ვიხილავთ თუ არა შორენა ბეგაშვილს ეკრანზე მითხუნ ჩაკრობორტთან და რის გამო ტიროდა მისი ქალიშვილი – ევა
ის კვლავ აქტიური და პოპულარულია. აქვს სიახლეები და აქედან გამომდინარე მოსაყოლიც. თუ ვისთან ერთად შეხვდება შორენა ბეგაშვილი შობა-ახალ წელს, რატომ დაასრულა ჩემოდნებით სიარული და ვიხილავთ თუ არა მას ახლო მომავალში ინდოელი ან რუსი კინოვარსკვლავების გარემოცვაში გადასაღებ მოედანზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– შორენა, როგორ ხარ, რა არის ახალი შენს კარიერასა და ცხოვრებაში?
– ახალი ბევრი არაფერი... თუ – ბევრი... რა ვიცი, მე მგონი, ბევრი... (იცინის).
– მოგვიყევი და ჩვენ დავასკვნით, ცოტაა, თუ ბევრი.
– ჩემთვის ყოველთვის ცოტაა. რატომ მეცოტავება ყველაფერი, არ ვიცი, სულ რაღაც არ მაკმაყოფილებს. მადლობა ღმერთს, რომ ასეა, იმიტომ რომ, სულ ვმუშაობ იმაზე, რომ მეტი და მეტი გავაკეთო.
– მოგვიყევი, რა მოჰყვა შენს შრომას?
– როგორც იცით, ერევანი წარმატებით ავითვისე და ახლა სხვა ქვეყნებზე გადავედი. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდოეთთან. ინდოელები ძალიან დაინტერესდნენ ჩემით და სერიოზული შემოთავაზებებიც წამოვიდა მათი მხრიდან.
– სად მოგაგნეს ინდოელებმა?
– ისინი აქ ძალიან ხშირად ჩამოდიან. ადრეც ერთ პროექტზე მამტკიცებდნენ, რომელიც შემდგომში ჩაიშალა. ახლაც ძალიან მონდომებულები არიან ჩემთან თანამშრომლობით.
– ესე იგი, ცოტა ხანში, შეიძლება, მითხუნ ჩაკრობორტთან ან რომელიმე კაპურთან ერთად გიხილოთ ეკრანზე?
– არ ვიცი. ამჟამად მხოლოდ კინოშემოთავაზებით არ შემოიფარგლებიან, საუბარია რეკლამებზეც. ამიტომ, მარტო რაჯ კაპურთან, თუ კიდევ ცოცხალია, მომიწევს ეკრანზე ყოფნა თუ კიდევ ვინმე სხვასთან, არ ვიცი (იცინის). საუბარი არაა მოკლევადიან შემოთავაზებაზე, შესაძლოა, სამი თვით მომიწიოს ინდოეთში გამგზავრება.
მე ვარ სააგენტო „ჯი არტში” და ძირითადად მისი მეშვეობით მიკავშირდებიან ხოლმე. გარდა ინდოელებისა, რუსული სერიალისთვის გავდივარ კიდევ ქასთინგს. ხვალ უკვე მეორე გადაღებაა. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოსკოვში მომიწევს გამგზავრება.
– უფრო კონკრეტულად რას მიამბობ რუსულ სერიალზე?
– ჯერჯერობით არ ვიცი, ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სჭირდებათ ქართველი გოგო და, აგრეთვე, ხანში შესული ქართველი მამაკაცი.
– ქართულ ეკრანთან დაკავშირებით რა სიახლეები გაქვს? რაც „იღბლიანი ვარსკვლავი” აღარ არსებობს, იმ დოზით თუ გნახავთ კიდევ რომელიმე ქართულ პროექტში?
– ახლა დავიწყეთ „კომედი არხზე“ მუშაობა. როგორც იცით, ეს „რუსთავი 2-ს“ ეკუთვნის. ერთ-ერთი კომედიური სერიალია, „მაშა ი საშას” ანალოგი, სადაც ვართ მე და კახა ჯოხაძე, „შუა ქალაქის” ცნობილი პერსონაჟი და, ჯერჯერობით საკმაოდ მხიარულად მიმდინარეობს გადაღებები. ვნახოთ, მაყურებელსაც თუ გაეცინება, როცა ამ ყველაფერს ნახავს. კომედიურ ამპლუაში პირველად არ ვარ, უკვე მეორედ მიწევს კომედიურ სერიალში თამაში და, მგონი, ძალიან წარმატებული იქნება ჩემი და კახას ტანდემი.
– მე ამის იმედი მაქვს და წარმატებებს გისურვებთ. ახლა, რაც შეეხება პირად საკითხებს, არის ამჟამად შენს ცხოვრებაში ვინმე?
– ბევრს არ გეტყვი (იცინის). ჰო, არის.
– დღის შუქზე ვიხილავთ ამ პიროვნებას?
– არა მგონია.
– რატომ?
– იცი რა, ასეთი ურთიერთობები უფრო წარმატებული გამოდის, ვიდრე მაშინ, როდესაც საზოგადოებას გააცნობ შენს რჩეულს. გაცნობას მოსდევს ათასი ჭორი და უბედურება. რა საჭიროა?! არ ვიცი, რა მოხდება, შეიძლება, ხვალ მასთან ერთად გამოვჩნდე ხალხმრავალ ადგილას. არ ვიცი... ამ ეტაპზე ასე გვინდა!
