კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წესებს არ არღვევდა ვალერი ჩხეიძე უშიშროების სამსახურში 30 წელი და რატომ მოაწერა მის ჩეკისტურ ნათლობას ხელი იური ანდროპოვმა

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე, ერთი-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც  ნაციონალური ხელისუფლების დადგომის შემდეგ თბილისს გაერიდა და ასევე, პირველი მაღალჩინოსანია, ვინც რვა წლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა. უშიშროების სამსახურის გენერალი, რომლის წარსულზეც ლეგენდებს ყვებოდნენ, დღეს უკვე თავისუფლად საუბრობს საყვარელ საქმეზე, რომელსაც 30 წელი ემსახურა და რომელიც  უგზო-უკვლოდ გამქრალი  აგენტის ძებნით დაიწყო.     

 

ვალერი ჩხეიძე: 16 დეკემბერს  რვა წელი და ხუთი თვე გახდა, მას შემდეგ, რაც საქართველოდან წავედი.  მე იოლად „გამიშვეს” საქართველოდან, არსად გავპარულვარ, არც ლევან მაისურაძის პასპორტი დამჭირვებია, ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას. მე  ასეთი ეჭვიც მქონდა, რომ მათ აწყობდათ ჩემი წასვლა. არ ვიყავი მათთვის „მსუყე” ლუკმა – რა უნდა წაეღოთ ჩემგან? საჩუქრები, იარაღები, რომლებიც ჩემმა უცხოელმა კოლეგებმა მომცეს? პროკურატურამ შეისწავლა ის ბინძური ბრალდებები, რომელიც აგორდა ჩემ წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საქმე  აღძრული იყო  ფაქტებთან დაკავშირებით. ეს  მე თვითონ მოვითხოვე ჭეშმარიტების დასადგენად, მაგრამ, როცა ეს პროცესი გაიწელა, დავრეკე პროკურატურაში და წასვლის ნებართვა მოვითხოვე. ვფიქრობ, მაშინ, როცა წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, ალღომ არ მიმტყუნა. მხოლოდ სამი თვე ვიმუშავე ძველ ხელისუფლებასთან,  მაგრამ ამ პერიოდმა მაჩვენა, რომ მათ არაფერი გააჩერებდათ და ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ.

– თქვენი წასვლის შემდეგ აქ მოვლენები დრამატულად განვითარდა, დააკავეს ბევრი მაღალჩინოსანი, ბევრმა თავს გაქცევით უშველა, როგორ ჩანდა შორიდან აქაური ამბები?  

– ჩემი წასვლის შემდეგ მართლაც  სულ აიწყვიტეს, ყოველდღე ველოდი, რომ რაღაც მოხდებოდა. პირველი სერიოზული სიგნალი იყო ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. მე მასთან მქონდა საქმიანი შეხება. მას იმ ხალხმა უღალატა, ვინც ხელჩაკიდებულები მოიყვანა ქართულ პოლიტიკაში. ძალიან  ცუდი  ის  იყო, რომ ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებს თავი კიტრებივით მოჰქონდათ და ეგონათ, რომ ყველაფერი იცოდნენ. 30 წელზე მეტი ვიმუშავე უშიშროების სისტემაში, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი კონტრდაზვერვაში ვიყავი, გარკვეული პერიოდი  დაზვერვის სამსახურშიც ვმუშაობდი,  მაგრამ  დღესაც ვერ ვაძლევ თავს იმის თქმის უფლებას, რომ ამ სფეროებში ყველაფერი ვიცი. მაქსიმუმ 10-15 პროცენტი ცოდნა მქონდეს იქიდან, რასაც მოიცავს ეს სფერო.  ვერ ვიტყვი, რომ ისინი ჩემს პროფესიონალიზმს სათანადოდ არ აფასებდნენ, ჯანდაბას,  ეს პირადად მე მეხებოდა და ამაზე არ ვდარდობდი. პრობლემა ის იყო, რომ ისინი კატასტროფულად ანგრევდნენ ერთიან, ისედაც ძლივს შექმნილ უსაფრთხოების სისტემას. 

– ვინ ვინ და თქვენ ყველაზე უკეთ იცით ეს სისტემა, წლების განმავლობაში თქვენ შესახებ  საოცარ ლეგენდებს ყვებოდნენ, სად და როგორ დაიწყო ეს გზა?

