კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დანიშნულება ჰქონდა ნაღარხანასა და ქიაბაბხანას და რა სახელით იყო ცნობილი მექუდეთა რიგი მეცხრამეტე საუკუნის თბილისში

 

„ხანა” სპარსულიდან მოდის – ადგილს, „სახლს“ ნიშნავს და უძველესი დროიდან დამკვიდრდა თბილისში. ეგრეთ წოდებული „ხანა” რამდენიმე იყო და თითოეულ მათგანს კონკრეტული და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდა. თბილისის ძველი ფოტოების დახმარებით, ვეცდებით, მკითხველს ვუამბოთ, თუ რამდენი „ხანა” ფუნქციონირებდა თბილისში.

აგურხანა

იაკობ გოგებაშვილი წერდა: „თბილისის აგურხანები დიდძალ აგურს წვავენ”. თბილისში აგურხანები სხვადასხვა უბანში იყო განლაგებული: დღევანდელი თაბუკაშვილის ქუჩის მიდამოებში, ალექსანდრეს ბაღის შუაწელზე, ჩუღურეთში, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩის მიდამოებში, ლოტკინის გორაზე და ვაკეში რამდენიმე ადგილას, მათ შორის, ამჟამინდელი კავსაძის ქუჩის მიდამოებში. მეცხრამეტე საუკუნეში აგურების წვა ჰოფმანის სისტემით ხორციელდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდში თბილისში აგურხანების რაოდენობა 35-ს აღემატებოდა, ხოლო 1913 წლისთვის 13 დიდი აგურის ქარხანა მუშაობდა. აგურხანები ძირითადად სპარსელებისა და სომხების ხელში იყო. ცნობილია მათი რამდენიმე მფლობელის გვარი: ვართანოვი, მარტიროსოვი, ჰანგელდიანცი, საგატელიანცი, დოლუხანოვი, ელჩიევი, აჯი-ალეკლერ-ოღლი, ალი-ჰუსეინ-ოღლი და სხვები. აგურხანებში ძირითადად სპარსელები მუშაობდნენ.

ალაფხანა

ალაფხანა მარცვლეულითა და ფქვილით მოვაჭრეთა რიგებს ეწოდებოდა. ძველ თბილისში სანოვაგის ბაზარი თათრის მოედანზე (ამჟამინდელი გორგასლის მოედანი) ეწყობოდა. ალაფების დუქნები მოედნის დასავლეთ მხარეზე იყო განლაგებული. 

ბაზაზხანა

ბაზაზხანა ეწოდებოდა მაუდით, ჩითით, ფარჩით, ბამბითა და მატყლით მოვაჭრეთა დუქნების რიგს. ფეოდალურ თბილისში ორი ბაზაზხანა იყო. დიდი ბაზაზხანა, ანუ, ზემო ბაზაზხანა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩის იმ მონაკვეთზე მდებარეობდა, რომელიც სიონის ქუჩის პარალელური იყო – ლადო ასათიანის ქუჩასთან გადაკვეთის ადგილიდან, დაახლოებით სიონისა და ერეკლეს ქუჩების გადაკვეთამდე. ამ შესაყარზე ეგრეთ წოდებული ჩორსუ-ბაზარი მდებარეობდა; მცირე, ანუ, ქვემო ბაზაზხანა კი თათრის (დღევანდელი გორგასლის) მოედნის სიახლოვეს იყო, იმ ქუჩაზე, რომელიც „ბამბის რიგის” სახელით არის ცნობილი. მეცხრამეტე საუკუნეში თბილისში კიდევ ერთი – „ახალი ბაზაზხანა” გაჩნდა ეგრეთ წოდებულ „ბნელ რიგებში” (ამჟამინდელი შარდენის ქუჩა).

ბაყალხანა

ძველ თბილისში სურსათ-სანოვაგის ორი ბაზარი იყო: ერთი მათგანი მდებარეობდა ავლაბარში, ამჟამინდელი მეტეხის ქუჩის გასწვრივ, მეორე კი – თათრის მოედანზე. აქ ერთმანეთის გვერდით იყო მოთავსებული ბაყლების (ხილით, ბოსტნეულითა და სხვა სანოვაგით მოვაჭრეთა), ყასბების, ალაფების, მეთევზეების დუქნები. ზოგიერთი ცნობით, ბაყლებს დუქნები ვერცხლის ქუჩის ბოლოშიც ჰქონდათ.

