კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ანიჭებს სიამოვნებას მილიარდერ ჩაკ ფინის და რა მიზეზით არ არის ის „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში

 

მას არავინ იცნობს, ის არც ერთ რეიტინგში არ ფიგურირებს და „ფორბსის” მილიარდერების გვერდით მას ვერ იხილავთ. არადა, მისი კაპიტალი 7,5 მილიარდი ამერიკული დოლარია. ის მაღაზიათა გლობალური ქსელის „დიუთი ფრის” დამფუძნებელი და ყველაზე დიდი ქველმოქმედია ქველმოქმედთა შორის. 7,5-მილიარდიანი კაპიტალიდან ამერიკელმა ჩაკ ფინიმ საკუთარ თავს ცხოვრების განმავლობაში 2 მილიონი დოლარი დაახარჯა, დანარჩენი კი მთლიანად კეთილ საქმეებს მოახმარა.

ჩაკ ფინი – ქველმოქმედების ჯეიმს ბონდია. უკანასკნელი 30 წელია, ფილანტროპი მსოფლიოს ქვეყნებში მოგზაურობს და ქველმოქმედებაზე 7,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს ხარჯავს. ეს ის თანხაა, რომელიც მან 1997 წლამდე გამოიმუშავა, სანამ კომპანია „დიუთი ფრის” ფლობდა. მის ფონდ „ატლანტიკ ფილანტროპისს” უკვე დახარჯული აქვს 6,2 მილიარდი დოლარი განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში: ამერიკაში, ვიეტნამში, ავსტრალიაში, ბერმუდის კუნძულებზე, სამხრეთ აფრიკასა და ირლანდიაში.  ფონდის ანგარიშზე დარჩენილი 1,3 მილიარდი დოლარის დახარჯვას ჩაკ ფინი 2016 წლის დასრულებამდე აპირებს, ხოლო 2020-ში პენსიაზე გასვლა აქვს გადაწყვეტილი. ქველმოქმედების გზაზე ფინი 1980-იან წლებში დადგა, რაც დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ატლანტიკ ფილანტროპისი,” რომელიც „დიუთი ფრის” სტრუქტურიდან შექმნა და მოგვიანებით, ცალკე ორგანიზაციად აქცია. „ხშირად მეკითხებიან, თუ რა მანიჭებს სიამოვნებას და მე ვპასუხობ, ადამიანებისთვის სიკეთის კეთება,” – ამბობს ჩაკ ფინი, ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდების მფლობელი იყო, მხოლოდ 2 მილიონი დოლარი დაახარჯა. ცნობისთვის, ფონდის დაარსებიდან, პირველი 15 წლის განმავლობაში, ფინი ასაიდუმლოებდა თავის საქმიანობას და ყველა ხერხით ეწინააღმდეგებოდა პრესაში ან ტელევიზიით მის ხსენებას.

ჩაკ ფინი დიდი დეპრესიის პერიოდში დაიბადა, ირლანდიური წარმოშობის ოჯახში. კორეის ომის დროს ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა და ომის დასრულების შემდეგ კორნელის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში მოეწყო „სასტუმროს მენეჯმენტის” პროფესიის დასაუფლებლად, შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, სადაც განუბაჟებელი ალკოჰოლის ყიდვა-გაყიდვაზე ააწყო ბიზნესი. ფინი ალკოჰოლს, ძირითადად, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მსახურთა შორის ყიდდა. დიდი კონკურენციის მიუხედავად, ბიზნესის წარმოებაში ფინის სამხედრო წარსული დაეხმარა. მას უადვილდებოდა საერთო ენის გამონახვა ეკიპაჟის წევრებთან. გარდა ამისა, ის პორტის მეძავებთანაც თანამშრომლობდა, რომელთა საშუალებითაც სამხედრო გემების პორტში შესვლისა და გასვლის გრაფიკს იგებდა. იმ პერიოდში ფინის კომპანიონი იყო ბობ მილერი, მისი კურსელი კორნელის უნივერსიტეტიდან. სწორედ მათ სახელს უკავშირდება პირველი „დიუთი ფრი” მაღაზიების ქსელის გახსნა. ალკოჰოლური სასმელების შემდეგ ფინიმ და მილერმა ასორტიმენტი გაამრავალფეროვნეს – სუნამოების, საიუველირო ნაწარმისა და სხვა პროდუქციის გაყიდვა დაიწყეს. ეს პროდუქცია მეზღვაურებსა და უბრალო ტურისტებში პოპულარული იყო. მოგვიანებით, ფინისა და მილერს იურისტი ტონი პილარი და ბუღალტერი ალან პარკერი შეუერთდნენ. 1964 წლისთვის კომპანია „დიუთი ფრი შოპერსი” მსოფლიოს 24 ქვეყანაში ფუნქციონირებდა და მასში 200 ადამიანი იყო დასაქმებული.

