სინათლე ჩვენს ჭაღებში
სკამაყანყალებულები
რთული სათქმელია, როგორი იქნება 2013 წელი, მაგრამ, ერთის თქმა უკვე დაბეჯითებით შეიძლება: ელექტროენერგიის ტარიფი შეთხელდება, თუმცა მთლად ყველასთვისაც არა. მხოლოდ ისინი შეძლებენ, ისარგებლონ გაიაფებით, რომლებიც ყოველთვიურად 300 კილოვატ-საათზე ნაკლებს მოიხმარენ. შესაბამისად, 100 კილოვატ-საათის მომხმარებლები ამიერიდან კილოვატ ელექტროენერგიაში 10 თეთრამდე გადაიხდიან, ხოლო 100-დან 200-მდე კილოვატსაათის მომხმარებლები – 13 თეთრამდე. ამის მიუხედავადაც, დედაქალაქის მერია უკმაყოფილოა, ისევე, როგორც სრულიად „ნაციონალური მოძრაობა“, მოტივით, ჩვენი 1 000-ლარიანი ვაუჩერი ჯობდაო (შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, თუკი კვლავაც ხელისუფლებაში დარჩებოდნენ, ოთხი წლის განმავლობაში თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად 20 ლარს ჰპირდებოდნენ კომუნალური გადასახადებისთვის). მაგრამ, რადგან თავადაც იგრძნეს, რომ მხოლოდ უკმაყოფილოს პოზა მათ იმიჯს ვერ უშველიდა, დედაქალაქის მერი, მთავრობის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების პასუხად, თბილისელებს 5 თვის განმავლობაში 20-20 ლარის დარიცხვას დაჰპირდა აი, იმ ქვითარზე, სამი – ერთი რომ არის და მაინც სამია (ამ 20-ლარიდან 8,45 ლარი უშუალოდ ელექტროენერგიას მოხმარდება, დანარჩენს კი ნაგავი და წყალი გაინაწილებენ).
ერთი სიტყვით, მერია დარწმუნებულია, რომ ეფექტიანი მართვისთვის აუცილებელია, ამომრჩეველი ზემოდან გამოწვდილ წყალობაზე იყოს დამოკიდებული, ხოლო ფინანსთა მინისტრს სჯერა, რომ ზემოდან მომავალ და პატიოსან გვამთა კეთილ ნებაზე დამყარებულ წყალობას ტარიფების დაკლება სჯობს, თუმცა, მე რომ მკითხოთ, საუკეთესო ვარიანტი ობიექტური ტარიფების დაწესებაა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ელექტროენერგიის საფასურის დაკლება საქართველოს მოსახლეობას, მთლიანობაში, ყოველწლიურად 35 მილიონ ლარს დაუზოგავს, რაც, ბუნებრივია, იმას ნიშნავს, რომ წინა წლებში ამ ოდენობის თანხა ამოდიოდა მათი ჯიბეებიდან, ვფიქრობ, კომპენსაციის სახით, მერიამ თავი მხოლოდ 5 თვის განმავლობაში 20-20 ლარით თავი ვერ უნდა დაიძვრინოს!
რაც მთავარია, თვით ამ 20-20 ლარიან და 5-თვიან გულმოწყალებას ერთი დიდი მიზეზი აქვს – სახელისუფლო შტოები და დონეები, ბუნებრივია, ამომრჩევლის ხმის დაბევებას ცდილობენ (მოგეხსენებათ, ის ჯიბეზეც გადის), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, სანამ იქ, ზემოთ, სკამს წყალი არ შეუდგება, „დემოსი“ (ანუ ხალხი) ნაკლებად ახსენდებათ. ასე რომ, რაც ხშირ-ხშირად შევუყენებთ, ერის წყლულიც მით უფრო საფუძვლიანად დააჩნდებათ საკუთარ წყლულად.