„განდობილები“
მთავარი „სანეხვე“
იმ მარტივი მიზეზითაც, რომ, ადრე უმრავლესობა იყო, ახლა კი უმცირესობაა, ერთ დროს თავს უბრალო ამომრჩეველსაც რომ არ უყადრებდა (ჟურნალისტებს ხომ არ უყადრებდა და არ უყადრებდა), მის წარმომადგენლებს პროკურატურაშიც იბარებენ, რა თქმა უნდა, დაკითხვაზე. ოღონდ, ისიცაა, რომ ეს ჩვენი უმცირესოელი ხალხის რჩეულები სამართალდამცველებს ბუზადაც არ აგდებენ. ამ საქმის პიონერი ნაპროკურორალი დეპუტატი ბ-ნი საყვარელიძეა, მის კვალს მიმდევარი კი, ასევე, ნაპროკურორალი და აწ კი ხალხის რჩეული ბ-ნი ახალაიაა. ჩვენ არ ვიცით, რად შემოუწყრნენ თავიანთ ყოფილ უწყებას ხსენებულები ან არად რატომ დაგიდევენ სამართალდამცველთა მოთხოვნებს, თუმცა, ეს უკანასკნელი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „უკანასკნელში“ ბ-ნ ახალაიას ვგულისხმობ) მხოლოდ საჯარო დაკითხვასაა ყაბულს. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ მისი პროკურორობისას საჯარო არაფერი ყოფილა (ცოცხალ პროკურორსაც ოდენ „რუსთავი-2-ის“ ეთერში თუ მოჰკრავდი თვალს), რთული სათქმელია, რამ შეაყვარა ასე უცებ და უსაშველოდ საჯაროობა.
როგორც უნდა იყოს, მას შემდეგ, რაც ნახელისუფლარმა დეპუტატებმა პროკურატურას გამოძახებებზე წიხლი უკრეს, პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესოელი კოლეგები დაამშვიდა: თუ პარლამენტის წევრს ჩვენების მიცემა არ სურს, მისი უფლება დაცული იქნებაო. ბ-ნმა უსუფაშვილმა კონსტიტუციის ის მუხლი მოიშველია, რის მიხედვითაც, „პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს“.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაპროკურორალებს, ნაკლებად სავარაუდოა, თავიანთი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე იბარებდნენ, წინ არაერთი საინტერესო, ზედაც, „ექშენ“-სანახაობა გველის სამართალდამცველებისა და ხალხის რჩეულთა ჭიდილისა.
უფრო მეტიც, მაგალითად, ბ-ნი უსუფაშვილი ეთანხმება ბ-ნ გაბაშვილს იქ, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ „პარლამენტის წევრი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს თავისი ფუნქციების განხორციელებას, თუ მას არ ექნება ეს პრივილეგია და, მისი, როგორც პარლამენტის წევრის საქმიანობა, ამ ნორმით არ იქნება დაცული.“ ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პარლამენტარები ერთობ პრივილეგირებული ფენა ბრძანდება (თვით, ვიდრე მიქელ-გაბრიელს არ შეეყრებიან, ჯვარი სწერიათ!), ზემოთქმული მოწმობს, რომ ეს ჩვენი კანონშემოქმედებითი ორგანო კვლავაც ერთ-ერთი „სანეხვეა“ (პათოსით: ბედი მომეც, სანეხვეზე გადამაგდეო!).