ვინ არის ნუგზარ ბაგრატიონის ოჯახის მეკვლე და როგორ ხვდებიან ისინი ახალ წელს
ვფიქრობ, ჟურნალისტისთვის დიდი პატივია და განსაკუთრებულად საინტერესო, ამგვარი ინფორმაციის მოსმენა, როცა მისი რესპონდენტები საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, მისი მეუღლე – თავადიშვილი ლეილა ყიფიანი და მათი განუყრელი მეგობარი, სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე არიან. მათი მეგობრობა „ღიმილის ბიჭებიდან” იღებს სათავეს.
ბატონიშვილი ნუგზარი: ადრე თუ გვიან, ქართველი ერი მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად ოდესმე უნდა აღდგეს, რადგან, ეს სამართლიანობა ერთ დროს ქართველი ერის სურვილის საწინააღმდეგოდ და თანაც, უცხო ქვეყნის გავლენით, უკანონოდ განხორციელდა. რაც შეეხება სახელმწიფოს მოწყობის ფორმას, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის არის საკონსტიტუციო მონარქია. მონარქიის პირობებში მონარქი გარანტია ქვეყნის სტაბილურობისა, სამართლიანობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვისა. ის მაღლა დგას ყოველივე პარტიულ ინტერესებზე, სიმბოლოა საკუთარი ქვეყნისა და დამცველია ეროვნული ფასეულობებისა.
ხშირად მესმის – სამეფო ოჯახს რა შეინახავსო. მე ასე ვიტყვი, რომ მონარქმა თვითონ უნდა შეინახოს თავისი ოჯახი ხელფასით. მეფეს პროფესია უნდა ჰქონდეს და არავის შესანახი არ უნდა იყოს. თავისთავად, ერის ინტერესში იქნება, რომ მონარქი წარმოჩინდეს, როგორც ერის სიმბოლო. უნდა იყოს ისე, როგორც რიგ ევროპულ ქვეყნებში, მეფე მეფობს, მაგრამ, არ მართავს.
კახა ქორიძე: თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც მონარქიული წყობა არ არის, ისევე, როგორც დღეს საქართველოში, სამეფო ოჯახისა და მისი მეთაურის უფლებები დაცული და აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ, როგორც „არატერიტორიული სუვერენისა”. მათი უფლებები, მოქმედ მონარქებთან შედარებით, რასაკვირველია, შეზღუდულია, მაგრამ, საერთაშორისო სამართლით მათ შენარჩუნებული აქვთ შემდეგი უფლებები: იყოს აღიარებული, დაფასებული, დაცული და იწოდებოდეს შესაბამისი ტიტულით – „მისი სამეფო უმაღლესობა”; ასევე, გააჩნია უფლება სხვისთვის პატივის მინიჭებისა და დაჯილდოებისა. ეს უფლებები მემკვიდრეობითია და, რა წყობაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, მას ამ უფლებას ვერავინ ჩამოართმევს.
– მაშინ, დავიცავ ეტიკეტს და ბატონიშვილ ნუგზარს სწორად მივმართავ: თქვენო სამეფო უმაღლესობავ, მაინტერესებს, ვინ ითვლება თქვენ შემდეგ ტახტის მემკვიდრედ?
ბატონიშვილი ნუგზარი: ჩემ შემდეგ სამეფო სახლის მეთაური იქნება ჩემი უფროსი ქალიშვილი – ანა. ჩემი სურვილია, რომ, ქართული და საერთაშორისო დინასტიური სამართლის თანახმად, პატარა გიორგიმ ანას (დედის) ხაზით მიიღოს მომავალში ეს მემკვიდრეობა, რადგან, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ჩემი სიძის, დავითის მიმართ, ის გახლავთ ბაგრატიონ-მუხრანელების თავადური განშტოების და არა სამეფო ხაზის წარმომადგენელი.
კახა ქორიძე: აქვე მინდა დავამატო, რომ, ქართული ისტორიული სამართლის თანახმად, როდესაც სამეფო ოჯახში არ იყო ვაჟი, ქალი ადიოდა ტახტზე. ასევე, ვაჟი უსწრებდა უფროს დებს ტახტის მემკვიდრეობით რიგში; მაგრამ, დღეს უკვე, ევროკავშირის მითითებების გათვალისწინებით, ევროპის სამეფო სახლებმა, ადამიანის გენდერული უფლებების დაცვის გათვალისწინებით, შეცვალეს დინასტიური წესი და ტახტის მემკვიდრეებად გამოაცხადეს უფროსი შვილები, მიუხედავად მათი სქესისა. ამ წესს დღეს იაპონიის საიმპერატორო სახლიც კი შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ, ღვთის წყალობით, პატარა გიორგი გახდება ტახტის მემკვიდრე და საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი იქნება და ტახტის მემკვიდრეს ქორწინებიდან პირველი შეეძინება ქალიშვილი და მეორე ვაჟი, ტახტის მემკვიდრეობას ქალიშვილი მიიღებს.
