კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიჰყიდა მოსკოვის ოლიმპიური სოფელი არაბ შეიხს ცნობილმა ქართველმა თაღლითმა

 

ცნობილი ქართველი თაღლითი, ვასო კედია საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ნამდვილი ლეგენდა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ის კანონიერი ქურდი არ ყოფილა, საბჭოეთის ყველაზე ავტორიტეტული კრიმინალებიც კი პატივს სცემდნენ და ციხეში მოხვედრისას, ქურდული ადგილი გარანტირებული ჰქონდა.

ვასო კედიას კრიმინალურ სამყაროში „ცუღლუტის“ სახელით იცნობდნენ. მასზე დღემდე მრავალ ისტორიას თუ ლეგენდას ყვებიან. ჩვენი პუბლიკაცია ცუღლუტის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდზეა აგებული, რომლებიც მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზეა დამყარებული.

მთავარი გმირის, ცუღლუტის, იგივე ვასო კედიას გარდა, თითქმის ყველა მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება სრული შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ფრიადოსანი

ვასილი სარდიონის ძე კედია 1940 წლის 17 დეკემბერს ზუგდიდში დაიბადა. ვასოს მამა – სარდიონი 1942 წელს სამამულო ომში დაიღუპა, ორი წლის შემდეგ კი დედა, ანა ჭაჭუა ჭლექით გარდაიცვალა. 4 წლის ბავშვის აღზრდა მამიდამ, ელენე კედიამ ითავა, რომელიც თბილისში, სოლოლაკში იყო გათხოვილი და მასაც სამამულო ომში დაეღუპა მეუღლე. ქვრივ ქალს შვილი არ ჰყავდა. ამიტომ, ძმისშვილი შვილივით შეიყვარა და საომარი მდგომარეობისა და გაჭირვების მიუხედავად, ცდილობდა, პატარა ვასოსთვის არაფერი მოეკლო.

27 წლის ულამაზეს ელენე კედიას მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მას ბევრი ღირსეული მამაკაცი სთხოვდა ცოლობას. თუმცა, ელენე პატიოსანი ქალი იყო და გაჭირვების მიუხედავად, მთელ თავის ენერგიას პატარა ვასიკოს აღზრდას ანდომებდა. ამიტომ, ყველა ხელის მთხოვნელს უარი უთხრა და სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებდა მუშაობას, სადაც ის ექთანი იყო. მიუკარებლობის მიუხედავად, 1947 წელს ვინმე ვახტანგ ერისთავს გაჰყვა ცოლად. ერისთავს პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა და ჰოსპიტალში გამოკვლევებს იტარებდა, ასე გაიცნო ეს მომხიბვლელი მამაკაცი ქალმა.  პოლკოვნიკი ვახტანგ ერისთავი კი, სინამდვილეში აპოლონ ცაგარელი იყო, თაღლითი რეციდივისტი და პოლკოვნიკის ყალბი საბუთებით ცხოვრობდა, რადგან მილიცია ეძებდა. ცაგარელს კრიმინალურ სამყაროში „აკადემიკოსის“ მეტსახელი ჰქონდა და პატარა ვასიკოს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი სწორედ მან შეასრულა. ცაგარელი ძალიან ნიჭიერი, განათლებული ადამიანი იყო, არისტოკრატული მანერებით და ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეეძლო. პატარა ვასიკო მას ძალიან უყვარდა და რადგან ბიჭი კარგად სწავლობდა ბევრ წიგნს აკითხებდა, მოუწოდებდა, სკოლაში კარგად ესწავლა. ვახტანგს და ელენეს შვილი არ ჰყავდათ, რადგან ქალი უშვილო იყო. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ვასიკოს შვილივით ზრდიდნენ. რვაწლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, ვახტანგ ცაგარელი, იგივე „აკადემიკოსი“, ერთ-ერთმა სოლოლაკელმა იცნო, რომელიც მასთან ერთად იჯდა ციხეში და დააბეზღა. ცაგარელი დააპატიმრეს, გაასამართლეს და რუსეთში ეტაპით გაგზავნეს, საიდანაც ის ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. „აკადემიკოსი“ რომ მიჰყავდათ ის ცოლ-შვილს ჩაეხუტა, ბოდიში მოუხადა მათ და ვასიკოს უთხრა:

– ისწავლე და პატიოსნად იცხოვრე. იცოდე, თუ ცოდნა არ გაქვს, ხეირიანს ვერაფერს მიაღწევ, დანაშაულის გზას კი არასოდეს დაადგე და დიდი კაცი გამოდი.