–  ახლა უკვე შეიძლება ამაზე საუბარი, 1975 წელს დასადგენი და მოსაძებნი გახდა ერთი ჩვენი აგენტი, რომელიც სისტემიდან „დაგვეკარგა”. მას საინტერესო ოპერატიული პოზიციები ჰქონდა, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან. ამ ადამიანს ჰქონდა სადაზვერვო დივერსიული საქმიანობის გამოცდილება, საინტერესო წარსული  გერმანული „აბვერის” სადაზვერვო სკოლის ჩათვლით.  მაშინ მე  არანაირი ჩეკისტური განათლება არ მქონდა,  ისტორიული ფაკულტეტისა და სავალდებული სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მიმიღეს სამუშაოდ, ბრძანება 0127-ით, რომელსაც ხელს იური ანდროპოვი აწერდა. უფროსმა სისტემიდან „დაკარგული” აგენტის მოძებნა მე დამავალა. მას შეცვლილი ჰქონდა ძველი მისამართები, არაფერი იყო ცნობილი მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ეს იყო ჩემი პირველი საქმე, დაკარგული აგენტის  ძებნა დავიწყე დასავლეთ საქართველოში.  წარმოგიდგენიათ, რა ფართომასშტაბიანი  სამუშაო იყო? თან, ისე უნდა მომეძებნა, რომ  არ გამომჟღავნებულიყო ჩვენი ინტერესი, სხვებისთვის და თავად აგენტისთვის,  რადგან არ ვიცოდით, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ის.  დაახლოებით ერთი წელი მომიწია მისი ძებნა რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში, ბოლოს ქუთაისში ვიპოვე – ჩვეულებრივ მუშად მუშაობდა ერთ-ერთ წარმოებაში. როცა თავზე დავადექი, მაშინდელი, მასთან ერთად დათქმული პაროლი ვიხმარე და გამომეცნაურა. 

– ჩეკისტური სერიალების მიხედვით,  ეს პაროლები ძალიან უცნაური იყო. 

– ანეკდოტიც დადიოდა ამაზე – აგენტს ეკითხებიან: „ზდეს პრადაიოტსა სლავიანსკი შკაფ?“ ის პასუხობს: „სლავიანსკი შკაფ, უჟე პროდან, ნო ზახადიტე ზავტრა”. ეს ირონიით და ხუმრობით გავრცელებული ჩეკისტური პაროლი იყო, მაგრამ  მე დაკარგულ აგენტთან არქივში მოძიებული სხვა სიტყვა გამოვიყენე. ეს იყო პირველი საქმე, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო უშიშროების ანა-ბანა (იცინის). ძალიან მიყვარდა ჩემი სამსახური, ზედაპირულად არაფერს მივდგომივარ, რადგან ჩემი აზრით,  ეს  ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეა  თავისი დაუწერელი „წესებით” – ის, რომ არ უნდა  შელახო ოფიცრის ღირსება,  რაც  არის სინდისი, ნამუსი, კანონმორჩილება. უნდა გახსოვდეს, რა გვარის ხარ და რა არის შენს ზურგს უკან.

– ეს ყველაფერი საბჭოთა ჩეკისტს ჰქონდა?

– კი, ჰქონდა. ახლა რომ ზოგიერთი უვიცი აუგად ახსენებს მაშინდელ სპეცსამსახურებს, მართლა ასე კი არ იყო. იცით თქვენ, რომ კარგი  განათლებისა და ინტელექტის გარეშე, სპეცსამსახურში ვერ იმუშავებდი? თანამშრომლების უმეტესობას, არა მხოლოდ ერთი, რამდენიმე უმაღლესი განათლება ჰქონდა. უნდა სცოდნოდა რამდენიმე უცხო ენა. მოსმენა და მოთმინება რომ არ შეძლებოდა კაცს, ის სპეცსამსახურში ვერ იმუშავებდა. ამიტომაა, რომ მე ვიცი  მოცდა და მისი ფასი, არასდროს ვჩქარობ. აღმოსავლური სიბრძნეა ასეთი – თუ მოთმინების უნარი გაქვს, ადრე თუ გვიან შენი სახლის წინ შენი მტრის გვამს ჩაატარებენო.    

