდეც, რადგან, ერთხელ, ღამით, ანტონის ოთახიდან მალულად გამოვედი და კართან დამხვდა...

ანტონს მისვლამდე ყოველთვის წინასწარ ვაფრთხილებდი და არასდროს უთქვამს, არ მოხვიდეო – ის ყოველთვის ყველაფერზე თანახმა იყო. ერთ საღამოს კი, ჩემი იქ ყოფნისას, ვიღაცამ დაურეკა. მისი საუბარი არ მომეწონა. მივხვდი, ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ, ვინაიდან რუსული კარგად არ ვიცი, რაღაც ფრაზები  ჩემთვის გაუგებარი დარჩა. საუბრის დასრულების შემდეგ რომ ვკითხე, ვინ იყო-მეთქი, მიპასუხა, რომ მისი ჯგუფელის ახლობელს ელაპარაკებოდა. მიხვდა, რომ ვიეჭვიანე, მაგრამ, არ დავუმშვიდებივარ. ამის გამო ძალიან შევშინდი, რადგან, იმ დღის შემდეგ ის ქალი სულ უფრო ხშირად ურეკავდა. ამიტომ, მოვიპარე ანტონის ტელეფონი და იმ ქალის ნომერი ამოვიწერე. 

როგორც გავარკვიე, ქალს ნატალი ერქვა და საქართველოში ექვსი თვის წინ ჩამოვიდა კიევიდან. დავადგინე ისიც, რომ სულ რაღაც 25 წლის იყო. მასთან ჩემს ნაცნობ კაცს დავარეკინე და ვთხოვე, მისთვის ხშირად დაერეკა ხოლმე. მართლაც, ის არა მხოლოდ ურეკავდა, ნატალის შეხვდა კიდეც და სწორედ მისგან გავიგე, რომ  ძალიან ლამაზი გოგონა ყოფილა. მას ჩემი ნაცნობისთვის არ დაუმალავს, რომ სხვას ხვდებოდა და მასთან ურთიერთობას ვერ გააბამდა. 

მაშინვე ვიეჭვიანე და არცთუ უსაფუძვლოდ. იმ საღამოს ანტონს რომ დავურეკე, მოვალ-მეთქი, მითხრა, რომ არ ეცალა. ზუსტად ვიცოდი, რომ, თუ ვინმეს ხვდებოდა, თავის ბინაში მიიყვანდა და მის სახლს დავუდარაჯდი. არც შევმცდარვარ – დავინახე, როგორც დახვდა ვიღაც გოგოს გარეთ, რომელიც სახლში აიყვანა. მთელი ღამე იქ გავათენე. მივხვდი, რომ ის ნატალი იყო და ღამით ანტონთან დარჩა...

ანტონს მესამე დღეს დავურეკე. მითხრა, რომ შემეძლო, მასთან მივსულიყავი და ღამით დავრჩენილიყავი. რომ მივედი, ისეთ ხასიათზე დამხვდა, თითქოს არაფერი მომხდარა. თავზე ხელი გადამისვა და მკითხა, ხომ არ მშიოდა, რაზეც თანხმობა ვუთხარი. ჭამის დროს მისი უკრაინელი მეგობარი რომ მოვიკითხე, ფერი შეეცვალა... ვთხოვე, ჩემთვისაც გაეცნო, მაგრამ, მომატყუა – უკვე გაემგზავრაო. მეტი აღარაფერი მიკითხავს, თუმცა, ისინი ერთად მეორეჯერაც გამოვიჭირე. უკვე ყველაფერი ნათელი იყო. ამიტომ, ნატალისთან ჩემს სხვა ნაცნობს დავარეკინე და ვურჩიე, ანტონისთვის თავი დაენებებინა. თუმცა, მას არცკი დაუმალავს, რომ ანტონს ხვდებოდა. ის კი არა ჩემს ნაცნობს უთხრა, რომ საღამოს ანტონთან იქნებოდა და, თუ ვინმეს პრეტენზია ჰქონდა, იქ მისულიყო...

ინციდენტის ღამეს, ალბათ, სწორედ ამ მიზეზით მითხრა ანტონმა რომ გვიან, დაახლოებით ღამის 2 საათზე მივსულიყავი. როგორც ჩანს, იმ ღამეს ის და ნატალი ელოდებოდნენ, ვინ მივიდოდა მათთან, მაგრამ, ალბათ, ვერ წარმოიდგინეს, რომ ეს მე ვიქნებოდი...” – განაცხადა ბრალდებულმა, რომლის თქმით, პირველმა მას ნატალიმ გაარტყა და მას ანტონიც ეხმარებოდა. ამიტომ, ძალა მოიკრიბა და შეძლო, ორივეს გასწორებოდა. რაც შეეხება „სადედამთილოს,” ფიქრია ს. აღიარებს, რომ მას მართლა მთელი ძალით ჩაარტყა, რადგან, ქალი მისი ასაკისთვის შეუფერებელი უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა...

იმის გათვალისწინებით, რომ ფიქრია ს-ს ვალში არც ნატალი დარჩენია, ადგილზე მისულმა პოლიციამ დააფიქსირა, რომ ორივე ქალის ხულიგნობის შედეგად ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი. ამიტომ, ანტონის დედის გარდა, პოლიციაში ინციდენტის ყველა მონაწილე წაიყვანეს...

რაც შეეხება ნატალი ზ-კოს, ჩვენებაში არც მას დაუმალავს, რომ მართლა სცემა მისთვის უცნობ ქალს, რომელიც თავს დაესხა. მისივე აღიარებით, ანტონსაც ჩაარტყა ჯოხი.  სამედიცინო დასკვნით, ანტონ ლ-სა და დედამისისთვის მიყენებული დაზიანებები მსუბუქ ხარისხს მიეკუთვნებოდა. სწორედ ამიტომ, ქალებს პირობითი სასჯელი აკმარეს. სასამართლოს ამის საშუალება თავად დაზარალებულებმა მისცეს – დედამაც და შვილმაც განაცხადეს, რომ ისინი არ ჩივიან, პირიქით, მათ ქალების გათავისუფლება მოითხოვეს... ანტონ ლ-ს სასამართლოზე მიცემული ჩვენების თანახმად, მას ორივე ქალი მოსწონდა და ორივესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, ცოლად მოყვანას არც ერთს არ დაჰპირებია. მისი აზრით, ეს ქალებმა თვითონ დაასკვნეს და, სავარაუდოდ, ამიტომ სცემეს ერთმანეთს. ანტონ ლ-მ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ არც ერთ მათგანს აღარ დაუბრუნდება, რადგან, ისინი დედამისსაც შეეხნენ ხელით.

რაც შეეხება განსასჯელებს, რომლებიც პირობით გაათავისუფლეს, კინაღამ ისევ სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდნენ, რადგან, დარბაზიდან გათავისუფლებულებმა, ისევ ერთმანეთზე გაიწიეს საცემად და, რომ არა იქ მყოფების ჩარევა, შესაძლოა, ამჯერად გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყვნენ...

 

скачать dle 11.3