ცაგარელი 1955 წლის 16 დეკემბერს დააპატიმრეს. მეორე დღეს კი, ბარბარობა იყო და ვასიკოს 15 წელი უსრულდებოდა. მომავალი თაღლითი მეცხრე კლასში სწავლობდა და აბსოლუტური ფრიადოსანი იყო.

მახვილგონივრული შურისძიება

„აკადემიკოსის“ დამბეზღებელი, ვინმე ანზორ კურტანელი იყო. ის, ეგრეთ წოდებულ ნავთის წერტში მუშაობდა გამყიდვლად, კიროვის ქუჩაზე, ერთ-ერთ სარდაფში. კურტანელი სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის 5 წელი იჯდა ციხეში და ცაგარელს იქიდან იცნობდა. თუმცა, მოგვიანებით, ის გაამართლეს და გაათავისუფლეს.

ვასიკომ რომ ჩამშვების ვინაობა შეიტყო, მისი მოკვლა განიზრახა და ამის შესახებ თავის საუკეთესო მეგობარს, თანაკლასელს, ომარ ბერიძეს უთხრა (მოგვიანებით, ომარ ბერიძე, იგივე „ოქროსხელება“, საბჭოეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდი გახდა).

– მოვკლათ, მაგის დედაც... – უთხრა ომარმა ვასიკოს და დაამატა, – ღამით დავხვოსტოთ  და ყელი გამოვჭრათ ბნელ ქუჩაზე.

ძმაკაცებმა გეგმა დაისახეს და შესრულებას შეუდგნენ. მაგრამ ორდღიანი თვალთვალის შემდეგ, ვასიკომ ომარს უთხრა:

 – სხვა იდეა მაქვს. მოკვლა არ გვინდა. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ მამაჩემი დააჭერინა და არ მოუკლავს. ბავშვები ვართ და კაცის ცოდვას რომ დავიდებთ, ცხოვრება გაგვიჭირდება.

– ნახე რა შენც კაცი. კაცი კი არა, ბოზია. ბოზები კი უნდა დახოცო, – მიუგო ომარმა ვასიკოს და გააგრძელა, – თუმცა, როგორც შენ იტყვი. ეს ბაზარი შენი გადასაწყვეტია და ყველაფერში გვერდით დაგიდგები. თქვი, რა იდეა გაქვს.

– პაკეტს დავუგდებთ და თავისივე ღორობის გამო საკუთარ თავს თვითონ დასჯის.

– რა პაკეტს, ვერ ვხვდები?!

– მოკლედ, მაგის პადვალში ჩახვალ, ნახევარ ლიტრ ნავთს იყიდი და ისე იზამ, ვითომ საფულე შემთხვევით დაგივარდა და წამოხვალ. ის ნაბოზარი, რა თქმა უნდა, ბუმაჟნიკს არ დაგიბრუნებს და დედაც ეტირება. ფულის გარდა საფულეში შუშის პატარა პუზირიოკი იდება, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე იქნება და რომ გახსნის, ჰაერი მოხვდება თუ გადააგდებს, ორივე შემთხვევაში, აფეთქდება. მისივე ნავთით გაძეძგილ პადვალში გამოიბუგება. როგორია?

– პუზირიოკი რომ არ გადააგდოს და შეინახოს?

– მაშინ ერთ საათში აფეთქდება, მას მერე, რაც პუზირიოკში ქიმიური პროცესი დასრულდება.

– საფულე რომ დამიბრუნოს?

– დარწმუნებული ვარ, არ დაგიბრუნებს. მაგრამ, თუ მაინც მოხდა სასწაული, მაშინ შევეშვათ. ესე იგი, ღმერთი მფარველობს.

ვასიკოს მშვენივრად ესმოდა ქიმია და რამდენიმე ქიმიური ფხვნილისგან, რომლებიც მან მაღაზიაში შეიძინა, ძლიერი ფეთქებადი ნაერთი მოამზადა. პატარა ბოთლს თავი დაუცო, საფულეში ჩადო და ბერიძეს უთხრა:

– მიდი, იმოქმედე.

ომარი ნავთის წერტში ჩავიდა, ხუთიოდე წუთში კი ნავთით სავსე ბოთლით დაბრუნდა და კიროვის ქუჩის კუთხეში მომლოდინე ვასიკოს უთხრა:

– მართალი ხარ. იმ ბოზს თვალიც არ დაუხამხამებია, როცა ბუმაჟნიკი ტექნიკურად დავუგდე.

