მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უნდა გავიღოთ თუ არა მოწყალება, როდესაც წირვის დროს ეკლესიაში მათხოვრები ფულს გვთხოვენ?
პასუხი: თუკი მათხოვარი ეკლესიის შესასვლელთან დგას – ეს დასაშვებია და უნდა უწყალობოთ მათ ფული შეძლებისამებრ. მაგრამ, მათ არ უნდა ითხოვონ მოწყალება თვით ტაძარში, რათა არ მოაცდინონ მრევლი ლოცვას. ეს ტაძრის შინაგანაწესის დარღვევა იქნება.
კითხვა: ჩვენი უფლის ბრწყინვალე შობა უპირველესად მწყემსებმა და მოგვებმა შეიტყვეს. რატომ ეუწყათ პირველად იესოს დაბადება მაინცდამაინც მათ, ის ხომ ყველას გადამრჩენლად მოევლინა ქვეყნიერებას?
პასუხი: მაცხოვარი ყოველი ადამიანის ცოდვების მტვირთველად და გადამრჩენლად დაიბადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ყველა ვერ გრძნობს და ვერც გულში უშვებს. მაშინაც ასე იყო – მრავალმა იცნო და მიიღო იესო, მაგრამ მრავალიც განუდგა. პირველები, ვინც მისი დაბადების სიხარულმა გააბრწყინა და უფალი გულში შეუშვა, ყველაზე უბრალონი – მწყემსები და ყველაზე ბრძენნი – მოგვები იყვნენ. ეს სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ იესოს შესაცნობად და შესაყვარებლად, უპირველესად, უბრალოება და გონიერებაა საჭირო.
კითხვა: რატომ აქვთ სასულიერო მაღალ იერარქებს კვერთხზე გამოსახული გველი? რას გამოხატავს ის?
პასუხი: გველი მხოლოდ ბოროტ ძალას არ განასახიერებს, ის სიბრძნის სიმბოლოც არის. გველის თავი სასულიერო იერარქიების კვერთხზე სიბრძნესა და წინდახედულობაზე მიუთითებს.
კითხვა: კეთილ საქმეში ჩაგვეთვლება თუ არა ფულის სესხად გაცემა?
პასუხი: ფულის სესხად გაცემა და ხელის გამართვა მისთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეა. თუ ადამიანს შეუძლია და არ გასცემს სესხს, ის განისჯება არასათნომყოფობის გამო. თუმცა, მოწყალებაშიც გონიერებაა საჭირო, რათა არ ასესხოთ ისეთ ადამიანს, ვინც ამ თანხას ბოროტი საქმისთვის გამოიყენებს.