– როდესაც ინტერვიუზე მინდოდა შეთანხმება, ბატონიშვილმა ნუგზარმა მითხრა, კანცლერს, ბატონ კახა ქორიძეს შეუთანხმდითო. როდის მიიღეთ ეს წოდება, ბატონო კახა, როგორც ვიცი, ის არაა შთამომავლობითი?
– რა თქმა უნდა, შთამომავლობითი არ არის. ესაა თანამდებობა, რომელზეც დავინიშნე ბატონიშვილი ნუგზარის 2009 წლის 7 ნოემბრის დეკრეტით.
ბატონიშვილი ნუგზარი: დავაარსე სამეფო სახლის კანცელარია და ვთხოვე ჩემი ოჯახის ნდობით აღჭურვილ მეგობარსა და მირონით ნათესავს, ბატონ კახას, სათავეში ჩასდგომოდა ამ მამულიშვილურ საქმეს.
– პატარა გიორგიზე მომიყევით, რომელიც ესპანეთში დაიბადა. გოგონებს უფრო იცნობს ქართული საზოგადოება.
ქალბატონი ლეილა: პატარა გიორგი უკვე წლისა და 3 თვის არის. ბავშვს ანა ელაპარაკება ქართულად, მამა – ესპანურად, მაგრამ, ქართული უფრო კარგად ესმის. ძიძა ჰყავთ რუსი, მან, თურმე, არც ქართული იცის და არც ესპანური და ელაპარაკება რუსულად. თავისი დებიც ქართულად ესაუბრებიან, ისინი კი დადიან ესპანურ სკოლაში და ბაღში, მაგრამ, სახლში ძმას ქართულად ელაპარაკებიან და გიორგისაც ქართული უკეთ ესმის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ახალი წელი ახლოვდება და, არ შემიძლია, არ გკითხოთ, თუ გაქვთ რაიმე ტრადიცია ამ დღესასწაულის შეხვედრისა სამეფო ოჯახში?
– როცა ჩემი მამამთილი, ბატონიშვილი პეტრე, ცოცხალი იყო, ჩვენს ოჯახში ყოველ ახალ წელს თავს იყრიდნენ მისი მრავალრიცხოვანი მეგობრები. იმართებოდა დიდი ზეიმი, ნამდვილი ქართული ქეიფი, ქართული საახალწლო ადათ-წესების დაცვით.
– თამადა ვინ იყო ხოლმე?
ბატონიშვილი ნუგზარი: ძირითადად, თვითონ მამაჩემი იყო ხოლმე თამადა. იმართებოდა ხუმრობები, ექსპრომტად დადგმული პატარ-პატარა თეატრალური წარმოდგენები, მღეროდნენ, ცეკვავდნენ...
მე და ლეილამ ერთმანეთი რომ გავიცანით, მამაჩემმა დაურეკა ლეილას დედას, სთხოვა, რომ ლეილა ჩვენთან, ოჯახში შეხვედროდა ახალ წელს და ჩვენ აქ, ყველანი ერთად, ამ ოთახში შევხვდით. მას მერე მალევე ვიქორწინეთ და დღემდე ერთად ვხვდებით ახალ წელს ამ ოჯახში.
– მეკვლე თუ გყავდათ ხოლმე?
ქალბატონი ლეილა: ანა და მაია რომ დაიბადნენ, ისინი იყვნენ ხოლმე ჩვენი მეკვლეები, შემდეგ კი წამოვიდნენ მათი შვილები – თემიკო უფროსი შვილიშვილია და მას ვუშვებდით ხოლმე მეკვლედ.
– თოვლის ბაბუის სჯეროდათ ხოლმე თქვენს ქალიშვილებს?
ბატონიშვილი ნუგზარი: „თოვლის პაპას ტყეში” – ასე აწერდნენ წერილებს.
– მაშინ ლაპლანდია არ იყო მოდაში?
ქალბატონი ლეილა: არა, არ იყო. სწერდნენ ხოლმე საჩუქრების ჩამონათვალს, თუ რა უნდოდათ, რომ მიეღოთ საახალწლოდ. როგორც ყველა ბავშვი, ხან რას სთხოვდნენ, და ხანაც – რას, ძირითადად კი – თოჯინას. შემდეგ, რომ წამოიზარდნენ და გაქარწყლდა თოვლის ბაბუაზე ოცნებები, მაინც ისმებოდა ხოლმე კითხვა: თოვლის ბაბუა წელს მოვა? გულში მაინც ელოდებოდნენ რაღაც საჩუქარს. ჩვენც, ტრადიციულად, დიდი ხნის განმავლობაში ვახვედრებდით ნაძვის ხესთან საჩუქარს.
