სკოლა „ფესვები“ – ცოდნისა და ნდობის მაღალი ხარისხი
თბილისში მომრავლებული კერძო სკოლები მშობელს აბნევს. ყველა ცდილობს, შვილისთვის საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება შეარჩიოს ყველა იმ პრიორიტეტით, რასაც საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს ბაღებისა და სკოლებისთვის. ჩვენს დღევანდელ ნომერში წარმოგიდგენთ ერთ-ერთს, ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლას – „ფესვებს”, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. აქ ბავშვები ძალიან თბილ გარემოში იღებენ განათლებას და კარგად სწავლობენ, რაც სკოლის დამფუძნებლისა და დირექტორის, ქალბატონ მანანა გვირჯიშვილის დამსახურებაა.
– ქალბატონო მანანა, როდის გაჩნდა ამ სკოლის შექმნის იდეა და როგორ დაიწყეთ მისი განხორციელება?
– სკოლის შექმნის იდეა ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა – 90-იან წლებში, როცა არაფერი აღარ ფუნქციონირებდა საქართველოში და იყო ძალიან მძიმე სიტუაცია. ბავშვები, ფაქტობრივად, სკოლაში არ დადიოდნენ. მაშინ თბილისში სულ ორი-სამი კერძო სკოლა არსებობდა. განათლებით ფილოლოგი გახლავარ და მოსწავლეები მყავდა აყვანილი, გახანგრძლივებული ჯგუფები მქონდა გახსნილი სახლში, პარალელურად 187-ე სკოლაში ვმუშაობდი. შეიძლება ითქვას, დიდი დიღმის აშენების დღიდან, პირველი მასწავლებლები, რომლებიც დავინიშნეთ ამ სკოლაში, მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ნანა გვილავა ვართ. ეს აზრი გავუზიარე ოჯახს, ჩემს დეიდაშვილს და ძალიან მოეწონათ. მშობლების გარკვეულ ნაწილსაც უნდოდა, რომ ბოლომდე ჩვენთან ყოფილიყვნენ მათი ბავშვები. ასეთმა თანადგომამ გადამაწყვეტინა სკოლის გაკეთება, მაგრამ, ეს უნდა ყოფილიყო საოჯახო ტიპის სკოლა. მივედი განათლების სამინისტროში და გავუზიარე ჩემი გეგემა. იქ მითხრეს, ეს ყველაფერი დებულებად ჩამოაყალიბეთო. ჩამოვაყალიბე, მივიტანე, ვაჩვენე, მომიწონეს და შეიქმნა კომისია. როდესაც გავედი კომისიაზე, მითხრეს – საოჯახო ტიპის სკოლა კარგია, მაგრამ, ოჯახის წევრები არ უნდა ცხოვრობდნენ იმ სახლშიო. დავიწყე ფართის ძებნა. ჩემს სახლთან ახლოს იყო საბავშვო ბაღი. მივედი და ბაღის გამგეს ვთხოვე, რომ ფართი მოექირავებინა. მოკლედ, ვიქირავეთ. ჩვენთან ერთი ახალგაზრდა პოეტი და მხატვარია, პაატა მოისწრაფაშვილი. ვთხოვე, სკოლას ვხსნით და უნდა დამეხმარო-მეთქი. მან კედლები მოხატა, ჩემმა დეიდაშვილმა სადურგლო საქმეები აიღო თავის თავზე, ზოგმა რა გააკეთა, ზოგმა – რა. 1995 წლის აპრილში უკვე ხელმეორედ გავედი ამ კომისიაზე და დაწყებითი სკოლის ლიცენზია ავიღე. როდესაც დავინახე, რომ ბავშვებს სხვაგან წასვლა არ უნდოდათ და მშობლებმაც მოითხოვეს სკოლის გაზრდა, ავიღე ცხრა კლასის ლიცენზია. ცხრაკლასდამთავრებულებს ცოდნის ისეთი კარგი ბაზა ჰქონდათ, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ, საშუალო სკოლა გაგვეკეთებინა. დავიწყე ამისთვის ბრძოლა, ჩემი დებულებაც მეტად დაიხვეწა და 1999 წელს უკვე საშუალო სკოლა მქონდა. თავიდან 200 ბავშვი იყო, მეტი ვერც ეტეოდა. სულ იყო იმის პრობლემა, რომ ბავშვები მოდიოდნენ, მაგრამ, ვერ ვიღებდით. შემდეგ შევიძინეთ ეს, 187-ე საჯარო სკოლის შენობა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი „თიბისი ბანკს”, რომელიც გვერდში დამიდგა.
– როდესაც მშობელი აკეთებს არჩევანს ამა თუ იმ სკოლაზე, მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პედაგოგის არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურობას, არამედ, მის ურთიერთობას ბავშვებთან. ამ მხრივ როგორი სიტუაციაა თქვენთან?
