ექიმის რჩევები
კითხვა: შეიძლება თუ არა, კრუნჩხვისა და კრთომის დროს 1 წლის ბავშვს ვუმკურნალოთ ჰიპნოზით?
პასუხი: თუ ბავშვს ეპილეფსიური კრუნჩხვები აქვს, ვერანაირი ჰიპნოზით ვერ განკურნავთ. ნევროლოგმა უნდა დასვას ზუსტი დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა დანიშნოს. თუ ადგილი აქვს კრთომას, ამ ასაკის ბავშვებში ჰიპნოზი არ გამოიყენება!
კითხვა: რამდენიმე წელია, დამემართა კატარაქტა. მხედველობა დამიქვეითდა, მაქვს თვალის სიმშრალე. ექიმმა დამინიშნა წვეთები და მალამოები, მაგრამ, ვატყობ, რომ არ მშველის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: კატარაქტა, ანუ თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა, წვეთების მეშვეობით ვერ განიკურნება. ერთადერთი რეალური საშუალებაა ქირურგიული მკურნალობა, როდესაც შემღვრეული ბროლი ხელოვნური ლინზით იცვლება.
კითხვა: უკანა ტანში მაწუხებს ქავილი. რომელ ექიმს მივმართო?
პასუხი: ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს ბუასილი და ამ შემთხვევაში პროქტოლოგს უნდა მიმართოთ; ნაწლავის ანთების (კოლიტი, პროქტოსიგმოიდიტი) შემთხვევაში – გასტროენტეროლოგს ან პროქტოლოგს; ასევე, არსებობს ანალური ქავილის იდიოპათიური (გარკვეული მიზეზის გარეშე) ფორმა, როდესაც მკურნალობაში პროქტოლოგი და ნევროპათოლოგი ერთდროულად მონაწილეობენ.
კითხვა: შეიძლება თუ არა მიასთენიის განკურნება? ვის უნდა მივმართოთ? მამას ცალ თვალზე ზედა ქუთუთო მთლიანად უფარავს თვალს.
პასუხი: მიასთენია აუტოიმუნური ხასიათის ნერვულ-კუნთოვანი დაავადებაა, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სისუსტე და დაღლილობა ახასიათებს (ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს საკუთარი ქსოვილების მიმართ). ამ პროცესის შეჩერება საკმაოდ რთულია. ძირითადი მკურნალობა ანტიქოლინერგიული პრეპარატების მიღებაა (პროზერინის ტიპის). დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა სპეციფიკური ანალიზები (რევმატოლოგის დანიშნულებით) ანტისხეულების არსებობის დასადასტურებლად. მკურნალობას ასაკის გათვალისწინებით ნიშნავს და მკაცრად აკონტროლებს ექიმი-ნევროლოგი. თვითმკურნალობა დაუშვებელია.
კითხვა: ხანგრძლივი სიარულის დროს მარცხენა ფეხის ქუსლი მიწყებს ტკივილს, თითქოს ძვალი მტკივა. რა უნდა იყოს ეს და ვის მივმართო?
პასუხი: ფეხის ქუსლის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს აქილობურსიტი (უფრო სავარაუდოა ახალგაზრდებში) და ქუსლის დეზი. დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა გადაიღოთ რენტგენი და მიმართოთ ქირურგს.
კითხვა: ერთი წლის წინ მარჯვენა მუხლის სახსარში აღმომაჩნდა ბეიკერის კისტა, ორჯერ გამიკეთეს პუნქცია (კისტა დაცალეს), მაგრამ, ახლა ისევ მაქვს საკმაოდ მოზრდილი 5X1 სანტიმეტრი კისტა, როგორ მოვიქცე?
პასუხი: მუხლის სახსრის კისტის აღმოცენების მიზეზი ანთებითი პროცესია. დროული და ადეკვატური მკურნალობის შედეგად კისტა ქრება. ინიშნება ანტიანთებითი მკურნალობა. თუ მკურნალობის შედეგად ანთება არ ცხრება და კისტა დიდი ზომისაა (გაგლეჯის საშიშროება), საჭიროა ქირურგიული (ლაპარასკოპიული) მკურნალობა.