კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ მოხვდა თამთა შედანია „მის უნივერსზე“ ტოპ-16-ში და რაში ადანაშაულებს ის ია კიწმარიშვილს

მას შემდეგ‚ რაც თამთა შედანია „მის საქართველო“ გახდა, ის იმყოფებოდა კონკურსზე „მის სამყარო“, სადაც‚ თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალურად და ძალიან წარმატებულად წარმოაჩინა საკუთარი თავი, შესაძლებლობები, რაშიც მას რამდენიმეწლიანი წარმატებული სამოდელო გამოცდილება დაეხმარა. 

 

თამთა შედანია: პირველი მიზეზი, რატომაც ვერ მივაღწიე სერიოზულ წარმატებას, იყო პოლიტიკური საკითხი, რომელიც ყველაფერს განაპირობებდა; მეორე  – იას შეეძლო, ჩემთვის ბევრი რამ გაეკეთებინა, მაგრამ, არ გააკეთა. მე რაც შემეძლო‚ ყველაფერი გავაკეთე, სცენაზე სიარულით დაწყებული – კაბით დამთავრებული. დირექტორები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ სხვა ქვეყნებიდან, სადაც ატარებენ სილამაზის კონკურსებს, უზრუნველყოფდნენ თავიანთი „მისების“ ბილეთებს, კაბებს, ყოველდღიურ ჩასაცმელსა და პატარა წვრილმანებსაც კი. კარგი ურთიერთობა მქონდა გოგონებთან და, როდესაც მათ ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი ჩემით გავაკეთე, პირდაღებულები მიყურებდნენ. ჩემი ფინანსებით ვიყიდე ბილეთი, კაბა... ია კიწმარიშვილი თანახმა იყო, რომ „მარიონელას“ კაბით გამოვსულიყავი. „მარიონელას“ ნაციონალური კაბა ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ, საღამოს კაბასთან დაკავშირებით... სანამ კონკურსზე გავემგზავრებოდი, იქიდან მივიღე წერილი: „არ ჩაიცვა საქორწილო კაბა, რასაც ია ყოველ წელს ატანს კონკურსანტებს.“ მათ, ასევე, მომწერეს: იმდენად კარგი კონკურსანტი ხარ საქართველოდან, რომ საქორწილო კაბაში დაიკარგებიო. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე‚ ვიცოდი, რომ „მარიონელას“ კაბაში დავიკარგებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, საუკეთესო კაბა შექმნეს და ამისთვის მადლობელი ვარ. კონკურსზე თითოეულ გოგონას რამდენიმე კაბა ჰქონდათ ჩამოტანილი – მათმა დირექტორებმა იპოვეს სპონსორები და დააინტერესეს, რომ გოგონებს კონკურსზე ბევრი კაბა წამოეღოთ, რადგან სცენაზე კაბას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ამიტომ‚ მე ჩემი ინიციატივით ვიყიდე „შერი ჰილის“ ორი კაბა, რადგან ფინალურ შოუზე „მარიონელას“ კაბას ვერ ჩავიცვამდი. როდესაც იას ვუთხარი, ელემენტარულად‚ ბილეთის ფული მაინც ამინაზღაურეთ-მეთქი (რადგან, ის არის იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი), რომელიც ატარებს „მის საქართველოს” და ვალდებულია‚ გაგზავნოს მსოფლიო კონკურსზე „მის საქართველო“, მან მითხრა: არ მაქვს არანაირი შესაძლებლობა, შენ თვითონ უნდა იყიდო ბილეთიო.

– ამ ყველაფრის მიუხედავად‚ შენ მაინც გადაწყვიტე‚ საკუთარი ხარჯებით გამგზავრება?

– ვფიქრობდი, რომ წარმატებას მივაღწევდი და ამიტომაც დავთანხმდი. შემიძლია, ვთქვა, ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ ტოპ-თექვსმეტეულში მოვხვედრილიყავი. სუპერვაიზერები, რომლებიც დიდი ხანია‚ ამ კონკურსის ორგანიზატორებთან თანამშრომლობენ, გოგონებს როცა ნახულობდნენ, აღნიშნავდნენ‚ რომ ძალიან პუნქტუალური და ლამაზი ვიყავი და ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ 16 გოგონაში მოვხვედრილიყავი. როდესაც „მის უნივერსს“ ირჩევენ‚ მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს არ აქცევენ ყურადღებას, ის სულიერად ლამაზიც უნდა იყოს, რადგან მას მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მოუწევს მოგზაურობა, შეხვედრები ბავშვებთან და გულთან უნდა მიიტანოს მათი მდგომარეობა. ყველა აღნიშნავდა, რომ ძალიან მეგობრული, კომუნიკაბელური და პუნქტუალური ვიყავი. მე ისე ვცხოვრობდი, ისე ვიქცეოდი, თითქოს ყოველი დღე ჩემთვის უკანასკნელი იყო და ბოლომდე ვიხარჯებოდი. მთელი რეპეტიციის განმავლობაში, როდესაც გოგონები ჩუსტებით, ბოტასებით დადიოდნენ, მე ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, რათა, პროფესიონალური თვალსაზრისით, ცუდად არ გამოვჩენილიყავი. ფინალის დღეს ფეხები მქონდა გადატყავებული, მაგრამ, ძალიან კარგად გამოვედი.

