როგორ ამოვიცნოთ პნევმონია
პნევმონია ფილტვის პარენქიმის მწვავე ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ელემენტს მოიცავს. მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია პნევმოკოკები. ბაქტერიების გარდა, პნევმონიის გამომწვევია ვირუსები, სოკოები, ქლამიდია და მიკროპლაზმები. მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი ფაქტორის ზედმიწევნით დადგენა.
მიკროორგანიზმები ფილტვებში ყველაზე ხშირად ზემო სასუნთქი გზებიდან ხვდება, უფრო იშვიათად – სისხლის ან ლიმფოგენური გზით. ადამიანის ორგანიზმს აქვს სასუნთქი გზების ინფიცირებისგან დაცვის მექანიზმები. სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნივთიერებისგან გათავისუფლებისთვის მნიშვნელობა აქვს ხველის რეფლექსს. მიკრობების ზრდას თრგუნავს ფაგოციტური აქტივობა.
დაცვითი სისტემების ნებისმიერი დარღვევა მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პნევმონიის გავრცელების ხელშემწყობი პირობებია ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, იმუნოდეფიციტი, ჭარბი ალკოჰოლი, გაციება, თამბაქო და ასე შემდეგ.
პნევმონია ჩვეულებრივ, უეცრად, შემცივნებით იწყება, ტემპერატურა იმატებს 39 გრადუსამდე, იწყება ტკივილი ფერდის არეში. დასაწყისში აღინიშნება მშრალი ხველა, შემდგომ კი – ნახველი. ტემპერატურა ერთი კვირის შემდეგ ქვეითდება.
მწვავე პნევმონიის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. თავს იჩენს ტკივილი გულის არეში, ღვიძლის ციროზი, ურემია. ამიტომ, ნებისმიერი პირველადი სიმპტომის დროს, დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს.
რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიდხანს, ჯანმრთელად იცოცხლოთ
ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა. სპეციალისტებმა, დღეგრძელთა გამოცდილებაზე დაკვირვებით, სიცოცხლის გახანგრძლივების რამდენიმე წესი შეიმუშავეს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
1. მენიუ უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ასაკს. ადამიანს ნაოჭები გაუჩნდება ძალიან გვიან, თუ რეგულარულად მიირთმევს ნიგოზსა და საქონლის ღვიძლს. 40 წლის ასაკის ზემოთ სასარგებლოა ბეტა-კაროტინი, რომელიც ძალიან ბევრია სტაფილოში, ნარინჯისფერ და წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში. 50 წლის ასაკის შემდეგ კარგია კალციუმის მიღება. ის ფორმას უნარჩუნებს ძვლებს, მაგნიუმი კი გულისთვის არის აუცილებელი. ასევე, ხშირად უნდა მიიღოთ სელენი, რომელსაც შეიცავს ყველი. ეს მინერალი ხსნის სტრესს. არ დაგავიწყდეთ თევზი, ის დაავადებებისგან იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
2. ნუ მიირთმევთ ბევრს – თუ ფიზიკურ, მძიმე შრომას ეწევით, სრულიად საკმარისია, მიიღოთ დღეში 2 000 კილოკალორია, რითაც ხელს შეუწყობთ უჯრედების განტვირთვას და გააქტიურებას.
3. იმოძრავეთ – ივარჯიშეთ დღეში რამდენიმე წუთით მაინც. ნებისმიერი სახის ვარჯიშის დროს გამოიყოფა ზრდის ჰორმონები, რაც საგრძნობლად მცირდება 30 წლის შემდეგ.
4. გულს ნურაფერზე გაიტეხთ – ოპტიმისტები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე პესიმისტები.
5. აიძულეთ ტვინი, იმუშაოს და არ მოდუნდეს – როცა ტვინი მუშაობს, ამ დროს ადამიანი არა მარტო ინარჩუნებს ნათელ გონებას, არამედ ერთდროულად ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებასა და ნივთიერებათა ცვლას. ამიტომ, ამოხსენით კროსვორდები, ბევრი იკითხეთ, შეისწავლეთ უცხო ენები და ასე შემდეგ.
6. შეეცადეთ, მიიღოთ ბევრი დადებითი ემოცია – მიეცით თავს უფლება, დროდადრო გვიანობამდე იმხიარულოთ მეგობრების წრეში, უყუროთ სასიამოვნო ფილმებს, გადაცემებს, მეტი დრო დაჰყოთ იმ ადამიანების გვერდით, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ.
7. იძინეთ გრილ ოთახში – თუ 17-19 გრადუსი ტემპერატურის პირობებში გძინავთ, ახალგაზრდობას დიდხანს გაიხანგრძლივებთ, რადგან ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლა და ასაკობრივი ცვლილება დამოკიდებულია გარემოში არსებულ ტემპერატურაზე.
