როგორ ატყუებენ კაცებს ცოლები და იმსახურებენ თუ არა მამაკაცები მათგან ღალატს
საზოგადოება თითქმის შეეჩვია იმას, რომ მამაკაცები ღალატობენ – ცოლები ითმენენ; მამაკაცები ტოვებენ ოჯახს – ქალები ცრემლის ღვრით ზრდიან შვილებს და მისტირიან „უძღებ“ მეუღლეებს. კაცებს ნაკლებად სთხოვენ პასუხს და ისინიც სარგებლობენ ამით, არ იქმნიან პრობლემებს „შეზღუდვებით“, თითქოს ყველაფერი დასაშვებია და მისაღები... ერთი სიტყვით, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომლისგან მცირე გადახვევაც კი საზოგადოების განცვიფრებას იწვევს. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ქალიც ჩვეულებრივი ადამიანია, ადამიანური ნაკლოვანებებითა და ღირსებებით. ალბათ, დროა, მამაკაცები მიხვდნენ, რომ ქალსაც როგორც მათ, აქვს უფლება, ჰქონდეს არჩევნის თავისუფლება და, თუკი ზოგჯერ მათთვის გრძნობაა მნიშვნელოვანი, ზუსტად იგივე შეიძლება დაემართოს ქალსაც...
ვახო (37 წლის): ერთად ექვსი წელი ვიცხოვრეთ. ოცდაათ წელს გადაცილებული კაცი რომ გადაწყვეტილებას მიიღებს და ცხოვრებას ვიღაცას დაუკავშირებს, ეს მისგან კარგად მოფიქრებული, აწონილ-დაწონილი ნაბიჯია. ამით იმის თქმა მინდა, რომ, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა.
– უფრო მარტივი იქნებოდა, გეთქვათ, რომ შეგიყვარდათ.
– შემიყვარდა კიდეც, მაგრამ მანამდეც მყვარებია, თუმცა დაქორწინების სურვილი არ გამჩენია. ოჯახზე ყოველთვის სხვანაირი წარმოდგენა მქონდა – ძალიან სერიოზული. ასე რომ არ ყოფილიყო, ოცდაათ წლამდე უცოლოდ არ ვივლიდი.
– ანუ, თქვენთვის ოჯახის შესაქმნელად სიყვარული არ იყო საკმარისი?
– როგორ გითხრათ... არ მივეკუთვნები მამაკაცების იმ კატეგორიას, რომლებიც ემოციებით ცხოვრობენ და მძაფრი გრძნობებით ხელმძღვანელობენ. შეიძლება, ეს ჩემი შეცდომაა, მაგრამ, სხვანაირად არ გამომდიოდა არასდროს. ვფიქრობ, არც ახლა გამომივა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაცეებს ძალიან ვნანობ.
– რამეში იდანაშაულებთ თავს?
– „თავს ვიდანაშაულებ“ – ცოტა ისეთი ნათქვამია... საკუთარი თავის მოსამართლეობა არ გამომივა და ვერც განაჩენს გამოვუტან, მაგრამ, მჭირდება პასუხები კითხვებზე, რომლებიც მაქვს, სხვანაირად ვეღარ გავაგრძელებ ცხოვრებას. არა, კი არ მოვკვდები, მე სრულფასოვან არსებობას ვგულისხმობ. ისე არ გამიგოთ, რომ, რადგან წავიდა, სამყარომ შეწყვიტა არსებობა, მაგრამ, იგივე რომ განმეორდეს სხვასთანაც?
– რატომ უნდა განმეორდეს?
– რა ვიცი. ქალების უკვე აღარ მჯერა. ალბათ, ქალებსაც იგივე ემართებათ ღალატის შემდეგ. თუ არ ემართებათ და მე ვცდები, ძალიან მიკვირს, როგორ ახერხებენ ამას. არ იცით, რა დამემართა, როცა ერთ დღეს, აბსოლუტურად მოულოდნელად, მითხრა, თანაც სრულიად მშვიდად: „ჩვენ უნდა დავშორდეთ“.
– შეიძლება, თქვენ გეგონათ, რომ აბსოლუტური თანხმობა გქონდათ. მეორე მხარის აზრი ხომ არ ვიცით?
