კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაიწყო ლელა მჭედლიძისა და პლასიდო დომინგოს მეგობრობა და როგორ მოხვდა ის მსოფლიო ორკესტრის შემადგენლობაში

თავად ამბობს, რომ გაუმართლა, თუმცა, ყველაფერს გამართლებას ვერ მიაწერს... „ორკესტრი მშვიდობისათვის” ერთადერთი ქართველი წარმომადგენელი, თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სიმფონიური ორკესტრის მთავარი კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე უკვე წლებია, მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე გამოდის...     

 

– ის ორკესტრი, სადაც მე ვმოღვაწეობ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, გახლავთ „მსოფლიო ორკესტრი მშვიდობისათვის”... ორკესტრი დაარსდა 1993 წელს, გამოჩენილი, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორის, სერ გეორგ შოლტის მიერ. სერ გეორგ შოლტი წარმოშობით უნგრელი იყო. ცხოვრების დიდი ნაწილი მან ბრიტანეთში გაატარა და ბუკინგემის სასახლემ და დედოფალმა ელისაბედმა, დიდი ბრიტანეთისთვის გაწეული ღვაწლის გამო, დააჯილდოვა წოდებით – „სერ.“ წლების განმავლობაში სერ გეორგ შოლტი ლონდონის სიმფონიური, სამეფო ორკესტრის მთავარი დირიჟორი იყო; ასევე, გახლდათ მიუნჰენისა და ფრანკფურტის საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი...  წელს სერ გეორგ შოლტის 100 წლის საიუბილეო თარიღი შესრულდა და ეს თარიღი ორკესტრმა და ზოგადად კლასიკური მუსიკის სამყარომ დიდი ღონისძიებებით აღნიშნა. ერთ-ერთი კონცერტი ნიუ-იორკში, კარნეგი-ჰოლში გაიმართა, ხოლო მეორე – ჩიკაგოს სიმფონიურ ცენტრში, სადაც მოხდა კონცერტის ჩაწერა და შემდეგ ტრანსლაცია ევროპული არხებით. ჩანაწერი გამოვა დივიდის სახითაც. ორივე კონცერტს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. 

– როგორც ვიცი, ეს ორკესტრი მსოფლიოში გამორჩეულია...

– დიახ, ორკესტრს 1998 წლიდან, სერ გეორგ შოლტის გარდაცვალების შემდეგ, ვალერი გერგიევი ხელმძღვანელობს... ვალერი გერგიევი ძალიან დიდი შემოქმედია, ქარიზმატული ადამიანია და ქართველებსაც გვაინტერესებს, როგორც პიროვნება, რადგან, მასთან არის დაკავშირებული უამრავი ჭორი თუ მართალი... ის, პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი მუსიკოსია, უდიდესი ტალანტი. ყველაზე ცნობილი მოვლენა იყო, როდესაც თვითმფრინავმა დაიგვიანა სტოკჰოლმში ჩაფრენა  და შვედეთის მეფე  20 წუთის განმავლობაში ელოდა კერძო აუდიენციაზე. ასეთი მოვლენა არ ახსოვთ, მეფე ვინმეს დალოდებოდა... ორკესტრს ლედი ვალერი შოლტი უწევს პატრონაჟს. ლედი შოლტი სერ გეორგ შოლტის მეუღლე გახლავთ. იგი წარსულში ძალიან ცნობილი ჟურნალისტი იყო და სწორედ ინტერვიუს აღების დროს გაიცნო მომავალი მეუღლე. ეს არის ქალი აბსოლუტურად დაუღალავი და უშრეტი ენერგიით. ის გეგმავს ყოველ პროექტს, ეძებს სპონსორებს და ასე შემდეგ... ამერიკაში გამართული ღონისძიებები მილიონ ხუთასი ათასი დოლარი დაჯდა. ამხელა ფინანსების მოძიება ფინანსური კრიზისის დროს ადვილი არ არის, მაგრამ, სერ გეორგ შოლტს გარდაცვალების შემდეგაც უდიდეს პატივს სცემენ და ის დიდი სიყვარულით სარგებლობს. 

– როდის დაარსდა ეს ორკესტრი და თქვენ როდიდან მოღვაწეობთ იქ?