8. ნუ ჩაიკლავთ გულში სიბრაზეს – თუ გაბრაზდით, გულში ბოღმას ნუ ჩაიკლავთ და გამოხატეთ ემოციით. გამოუხატავი სიბრაზე ხელს უწყობს ბევრი დაავადების განვითარებას.
9. მოიწესრიგეთ სექსუალური ცხოვრება – ადამიანი, რომელსაც კვირაში ორჯერ მაინც აქვს სექსი საყვარელ ადამიანთან, თავის ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება. სექსის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონი, კერძოდ ენდორფინი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას.
სადღესასწაულო სუფრასთან დაჯდომამდე დალიეთ ლიმონიანი ჩაი და ცოტა სპირტიანი სასმელი
არსებობს ბუნებრივი და ნაცადი საშუალებები და ხერხები, რისი გათვალისწინებითაც, ადვილად შეძლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებას გაუმკლავდეთ და დაიცვათ ორგანიზმი ახალი წლის დღეებში.
რაც, მთავარია, ყველა მსმელმა უნდა იცოდეს თავისი დოზა. კერძოდ, სასმლის დოზა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის წონას. მაგალითად, თუ ადამიანი დაახლოებით 70 კილოგრამს იწონის, ნახევარ ლიტრზე მეტი არაყი არ უნდა დალიოს, რომ ამან ორგანიზმს არ ავნოს.
ადამიანის თრობის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სისხლში არსებული სპირტის გადამამუშავებელ ფერმენტებზე. ამ ფერმენტების რაოდენობა მას შემდეგ იმატებს, რაც ორგანიზმში ალკოჰოლი ხვდება.
იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ, სუფრასთან დაჯდომამდე, დაახლოებით 3 საათით ადრე, დალიეთ ცოტა სპირტიანი სასმელი და მსუბუქად წაიხემსეთ. ამით ორგანიზმს წინასწარ განაწყობთ საქეიფოდ და მეტი ალკოჰოლის ატანასაც შეძლებს. სუფრასთან დაჯდომამდე დალიეთ ლიმონიანი ჩაი ან ყავა. ეს კარგად ანეიტრალებს ალკოჰოლს. ასევე, ქეიფის პროცესში მისი დალევა მალე გამოფხიზლებას უწყობს ხელს.
ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა ხარისხის სასმელს. ალკოჰოლური სასმელების ნარევი უფრო მეტად ათრობს ადამიანს, ვიდრე ერთი სახეობის სასმლის დიდი დოზით მიღება.
თუ მაინც მოგიწიათ სასმლის არევა, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ სმა ნაკლებგრადუსიანით დაიწყოთ. არ დაგავიწყდეთ საჭმლის მიყოლება. ნოყიერი კერძი, განსაკუთრებით კი ხორცი და კარტოფილი, მნიშვნელოვნად აფერხებს თრობის პროცესს. თუმცა, ისიც გახსოვდეთ, რომ ცხიმიანი საკვების მიღებით, ალკოჰოლის ზემოქმედებას კი არ ანეიტრალებთ, არამედ, უბრალოდ, გარკვეული დროით აფერხებთ.
ისიც გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლს ორგანიზმი მხოლოდ კუჭიდან არ ითვისებს. ის სისხლში პირის ღრუდანაც შეიწოვება, ამიტომ დალევის დროს სასმელს პირში ნუ დაიგუბებთ.
ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმზე უფრო სწრაფად მოქმედებს, თუ ნასვამი სუფთა ჰაერზე გავა, განსაკუთრებით კი სიცივეში.
ასე რომ, გაითვალისწინეთ ზემოთ თქმული რჩევები და რეკომენდაციები და ისე მიუჯექით სადღესასწაულო სუფრას, ახლობლებისა და ოჯახის წევრების გვერდით.
თუ ყელი გტკივათ, გახველებთ და მაღალი სიცხე გაქვთ...
თუ ყელი გეწვით, გახველებთ, მაღალი სიცხე, ანგინა ან გრიპი გაქვთ, ნუ იჩქარებთ წამლების მიღებას. არსებობს რამდენიმე წესი, რაც გაციების პირველი ნიშნებისას უნდა დაიცვათ.
გაითვალისწინეთ, რომ მსუბუქი გრიპის ან გაციების მკურნალობა ანტიბიოტიკებით სასურველი არ არის. ნუ მიეძალებით რეკლამირებულ აბებს. ასეთი პრეპარატები სამკურნალო არ არის და მხოლოდ ხანმოკლე მოქმედება აქვს. დროებით აქრობს გრიპის სიმპტომებს. ამიტომ, განკურნების იმედით რამდენიმე დღის განმავლობაში მათი ზედიზედ მიიღება, რეკომენდებული არ არის. უმჯობესია, ამ დროს ხალხური მედიცინის ნაცად საშუალებებს მიმართოთ.