– შენ თქვი, ია კიწმარიშვილს შეეძლო, ბევრი რამ გაეკეთებინაო. რას გულისხმობ?

– იამ „მის უნივერსის“ ორგანიზატორებისგან მიიღო მეილი, რომელიც უნდა წაეკითხა. იქ აღნიშნული იყო რამდენიმე პუნქტი, სადაც ეწერა: თუ რა უნდა იქონიოს კონკურსანტმა კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში. ანუ, ყველა კონკურსანტს ჰქონდა ეროვნული საჩუქარი, მე კი არ მქონდა. მკითხეს, სად არის შენი საჩუქარი, ორგანიზატორებმა არ გითხრესო? ერთი კვირის მერე იმართებოდა აუქციონი, სადაც გოგონების მიერ ჩამოტანილი ნაციონალური საჩუქარები გაიყიდებოდა, შემოსული ფულით კი უნდა დავხმარებოდით ბავშვებს, რომლებსაც ჰქონდათ დაუნის სინდრომი. მაშინვე მივწერე იას და მიპასუხა: უი, როგორ გამოგრჩაო. არადა, ამდენი წელია‚ ია ატარებს კონკურსს. მე ხომ პირველი არ ვიყავი?! ყოველ წელს გზავნის გოგონებს და, თუნდაც მათგან უნდა სცოდნოდა, რა უნდა მქონოდა თან. იას რომ დავურეკე‚ და ვკითხე, რატომ არ მაქვს ეროვნული საჩუქარი-მეთქი, მითხრა: გამოცდილი მოდელი ხარ და ეს შენ უნდა გცოდნოდაო. მე ჩემი გამოცდილებით, შემიძლია, კარგად გამოვიტანო კაბა, გავიარო, მაგრამ, სილამაზის კონკურსში პირველად ვიღებდი მონაწილეობას. სხვადასხვა ქვეყანა, მაგალითად, ვენესუელა, მთელი წლის განმავლობაში ამ კონკურსისთვის წვრთნის გოგონებს. ისინი დებენ ფულს, შრომას და ამიტომაც ითხოვენ, რომ მათმა წარმომადგენელმა პირველი და მეორე ადგილი აიღოს. იას ასეთი წერილი მივწერე: ახლა მესმის‚ ჩვენი გოგონები რატომ ვერ აღწევენ წარმატებას – თანახმა ხარ იმაზე, რომ შენი გაგზავნილი გოგონა „მარიონელას“ კაბით გამოვიდეს, პრეტენზია არ გაქვს და, თან, მოითხოვ, რომ თექვსმეტეულში მოხვდეს-მეთქი. გარდა ამისა‚ არავინ ჩამოსულა კონკურსზე, არადა, დირექტორიც უნდა ყოფილიყო დარბაზში. 

– ამით თუ ინტერესდებოდნენ?

– მკითხეს, ჩამოვიდოდნენ თუ არა ჩემი ოჯახის წევრები. მე ვუთხარი, რომ დედაჩემი ვერ ჩამოვიდოდა, რადგან, ჩემს გამგზავრებადე ერთი თვით ადრე მამა გარდამეცვალა; თან, მყავს 9 წლის ძმა, რომელიც სკოლაში დადის, მაგრამ, ველოდები დირექტორს-მეთქი, მაგრამ, დირექტორი არ ჩამოვიდა. ასეთ რაღაცეებს დიდ ყურადღებას აქცევენ. არის ქვეყნები, რომლებსაც ძალიან ბევრი ფანი ჩაჰყავთ კონკურსზე. რა თქმა უნდა‚ მე არ მოვთხოვდი ქართველი მოსახლეობის ჩამოსვლას, რადგან ეს არ არის ადვილი. უბრალოდ‚ ის‚ უნდა ჩამოსულიყო, ვინც ამ კონკურსზე გამიშვა. აქ ერთ ადამიანზეა ლაპარაკი, რომ უპატრონოდ არ ვყოფილიყავი, რადგან ყველაფერს აქცევენ ყურადღებას, უმნიშვნელო დეტალებსაც კი. 

– სპეციალური პუნქტები ახსენე. რა არის კიდევ ისეთი‚ რის გათვალისწინებაც სჭირდება ორგანიზატორს, რომელიც ამ კონკურსზე გიშვებს?