– ჰოდა, დედა ეტირება, – თქვა ვასიკომ და სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჯერ საშინელი აფეთქების ხმა გაისმა სარდაფიდან, შემდეგ კი ცეცხლი და ცეცხლმოკიდებული ანზორ კურტანელი ერთად ამოიტყორცნა ტროტუარზე. მაბეზღარა გამყიდველი ფილაქანზე დაენარცხა...

– ღმერთო! ეს რა არის? – აღმოხდა ომარ ბერიძეს.

– ამ ნაბოზარმა პუზირიოკი გახსნა და ძირს დააგდო, – მშვიდად მიუგო ვასიკომ ძმაკაცს.

ცეცხლმოკიდებულ კურტანელს გამვლელებმა უშველეს. მან მხოლოდ მცირე ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა შეიშალა და საგიჟეთში მოათავსეს. ექვსი თვის მერე კი, ფსიქიატრიული კლინიკის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. საქმე ისაა, რომ კურტანელს ორი მილიონი მანეთი დაეწვა, რომელიც სარდაფში ჰქონდა დამალული. სწორედ ამის გამო იყო ის დაპატიმრებული და 5 წელი ციხეში იჯდა. თუმცა, იმდენი მოახერხა, რომ დანაშაული აბსოლუტურად მართალ კაცს გადააბრალა, რომელიც სწორედ ამის გამო გაასამართლეს და დახვრიტეს.

– ფულები, ჩემი ფულები, ჩემი მილიონები, – გაჰკიოდა ანზორ კურტანელი და დედიშობილა დარბოდა კიროვის ქუჩაზე, როცა საგიჟეთის ბრიგადამ ის თავის უწყებაში წაიყვანა.

„ცუღლუტი“, რომელიც ყველას უყვარდა

ვასიკო კედიამ საშუალო სკოლა 1958 წელს დაამთავრა და წარჩინებული სწავლისთვის ოქროს მედალი გადასცეს. უნიჭიერესი ყმაწვილი მოსკოვში გაემგზავრა. მან თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ბრწყინვალედ ჩააბარა მისაღები გამოცდები და პირველ კურსზე ჩაირიცხა. ეს ინსტიტუტი მრავალი ადამიანის სანუკვარი ოცნება იყო და იქ სწავლაზე ბევრი მსახიობი ოცნებობდა. მოგვიანებით, უკვე „ცუღლუტს“ ინსტიტუტში მიღებული ცოდნა დიდად დაეხმარა კრიმინალურ საქმიანობაში.

1961 წელს თბილისში საზაფხულო არდადეგებზე ჩამოსულ ვასიკო კედიას ცუდი ამბავი დაახვედრეს. მისი ძმაკაცი, ომარ ბერიძე, ქურდობისთვის დააპატიმრეს და თხუთმეტწლიანი მუხლი ჰქონდა მიყენებული, რადგან დაზარალებული „ცეკაში“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო.

– ჯერ გაასამართლონ და მაქსიმალური მიარჭონ, მერე კი მე ვიცი. ამ ნაბიჭვარს ურანის საბადოებზე გავაგზავნინებ და ორ თვეში ჩაძაღლდება! – იმუქრებოდა დაზარალებული მაღალჩინოსანი.

– უნდა ვუშველოთ ომარს, თორემ მოკლავენ ეს ბოზები, – უთხრა ვასიკომ ძმაკაცებს, – ამ საქმეს მე ვითავებ და ან გამოვიყვან, ან ამ ამბავს შევეწირები.

მრავალმხრივ ნიჭიერი ვასო კედია ბრწყინვალედ ხატავდა და სანიმუშოდ ფლობდა გარდასახვის ხელოვნებას. ამიტომ, ის უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა. მან საკავშირო გენერალური პროკურატურის სპეციალურ ბლანკზე ომარ ბერიძის გათავისუფლების ბრძანება დაწერა, რომელსაც თავად საკავშირო გენპროკურორის, რუდენკოს ხელმოწერა ჰქონდა. სპეცკურიერის უნიფორმაში გამოწყობილმა პირდაპირ ორთაჭალის ციხეში მიიტანა. ბლანკი თავად ვასო კედიამ დაამზადა. რისკმა გაამართლა და ვასომ მეგობართან ერთად ციხის ტერიტორია დატოვა, ისინი ტაქსით თბილისის ვაგზალზე გავიდნენ. ძმაკაცები თბილისი-მოსკოვის მატარებელში ჩასხდნენ და საბჭოთა კავშირის დედაქალაქისკენ აიღეს გეზი.

