რატომ მიჰყავდა ნუგზარ ჯუღელს ფეხბურთის რეპორტაჟი მოსკოვში ტუალეტიდან
„ჩემ ირგვლივ შექმნილია რაღაც სამყარო, თავს ჩვეულებრივ ტელეპერსონაჟს ვუწოდებ და მეტს არაფერს. ვიღაცას, ათ კაცს მაინც აქვს ჩემზე გარკვეული აზრი. შეიძლება ასი, ათასი, ათი ათასი ადამიანი სხვაგვარად ფიქრობს, რომ თითქოს მე ვარ შეცდომებით სავსე კაცი და, აქედან გამომდინარე, ჩემი უდიდესი სურვილია, მარტო მე ვიყო ერთადერთი ქართველი ამქვეყნად, რომელიც უშვებს შეცდომებს...”
ნუგზარ ჯუღელს თბილისში კარგად იცნობს ძველიც და ახალი თაობაც. იმხანად თბილისს სამი გამორჩეულად კარგი კომენტატორი ჰყავდა: ეროსი მანჯგალაძე, კოტე მახარაძე და ნუგზარ ჯუღელი, რომლებიც რეპორტაჟის დროს თავისი სპეციფიკური ხმით ატყვევებდნენ მსმენელს. ამ არაჩველებრივი ადამიანების დღიურებიდან პირად ცხოვრებასა თუ მოღვაწეობის პერიოდებში თავს გადამხდარ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ, ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის დღიურები და საოჯახო ალბომები ადრე გაგაცანით, ახლა კი წარმოგიდგენთ ნუგზარ ჯუღელს – ადამიანს, რომელსაც საინტერესო და შინაარსიანი ცხოვრება აქვს განვლილი.
„1959 წელს დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, გავმხდარიყავი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, მაგრამ, განაწილებით წავედი რუსთაველის თეატრში, სადაც თერთმეტი წელი ვიმსახურე. ჩემთან ერთად ინსტიტუტიდან თეატრში მოვიდნენ: კახი კავსაძე, სოსო ლაღიძე და რეზო ჩხაიძე. თერთმეტი წელი – ეს იყო უდიდესი ზეიმის პერიოდი. თეატრის შემდეგ გადავედი ტელევიზიაში, კინოსტუდიაშიც ვმუშაობდი გახმოვანებებზე... ინგლისელ მწერალსა და დრამატურგ სომერსეტ მოემს აქვს ნათქვამი: მსახიობების საქმე მაშინ წავიდა ცუდად, როცა მათი დასაფლავება დაიწყეს ქრისტიანულ სასაფლაოზე; როდესაც მსახიობებმა დაიწყეს ზრუნვა, პარლამენტის წევრები გამხდარიყვნენო. მსახიობს არ სჭირდება კარიერისკენ ლტოლვა, მსახიობი ცალკე კასტაა და, რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, თუ როგორ შევცდი, როცა თეატრი მივატოვე. ვიქნებოდი ერთი საშუალოზე დაბალი დონის აქტიორი, მაგრამ, ვიქნებოდი იმ ზეიმთან წილნაყარი, რაც თეატრშია. ვის არ შევხვედრივარ, ვისზე არ წამიკითხავს, მაგრამ, ბატონ სერგო ზაქარიაძეზე უკეთესი ადამიანი არსად მეგულება. ეს იყო საოცარი პიროვნება. ამ კაცს, რატომღაც, ამოჩემებული ვყავდი. უკვე ტელევიზიაში ვარ გადასული. ამ დროს რუსთაველის თეატრი გასტროლებზე წასასვლელად ემზადება. თეატრის დირექტორი ბატონი სერგოა. დამიბარა და მითხრა:
– ნუგზარ, დიდხანს ვიფიქრე, შენ, შეიძლება, არც გინდოდეს, მაგრამ, მაინც გადავწყვიტე, გასტროლებზე წაგიყვანო პოლონეთსა და გერმანიაში. წამოხვალ?