– წლების განმავლობაში თქვენ მუშაობდით მუსლიმანურ ქვეყნებში, რთული არ იყო საბჭოთა ჩეკისტებისთვის იქ?   

–  მე მომიწია მუშაობა  შუა აზიის რესპუბლიკებში – უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, ასევე, ორჯერ ვიყავი ავღანეთში. მაშინ უფროსი ოპერ-რწმუნებული ვიყავი, უფროსი ლეიტენანტის, ოფიცრის სამხედრო წოდებით ჩავედი  შუა აზიაში და როცა იქიდან  წამოვედი, უკვე პოდპოლკოვნიკი ვიყავი. ავღანეთში ოთხწელიწად-ნახევარი გავატარე. როცა პირველად ჩავედი, დიდხანს არ დავრჩენილვარ, მერე დავბრუნდი საბჭოთა კავშირში, გამიშვეს აკადემიაში, სადაც  ვისწავლე ავღანური ენა – დარი. ეს საქმისთვის მჭირდებოდა.

– ვინ იყავით ავღანეთში, ტაქსის მძღოლი თუ კარადებით მოვაჭრე?

– არც ერთი არ ვყოფილვარ, ოფიციალურად  ავღანური უშიშროების სამსახურის მრჩევლის   სტატუსი მქონდა. ავღანელებს  სისტემის ჩამოყალიბებასა და შექმნაში  ვეხმარებოდით, ადგილზე ვასწავლიდით პრაქტიკულ ჩვევებს. მარტო თეორია ჩვენს სფეროში  ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს ცოდნა  ოპერაციებში,  პრაქტიკულ საქმეში   თუ არ გამოიყენე, ისე რა გამოვა? წლების შემდეგაც კი, მე  შემიძლია, სიამაყით ვთქვა, რომ ავღანეთში ჩემი  მეორე მივლინებისას, უშუალოდ ჩემი მითითებით, ჩარევითა და  რეალიზებით  მოხდა რამდენიმე საბჭოთა ჯარისკაცის გამოხსნა მოჯაჰედების ტყვეობიდან. ეს იყო რთული ოპერატიული საქმე, რომელიც ყველაფერს მოიცავდა.  მოჯაჰედებს საბჭოთა ჩეკისტები მუდმივად მიზანში ვყავდით – თვალყურს გვადევნებდნენ, მაგრამ ეს რთულ ფორმებამდე არ მისულა. მე მაშინ არ ვიყავი მაღალი რანგის პირი, თუმცა რაც დრო გავიდა, დავრწმუნდი, რომ შესაძლებელია,  მოჯაჰედებს ეხმარებოდა პაკისტანის, ირანის სპეცსამსახურები და თავი და თავი – ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. ალბათ, არსებობდა ფარული შეთანხმება საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურის ხელმძღვანელობასა და ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს შორის, რომ ხელი არ ეხლოთ ერთმანეთის სპეცთანამშრომლებისთვის. ბევრ მოჯაჰედურ  დაჯგუფებაში უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორები მუშაობდნენ.

  მე ვიყავი ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ეძებდა პიროვნებებს, რომლებიც თვითნაკეთი  ბომბით მოსკოვის მეტროს აფეთქებას ცდილობდნენ. ბომბი ორ სადგურზე იყო დამონტაჟებული, ერთი არ აფეთქდა იმ მიზეზით, რომ ტრანსპორტირების დროს დაირღვა ელექტრონული სისტემის ერთიანი ციკლი. მეორე კი, აფეთქებას წუთები აკლდა, როცა გაანეიტრალა მეტრ-ოს მილიციის თანამშრომელმა. ინსტრუქციით მას ამისი უფლება არ ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ეს მოხდა 1989 წელს, მაშინ რუსულ-ქართული ურთიერთობა 9 აპრილის ფონზე უკვე დაძაბული იყო. კვალი საქართველოსკენ, თბილისისკენ წამოვიდა. შეიქმნა ჯგუფი, რომლის უფროსადაც მე დავინიშნე. ზუსტად ერთი წლის თავზე აღმოვაჩინეთ სამკაციანი ჯგუფი, რომელიც ამ დანაშაულის უშუალო შემსრულებელი იყო. თქვენ  წარმოიდგინეთ,  იმ პერიოდში, როცა არ იყო კომპიუტერიზაცია, მობილური ტელეფონი,  ოპერატიულმა ჯგუფმა გამოცდილებისა და ცოდნის შედეგად, 1978 ადამიანი გაატარა ფილტრში,  რომ იმ სამის კვალთან მივსულიყავით. არ ვიცი, მათი  დოსიე  შემორჩა თუ არა უშიშროების არქივს, მაგრამ თავში კი მაქვს (იცინის). 