– მაინტერესებს, ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ნუგზარი რას სთხოვდა ხოლმე თოვლის ბაბუას?
კახა ქორიძე: მგონი, ტახტს სთხოვდა და კიდეც დაუბრუნეს (იცინის).
ბატონიშვილი ნუგზარი: იცით, ჩვენს ოჯახში არასდროს არ ამახვილებდნენ ყურადღებას ჩვენს წარმომავლობაზე, რადგან, ეს იმ ავად სახსენებელ ეპოქაში ტაბუდადებული თემა იყო.
– თქვენი ქალიშვილებიც ასევე იზრდებოდნენ?
– ფაქტობრივად, ჩვენი შვილებიც ასე აღვზარდეთ – ჩვეულებრივ ბავშვებად. ვცდილობდით, რაც შეიძლება გვიან გაეგოთ თავიანთი წარმომავლობის შესახებ.
ქალბატონი ლეილა: ანამ თქვა, რომ პირველად მან თავისი სამეფო წარმომავლობა და პასუხისმგებლობა აღიქვა სკოლის ასაკში, ალბათ, მეექვსე-მეშვიდე კლასში.
კახა ქორიძე: თუ გახსოვთ, მე შევიყვანე გოგოები მეექვსე გერმანულ სკოლაში და კლასში ბავშვებს გამოვუცხადე, რომ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრები ისწავლიდნენ მათთან. მოგვიანებით, რატი ამაღლობელმა მითხრა: ძია კახა, მახსოვს, როგორ შემოიყვანეთ კლასში ორი ანგელოზი და თან თქვით, რომ ნამდვილი პრინცესები არიანო. ყველა ბიჭი იმავე დღიდან შეყვარებული ვიყავით ამ დებზეო.
– ახლა როგორ არიან გოგოები?
ქალბატონი ლეილა: ახლა საკუთარ შვილებს ზრდიან.
ბატონიშვილი ნუგზარი: მაიკო არის ძალიან სერიოზული და ძალიან ჭკვიანი. სპეციალობით ფსიქოლოგია, სულ სადღაც დადის კონფერენციებზე. ჰყავს ორი შვილი: 12 წლის თემიკო ჭიჭინაძე და 9 წლის ანა.
ანა ესპანეთშია თავისი სამი შვილით – ირინეთი, მარიამითა და გიორგით. სულ ველოდებით ჩვენს უწმიდესსა და უნეტარესს, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, როდის იტყვის: „ჩამოდით!”
– ვის ჰგავს პატარა გიორგი?
– როგორც იქნა ლეილა ბედნიერია, რადგან, მისი თვალის ფერი გამოჰყვა ბიჭს. მე და ლეილას სულ გვინდოდა, მისი ცისფერი თვალები ვინმეს გამოჰყოლოდა.
ქალბატონი ლეილა: სულ მეგონა, რომ რომელიმე შვილიშვილ გოგონას მაინც გამოჰყვებოდა, მაგრამ, არც ერთს არ გამოჰყვა. სამაგიეროდ, გიორგის აქვს ცისფერი თვალები.
– თქვენ ინახულეთ გიორგი?
– არა, მათთან არ წავსულვართ, პირიქით, სულ აქეთ ველოდებით. სკაიპით ვუკავშირდებით ყოველდღე.
ბატონიშვილი ნუგზარი: პატრიარქთან ხშირად დავდივარ, დღესაც მივდივარ ღამის ლოცვაზე და სულ ვეკითხები:
– თქვენო უწმიდესობავ, როდის ჩამოვლენ?
– ჩამოვლენ, მალე ჩამოვლენ... – მპასუხობს იგი. ჩვენ მინდობილი ვართ პატრიარქზე. ანაც ძალიან მინდობილია. პატრიარქი ხშირად ესაუბრება ხოლმე მას ტელეფონით, დაბადების დღეც მიულოცა ანას პირველ ნოემბერს. იმედია, წელს ჩამოვლენ და დარჩებიან კიდეც აქ, იმიტომ, რომ ბიჭი საქართველოში უნდა გაიზარდოს, აქ უნდა ჩამოყალიბდეს ბავშვის ფსიქიკა, აქ უნდა აიდგას ფეხი – ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, მაგრამ, ქართულ გარემოში უნდა ცხოვრობდეს და ვითარდებოდეს.
– როგორი ბებია-ბაბუა ხართ?
ქალბატონი ლეილა: მკაცრები არ ვართ, მით უფრო – მე, ნუგზარი თუ გაუჯავრდება, ვცდილობ, დავიცვა.