გაწბილებულები
რაც მოგივა – არა მარტო დავითაო
რაკი ციხე ერთ-ერთი ჩაკეტილი დაწესებულება იყო და არც შუშაბანდები ჰქონია, ბუნებრივია, ინფორმაციას ვერც გისოსებს მიღმა არსებული სამყაროდან ვიღებდით, თუმცა, სინათლის ფანჯარა სულ პირველად ამ აუღებელ ციხეში მას შემდეგ გაიჭრა, რაც ციხის სკანდალური კადრები გამოქვეყნდა. ამის შედეგად და წყალობით (თუ ამას წყალობა ჰქვია), მონიტორინგის ჯგუფი ჯერ კიდევ ხელისუფლების ცვლილებამდე შეიქმნა და მის მუშაობაში მონაწილეობას ჟურნალისტებიც იღებდნენ, თუმცა, სულ ახლახან, ჩემი კოლეგები მონიტორინგის ჯგუფს ჩამოაშორეს.
სავსებით ცხადია, რომ ციხის ადმინისტრაცია მაინც ციხის ადმინისტრაციაა და, ბუნებრივია, ზედმეტი თვალი, თუნდაც, დემოკრატიულად დაკვირვებული, მისთვის უსიამოვნოა, ამდენად, მათი მოტივაცია გასაგებია. მაგრამ, თუ ობიექტურობასაც მოვიშველიებთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებას საშარო არგუმენტი ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამაც მისცა და მეტად მარტივი მიზეზით: დაწესებულებათა მონიტორინგის პროცესში მონაწილე ჟურნალისტებმა პატიმრებისგან ინტერვიუები აიღეს. ამ ფაქტში არაფერი იქნებოდა საოცარი (რადგან, ბოლოს და ბოლოს, ინფორმაციას ავრცელებდნენ), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გზით მიღებულ მასალებს, ზედაც, „ექსკლუზივებიც“ დაარქვეს და საკუთარი გამოცემების პოპულარიზაციისთვის გამოიყენეს, შედეგმაც არ დააყოვნა: საპატიმრო დაწესებულებების მონიტორინგს ჟურნალისტების გარეშე ჩაატარებენ, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან, ექსკლუზივები საკუთარი ტყავით მოიპოვება და არა – მდგომარეობის გამოყენებით!