– რატომაც არა, ბატონო სერგო!
– ძალიან კარგი, ახლავე ჩაგწერ დამატებით სიაში. მართალია, შენ არც ერთ სპექტაკლში არ თამაშობ, მაგრამ, ვეტყვი ნანა ხატისკაცს და თავის დადგმაში – „სიბრძნე სიცრუისა,” რომელიმე როლში ჩაგსვამს. თუმცა, რეკვიზიტი და ტანსაცმელი უკვე გაგზავნილია. შენ ახალ კოსტიუმს შეგიკერავენ, თვითონ ჩაალაგებ, თვითონვე წამოიღებ, იქ ჩაიცვამ და ისე გამოხვალ სცენაზე.
მართლაც, შემიკერეს ახალი ტანისამოსი. ორი თვით წავედით გერმანიასა და პოლონეთში. მაშინ საზღვარგარეთ წასვლა, ახლა რომ კოსმოსში წახვიდე კაცი, იმის ტოლფასი იყო. თეატრისთვის ეს იყო მეორე გასვლა უცხოეთში. ჩავედით ბერლინში, მოვთავსდით სასტუმროში და დავლაგდით. მეორე დღეა, რეპეტიციაზე მივდივართ. გავხსენი ჩემოდანი და რას ვხედავ – სადაა კოსტიუმი! დამრჩენია თბილისში, უფრო სწორად, ჩემს მეუღლეს დავიწყებია ჩალაგება. მივედი ქალბატონ ნანასთან და ვუთხარი, თქვენი სპექტაკლის კოსტიუმი თბილისში დამრჩა-მეთქი. მან ბატონ სერგოსთან გამგზავნა. ავუხსენი ბატონ სერგოს ჩემი მდგომარეობა.
– შენ იცი, ახლა რას მიყვები? წარმოიდგინე, ომია. თხრილში ვწევართ. მე თქვენი მეთაური ვარ. წამოვიმართე და შეტევისკენ მოგიწოდებთ. ამ დროს ამოცვივდა ყველა და შენ ჩარჩი იმიტომ, რომ იარაღის წამოღება დაგავიწყდა ბრძოლის ველზე. გაიგე?
– კი ბატონო, გავიგე!
– ახლა, წესით, საელჩოს უნდა ჩაგაბარო და იქიდან სახლში გაგისტუმრონ, მაგრამ, ჯანდაბას შენი თავი, დარჩი, იარე ჩვენთან ერთად და უყურე ჩვენს სპექტაკლებს.
იმ დღიდან კარგი, ერთგული მაყურებელი გავხდი, სადაც წავა მიღებებზე ბატონი სერგო, ყველგან დავყავარ – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში თუ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში, სხვადასხვა ორგანიზაციაში. მოკლედ, დიდ პატივში ვარ. ერთ მომენტში ხუთი მარკა დააკლდა რაღაცაზე და მომიბრუნდა:
– ნუგზარ, ხუთი მარკა გიდევს ჯიბეში? დიახ! მასესხე, თუ ძმა ხარ, სასტუმროში მაქვს და ხვალ დაგიბრუნებ. მივეცი. მეორე დღეს მეკითხება:
– ნუგზარ, შენი ხუთი მარკა მმართებს, ხომ გახსოვს?
– კი, ბატონო სერგო, როგორ არ მახსოვს!
გავიდა ორი, სამი დღე. ნუგზარ, შენი ხუთი მარკა მმართებს, არ დაგავიწყდეს!
– არა, ბატონო სერგო, რა დამავიწყებს! გავიდა ერთი კვირა.
– ნუგზარ, შენი ხუთი მარკა მმართებს! გმართებთ, ბატონო, გმართებთ!.. – აი, რა უსინდისო ხარ, ნამუსი სულ დაკარგე, რა! ერთხელ მაინც თქვი – არა, ბატონო სერგო, არ გმართებს ეს დასაწვავი ხუთი მარკაო. წამოგიყვანე, ის ტანსაცმელი დატოვე, შენზე ვზრუნავ, მინისტრთა საბჭოში დაგატარებ, ბურგომისტრებთან გასეირნებ, გაგრიალებ და, რა მოხდა რომ თქვა – არ გმართებთ-თქო?!