– როგორ ცხოვრობდით ეს წლები, როცა საქართველოში ჩამოსვლა არ  შეგეძლოთ?

– საქართველოდან წასვლის შემდეგ წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი კიევში. ჩემი მეგობარი იყო უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ის ძალიან დამეხმარა. პირველი წელი ძალიან რთული იყო სამსახურთან დაკავშირებით. ამას ისიც ემატებოდა, რომ   პირველი დღიდან მქონდა  აქაურობის ნოსტალგია. პრეტენზიული ადამიანი არ ვარ, კარავშიც შემიძლია ცხოვრება, მაგრამ  ყოფითი პრობლემების მოგვარებას ხომ სჭირდება ფინანსები.  თავიდან ჩემი მეგობარი მეხმარებოდა, შემდეგ ის გარდაიცვალა და მარტო დავრჩი.  ერთხელ დაგეხმარებიან მეგობრები, ორჯერ და მერე თავს უნდა მიხედო. მე გადავედი ქალაქ სტავროპოლში, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. ცხონებული დედაჩემიც წარმოშობით უკრაინიდან იყო, მაგრამ სტავროპოლში ცხოვრობდა, სადაც ნათესაური კავშირები მქონდა. მე არც კი მეგონა, ამათი ხელისუფლება თუ ამდენ ხანს გასტანდა. სულ მეგონა, რომ თბილისში ხშირად ჩამოვიდოდი. როცა დედას გარდაცვალება შემატყობინეს, მაშინვე გადავწყვიტე, საქართველოში წამოსვლა, მაგრამ თბილისიდან დამირეკეს და გამაფრთხილეს: არავითარ შემთხვევაში არ ჩამოხვიდე, შენი გვარი გადაცემულია  და საზღვარზე დაგაკავებენო. დრო რომ გავიდა, მერე გავიგე, როგორ დაძვრებოდნენ დედაჩემის დასაფლავებაზე „კუდის“ თანამშრომლები, რომელთაც ეგონათ, რომ მე ბაღდადში ვიყავი.  მე მაგ ასაკიდან გამოსული  ვარ და საზღვარზე ჩუმად გადმოსვლას არ ვიკადრებდი. სტავროპოლში მეგობრების დახმარებით ჩავერთე სავაჭრო-სამშენებლო კომპანიის მუშაობაში, რომელსაც ჩვენებური, ბორჯომელი  ბერძენი ხელმძღვანელობს.  მე დღესაც ამ კომპანიაში ვმუშაობ და ახლაც შვებულებით ვარ წამოსული.   

– თქვენი შვებულება სამუდამო ხომ არაა, ანუ არ რჩებით აქ?   

– ჯერჯერობით ვერ დავრჩები, იანვრის პირველ ნახევარში მოსკოვში გულის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი,  მერე ვნახოთ, რა იქნება. თუ ვინმეს ჩემი გამოცდილება  გამოადგება, ღმერთმა  ხელი მოუმართოს, თორემ მე  თანამდებობისკენ არ მივისწრაფი.  ზოგიერთს, ვინც ჩემს ზარს არ პასუხობს, სულ ტყუილად  ჰგონია, რამე უნდა ვთხოვო. ისინი რამდენი წლისანიც არიან, მე იმხელა სტაჟი მაქვს (იცინის).  წამოსვლამდე მოველაპარაკე ჩემი ფირმის ხელმძღვანელს, და ალბათ,  ოპერაციის შემდეგ, როცა რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, დავბრუნდები საქართველოში, ოღონდ ეს იქნება დაბრუნება „შვებულების” გარეშე.

 

скачать dle 11.3