კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ახალი წლიდან ჩემს ოჯახში ვიცხოვრებ

ეს წერილი დედაჩემმა რომ წაიკითხოს, ალბათ, ძალიან გამიბრაზდება, მაგრამ მაინც გწერთ.

ვარ 13 წლის. უკვე ხუთი წელია, ბავშვთა სახლში ვცხოვრობ. მამა რომ გარდამეცვალა, დედამ ჩემი რჩენა ვერ შეძლო (ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს) და ინტერნატში ჩამაბარა. მიუხედავად იმისა, რომ აქ გვაჭმევენ, გვასმევენ, გვასწავლიან და ცუდად არ გვექცევიან, მაინც სახლში მირჩევნია ყოფნა, თუმცა იქ გაცილებით ცუდ პირობებში ვცხოვრობდი. სანამ მამაჩემი გარდაიცვლებოდა, ჩვენს ოჯახში სულ ჩხუბი იყო. მამა ბევრს სვამდა, მერე კი მეც და დედასაც გვცემდა. ხშირად მომისმენია ხან ერთისგან, ხან მეორისგან, რომ ჩემი თავიდან მოშორება უნდოდათ. რამდენჯერ უთქვამს გამწარებულ დედაჩემს, ამ ბავშვს „პრიუტში“ ჩავაბარებ და აქედან გადავიკარგებიო. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო „პრიუტი“, თუმცა, ამ სიტყვის გაგონებისაც მეშინოდა და სულ ვცდილობდი, კარგად მოვქცეულიყავი, რომ დედაჩემის გული მომელბო და თუ სადმე წავიდოდა, მეც თან წავეყვანე, მაგრამ, მაინც აქ მოვხვდი. მართალია, არც ისეთი საშინელებაა, როგორიც მეგონა, მაგრამ, თავიდან მაინც ძალიან გამიჭირდა შეჩვევა, მით უმეტეს, რომ დედა ძალიან იშვიათად მოდიოდა ჩემს სანახავად და, ისიც, ცოტა ხნით, უფრო ბებია (დედის დედა) მაკითხავდა ხოლმე, მოჰქონდა საჭმელი, ტკბილეული, სათამაშოები, ტანსაცმელი, ჩამისვამდა ხოლმე კალათში, მეფერებოდა და ტიროდა. მის ცრემლებს რომ ვხედავდი, მეც ვტიროდი და ვეხვეწებოდი, შენთან წამიყვანე-მეთქი (დედისთვის, რატომღაც ეს არასდროს მითხოვია), მაგრამ, ბებოს არ მივყავდი. როგორც დიდი ხნის შემდეგ გავიგე, თურმე, ამაზე დედის თანხმობა ყოფილა საჭირო, ის კი ბებიას ამის უფლებას არ აძლევდა.

ამ ერთი თვის წინ დედა მოვიდა ჩემს სანახავად და მითხრა, სამუშაოდ მივდივარ უცხოეთში რამდენიმე წლით და, მე რომ ჩამოვალ, შენ უკვე დიდი ბიჭი იქნებიო. მე ტირილი დავიწყე. ყველაფრის მიუხედავად, დედა მაინც ძალიან მიყვარდა და სულ მენატრებოდა, მაგრამ, ის მაინც ვიცოდი, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ვნახავდი, ახლა კი რა უნდა მექნა?! დედამ მიყურა, მიყურა და მითხრა: თუ გინდა, ბებიაშენი წაგიყვანს თავისთანო. მე სიხარულით ცას ვეწიე. ერთი კვირის შემდეგ ბებომ მინახულა და მითხრა, საახალწლოდ ჩემთან წაგიყვან და დედაშენის ჩამოსვლამდე სულ ჩემთან იცხოვრებო. მართალია, დედა მაინც მომენატრება და ძალიან დიდხანს ვერ ვნახავ, მაგრამ, ბებიასთანაც კარგად ვიგრძნობ თავს, რადგან, ვიცი და ვგრძნობ, რომ ძალიან ვუყვარვარ და სითბოსა და მზრუნველობას არ მომაკლებს, მით უმეტეს, რომ ჩემ მეტი შვილიშვილი არ ჰყავს.