– შენ რომ არა, ახლა, ალბათ, უკვე ურანის საბადოებზე ვეგდებოდი და სულიც ამომძვრებოდა, – უთხრა მომავალმა კანონიერმა ქურდმა ვასიკოს. მოსკოვის ბინაშიც მეგობართან მან სულ რაღაც ერთი თვე იცხოვრა და შემდეგ ორივე გაიქცა იქიდან, რადგან მათ მილიცია დაეძებდა.

თბილისში სულ მალე აღმოაჩინეს „პადლოგი“ და ბერიძეზე ძებნა გამოაცხადეს. დაზარალებული მაღალჩინოსანი ცოფებს ყრიდა, მილიციას ყოველმხრივ აჩქარებდა და ამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მაძებრებმა ვასიკო კედიას მიაგნეს და გაიგეს, რომ ძებნილი ბერიძე მასთან იმალებოდა. ისიც დადგინდა, რომ ბერიძის გაქცევა კედიას ორგანიზებული იყო. თუმცა, ძმაკაცების დასაპატიმრებლად რომ მივიდნენ, კედიამ და ბერიძემ გაქცევით უშველეს თავს და ერთხანს მოსკოვში იმალებოდნენ. შემდეგ კი, საბჭოთა კავშირის მასშტაბით და კრიმინალურ საქმიანობას მიჰყვეს ხელი.

თავისი განსაკუთრებული ტალანტის მეშვეობით, 20 წლის ვასიკო კედია, რომელიც ქართულისა და რუსულის გარდა კიდევ ოთხ ენაზე: ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად და ესპანურად ლაპარაკობდა, სხვადასხვა თაღლითურ კომბინაციას იგონებდა და ამით შოულობდა ფულს. ომარ ბერიძეს კი, დამხმარედ იყენებდა და ამ ტანდემმა ორი წლის განმავლობაში მრავალ მდიდარ უცხოელსა თუ იატაკქვეშა საბჭოთა მილიონერს გამოსძალეს ფული.

– ქურდობა ჩემი პროფილი არ არის, ჩემო ომარ, აფიორაზე საინტერესო და ჭკვიანური საქმე არ არსებობს, –  ეუბნებოდა ხოლმე ვასიკო ომარს და მართლაც, მთელი მათი ერთობლივი მოღვაწეობის განმავლობაში მათ ერთი ქურდობაც არ ჩაუდენიათ.

1963 წლის ივლისში ომარ ბერიძე კიევში დააპატიმრეს. კრეშჩატიკზე ის ერთ-ერთმა ციხის ზედამხედველმა იცნო, რომელიც ორთაჭალის საპყრობილეში მუშაობდა. მან მილიციელი იხმო და ომარი იმ დროს აიყვანეს, როცა ის ვასიკოს ელოდებოდა. ვასო კედიამ საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი. თუმცა, მეგობარს ვერანაირად უშველიდა და კიევიდან ოდესაში გაემგზავრა. ომარ ბერიძე კი გაასამართლეს და 8 წლით ჩასვეს ციხეში. იმ პერიოდში, თბილისელი დაზარალებული მაღალჩინოსანი უკვე გადაყენებული იყო თავისი პოსტიდან და ბერიძეს ვერაფერი დაუშავა. ომარი გააციმბირეს და 1971 წელს საპყრობილიდან გათავისუფლების წინ, ის კანონიერ ქურდად აკურთხეს. ვასიკო კი ამ დროს უკვე 2 წლის პატიმარი იყო და გათავისუფლებამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი.

თითქმის 8 წლის ძებნილი ვასო კედია 1969 წელს ლენინგრადში დააპატიმრეს. იქ ერთ იაპონელ მილიონერს ზამთრის სასახლე მიჰყიდა, წინასწარ 30 ათასი მანეთი გამოართვა და მხოლოდ იმიტომ ჩავარდა, რომ ქუჩაში გულწასულ ფეხმძიმე ქალს მიეხმარა, ტაქსით საავადმყოფოში მიიყვანა და მისაღებში მილიციის ოპერჯგუფმა აიყვანა. ოპერჯგუფი კი ტაქსისტმა გამოიძახა, რომელსაც ძებნილი კედიას სურათი ჰქონდა და მის შესახებ ორგანოებს შეატყობინა.

1969-1999 წლებში ვასო კედია, იგივე ცუღლუტი, 5-ჯერ იჯდა ციხეში, თუმცა მხოლოდ 10 წელი გაატარა იქ. მას ყოველთვის სანიმუშო საქციელისთვის ათავისუფლებდნენ. თანაც, აფერისტობისთვის კანონი დიდ სასჯელს არ ითვალისწინებდა.