სოხუმი, ბათუმი, ფოთუმი
ამბობენ, რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებ ცხოვრებაში, მით უფრო მეტ გამოცდილებას იძენო. თუ მართლაც ასეა, მაშინ, თქვენი მონა-მორჩილი ერთ-ერთი გამოცდილი კაცი ყოფილა ამქვეყნად... ისე რომ, ბოლო ათეული წელია თუ ვინმეს რაიმე შეცდომა მოსდის რადიო ან ტელეგადაცემების დროს, ყველაფერს მე მომაწერენ ხოლმე. ჩემი იმიჯი შეიქმნა ცნობილი გამოთქმის – „სოხუმი, ბათუმი, ფოთუმის” შემდეგ. დახლოებით 15-18 წლის წინ შემხვდნენ ახლობლები და მისაყვედურეს: ბიჭო, რამ გათქმევინა ეგ? არ მითქვამს-მეთქი, ვუპასუხე. არავის სჯერა. ერთ საღამოს, მეგობრების წრეში ვზივარ. იქაც წამომიყენეს იგივე ბრალდება. არ მითქვამს, არა! – ვუმტკიცებ ყველას, მაგრამ, ვის ესმის... მერე ერთი კაცი მეკითხება: რამე რომ იყოს, იტყვი? „რამე“ რას ნიშნავს-მეთქი? ნიძლავი რომ დაგიდო, ვთქვათ 700 მანეთზე, იტყვი? უცებ გადავიანგარიშე – ამის თქმას რა უნდა, 15 წამი. კომენტატორს ფეხბურთის მატჩის ერთი ტაიმის გადაცემაში 6 მანეთსა და 75 კაპიკს უხდიან, მე კიდევ, 15 წამში შემიძლია, გავაკეთო შვიდასი მანეთი. საერთაშორისო მასშტაბითაც, ალბათ, ასეთი ძვირად ღირებული ჰონორარი არც არსებობს. დავთანხმდი. დაიდო ნიძლავი, ერთ-ერთმა მოწმემ იმ კაცისგან ჩაიბარა ფული, ჩემგან კი – პატიოსანი სიტყვა. მაშინ ტელევიზიით მიდიოდა გადაცემა „სპორტული დღიური”. ის უმეტესწილად მე და კოტე მახარაძეს მიგვყავდა. ზემოხსენებული ნიძლავის მეორე დღეს ამ გადაცემას მე უნდა წავუძღვე. დილით დავურეკე იმას, ვისაც ფული ჰქონდა მიბარებული და გავაფრთხილე: აუცილებლად ნახე დღევანდელი „სპორტული დღიური” და ყურადღებით მომისმინე! ტექსტში მქონდა ასეთი ფრაზა: „საქართველოში საწყლოსნო სპორტი განსაკუთრებით განვითარებულია სოხუმში, ბათუმსა და ფოთში”. ამაზე უკეთეს საშუალებას ვერ ვინატრებდი. დაიწყო გადაცემა. მოახლოვდა ამ სიუჟეტის დროც და სრულიად წყნარად, სრულიად დინჯად, აუღელვებლად, მაგრამ, ცოტა ხასგასმით, ვამბობ: „საქართველოში საწყლოსნო სპორტი განსაკუთრებით განვითარებულია სოხუმში, ბათუმსა და ფოთუმში.“ ამის შემდეგ, ერთი კვირით გავეთავისუფლე ჩემს შეფს, ტელევიზიის დიქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელს, აწ განსვენებულ დავით ძიგუას, წავედი „ხაზინადართან”, გამოვართვი 700 მანეთი, ავიყოლიე რამდენიმე მეგობარი და გავფრინდით მოსკოვს, სადაც იმხანად ძალზე პოპულარული იყო რესტორანი „ბერლინი” – აუზში მოცურავე თევზებს იქვე შეგიწვავდნენ და მოგართმევდნენ. მოკლედ, ერთი კვირა კარგად შევუბერეთ. აი, ასეთია ეს ამბავი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტელეკომენტატორი გამხადა, მაგრამ, ამასთანავე, შემიქმნა უყურადღებო დიქტორის იმიჯი.