– იქ იმდენი რამ აღმოვაჩინე, რაზეც იას შეეძლო, საქართველოში გავეფრთხილებინე. მაგალითად‚ ინტერვიუ. მართალია‚ ყოველ წელს სხვადასხვა კითხვა მოდის, მაგრამ, იას შეეძლო‚ გავეფრთხილებინე‚ დაახლოებით როგორი კითხვები იქნებოდა. რადგან ინგლისურში პრობლემა არ მაქვს, კარგად გავიარე ინტერვიუ და ყველამ კარგად ნახა ფინალური შოუს გენერალურ რეპეტიციაზე‚ როგორ კარგად გამოვიტანე კაბა, რომელიც სცენაზე პირველ კაბად დაასახელეს. ეს კაბაც‚ ანუ, „შერი ჰილის“ კაბა‚ ჩემი ნაყიდი იყო, რადგან,  „მარიონელას“ კაბა არ ჩავიცვი. ორგანიზატორებს ორივე კაბა ვაჩვენე – ისინი წყვეტენ, რომელი უნდა ჩაიცვა. არჩევნის საშუალება დამიტოვეს, მაგრამ, არ მირჩიეს „მარიონელას“ კაბა და მე ეს გავითვალისწინე. სხვათა შორის‚ აუქციონისთვის ჩემმა შეყვარებულმა გამომიგზავნა მოოქრული „ვეფხისტყაოსანი“ და აჭარულის კაბაში ჩაცმული თოჯინა, რადგან იას კაპიკი ფული არ გაუღია.  მივწერე, რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა საჩუქარი, მაგრამ, მაინც არ გამომიგზავნა. ჩემი შეყვარებული რომ არ ყოფილიყო‚ ძალიან უხერხულად გამოვიდოდი, რადგან, არ მექნებოდა აუქციონზე საჩუქარი, რომლის გაყიდვიდან აღებული ფული ბავშვებს უნდა მოხმარებოდა. თან‚ მე იას ავუხსენი ჩემი სიტუაცია: მამა კონკურსზე წასვლის წინ ერთი თვით ადრე გარდამეცვალა, მანამდე ძალიან დიდხანს ავადმყოფობდა და ჩემი პირადი ფინანსები და ოჯახის დანაზოგი მის მკურნალობაში, გარდაცვალების დღეებში დავხარჯე. მაგრამ, იამ სიტყვასიტყვით ასე მითხრა: არ მაინტერესებს, შენ უნდა წახვიდე ამ კონკურსზე და შენვე უნდა აანაზღაუროო. მას ძალიან თავაზიანად ვუთხარი: მე არ ვარ „პირველი ვიცე-მისი“ ან „მეორე ვიცე-მის საქართველო“. შეგიძლია‚ მონახო სპონსორები, ელემენტარულად, ბილეთი მაინც რომ დაასპონსორონ-მეთქი. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს როცა ვესაუბრე, მითხრეს, რომ ყველაფერს უნაზღაურებენ თავიანთი წარმომადგენლები და დირექტორი, ძალიან დამწყდა გული. მე‚ რაც შემეძლო‚ ყველაფერი „ხუთიანაზე“ გავაკეთე და „მის უნივერსის“ სუპერმოდელადაც დამასახელეს. გარდა ამისა‚ „ტვიტერში“ უამრავი ხალხი მწერდა სხვადასხვა ქვეყნიდან, შოკში იყვნენ, რომ 16 გოგონაში ვერ მოვხვდი. სიმართლე გითხრათ‚ მე ტოპ-ხუთეულში გასვლასაც ველოდი, რადგან, ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ამიტომაც, კონკურსის შემდეგ მეკითხებოდნენ, ხომ კარგად ხარო. გენერალურ რეპეტიციაზე 16-ეულში მოვხვდი და ამაზე არც ერთ გოგონას არ ჰქონია პრეტენზია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანიც არ ჩამოსულა საქართველოდან, კონკურსის წინა დღეს, გენერალურ რეპეტიციაზე, რომელსაც ტრამპიც ესწრებოდა, ხალხი ისე ყვიროდა „ჯორჯია, ჯორჯიას“, რომ ტრამპმა დარბაზისკენ თავი შეაბრუნა – ვინ ყვირისო. დარბაზში ისხდა ხალხი, რომელიც გულშემატკივრობდა ფილიპინებსა და საქართველოს. როდესაც საფინალო შოუ დამთავრდა, დარბაზიდან ლიფტამდე მისვლას ერთი საათი მოვანდომე, რადგან, ფანების დიდი რაოდენობა მელოდებოდა, ფოტოებს იღებდნენ და რამდენიმე ტელევიზიამ ინტერვიუც ჩამომართვა. 