ბებოს ნახვის დღიდან საათებსა და წუთებს ვითვლი, ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება დეკემბერი. ეს ახალი წელი ყველაზე ბედნიერი იქნება ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჩემს ოჯახში, ჩემს საყვარელ ბებიასთან ვიცხოვრებ და ერთად დაველოდებით დედაჩემს.

სოსო, 13 წლის.

 

ახალ წელს ქმარს ვურიგდები

10 წელია, გათხოვილი ვარ. მყავს ორი შვილი – ქალ-ვაჟი. დალხენილი ცხოვრება მას შემდეგ აღარ მქონია, რაც გავთხოვდი. ჩემს ქმარს ბინა არ ჰქონდა და ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. თავიდან კიდევ არა უშავდა რა, მაგრამ ორი-სამი წლის შემდეგ დედაჩემსა და ვასიკოს შორის უსიამოვნებები დაიწყო და აღარც დასრულებულა დედის გარდაცვალებამდე.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს, მაგრამ, დედაჩემი ნამდვილად არ იყო „კანფეტი“, ანუ, საკმაოდ მძიმე ხასიათი ჰქონდა: არ იცოდა დათმობა, ოჯახში ერთპიროვნული „ბელადი“ იყო და კატეგორიულად ვერ იტანდა ოჯახის წევრების დაუმორჩილებლობას და მით უმეტეს – წინააღმდეგობის გაწევას. მეც კი მიჭირდა მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა და, თუკი უსიამოვნებები არ გვქონდა, ეს მხოლოდ ჩემი მოთმინებისა და ნერვების ხარჯზე ხდებოდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ სიძესთან გაცილებით უფრო თავშეკავებული იყო, ვიდრე ჩემთან, მაგრამ, ოჯახის მეთაურის „პოსტს“ არ თმობდა, რაც ჩემს ქმარს ძალიან აღიზიანებდა. ყველაზე მეტად მიუღებელი და გამაღიზიანებელი დედაჩემისგან კი ის იყო, რომ, ყველა შესაძლო შემთხვევაში, ყველასთან ხაზს უსვამდა იმას, რომ ვასიკო ზედსიძეა და მის ბინაში ცხოვრობს. დამეთანხმებით, კაცისთვის ეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ამიტომ, ხშირად იყო მათ შორის კონფლიქტები, რასაც საშინლად განვიცდიდი და, რაც მთავარია, ამით ურთიერთობა მიფუჭდებოდა ქმართან.

ვასიკო კარგ ადგილას მუშაობდა, მაგრამ, ერთ დღეს დააწინაურეს და საკმაოდ დიდ თანამდებობაზე დანიშნეს. დედაჩემის თანხმობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, სამაღარიჩო სუფრა ოჯახში გაგვემართა და ვასიკოს თანამშრომლები დაგვეპატიჟა. ძალიან დიდი სამზადისი გვქონდა. დედაჩემი საუკეთესო დიასახლისი იყო და თავი მოიქაჩლა – ვიღაცის მოთითხნილს სახლში როგორ შემოვიტან, ყველაფერი ჩემი ხელით უნდა გავაკეთოო და მართლაც საუკეთესო პურმარილი გააწყო. ვასიკო ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები იყო და სულ ხელებს უკოცნიდა და მადლობებს უხდიდა სიდედრს, მოკლედ, გუგულებივით იყვნენ.

სტუმრები რომ მოვიდნენ, იმ წუთიდან ვასიკო სულ იმას ცდილობდა, მე და დედაჩემი ბინიდან არსად გავსულიყავით, ყველაფერზე თვითონ გვეგზავნებოდა პატარა ბიჭივით. მე ეს ცუდად მენიშნა, მაგრამ, ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე, დედაჩემი კი აღფრთოვანებული იყო და ძალიან მოსწონდა, რომ სიძე მის გარშემო დარბოდა და თვალებში უყურებდა.