– მეორე მხარეს თქვენ ვერ მოუსმენთ და მის აზრსაც ვერ გაიგებთ, იმიტომ, რომ საერთოდ არ უნდა ამ თემაზე ლაპარაკი, საჭიროდ არ მიაჩნია. არ მაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ სიტუაცია. ნათელი გავხადო თუნდაც ჩემი შეცდომები. ის თუ თავს კარგად გრძნობს, მეც ხომ კარგად უნდა ვიყო?! რა დავუშავე ამისთანა, რომ გაოგნებული დამტოვა? მე მინდა, ვიცოდე, რა არ მოეწონა ჩვენს ურთიერთობაში. „ჩვენ უნდა დავშორდეთ!“ – ასე მარტივად არ არის საქმე, მით უმეტეს, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
– მანამდე დიდხანს იცნობდით ერთმანეთს? ანუ, ქორწინებამდე პერიოდს ვგულისხმობ.
– ექვსი თვე. მანამდე ორი წელი ვცხოვრობდი ქალთან, რომელთანაც საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ, მე მასში ის პოტენციალი ვერ დავინახე, რომელიც ჩემს ცოლში უნდა დამენახა.
– იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
– გასაგებად ვერ ვთქვი, ხომ? საქმეც ისაა, რომ ზუსტად მეც არ ვიცი, რა დავუწუნე იმ ადამიანს. შეიძლება, ის გაცილებით უკეთესი ცოლი ყოფილიყო და არ მივეტოვებინე ასე უცერემონიოდ; შეიძლება, პრობლემა ჩემშია და დამნაშავეს ტყუილად ვეძებ ჩემს ყოფილ ცოლში. ამ ყველაფრის გარკვევა მინდა. ეს არის კითხვები, რომლებზეც აუცილებლად უნდა გავცე პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდები, უფრო უარესში, ვიდრე ახლა ვარ...
– შეიძლება, გკითხოთ?! თქვენს მომავალ მეუღლესთან რომ დაიწყეთ შეხვედრები, იმ ქალს უკვე დაშორებული იყავით თუ ამ ახალმა ურთიერთობამ მოახდინა პროვოცირება?
– დაშორებულივით ვიყავი. ვიცი, ეს პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ, ამიტომ, განვმარტავ: ერთად აღარ ვცხოვრობდით ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენ თავიდანვე გარკვეული გვქონდა ყველაფერი. თუ ის გაინტერესებთ, ვატკინე თუ არა მას გული, გეტყვით: არა!
– ეს მხოლოდ თქვენი მოსაზრებაა თუ მისიც.
– სავარაუდოდ, მისიც, იმიტომ, რომ ჩემი ცოლობა არასდროს სდომებია და ამას პირდაპირ მეუბნებოდა.
– ქმრის როლში დაგიწუნათ, თუ დაწუნება-მოწონება არაფერ შუაშია?
– გათხოვება საერთოდ არ უნდოდა. ორი მწარე გაკვეთილი ედო წინ და მიმტკიცებდა, ოჯახი ჩემთვის ორივე შემთხვევაში სტრესი იყოო.
– გიხსნიდათ, რატომ?
– იცით, არასდროს ჩავღრმავებივარ ამ საკითხს, რასაც ახლა ცოტას ვნანობ. მგონი, ჯობდა, მეტი მცოდნოდა მის ოჯახურ ურთიერთობებზე, კონკრეტულად რაში ვერ გაამართლეს მისმა ქმრებმა – იქნებ, რაღაც რაციონალური დასკვნები გამეკეთებინა.
– და, შეძლებდით სხვა ქალთან ოჯახის შენარჩუნებას?
– ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად შევძლებდი, მაგრამ, იმას მაინც გავიგებდი, მე რა კრიტერიუმები ვერ დავაკმაყოფილე.
– ასე განიცდით, ცოლმა რომ მიგატოვათ?
– როგორ არ განვიცდი! რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. რომელ მამაკაცზე არ იმოქმედებს ის ფაქტი, რომ ცოლმა მიატოვა. თუნდაც ის ცოლი მობეზრებული და ყელში ამოსული ჰყავდეს.
