კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დათმობებზე უნდა წავიდეს ადამიანი საკუთარი ხორცის მიმართ და როდის უხეშდება და ცხოველდება ქრისტიანის სული

ალბათ‚ იშვიათია ადამიანი, რომელიც ეკლესიაში დადის, ლოცულობს, მარხულობს, აღსარებას აბარებს და ზიარების საიდუმლოში მონაწილეობისას არ გრძნობს იმ საოცარ სიმშვიდეს, სიმსუბუქეს, რასაც მას უფლის სისხლთან და ხორცთან მიახლება ანიჭებს. თუმცა‚ ქრისტიანების დიდი ნაწილი მარხვაზე უარის თქმით ან ევქარისტიულ საიდუმლოში საკუთარი ნებით უარის თქმით, იკლებენ ამ სიმშვიდეს და კვლავ ცოდვილ მდგომარეობაში განაგრძობენ ცხოვრებას. მარხვისა და ზიარების საიდუმლოს შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი): 

 

– ერთხელ უფალთან მივიდა მოხუცებული მშობელი, აღიმაღლა ხმა და შესჩივლა: „ვთხოვე შენს მოწაფეებს, განეკურნათ ჩემი შვილი და მათ ეს ვერ შეძლეს“. თავის მხრივ, განცვიფრებული მოციქულები დაეკითხებიან მაცხოვარს, როგორ მოხდა, რომ ყველანაირი სნეულება განკურნეთ, ამის გარდაო. უფალი ამ მოვლენას ასე განმარტავს: „ეშმაკთა შორის არიან ისეთი უბოროტესნი ნათესავნი ეშმაკთა, რომელიც ადამიანთაგან მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნებიან“. ძველ დროს ქრისტიანები მარხვისას სიჩუმისა და დუმილის გარემოცვაში ცხოვრობდნენ, რაც მათ შინაგან ცხოვრებზე სრული კონცენტრირების საშუალებას აძლევდა. თანამედროვე ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ არსებითად აუცილებელი სიჩუმე და მდუმარება მოიპოვონ, რათა უზენაეს რეალობასთან კავშირი იგრძნონ. ადამიანის სული ლოცვით საზრდოობს, მაგრამ, საკვები გონებასაც სჭირდება. თანამედროვე ადამიანის გონება იმყოფება ტელევიზიის, რადიოს, გაზეთების, ილუსტრირებული ჟურნალებისა და სხვა მსგავსი განუწყვეტელი „დაბომბვის“ ქვეშ. მამები გვირჩევენ, რომ სულიერი ძალისხმევა რაღაც წმიდად სულიერზე მივმართოთ. კარგი იქნებოდა, წინასწარ შეგვედგინა მარხვაში წასაკითხი სასარგებლო წიგნების სია. არ არის აუცილებელი, ყველა წიგნი რელიგიური შინაარსის იყოს. ყველას არ აქვს საღვთისმეტყველო მოწოდება, ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებშიც დიდი საღვთისმეტყველო ნიჭია ჩაქსოვილი. ის‚ რაც ჩვენს გონებას გაამდიდრებს – ყველა ნაყოფი ჭეშმარიტი შემოქმედისგან‚ უფლისგან არის კურთხეული და მისი მართებული აღქმის შემთხვევაში, სულიერ ღირებულებას იძენს. 

– ხშირად ამბობენ, რომ მარხვა ჯანმრთელობას ვნებს.

– მარხვა არათუ არ ვნებს ჯანმრთელობას, არამედ, პირიქით, განამტკიცებს მას. რა თქმა უნდა‚ აქ საუბარია ზომიერ მარხვაზე. მაკარი ალექსანდრიელი დიდმარხვის დროს კვირაში ერთხელ იღებდა საზრდოს და 100 წელი იცოცხლა. წმიდა სვიმეონ მესვეტე დიდმარხვას საზრდოს მიუღებლად ატარებდა და იცოცხლა 103 წელი; ავლიპი მესვეტემ 118 წელი იცოცხლა, ხოლო მათგან ყველაზე დიდხანს პავლე თებელმა – 130 წელი. წმიდა თეოფანე შეყენებულის შეგონება ასეთია: „მარხვა პირქუში გეჩვენება თავიდან, ვიდრე არ შეუდგები მას, მაგრამ, დაიწყე და დაინახავ, რომ ის სინათლეა ბნელი ღამის შემდეგ. მარხვას უჯანყდება მხოლოდ ვნების მოყვარული სხეული. სულს კი უყვარს ის... როდესაც მოიპოვებ საღმრთო შეგონებას და პასუხისმგებლობას იგრძნობ ღვთის წინაშე, მაშინ უცნაური და სასაცილოც კი ჩანს ყველა ის დათმობა სხეულის მიმართ, რომლითაც ასე სავსეა ჩვეულებრივი ცხოვრება“. ასე რომ‚ ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ შობის მარხვის შენახვა, შეგიძლიათ‚ დღესვე შეუდგეთ, რათა სასოებით იზეიმოთ მაცხოვრის ბრწყინვალე შობა.

– ადამიანების გარკვეული ნაწილი მხოლოდ მარხვის დროს მონაწილეობს ზიარების საიდუმლოში, სხვა დროს კი უარს აცხადებენ ევქარისტიაში მონაწილეობაზე და ხშირად ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ, რადგან იმ დროს წელიწადში ოთხი მარხვიდან არც ერთი არ არის, ამიტომ, არ არის ღირსი უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარებისა. 