– ორკესტრი 1993 წელს დაარსდა, მაგრამ, მე 2003 წელს შევუერთდი, როგორც საქართველოს წარმომადგენელი.  ჩემი პირველი გასვლა ამ ორკესტრთან ერთად იყო პეტერბურგის 300 წლის იუბილეზე და მოსკოვის სააღდგომო ფესტივალზე. შემდეგ BBC-ის ფესტივალზე ლონდონში – როიალ ალბერტ ჰოლში, ჩინეთში, პეკინის  საიმპერატორო ქალაქში – კულტურის სასახლეში, ბერლინის ფილარმონიაში, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბელგიაში, ბრიუსელში ცნობილი კულტურის სახლში, ხოლო კონცერტის შემდგომ რამდენიმე მუსიკოსს, მათ შორის მეც, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, აუდიენცია გვქონდა ნიდერლანდების დედოფალ ბეატრიქსთან; შემდეგ იყო ისრაელის სახელმწიფოებრიობის 60 წლისთავის აღსანიშნავად გამართული ღონისძიება იერუსალიმის თეატრში... 2009 წელს პოლონეთში, კრაკოვში გაიმართა პრემიერ-მინისტრების უმაღლესი დონის შეხვედრა, სადაც, აგრეთვე, შევხვდით რომის პაპს, ბენედიქტე მეთექვსმეტეს. 2011-ში ახალ წელს შევხვდით აბუ-დაბის ფესტივალზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. აქ მასპინძლობა თავად აბუ-დაბის შეიხის, ალ ნაჰიანის ოჯახმა გაგვიწია... სულ ახლახან კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გავმართეთ ორი კონცერტი და, საბედნიეროდ, ქარიშხალ „სენდისაც“ რამდენიმე დღით გამოვასწარი (იცინის)... ეს ორკესტრი, ალბათ, ყველა მუსიკოსისთვის საოცნებოა და ჩემთვისაც უმაღლესი მწვერვალია. ორკესტრში განსაკუთრებულად მაღალი დონის პროფესიონალები მოღვაწეობენ. ორკესტრის ბევრი წარმომადგენელი უძვირფასეს ინსტრუმენტზე უკრავს.

– იქნებ, მეტი გვითხრათ ბოლო ორი კონცერტის შესახებ...

– ბოლო ორი კონცერტი განსაკუთრებული  იყო იმ მხრივაც, რომ არაჩვეულებრივად დაგვხვდნენ. ძალიან წარმომადგენლობითი პუბლიკა იყო: ამერიკის სენატის, გაეროს, სახელოვნებო სფეროს მდიდარი წარმომადგენლობა და, თუკი რამ შტაბ-ბინაა ამერიკაში. ჩიკაგოს კონცერტი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან, გავიცანი დიდი ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე. მას შორიდან ვიცნობდი და როგორც აღმოჩნდა, თვითონაც მიცნობდა. შემხედა თუ არა, მითხრა, მე თქვენ გიცნობთო. 

რამდენიმე დღის განმავლობაში  რეპეტიციები გვქონდა ჩიკაგოს სიმფონიურ დარბაზში, სადაც შესასვლელში იდგა შვეიცარი, რომელიც რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ მუსიკოსებს გარეგნობითაც გვცნობდა (არტისტების შესასვლელი ხომ ცალკეა და ჩვენს კოდს კრეფდა)... კონცერტის წინ მობრძანდნენ ლექსო თორაძე და მისი პროდიუსერი, აგრეთვე არაჩვეულებრივი ქართველი პიანისტი, გიორგი ვაჩნაძე, თავის იაპონელ მეუღლესთან ერთად. ცნობილია, რომ ლექსო თორაძეს და ვალერი გერგიევს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. კონცერტის წინ მათ მაესტრო გერგიევის ნახვა სურდათ და, შესაბამისად, საარტისტოდან უნდოდათ შესვლა, მაგრამ, რადგან იქ მხოლოდ არტისტების შესასვლელია, ამიტომ დაბრკოლება  შეხვდათ. მე რომ დამინახა, შვეიცარმა მიცნო და  მითხრა: მე თქვენ გიცნობთ და, თუ გარანტიას მომცემთ, რომ ესენიც ხელოვანები არიან და მაესტრო ვალერი გერგიევთან შემოდიან, იმ შემთხვევაში შემოვუშვებო. ასე გაგვაცილა პერსონალური გასასვლელით ჩვენს საგრიმიოროში. ბატონი ლექსო  უხვადაა დაჯილდოებული იუმორის გრძნობით და შემდეგ ამბობდა: აი, რას ნიშნავს ლამაზი ქალი, მისთვის ყველა კარი გახსნილიაო... ვალერი გერგიევს რომ ვესტუმრეთ საგრიმიოროში, ძალიან თბილად მიგვიღო. მათ შეხვედრაზეც ეტყობათ, თუ რა დიდი სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან. როცა ვალერი გერგიევმა ჰკითხა ბატონ ლექსოს, ლელას თუ იცნობო, მან უპასუხა, არა მხოლოდ ვიცნობ, ლელა რომ არ შეგვხვედროდა, საერთოდაც არ შემოგვიშვებდნენო...      

– თქვენ ხართ ქართველი მუსიკოსი, რომელსაც განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს პლასიდო დომინგოსთან...