– აჰა, ესე იგი, შელახულ თავმოყვარეობაზეა საუბარი.
– ეგეც არის, არ უარვყოფ, მაგრამ მე მიყვარდა ჩემი ცოლი და მომწონდა მასთან ერთად ცხოვრება. კარგი ოჯახი გვქონდა, თბილი და ჰარმონიული. მიხაროდა სახლში მისვლა. ვიცოდი, რომ იქ გამგებიანი მეუღლე მელოდებოდა. მეგობრებიც მეუბნებოდნენ, ძალიან გაგიმართლა, ჭკვიანი და ლამაზი ცოლი გყავსო. ძალიან მეამაყებოდა. ისეთ ოჯახურ საღამოებს ვაწყობდით... გულს უხაროდა, როცა ვხედავდი, როგორ დაფუსფუსებდა სამზარეულოში, როგორ უვლიდა ბავშვს... და, უცებ, ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა – ჩემი ოჯახის მოყვარული, მშვიდი ცოლი გადაირია.
– სრულიად უმიზეზოდ?
– მე ვერ აღმოვაჩინე მიზეზი. სახლში გაჩერება აღარ უნდოდა. ბავშვი მთლიანად ძიძას მიუგდო. ღამით მე ვიტოვებდი, როცა ჩემი ცოლი დაქალებთან ერთად გასართობად კლუბებში დადიოდა. გაოცებულმა რომ ვიკითხე, რა დაგემართა-მეთქი, მიპასუხა: რა გიკვირს, ახალგაზრდა ვარ. ახლა თუ არ გავერთე, მერე როდისღა მოვასწრებო. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია იმაში ცუდი, რომ ადამიანი ერთობა, მაგრამ, მას ჩემ გვერდით ყოფნა აღარ უნდოდა... მერე საქორწინო ბეჭედიც მოიხსნა – გოიმობააო. როცა გავაპროტესტე, შენც ხომ არ იკეთებდი და მე რატომ ვარ ვალდებულიო. გავიკეთებ-მეთქი. მხრები აიჩეჩა – რაც გინდა ის ქენი, მაგრამ, მე ისე მოვიქცევი, როგორც მე მინდაო. სრულ გაუგებრობაში ვიყავი. ვხვდებოდი, რომ მატყუებდა, მაგრამ, ვერაფერს ვუმტკიცებდი.
– ეჭვი გაგიჩნდათ, რომ გღალატობდათ?
– ფაქტია, რომ მატყუებდა. ვკითხე, ვინმე გყავს-მეთქი? არა, უბრალოდ, დავიღალე. ეს ერთფეროვნება მომწყინდა. ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებით. ვგრძნობ, რაღაც სხვა მჭირდებაო.
– არ დააკონკრეტებინეთ, რა იყო ეს „რაღაც სხვა“?
– ვერ დავაკონკრეტებინე. სიტყვაც არ დაძრა, რომ ჩვენი დაშორების უფრო ხელშესახები მიზეზი გამერკვია, შოკში ჩამაგდო. კაცები ასე უსინდისოდ არ იქცევიან.
– სინდისიერი ტყუილიც არსებობს? ძალიან საინტერესოა.
– მესმის, რომ თქვენ მაინც ქალის მხარეს ხართ, მაგრამ, მე არ ვიმსახურებდი ასეთ მოპყრობას. მე არასდროს მომიტყუებია ის, გულწრფელად გეუბნებით. იცით, რამდენი ვეხვეწე, ეთქვა, ვინმე თუ გაიჩინა?! ლამის დავუჩოქე... ისეთი გულგრილი სახით მიყურებდა... პირველად ვნახე ადამიანზე „შუშის“ თვალები. ვიგრძენი, რომ ფეხებზე ვეკიდე. კარი გავიჯახუნე და საკუთარ თავს ვუთხარი, უკან აღარასდროს მივბრუნდები-მეთქი. მერე ისევ ბავშვი შემეცოდა და დავბრუნდი. არც ჩემს წასვლაზე ჰქონია რეაქცია და არც მისვლაზე – დივანზე იჯდა და მზესუმზირას ჭამდა. გავმწარდი – რა დავუშავე ამ ქალს, რომ მისთვის ასეთი უცხო გავხდი-მეთქი. ახლაც არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი.