 

– თუ გენერალურ რეპეტიციაზე ტოპ-16-ეულში მოხვდი, მერე რა მოხდა?

– ფინალური შოუს წინა დღეს ტრამპი მოვიდა და ყველა გოგონას შეგვხვდა. მან ასეთი რამ მითხრა: ძალიან ლამაზი ქვეყნიდან ხარ, ვიცნობ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს. საქართველოს ძალიან ლამაზი წარმომადგენელი ჰყავს, ასეთი არც ერთ წელს არ მინახავს. არა‚ ამას ლამაზი არ ჰქვია, ულამაზესი ხარო. იმდენად თბილად მიმიღო, ეჭვი აღარ შემპარვია იმაში, რომ, მინიმუმ, თექვსმეტეულში მაინც მოვხვდებოდი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოთახში რეპეტიციას გავდიოდი, ტოპ-16-ეულში კითხვებს რომ დამისვამდნენ‚ ჯერ ჟიურისთვის უნდა შემეხედა თუ აუდიტორიისთვის. მე და ჩემი რუმეითი, „მის პუერტო-რიკოც“ მეცადინეობდა, რომელიც, ასევე, არ გავიდა ტოპ-16-ეულში, არადა, ორივეს დიდი შანსი გვქონდა. თუმცა‚ არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ გავიდოდა პერუ ან ინდოეთი, რომელმაც სიარულიც კი არ იცოდა. 16-ეულის არჩევა‚ ალბათ‚ უფრო პოლიტიკური სიტუაციიდან მომდინარეობს – ტრამპს, როგორც ჩანს, იმ ქვეყნებში თავისი ბიზნესინტერესები აქვს და არ სურს, ურთიერთობა გაიფუჭოს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ, როგორი კარგი წარმომადგენელიც არ უნდა ჰყავდეს საქართველოს, ასეთ კონკურსებზე ქვეყნის სტატუსი დიდ როლს თამაშობს. მე არ ვამბობ იმას, რომ, რადგან სააგენტომ მხარი არ დამიჭირა, ამის გამო ვერ მოვხვდი ტოპ-თექვსმეტეულში-მეთქი; უბრალოდ‚ მათ ამ ყველაფრის გაკეთება ევალებოდათ, რადგან, ყველა ორგანიზატორი ცდილობდა, რომ მისი წარმომადგენელი კარგად წარმოჩენილიყო და ეს ყველაფერი გარკვეულ როლს თამაშობს. გარდა ამისა, „მისი“ არ უნდა ყიდულობდეს ბილეთს, კაბას და სხვა რაღაცეებს. კონკურსის შემდეგ ფართი ჩატარდა, სადაც არ წავედი, რადგან, გულდაწყვეტილი ვიყავი, თან, გარკვეული სტრესიც მივიღე და ვერ გადავხარშე, რადგან, ყველაფერი ჩავდე და მოლოდინიც შესაბამისი მქონდა. ბევრი გოგონა არ წავიდა, მათ შორის პუერტო-რიკოც და მისი ოჯახის წევრებთან ერთად წავედი ვახშამზე. შემოთავაზება მივიღე ტრამპის სააგენტოდან, მაგრამ, უარი ვთქვი. იცი‚ რაზე მწყდება ყველაზე მეტად გული? ია გამოდის ტელევიზიით და ამბობს, მე გავუკეთე ყველაფერიო და ამით ამაყობს. წერილიც კი მომწერა: უი, რა ლამაზად ჩანდა შენი კაბა სცენაზეო. მე მივწერე: აა, ახლა მოგწონს? აბა‚ თანახმა, რომ იყავი „მარიონელას“ კაბით გამოვსულიყავი-მეთქი?! გაუკვირდა, რომ „მის უნივერსის“ ორგანიზატორებმა დაიწუნეს „მარიონელას“ კაბა. ყოველდღიური ტანსაცმელიც კი ჩემი გარდერობიდან მქონდა წაღებული, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს კი სპონორები ასპონსორებდნენ ტანსაცმლით, აქსესუარებით. მე არ ვითხოვ იმას, რომ ორმოცდაათი ათასდოლარიანი კაბა გაეტანებინათ ჩემთვის, უბრალოდ‚ უნდა მეგრძნო ჩემი სააგენტოს მხარდაჭერა და ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ მომავალ წელს მაინც გაითვალისწინონ. მომავალ კონკურსანტს ყველაფერს ავუხსნი სიტყვასიტყვით, ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ და მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ეს ჩემთვის ვინმეს გაეკეთებინა. ია უკვე ამდენი წელია‚ გზავნის გოგონებს და გაკვირვებული ხმით მეკითხებოდა: „უი, მართლა?!“ – თითქოს მე ვიყავი პირველი კონკურსანტი, რომელიც ამ კონკურსზე გაუშვა.

 

 

скачать dle 11.3