ცუღლუტი ვასო კედიას პირველივე პატიმრობისას შეარქვეს და მომავალში ეს მეტსახელი საყოველთაო სიყვარულისა და აღტაცების საგანი გახდა. ვასო კრიმინალებსაც უყვარდათ და სამართალდამცავებსაც. რადგან, მილიციას არასოდეს უქმნიდა პრობლემებს და თუკი დანაშაულს დაუმტკიცებდნენ, აღიარებდა კიდეც... დანაშაულს კი, უფრო სწორად აფერებს, ცუღლუტი ბრწყინვალედ გეგმავდა და უმაღლეს დონეზე ასრულებდა. თუმცა, მილიციასაც კარგად ჰქონდა შესწავლილი მისი ხელწერა და თუკი სადმე ვინმეს მაგრად გააცურებდნენ, იქვე მოიკითხავდნენ ხოლმე ცუღლუტს.

1980 წელს მოსკოვის ოლიმპიური თამაშები ორი დღის დაწყებული იყო, როცა ოლიმპიურ სოფელში სოლიდურად გამოწყობილი, სიმპათიური მამაკაცი გამოჩნდა. მას ერთ-ერთი არაბული სახელმწიფოს შეიხი ახლდა თან. სოლიდური მამაკაცი ცუღლუტი გახლდათ. ის არაბს მაღალჩინოსან პარტიულ მუშაკად წარუდგა და ოლიმპიურ სოფელს ათვალიერებინებდა. დათვალიერების მიზეზი კი მომავალი კომერციული გარიგება იყო, რომლის მიხედვითაც, არაბს, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, მთელი ოლიმპიური სოფელი უნდა ეყიდა. შეიხს ტერიტორია უზომოდ მოეწონა. ფასიც მისაღები იყო, 30 მილიონი დოლარი. ამიტომ, კომპანიონებმა მომავალი გარიგება ფეშენებელურ რესტორან „ინტერკონტინენტალში“ აღნიშნეს და ნომერში ასვლის წინ შეიხმა ცუღლუტს 100 ათასი მანეთიც დაუტოვა და უთხრა:

– ეს თქვენი ჯილდოა იმისთვის, რომ ასეთი სარფიანი კონტრაქტი ჩამაგდებინეთ ხელში. ახლა კი სალოცავად უნდა წავიდე. ხვალამდე!

შეიხი სალოცავად ავიდა ნომერში. ცუღლუტმა კი აეროპორტისკენ გასწია, ყირიმში გაფრინდა და ერთი კვირა ზღაპრული დრო გაატარა, რაშიც 20 ათასი მანეთი დახარჯა. გარკვეული თანხა მან ქურდულ სალაროში გაგზავნა და არც რამდენიმე გაჭირვებული დავიწყებია.

არაბმა მხოლოდ ერთი კვირის მერე მიმართა მილიციას და „მურის“ ოპერებმა ცუღლუტი ოთხი დღის შემდეგ ოდესაში დააკავეს, მოსკოვში ჩაიყვანეს და შეიხთან დააპირისპირეს. არაბმა ცუღლუტი ვერ ამოიცნო, ამიტომ ვასიკო კედია გაუშვეს. არაბმა კი, 100 ათასი მანეთი დაკარგა და სამშობლოში ხახამშრალი დაბრუნდა.

„მურის“ უფროსის მოადგილემ, გენერალმა ზავიალოვმა ცუღლუტი კაბინეტში დაიბარა და უთხრა:

– პატიოსან სიტყვას გაძლევ, რომ ხელს არ გახლებ, მხოლოდ მითხარი, არაბი შენ გადააგდე?

ცუღლუტს გაეცინა და მიუგო:

– ვასილ საველიჩ, თქვენ თვითონ ნახეთ, რომ არაბმა ხელი არ დამადო და რაზეა ლაპარაკი. ხომ გაგიგიათ: „ნე პოიმან, ნე ვორ!“ ისე კი იმედია, რომ ვინც ის არაბი გადააგდო, ფულს პატიოსან ხალხს და გაჭირვებულებს მოახმარდა...

პატიოსან ხალხში ცუღლუტი ქურდებს გულისხმობდა.

ვასილი სარდიონის ძე კედია 2006 წელს, 65 წლის ასაკში ქალაქ მოსკოვში გარდაიცვალა და დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

 

скачать dle 11.3