– ევქარისტია ორი ნაწილისგან შედგება: პურისა და ღვინის გადაქცევა უფლის ხორცად და სისხლად და ამ წმიდა ძღვენის ზიარება. სწორედ ამიტომაც ეწოდება მას საიდუმლო, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა, უსისხლო მსხვერპლი. ეს უდიდესი საიდუმლო ქრისტემ მანამდე აღუთქვა ადამიანებს, სანამ პირველად აღასრულებდა მას საიდუმლო სერობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ვინც გულწრფელად, სათნოებით, უფლის მცნებების დაცვით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის. წმიდა ნიკოდიმოსი კარგად პასუხობს თქვენს კითხვას თავის წიგნში – „ქრისტეს ყოვლაწმიდა საიდუმლოთა ხშირი ზიარებისთვის“: „წმიდა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია, ჩვენ კი სიწმიდეს მისგან ვიღებთ მისივე სიწმიდეში მონაწილეობით. ეს, სხვა რამესთან ერთად, ევქარისტიის წყალობით ხდება, ხოლო ევქარისტიაში მონაწილეობის მთავარი პირობა – სინანულია“. ადამიანი მხოლოდ ზიარებით ხდება ზიარების ღირსი, რადგანაც, ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღების გარეშე არ ძალგვიძს‚ ვძლიოთ ჩვენსავე ვნებებს და სული განვიწმიდოთ მისგან. ამგვარად‚ ის, ვინც გამუდმებით არ ეზიარება, კარგავს ყოველივე ზეციურ და საღმრთო სიკეთეს. ამავე დროს‚ ასეთი ადამიანი არღვევს უფლის მცნებებს‚ მოციქულთა და წმიდა კრებულთა კანონებს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: „ის‚ ვინც ეკლესიასა და ზიარებას განეშორება‚ ღმერთის მტერია და ეშმაკის მეგობარი ხდება“‚ – გვასწავლის წმიდა მღვდელმთავარი კირილე ალექსანდრიელი. მოციქულთა მერვე და მეცხრე კანონები, რომლებიც მეექვსე მსოფლიო კრებამ დაადასტურა, გვაუწყებენ და ამტკიცებენ ხშირი ზიარების აუცილებლობას. წმიდა მამათა ერთსულოვანი სწავლებით‚ კარგია რაც შეიძლება ხშირი ზიარება. ბევრი ამტკიცებს, რომ ხშირი ზიარება მხოლოდ მღვდლებს შეუძლიათ, მაგრამ, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი მათ ასე პასუხობს: „სამღვდელო წესი იმაში მდგომარეობს, რომ ის იმ საღმრთო საიდუმლოთა შეწირვისა და აღსრულების იარაღი უნდა იყოს. მაგრამ, ზიარებისას მღვდელს ერისკაცთაგან და მონაზონთაგან სხვა არაფერი განასხვავებს, გარდა იმისა, რომ მღვდელი აზიარებს, ერისკაცი კი ეზიარება. ის მღვდლები, რომლებიც არ აზიარებენ საღმრთო ზიარების შიშით და სარწმუნოებით მიახლებულ ქრისტიანებს, განისჯებიან ღმრთისგან, როგორც მკვლელები“. 

– ხშირად მოძღვრები უარს ეუბნებიან ადამიანებს ზიარებაზე. ეს დასაშვებია? 

– ღმერთის წინაშე ყველანი ცოდვილები ვართ. ყველა ჩვენგანს უფლისგან შენდობა სჭირდება. რას ნიშნავს‚  იყო წმიდა საიდუმლოთა ღირსი? – კითხულობს წმიდა იოანე ოქროპირი და თავადვე პასუხობს: ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ უღირსებას ხედავდეო. საკუთარი უღირსების ხედვა კი წარმოშობს ჩვენში სინანულს, ცოდვების მონანიებას. ზიარების წინ მორწმუნე ადამიანი ამბობს გულითად აღსარებას, რის შემდეგაც მოძღვარი იღებს ცოდვების შენდობას და ამის შემდეგ ხდება ზიარება. მღვდელი აღსარების მიღების დროს წყვეტს, დაუშვას თუ არა მორწმუნე ზიარებაზე. როცა ადამიანს ისეთი ცოდვები აქვს, რომ მოსანანიებლად დრო სჭირდება, მას ეპიტიმიას ადებენ. თუ მორწმუნეს ადევს ამგვარი ეპიტიმია ან თუ ის სათანადოდ არ არის მომზადებული ზიარებისთვის, მას არ აზიარებენ – არ არსებობს წმიდა ბარძიმისგან განყენების სხვა მიზეზი. ეკლესიის ყველა წევრს თავისი უფლებები და ვალდებულებები აქვს. წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობა ერისკაცის უფლებაა, თუ, რა თქმა უნდა, ამას ხელს არ უშლის რაიმე მიზეზი, რომლის გამოც, ეკლესიის კანონების მიხედვით, დაუშვებელია ზიარება. ადამიანის წმიდა ძღვენისგან განყენება შეუნანებელი ცოდვის მიმართ გამოყენებული ერთ-ერთი უკიდურესი საშუალებაა, რომლითაც ეკლესია მის გულში სინანულის გაღვივებას ცდილობს. წმიდა იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა მოწმობით, ზიარების მიღების საკითხში სამსახურებრივი პრივილეგია არ არსებობს და მღვდელმსახურიც ეზიარება არა როგორც განსაკუთრებული უფლებების მქონე, თავისი ხარისხით სხვებზე აღმატებული პირი, არამედ, როგორც მონანიე ცოდვილი. ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც ერთ მაგალითს, რომ, ადამიანი, რომელიც იშვიათად ეზიარება, მეტი კრძალვით ეკიდებოდეს სიწმიდეს, ვიდრე ის, ვინც ხშირად ეზიარება. პირიქით, მისი სული, ვინც იშვიათად ეზიარება, უხეშდება, ველურდება, უგრძნობელი ხდება. 

 

скачать dle 11.3