– დიდი ხანია, ერთად ხართ?
– დიახ.
– ცოლიანია?
– უი, რატომ უნდა იყოს ცოლიანი?! ცოლიანი მამაკაცები არ მიზიდავს. მეც ვიყავი ცოლი, ალბათ, მომავალშიც ვიქნები ოდესმე და, სულ არ მინდა, რომ ჩემს ქმარს პარალელურად ჰყავდეს ვინმე. არ მხიბლავს და არც არასდროს მხიბლავდა ამგვარი ურთიერთობები. თუ ცოლია, მაშინ ჩემი ადგილი აღარ არის. ცოლიანი კაცისთვის ცოდო ვარ. მე ყურადღება მინდა, ძალიან ეგოისტი ვარ, მინდა, რომ სულ ჩემსკენ ჰქონდეს ყურადღება და, როცა ცოლი ჰყავს, ეს როგორ გამოვა?! გადანაწილებას ვერ ავიტან! რა სისულელეა! მე იმდენი ყურადღება მინდა, რომ, ცოლი კი არა, საკუთარი თავის ადგილი აღარ დარჩება (იცინის).
– გილოცავ, ბინა იყიდაო, გავიგე.
– მადლობა. როგორც იქნა, დავანებე თავი ჩემოდნით სიარულს, რაც უკვე ყელში ამომივიდა და მაღიზიანებდა. რომელ ბინაშიც კი გადავედი, ცოტა ხანში ან გოგო უთხოვდებოდათ, ან ცოლი მოჰყავდათ, ან კიდევ, რა ვიცი და, ბინა სჭირდებოდათ სასწრაფოდ.
– ფეხბედნიერი ყოფილხარ...
– (იცინის) სახლიდან სახლში ჩემოდანაკიდებული დავდიოდი. ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს ბინა ვიყიდე.
– წელს პირველად შეხვდები ამ ბინაში ახალ წელს?
– დიახ და ძალიან ბედნიერები ვართ. გვაქვს უზარმაზარი ნაძვის ხე, რომელიც „გუდვილმა“ გვაჩუქა შარშან და ვერსად ვდგამდით, რადგან, მისი ადგილი არსად იყო. წელს მოვრთეთ. როგორ ვზრუნავ სახლზე, არ იცით...
– როგორ ზრუნავ სახლზე, როგორი დიასახლისი ხარ, როგორი დიზაინერი ხარ?
– დიასახლისი ისევ ისეთი საშინელი ვარ, როგორიც ვიყავი. რაც შეეხება სახლის მოწყობას, აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ ნიჭიერი ვარ ამ საქმეში, რადგან, საკმაოდ კარგად მოვაწყვე და საკმაოდ დაბალ ფასებში.
– ჩვენც გვასწავლე, ასეთი რამეები როგორ მოახერხე?
– დავიარე ყველა მაღაზია, ფოტოებს ვიღებდი და ვარჩევდი, სად რა მოუხდებოდა სახლს. რაც შეეხება ავეჯს, დავამზადებინე საქართველოში და ვერავინ გაარჩევს უცხოურისგან, საკმაოდ იაფიც დამიჯდა. ხელოსნებიც კი ყველა ქართველი იყო. მათ ფასი კი არ მომიმატეს, არამედ, ყველაფერი შეღავათიან ფასში გამიკეთეს.
– ანუ, ამაში გამოგადგა შენი პოპულარობა?
– უდავოდ. ძვირად ღირებულ მაღაზიებში პირიქით ხდებოდა ხოლმე. აქ კი ძალიან პატივი მცეს.
– ევაზეც მიამბე რამე.
– ევამ არ იცოდა, რომ თავისი ოთახი ექნებოდა და რემონტის დროსაც არ ვაჩვენებდი. მთელი ზაფხული არ მომყავდა სახლში. როცა დავამთავრე რემონტი, მოვიყვანე, ოთახში შევიყვანე და ვუთხარი: ეს შენი ოთახი იქნება-მეთქი, ბავშვმა ტირილი დაიწყო სიხარულისგან. მე ზუსტად ვიცი, რას განიცდიდა ევა იმ წუთებში, რადგან, მთელი ბავშვობა საკუთარ ოთახზე ვოცნებობდი.
დღესდღეობით, ვფიქრობ, რომ იდეალური ოჯახი მაქვს.
– ესაა, რომ მის ზოგიერთ წევრს არ იცნობს საზოგადოება...
– ჰო... (იცინის).
– გველის წელიწადში რას უსურვებ „თბილისელების“ მკითხველებს?
– მინდა, ყველას აუსრულდეს ის, რაც საჭიროა მათთვის და არა ის, რასაც თვითონ ნატრობენ. პირველ ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, მერე კი სხვა დანარჩენს – მანქანას, ბინას და ასე შემდეგ, რაც უკვე მეორეხარისხოვანია. ვუსურვებ ყველას, რომ იყვნენ ძალიან კეთილები, რადგან, ასე ცხოვრება ბევრად კარგია, ცოტათი მაინც მოიშორონ ბოღმა, ცინიზმი, გული არავის ატკინონ. უფრო კეთილები გახდნენ ამის შემდეგ და უფრო კარგი ქვეყანა გვექნება.