პატარა, მაგრამ მომგებიან ბიზნესს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სავაჭრო ქსელად გადაქცევაში იაპონური ეკონომიკური ბუმი დაეხმარა. 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, იაპონიის მთავრობამ თავის მოქალაქეებს უცხოეთში გასვლის უფლება მისცა. ეს კი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ აკრძალული იყო, ქვეყნიდან ვალუტის გადინების დაცვის მიზნით და იმ ხნის განმავლობაში, რაც იაპონელები ქვეყნიდან ვერ გადიოდნენ, აგროვებდნენ ფულს და ამ ფულის ხარჯვა მოგზაურობაში დაიწყეს. ფინიმ მაქსიმალურად გამოიყენა ეს შანსი და „დიუთი ფრის” მაღაზიებში იაპონელი გამყიდველები აიყვანა – მომხიბლავი ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც იაპონელ ტურისტებს მათთვის უცხო, საინტერესო პროდუქციას სთავაზობდნენ. ფინის ანალიტიკოსების ჯგუფი ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც იაპონელი ტურისტების მოგზაურობას შეისწავლიდნენ და შემდეგ ფინის ურჩევდნენ, თუ სად გაეხსნა „დიუთი ფრის” მაღაზიები. ასე გაიხსნა „დიუთი ფრი” სან-ფრანცისკოში, ანკორიჯისა და გუამზე. საიპანზე კი, მცირე ზომის ტროპიკულ კუნძულზე, სადაც იაპონელ ტურისტებს უყვარდათ დასვენება, არ არსებობდა აეროპორტი. იმ მიზნით, რომ იმ აეროპორტში „დიუთი ფრის” მაღაზია გახსნილიყო, ჩაკ ფინიმ 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა აეროპორტის მშენებლობაში 1976 წელს.

იაპონურ ტურიზმზე გათვლილმა სტრატეგიამ გაამართლა და 1967 წელს ფინის დივიდენდების სახით, 12 ათასი დოლარის მოგება ჰქონდა. 1977 წელს თანხამ 12 მილიონი შეადგინა, ხოლო 1987 წლისთვის ფინის ანგარიშზე უკვე 334 მილიონი დოლარი იყო. ამ ფულით მან დაიწყო სასტუმროების, მაღაზიების, საკერავი ფაბრიკების შეძენა და ბიზნესის ახალი სფეროების დაპყრობა. ამის მიუხედავად, ის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და თითქმის არსად ჩნდებოდა. 1988 წელს ჟურნალმა „ფორბსმა” პირველად გამოაქვეყნა 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელისგან შემდგარი რეიტინგი და კომპანია „დიუთი ფრის” ოთხგვერდიანი მასალა მიეძღვნა. მოგვიანებით, ფინი იხსენებდა, რომ ამ მასალამ ის შოკში ჩააგდო. „ფორბსის” ჟურნალისტებმა დეტალურად განიხილეს „დიუთი ფრის” მაღაზიათა ქსელის რენტაბელურობა და დაადგინეს, რომ ჰავაის კუნძულებზე მდებარე 1 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მაღაზია წელიწადში 200 ათასი დოლარის მოგებას იძლეოდა 1980-იან წლებში. ამჟამინდელ ეკვივალენტში ეს თანხა დაახლოებით 400 ათასი დოლარის ტოლფასია და მნიშვნელოვნად აჭარბებს თანამედროვე „ეპლის” 1 კვადრატული მეტრის ფართობის მაღაზიის მოგებას. 1988 წლის რეიტინგში ფინის 31-ე პოზიცია ეკავა 1,3 მილიარდი დოლარით. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ ფინის რეალური კაპიტალი 7 მილიარდს აჭარბებდა და მთლიან თანხას ის ქველმოქმედებაზე ხარჯავდა. მაშინ ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ „ფორბსის” ჟურნალისტები, რომ იმ დროს მილიარდერს საკუთარი ავტომობილიც კი არ ჰყავდა. „ფორბსის” რეიტინგში ფინი 1996 წლამდე ინარჩუნებდა პოზიციას, თუმცა შემდგომ წლებში კი გაქრა და არც არავის მოუკითხავს, თუ სად დახარჯა თავისი მილიარდიანი კაპიტალი. ჩაკ ფინის ქველმოქმედების შესახებ 1997 წელს გავრცელდა ცნობები – მას შემდეგ, რაც მან კომპანია „დიუთი ფრი შოპინგის” საკუთარი წილი ფრანგ მილიარდერს, ბერნარ არნოს მიჰყიდა. ცნობისთვის, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფილანტროპები – ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი ჩაკ ფინის თავიანთ შთაგონების წყაროდ ასახელებენ, რომელმაც მათ ქველმოქმედებისკენ უბიძგა.

თავის პირველ მეუღლესა და ხუთ შვილს ჩაკ ფინიმ ქონების დიდი ნაწილი დაუტოვა, სულ 140 მილიონი დოლარი. პირველ ოჯახთან ცხოვრების პერიოდში ის ფლობდა დიდ სასახლეებს. თუმცა, შემდგომ ეს ყველაფერი გაყიდა და ამჟამად მეორე მეუღლესთან ერთად, ფონდის ბალანსზე არსებულ მომცრო ბინებში ცხოვრობს, სან-ფრანცისკოში, დუბლინსა ან ბრისბენში. ნიუ-იორკში ყოფნის პერიოდში კი ქალიშვილთან ჩერდება. ფინის ფონდის მთავარი ოფისი დუბლინში მდებარეობს და სწორედ თავისი წინაპრების ისტორიულ სამშობლოში ატარებს ის ცხოვრების უმეტეს დროს. 

ამბობენ, რომ ჰოლივუდში ჩაკ ფინის ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებას აპირებენ და ამ პროექტის განხორციელებით თვით ჯორჯ კლუნია დაინტერესებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ მსახიობს მიიწვევენ მთავარი როლის შესასრულებლად. თუმცა, ერთხელ ჩაკ ფინის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვის ისურვებდა ის მთავრ როლში და მსოფლიოში ყველაზე უცნობმა ქველმოქმედმა მათ ღიმილით უპასუხა – დენი დევიტოს.

 

скачать dle 11.3