ცოლი, საყვარელი და ვედრო
ჩემი ავისმქნელნი თუ კეთილმოსურნენი ისეთ რაღაცეებსაც მომაწერენ, რაც ჩემს პროფესიულ საქმიანობას სცილდება და რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია. მოსკოვში ცხოვრობს ერთი ჩემი ქართველი მეგობარი, პროფესიით ჟურნალისტი. ერთხელ, ცოლს დაემშვიდობა – მივლინებაში მივდივარ, ორ-სამ დღეში ჩამოვალო და წავიდა, არა, კი არ წავიდა, ჩავიდა მეთხუთმეტე სართულიდან მეთოთხმეტეზე, სადაც მისი საყვარელი ცხოვრობდა. მეორე დილით საყვარელმა სთხოვა, ნაგავი გადაყარეო. მანაც დაავლო ვედროს ხელი, ჩაჯდა ლიფტში, ჩავიდა პირველ სართულზე, გადაყარა ნაგავი და უკან მობრუნებულს შეეშალა – მეთოთხმეტის ნაცვლად მეთხუთმეტე სართულის ღილაკს მიაჭირა თითი, ანუ, გამოვიდა ლიფტიდან და საკუთარ ბინაში დარეკა ზარი. გააღო ცოლმა და ხედავს – მისი მეუღლე, ხალათში გამოწყობილი, ნაგვის ვედრით ხელში დგას... რატომღაც, ეს ამბავიც მე მომაწერეს, არადა, ღმერთი რჯული, ასეთი რამ არ გადამხდენია და, თანაც, არც მრავალსართულიან სახლში ვცხოვრობ.
ქართულ ენაში მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა
... წვიმას თავისი ეშხი აქვს. იმ დღეს ქუთაისში რაღაც არნახული წვიმაა. მინდა, ავუხსნა ტელემაყურებელს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი წვიმა და ვამბობ: „ქუთაისში ისეთი წვიმაა, ერთი ქართველი პოეტისა არ იყოს, ქართულ ენაში მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა!“ რამდენიმე დღის შემდეგ ერთი მეგობარი შემიჩნდა: მოდი ახლა, დაჯექი და წვიმის ცხრავე სახელი ჩამოთვალე. არა, ცხრას თუ ვერ ჩამოთვლი, ხუთი მაინც თქვიო! დავიწყე: ჟუჟუნა წვიმა, თავსხმა წვიმა, კოკისპირული... მეტი ვერ გავიხსენე. კარგი, ერთ თვეს გაძლევო, – მითხრა და წავიდა. მოკლედ, დღემდე ვფიქრობ და ექვსს ვერ გავცდი. მერე, ამ ჩემს გამონათქვამს ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთეს: „ბუნებაში ცხრა სახის წვიმა არსებობს და ცხრავე ერთად დაატყდა თავს ქუთაისს!”
რეპორტაჟი ტუალეტიდან
მოსკოვში „ცსკას” სტადიონზე კომენტატორისთვის ერთადერთი ჯიხური იდგა. დაგვიანებით მივედი სტადიონზე. ჩემი რადისტი მეუბნება: იქ, ჯიხურში, სემიონოვი მუშაობს და, მოდი, ახლა ერთად გამოვძებნოთ შენთვის ადგილიო. გადაჭედილია სტადიონი, არსად არაა თავისუფალი ადგილი. არადა, თამაში უკვე იწყება. როგორც იქნა, შევამჩნიე ცარიელი ადგილი, ავედი, დავჯექი და დავიწყე რეპორტაჟი. პირველი ტაიმის შემდეგ გავიხედე და – რადისტი აღარსად ჩანს, სადღაც გაიქცა. რა მოხდა? ჩავიხედე დაბლა – თურმე, საპირფარეშოს თავზე არ ვზივარ?! აბა, ვინ მოეკარებოდა მას. ისე შევედი აზარტში, რომ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ამას ყურადღებაც არ მივაქციე.