– გეთანხმებით. მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლის შერჩევისას არა მხოლოდ ცოდნაა გადამწყვეტი, არამედ მისი ურთიერთობა მოსწავლეების მიმართ, პიროვნული თვისებები. შეიძლება, პედაგოგი თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტი იყოს, მაგრამ, მისი პიროვნული თვისებები ვერ შეეწყოს მოსწავლისას. ჩვენ მართლაც საუკეთესო მასწავლებლები შევარჩიეთ.
– ბევრი ბავშვისგან მსმენია, რომ მასწავლებელი არ მოსწონს, რადგან, მან ვერ დააინტერესა თავისი საგნით...
– მასწავლებელი არა მხოლოდ სწავლაზე, არამედ, მოსწავლესთან უნდა იყოს ორიენტირებული, უნდა იმუშაოს იმაზე, რომ საგანი დააინტერესოს. ჩვენთან მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა მეგობრულია და ეს გრძელდება სკოლის გარეთაც. სკოლაში უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი, ვიდრე სახლში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლიური გარემოს შექმნა. მასწავლებელმა ბავშვებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული, პატივისცემა უნდა ასწავლოს. ბავშვი, რომ ეკლესიურად გაიზრდება, წირვა-ლოცვას დაესწრება, აღსარებას ჩააბარებს, არ შეიძლება რამე ცუდი გააკეთოს.
– რა არის თქვენი პრიორიტეტები, რის გამოც უნდა მოიყვანოს მშობელმა ბავშვი ამ სკოლაში?
– პრიორიტეტები, უპირველესად, არის ის, რაც უკვე ვთქვი: ოჯახური გარემო, ურთიერთობები და კარგი ცოდნა. სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენა, პრიორიტეტულია საბუნებისმეტყველო საგნები. მოგეხსენებათ, ყველგან ისწავლება ინგლისური – დღეს ამის პრობლემა არ არის, თუმცა, სანამ სკოლებში შემოვიდოდა ინგლისური ენის სწავლება დაწყებითი კლასებიდან, ჩვენ მანამდე ვასწავლიდით პირველი კლასიდან ზეპირი მეტყველებით, მაგრამ, ვფიქრობ, უცხო ენა მაშინ არ უნდა ასწავლო ბავშვს, როდესაც ის თავისი მშობლიური ენის შესწავლას იწყებს. ჯერ თავისი უნდა დაამთავროს და მერე დაიწყოს სხვა ენის ანბანი. ჩვენთან მოგვარებულია უსაფრთხოების პრობლემაც, გვყავს დაცვის სამსახური; გარდა ამისა, აბსოლუტურად ყველა სართულზე – საკლასო ოთახებში, დერეფანში, შემოსასვლელში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. ჩემი აზრით, მანდატური დაცვის სამსახური არ არის, ამიტომ, როგორც სკოლის დირექტორს, ბავშვების უსაფრთხოების თვალსაზრისით, მირჩევნია, ჩემი საკუთარი დაცვის სამსახური მყავდეს. დღის მეორე ნახევარში მათემატიკის შაბათის სკოლა მუშაობს ძალიან წარმატებულად, გვაქვს ხალხური სიმღერების, საეკლესიო საგალობლების შემსწავლელი და ინგლისურენოვანი თეატრალური სტუდიები, ვატარებთ ხელოვნების, ხრიდოლის გაკვეთილებს; ისწავლება საღმრთო სჯული; გვაქვს სამკურნალო ფიზკულტურის გაკვეთილებიც. სკოლა არის გახანგრძლივებული ტიპის (პირველი ექვსი კლასისი ჩათვლით) და შედის ერთჯერადი კვება. სკოლას აქვს სამედიცინო კაბინეტი და ბავშვებს ემსახურება მაღალკვალიფიციური ექიმი. მომავალში კი ვაპირებთ პატარა პოლიკლინიკა გავხსნათ ბავშვებისთვის. ფასიც ვფიქრობ ხელმისაწვდომია. სკოლაში აგრეთვე ფუნქციონირებს ბაგა-ბაღი. გარდა ამისა, ბავშვები ცურვაზე დაგვყავს დიღმის მასივში – ხელშეკრულება გვაქვს დადებული ოლიმპიური რეზერვების საცურაო კომპლექსთან. ჩვენს სკოლაში სწავლობენ 187-ე საჯარო სკოლის ბავშვებიც, რომლებსაც სკოლის დამთავრებამდე მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსებით მოვემსახურებით. შარშან განათლების სამინისტრომ განგვისაზღვრა, რომ გარკვეული ქულებით უნდა მიგვეღო სოციალურად დაუცველი ბავშვები და, როგორც განგისაზღვრავს სამინისტრო, ისე უნდა მოიქცე. შეიძლება, გაისად უფასო სექტორზე 30-მდე ბავშვით დაკომპლექტდეს კლასი, მაგრამ წელს ეს ვალდებულება არ გვაქვს.
მისამართი: დიდი დიღომი, მეორე მრ; დიმიტრი თავდადებულის ქუჩა ¹¹6; ტელეფონები: 253-57-45; 253-25-14.