– წავიდა თქვენგან?
– ძალიან ცოტა ხნით – დაახლოებით ოცი დღით და დაბრუნდა. არც არაფერი აუხსნია, საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ. არაფრად მაგდებს. მარტო ის მითხრა, ბავშვისთვის ვარ აქ და, თუ ამის ატანა არ შეგიძლია, მოვკიდებ ხელს და ამასაც წავიყვანო. მე ბავშვს ვერ შეველევი, ისაა ჩემი ერთადერთი სიხარული. მოვკვდები, ყოველ დილას და საღამოს რომ არ ვნახო.
– ასე ცხოვრობთ გაყრილი ცოლ-ქმარი ერთ სახლში?
– რეალურად, მიტოვებული ვარ, მე თუ ვეტყვი რამეს, ისიც მშრალ პასუხს მომიგდებს, ისე არანაირ კონტაქტში არ შემოდის.
– საყვარელი ჰყავს? თქვენ ასე ფიქრობთ?
– არ ვიცი, განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ ვატყობ. ჩვეულებრივ რეჟიმში დადის სამსახურში. ღამეულ გართობებსაც ცოტა უკლო. მობილურზეც არავინ ურეკავს ისეთი, რომ ეჭვი ავიღო. სულ მჯეროდა, რომ ერთად ყველა განსაცდელსა და გაჭირვებას დავძლევდით. მე ახლა ისეთ ასაკში ვარ და უკვე ისეთი „ბეგრაუნდი“ მაქვს, გამიჭირდება ახალი ცხოვრების თანამგზავრის მოძებნა. სურვილიც არ გამაჩნია. თან რაც მთავარია, ჩემს შვილს ვერ მოვშორდები, ჩემი ცოლი კი ბავშვს არ დამითმობს.
– ანუ, კარგი დედაა?
– ნორმალური. თუმცა, არდათმობის მიზეზი მარტო ეს არ არის, მე გამიწევს ჯიბრს. რას მერჩის, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასე დავეტანჯე? სული მტკივა. მინდა, დავუჯდე და გულიანად დაველაპარაკო, მაგრამ ისე შორიდან მივლის, ზოგჯერ მგონია, რომ ვეზიზღები კიდეც.
– რამდენ ხანს გაუძლებთ ასეთ რეჟიმს?
– არ ვიცი. თან, გამოსავალსაც ვერ ვხედავ. სრულ დაბნეულობაში ვარ. ფიქრისა და აზროვნების თავიც კი აღარ მაქვს. ნუ გაქვთ ქალებს ისეთი პოზიცია, რომ ყველა მამაკაცი იმის ღირსია, ცუდად მოექცე, აწამო, დასაჯო და სული გაუმწარო. ნამდვილად არ არის ასე. დარწმუნებული ვარ, ჩემი ცოლის მეგობრები ამას ფიქრობენ და იმიტომაც არავინ ეუბნება, რომ ოჯახზე ასე ხელაღებით უარის თქმა არ შეიძლება.
– თქვენ არ გაინტერესებთ, ვისთან იყო წასული ის ოცი დღე? თუ, არ უშვებთ ამ ვერსიას?
– არ მინდა, რომ დავუშვა. სირაქლემის პოზაში ვარ. ვიცი, რომ ასე დიდხანს ვერ „გავქაჩავ“. რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. მიტოვებული ქმარი მიმტოვებელ ცოლთან ერთ ჭერქვეშ არ უნდა ცხოვრობდეს.
– ეტყობა, ძალიან გიყვართ და ამაში საკუთარ თავს არ უტყდებით. მხოლოდ ბავშვის ფაქტორი არ იქნება, რაც მასთან გაჩერებთ.
– შეიძლება. ვიცი ის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი – ის ჩემი ნავსაყუდელი და თავშესაფარი იყო. იქ მე ბედნიერი ვიყავი. ვაფრენ ჩემს შვილზე და არც ერთი წუთი არ მინდა, ჩემ გარეშე იყოს. მითხრას მაინც, რა დავაშავე...