მშვენიერი საღამო გამოვიდა. ვასიკომ ხმამაღლა გამოაცხადა, ყველაფერი ჩემი სიდედრის ნახელავიაო, რითაც ძალიან ასიამოვნა დედაჩემს. სტუმრები ძალიან კმაყოფილები წავიდნენ. სუფრა რომ ავალაგეთ, დაღლილები ვიყავით და ყველანი დასაძინებლად დავწექით დედას გარდა. გვითხრა, ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურებ და მერე დავწვებიო. ახალი ჩაძინებულები ვიყავით, დედაჩემის კივილმა რომ შეძრა მთელი სახლი. გულგახეთქილები წამოვცვივდით, ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. ბოლოს კი გაირკვა, რომ შუაღამისას დედას პარკებით ნაგავი წაუღია გადასაყრელად და უკან რომ დაბრუნებულა და ბინის კარისთვის შეუხედავს, დაუნახავს, რომ მასზე მიკრულ ფირფიტაზე მამაჩემის გვარის ნაცვლად ვასიკოს გვარი ეწერა. თურმე, ვასიკოს შეუცვლია დროებით – არ უნდოდა, რომ თანამშრომლებს გაეგოთ მისი ზედსიძეობის შესახებ, მაგრამ, წვეულების დამთავრების შემდეგ ნასვამი იყო და დაავიწყდა, ისევ შეეცვალა ფირფიტები (ანუ ძველი ფირფიტა დაებრუნებინა თავის ადგილას). ეს კი დედაჩემმა არ აპატია და ისეთი სკანდალი მოუწყო, საწყალმა კაცმა იმავე ღამეს ჩაალაგა თავისი ნივთები და სახლიდან წავიდა. მეორე დღეს კი შემომითვალა, ან ახლავე ჩემთან ერთად წამოხვალ ნაქირავებში, ან ხვალვე განცხადებას შევიტან გაყრაზეო. დედაჩემი ისეთ ისტერიკაში იყო, ისე ცუდად გრძნობდა თავს, სასწრაფოს სასწრაფოზე ვიძახებდი და ამიტომ, ვასიკოსთან ერთად ვერ წავედი სახლიდან, რაც მან არ მაპატია და მართლა შეიტანა განცხადება გაყრაზე, ერთ თვეში ქმარს გავეყარე, თუმცა, ბავშვების გამო (ცხადია, დედაჩემის ჩუმად) მაინც გვქონდა ურთიერთობა.

წელს, სექტემბერში, დედაჩემი გარდაიცვალა. ვასიკო მოვიდა გასვენებაში, მომისამძიმრა და მაშინვე წავიდა, თუმცა დაკრძალვის ყველა ხარჯი მან გადაიხადა. ორმოცზე რომ მოვიდა, შერიგება მთხოვა. მეც მინდოდა, შევრიგებოდი, მაგრამ, ის უარს ამბობს ჩემს ბინაში ცხოვრებაზე და აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ამას წინათ დამირეკა და მითხრა, დეკემბრის ბოლომდე ველი შენგან პასუხს. თუ უარს მეტყვი, სამუდამოდ დავშორდებით ერთმანეთს, ხოლო, თუ შერიგება მართლა გინდა, ახალი წლის ღამეს ჩემს ახალ ბინაში გეპატიჟები ბავშვებიანადო. არც კი ვიცოდი, რომ განვადებით უყიდია ბინა ახალაშენებულ კორპუსში და, რომ გავიგე, სიხარულით ცას ვეწიე.

ახლა გამალებით ვემზადები შესარიგებლად: ვიყიდე ახალი ტანსაცმელი, დავდივარ სპა-სალონში და ასე შემდეგ. მოკლედ, მინდა, რომ თვალისმომჭრელად ლამაზი ვიყო და ეს ახალი წელი მთელი ცხოვრება ორივეს დაგვამახსოვრდეს.

ლიკა, 32 წლის.

 

скачать dle 11.3