დადიანების სასახლე და კარაჭედილი კომენტატორი
ოზურგეთიდან მიმყავს რეპორტაჟი. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ძალზე გავრცელებულია კარის აჭედვა. კარს უჭედავენ რაიკომის მდივნებს, აღმასკომის თავმჯდომარეებს, თანამდებობის პირებს და ასე შემდეგ, ვინც არ მოეწონებათ, იმათ. თამაშის დაწყებამდე ოციოდე წუთით ადრე, სტადიონზე შემოვიდნენ ზუგდიდელი გულშემატკივრები. წინ მედოლე მოუძღვით, იქით – მესაყვირე, დროშები, შეძახილები. მოკლედ, შემოვიდნენ და შემოიტანეს სიცოცხლე. ძალზე გამიხარდა. ვზივარ ჯიხურში. უცებ ვიღაცამ მომიკაკუნა. გავუღე კარი. შეიძლება? – მეგრული აქცენტით მკითხა ახალგაზრდა კაცმა. მობრძანდი! ბატონო ნუგზარ, თქვით თუ არა თქვენ ამ რამდენიმე ხნის წინ, ზუგდიდიდან რეპორტაჟისას, ბურთი ყანაში გადავარდაო? დიახ, ვთქვი. მერედა, იცით, რომ, სადაც ბურთი გადავარდა, ყანა არ არის იქ? აბა, რა არის? რა არის და დადიანების სასახლის ეზოა იქ და როგორ აკადრეთ დადიანების სასახლეს ეზოს ყანაო! მთელი ზუგდიდი გაბრაზებულია თქვენზე და, თუ ახლა ოფიციალურად არ მოიხდით ბოდიშს, თანაც, აქვე, მიკროფონში, იცოდეთ, ცუდად წაგივათ საქმე! გავშტერდი. იცით, რას გეტყვით? ნუ მაშინებთ, თუ ღმერთი გწამთ. რა შუაშია აქ დადიანების სასახლის ეზო? ყანა რომ ვახსენე, ამით გამოვხატე, ბურთი რაც შეიძლება უფრო შორს გადავარდა-მეთქი. აჰა, თქვენ კიდევ არ გეშინიათ ჩვენი? აი, ახლა დავუძახებ ჩემს ბიჭებს, აგიჭედავთ მაგ კარს და იჯდები ამ ჯიხურში, სანამ ბოდიშს არ მოიხდი! ვიფიქრე, მართლაც რომ წავიდეს ეს კაცი, მოიყვანოს ხალხი და ამიჭედონ კარი, რა ვთქვა ეთერში, თქვენი კომენტატორი კარაჭედილ ჯიხურში ზის და მიშველეთ, ხალხო-მეთქი? რა თქმა უნდა, ჩემს თავს არ ვაკადრე, ასე მოვქცულიყავი და უკან დავიხიე: მოდი, ასე მოვილაპარაკოთ, – შევთავაზე, – ახლა არა, მაგრამ, სხვა დროს მოვყვები ყველაფერ ამას ტელევიზიით და მზად ვარ ბოდიშის მოსახდელად-მეთქი. შემდეგ, ისე აეწყო, რომ ვერ მოხერხდა ჩემი დანაპირების შესრულება და ვსარგებლობ შემთხვევით, ძვირფასო მკითხველო, ზემოთხრობილი ამბიდან და, თუ ჩემდა უნებურად დადიანების სასახლეს შეურაცხყოფა მივაყენე, უდიდეს ბოდიშს ვიხდი ჩემი საყვარელი ზუგდიდელი გულშემატკივრების წინაშე!“