– სხვათა შორის, ამერიკაში გამართულ ღონისძიებებში პლასიდო დომინგოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. ეს ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე ჩვენმა მენეჯერმა ბრიტანეთიდან შემატყობინა... მინდა, წავიტრაბახო და ვიამაყო იმით, რომ პლასიდო დომინგოსთან მეგობრობა მაკავშირებს... ეს მეგობრობა დაიწყო, იმ კონცერტიდან, რომელიც პლასიდო დომინგომ საქართველოში გამართა. ბათუმში კონცერტი 25 ნოემბერს იყო და კონცერტის წინ, გენერალურ რეპეტიციაზე, მითხრა დომინგომ, 3 დეკემბერს კონცერტს ვმართავ ერევანში და თუ შეძლებ კონცერტზე დასწრებას, როგორც სპეციალური სტუმარიო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, ფრთები შემესხა და იმ წუთის სიხარულს ვერანაირი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ... პლასიდო დომინგოს ჩემი სავიზიტო ბარათი მივეცი და თვითონაც დამიტოვა ტელეფონის ნომერი, მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ ვფიქრობდი: ეს არის ადამიანი, რომელიც ამდენს მოგზაურობს, დგამს უამრავ სპექტაკლს, რადგან, თავად არის დამდგმელი დირიჟორი, მონაწილეობს უამრავ კონცერტში, ნეტავ, თუ ემახსოვრება თუნდაც ერთ-ერთი ულამაზესი კონცერტის შემდეგ თავისი დაპირება-მეთქი. ჩავთვალე, რომ ეს იყო ჩემ მიმართ, როგორც პირველი ვიოლინოს მიმართ გამოხატული პატივისცემა... რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრებთან ერთად კაფეში ყავას რომ მივირთმევდი, ჩემმა ტელეფონმა დარეკა და მამაკაცის ხავერდოვანი, ყველასგან გამორჩეული ხმა მეუბნება, პლასიდო დომინგო ვარო. ეს ჩემთვის ბომბივით იყო, არასდროს მავიწყდება, თუ როგორ გამივარდა ხელიდან ყავის ფინჯანი და აბსოლუტურ შოკში ჩავვარდი. არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო, რა ფრაზა, რომ გადმოგცეთ ის ემოცია, რაც იმ წუთში დამეუფლა. დავიჯერე, რომ დიდი ადამიანები მხოლოდ ლეგენდებში, წიგნებსა და ფილმებში არ არიან. ძალიან ბევრ ისტორიას ყვებიან მის დიდსულოვნებაზე და ბევრი ლეგენდა მსმენია, მაგრამ, როდესაც შენ შეგეხება და პირადად შენს თავს ხდება, უკვე დაუჯერებელია... მითხრა, მე რომ კონცერტზე დაგპატიჟე, ჩემი მხრიდან ეს სიტყვები ძალაშია და თქვენკენ ხომ არ შეიცვლა რამეო. ვუთხარი, არაფერი შეცვლილა, პირიქით, დიდი სიხარულით დავესწრები თქვენს კონცერტს ერევანში-მეთქი. შემდეგ პირადად ჩაერთო და ტრანსპორტი, სასტუმრო და ყოველდღიური ხარჯები თავად უზრუნველყო... რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო ჩემთვის,  მან კონცერტზე რამდენიმე ნომერი პირადად მომიძღვნა.  შემდეგ ჩვენ ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. როცა გავიგე, რომ, შეიძლებოდა, დომინგოს მონაწილეობა მიეღო ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს კონცერტებში, რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. მან არ იცოდა, მე თუ მსოფლიო ორკესტრში ვუკრავდი და მივწერე  ამ ორკესტრში ვმოღვაწეობ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი და, თუ ერთმანეთს შევხვდებით, უბედნიერესი ვიქნები-მეთქი... მიპასუხა, რომ უსაზღვროდ გაახარა იმ ფაქტმა, მე რომ ამ ორკესტრში ვუკრავ და თავად ძალიან სურდა, კონცერტზე თუნდაც რამდენიმე ნომრით წარმდგარიყო, მაგრამ, არ იცოდა, ამას როგორ შეძლებდა, რადგან, ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მოგვიანებით კი ისევ მომწერა: ჩემო საყვარელო ლელა, მე, სამწუხაროდ, ვერ მივიღებ კონცერტში მონაწილეობას, რადგან, კონტრაქტის თანახმად, ამ პერიოდში ევროპაში ვიქნები, სევილიის თეატრში, სადაც „ტაისი” უნდა დაიდგას. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით. ჩემს ნებისმიერ კონცერტზე, როდესაც შენ გამოხატავ სურვილს, მზად ვარ, კვლავ სპეციალურ სტუმრად მოგიწვიოო... 

 

скачать dle 11.3