დაბაღხანა

შუა საუკუნეების თბილისში დაბაღების (მეტყავეების) საწარმოები განლაგებული იყო წავკისისწყლის ქვედა დინებაზე, მტკვარზე მის შესართავთან. დღეს წავკისისწყლის ქვემო წელი მილებშია მოქცეული (გორგასლის მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, აბანოების უბანში). დაბაღები აქ ტყავს ალბობდნენ და გამოსაქნელად ამზადებდნენ. ტყავის წარმოება თბილისში უძველესი დროიდან მოდის. დაბაღების რიგების ადგილმდებარეობის გამო, წავკისისწყლის ქვემო წელსა და მიმდებარე მცირე ტერიტორიას „დაბაღხანა” ეწოდებოდა. 

ზარგარხანა

ასე ერქვა ოქრომჭედლების რიგებს. თბილისში ოქრომჭედელთა რიგები ამჟამინდელ ვერცხლის ქუჩაზე იყო განლაგებული, თუმცა, ოქრომჭედელთა ცალკეული სახელოსნოები სხვა უბნებშიც არსებობდა. 

ლილახანა

ძველ თბილისში მღებავთა ორი რიგი იყო: ერთი მათგანი განლაგებული ყოფილა ქუჩაზე, რომელიც თათრის მოედანზე იწყებოდა, ციხის დიდი ეკლესიის (სურფ-გევორქის) წინ გადიოდა და ბერძენხანის უკან, აბანოს კარისკენ მიემართებოდა (ამჟამინდელ სამღებროს ქუჩაზე); მეორე – ლილახანა, იწყებოდა ბატონის მოედნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში და შუა-ბაზარზე (დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩაზე) გადიოდა. პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე ლილახანა ¹17-ით იყო აღნიშნული და მას „მღებავთა ქუჩა” ეწოდებოდა.

ნაღარხანა

ნაღარხანა მეფის დასისთვის განკუთვნილ შენობას ეწოდებოდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოედნის – ბატონის მოედნის სამხრეთ მხარეს იდგა. პუპლია ორბელიანის ცნობით, ნაღარხანაზე „დაუკრამდნენ დილას, საღამოსა დაფდაფებსა და ქოსნაღარასა”.

ქიაბაბხანა

 ქიაბაბხანა სასადილო რიგს ერქვა. ერთი ასეთი რიგი ძველ თბილისში თათრის (ამჟამინდელი გორგასლის) მოედანთან იყო, გორგასლის ქუჩის გასწვრივ.

ყასაბხანა

ყასაბხანა ხორცით მოვაჭრეთა რიგებს ეწოდებოდა. ერთი ასეთი რიგი უშუალოდ თათრის მოედანზე, ალაფხანის გვერდით იყო. კიდევ ერთი ყასაბხანა იქვე, თათრის მოედანთან, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მტკვრის პირზე გასულ ქუჩაზე მდებარეობდა. დღეს ეს ქუჩა ამ ადგილის რეკონსტრუქციის გამო აღარ არსებობს.

ჭონხანა

ჭონხანა სპარსული წარმოშობის ორი სიტყვისგან შედგება: „ჭონი” – მექუდე და „ხანა” – სახლი, ადგილი. მექუდეთა რიგები ძველ თბილისში, ძირითადად, ორ ადგილას იყრიდნენ თავს. ერთ-ერთი ჭონხანა დღევანდელი სიონის ქუჩის დასაწყისის ორივე მხარეზე იყო განლაგებული და ჩორსუს დახურულ ბაზარს ებჯინებოდა. ჩორსუ აწინდელი სიონისა და ერეკლეს ქუჩების შესაყარზე მდებარეობდა. პატარა ჭონხანა თათრის მოედნის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარეობდა, მენაბდეთა დუქნების გაგრძელებაზე, ციხის დიდი ეკლესიის (სურფ-გევორქის) წინ. 

ხარაზხანა

ასე ეწოდებოდა სახელოსნოების რიგს ან ადგილს, სადაც ხარაზები საქმიანობდნენ და ვაჭრობდნენ. შუა საუკუნეების თბილისში ორი ხარაზხანა იყო. ერთ მათგანს „გრძელი ბაზრის” (რასტაბაზრის) დიდი ნაწილი ჰქონდა დაკავებული. ბატონის მოედანთან დაწყებულ რასტაბაზრის ნაწილის (ერეკლე მეორის ქუჩა) მარჯვენა მხარე თითქმის მთლიანად ხარაზებს ეკავათ, საწინააღმდეგო მხარეს კი სირაჯების რიგი იყო; მეორე, პატარა ხარაზხანა, დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩის მონაკვეთზე იყო განლაგებული ნორაშენის ეკლესიის ორთავ მხარეზე.

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

 

скачать dle 11.3