მესი არგენტინაში მესამეა
„ბარსელონის” ვარსკვლავი, ლიონელ მესი, არგენტინის 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად გამართულ გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავიდა. არგენტინელი სპორტული ჟურნალისტების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში, ხმათა უმრავლესობით წლის სპორტსმენად მოკრივე სერხიო მარტინესი დასახელდა, ხოლო მეორე ადგილზე – ტაიკვანდოს სტილში მებრძოლი, სებასტიან კრისმანიჩი. ერთადერთი არგენტინელი სპორტსმენი, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. მესის წლევანდელ მიღწევებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, საკმარისია იმის თქმა, რომ მან გერდ მიულერის თითქმის 40-წლიანი რეკორდი მოხსნა და ერთ კალენდარულ წელიწადში 90 გოლის გატანა მოახერხა.