გაციების პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე მკერდსა და ზურგზე დაიდეთ მდოგვის ფირფიტები, დალიეთ ორი ჭიქა ლიმონიანი ან ცაცხვის ყვავილის ცხელი ჩაი. ასევე, კარგია თაფლიანი რძე.
სურდოსა და გაჭედილ ცხვირთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ინჰალაციაა. ჩაასხით ჯამში მდუღარე წყალი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი მენთოლის ან ევკალიპტის ზეთი. თავზე წაიფარეთ პირსახოცი და ორთქლი ღრმად შეისუნთქეთ. ევკალიპტს და მენთოლს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. კარგია, თუ მდუღარე წყალს, ზეთების გარდა, ცოტა დარიჩინს ან წითელ წიწაკას დაუმატებთ. დარიჩინი ხელს უწყობს ოფლდენას, წიწაკა კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ვირუსებთან ბრძოლას აადვილებს.
სურდოს დროს სპეციალური ბალზამი გამოიყენეთ, რომელიც ასე მზადდება: ორი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ხუთი წუთით ორთქლზე გააჩერეთ. შემდეგ გააგრილეთ და დაუმატეთ ოთხი კბილი გახეხილი ნიორი, ერთი თავი ხახვის მეოთხედი, ისიც გახეხილი. ეს მასა გააჩერეთ ერთი საათი და შემდეგ გაწურეთ. მასში დაასველეთ ბამბა და ნესტოებში ჩაიდეთ. თუ ასე მოიქცევით, ჯანმრთელობის აღდგენა გარანტირებული გაქვთ.
ხველების დროს კარტოფილის ინჰალაცია დაგეხმარებათ. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, კანიანად მოხარშეთ და შემდეგ იმავე ნახარშში ჩაზილეთ. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი და ორთქლი პირით შეისუნთქეთ.
თუ ფეხზე შეგცივდათ, შინ მისვლისთანავე გაიკეთეთ ცხელი აბაზანა. შეგიძლიათ, წყალს ორი სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი ჩაამატოთ. პროცედურის შემდეგ კი, ჩაიცვით თბილი წინდები და ჩაწექით ლოგინში.
პირით სუნთქვა არაერთი დაავადების წარმოშობის მიზეზი ხდება
ადამიანის სასუნთქი ორგანოები ისეა მოწყობილი, რომ შეგვიძლია პირით და ცხვირით ერთნაირად ვისუნთქოთ. მაგრამ, თუ ცხვირით სუნთქვა ჯანმრთელობის მანიშნებელია, ზოგიერთის ცუდი ჩვევა – პირით სუნთქვა, ხშირად ორგანიზმის დასუსტებისა და არაერთი დაავადების წარმოშობის მიზეზი ხდება.
სისტემატურად პირით სუნთქვა ადამიანის ორგანიზმის ნაადრევ დაბერებასაც კი იწვევს. პირით სუნთქვისას, უმეტეს შემთხვევაში, გაუარესებულია ფილტვების ფუნქცია და შემცირებულია ორგანიზმში პროსტაციკლინის ჰორმონის გამომუშავება. ეს ჰორმონი სისხლის კოლტებს შლის და სისხლძარღვებს აფართოებს, რაც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
ცხვირის გავლით ჰაერი თბება, ტენიანდება და მტვრისგან იწმინდება. პირით სუნთქვის შემთხვევაში კი, ცივ და მშრალ ჰაერთან ერთად, პირდაპირ ფილტვებში ხვდება მთელი რიგი მავნე ნივთიერებები, რაც ხშირად ანთებით პროცესებს იწვევს.
მოიწესრიგეთ არტერიული წნევა და გაიუმჯობესეთ ნივთიერებათა ცვლა
თუ უძილობა გაწუხებთ, დაწოლამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი ორი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. ერთი კვირის განმავლობაში ასეთი მკურნალობის შემდეგ, თავად მიხვდებით, როგორ მოგიწესრიგდებათ ძილის ხარისხი.
იმპოტენციის სამკურნალოდ, სადილის შემდეგ მიირთვით თაფლში არეული დაკეპილი ნიგოზი. ერთ ყავის ჭიქა თაფლში ჩაყარეთ ერთი ყავის ჭიქა ნიგოზი.
მაღალი სიცხის დასაწევად ერთი სუფრის კოვზი თაფლი გახსენით ცხელ ჩაიში ან რძეში. ასეთი მოქმედებით ოფლს მოიდენთ და სიცხეც დაბლა დაიწევს.
არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად, ყოველდღიურად სვით თითო ჭიქა ჭარხლის წვენში არეული ერთი ჩაის კოვზი თაფლი. ეს ნაზავი აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარსაც.
თუ გსურთ, გაიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა, ერთი ჭიქა წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი.