როგორ მოხვდა ხატია შამუგია ბრიჯიტ ბარდოს აღმოჩენილ ქალაქში და რატომ არასდროს ხდის ის პირად ცხოვრებას გამჭვირვალეს
ხატია შამუგია: ცოტა ხნის წინ პარფიუმერიული ფესტივალიდან ჩამოვედი, რომელიც წელს სანტროპეში გაიმართა. ფესტივალი ყოველწლიურია და ძალიან მრავალფეროვანია წლიდან წლამდე. პარფიუმერიის გარდა, ფესტივალი შოკოლადებსა და სასმელებსაც ეთმობა. მოგეხსენება ჩემი დამოკიდებულება შოკოლადისადმი. ამიტომ, ამ ფესტივალიდან ორი კილოგრამით მეტი ჩამოვდივარ. შარშან ფესტივალი სექტემბერში იყო და ზღვაში ბანაობაც მოვახერხე, წელს კი მოგვიანებით ჩატარდა. მიყვარს ამ ფესტივალზე დასწრება, რადგან, გარდა იმისა, რომ ბევრ სიახლეს ეზიარები, ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფართოებ სამეგობრო წრეს. ის ერთი კვირა, რომელიც იქ გავატარე, მართლა ძალიან დატვირთულები ვიყავით. დილის 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე, ყოველ ნახევარ საათში თითო შეკრება იმართებოდა. თუმცა, იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი, რომ დაღლას ვერც კი ვგრძნობ. ჩემი აზრით, მიუხედავად ამ გადატვირთული ერთკვირიანი გრაფიკისა, მაინც საუკეთესო თერაპიაა, ყოველგვარი დაღლილობა და სტრესი რომ მოიხსნა.
წელს პირველად ვიყავი სანტროპეში, რომელიც ძალიან მომეწონა. სანტროპე არის ის ადგილი, სადაც უამრავი სელებრითი დადის, მაგალითად, ბრიტნი სპირსი აქ ატარებს თავის საზაფხულო არდადეგებს, ასევე, პარის ჰილტონი და ასე შემდეგ. სანტროპე თავის დროზე სოფელივით იყო, რომელიც ბრიჯიტ ბარდოს აღმოჩენილია. ძალიან ვარსკვლავური გარემოა. თუკი სხვა კურორტებზე სელებრითები თავს ამა თუ იმ ბოლო მოდელის მანქანით იწონებენ, სანტროპეში ამას წლების წინ გასცდნენ და თავს იახტებით იწონებენ. ამ ფოიერვერკულ სიტუაციას მე ვერ შევესწარი, რადგან, ზღვის სეზონი უკვე აღარ იყო, მაგრამ, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით დავათვალიერე. სანტროპეზე სულ ქეთა თოფურია მახსენდება, რადგან ის ძალიან ხშირად დადის იქ. ძალიან მინდა, ერთხელ მაინც მოვხვდე სანტროპეში ზაფხულში დასასვენებლად. წარმომიდგენია, რა ლამაზი იქნება იქაურობა. ჩემი სამეგობრო სულ ვგეგმავთ ლამაზ ადგილას დასვენებას, ერთს რიმინი უნდა, მეორეს – სარდინია, მესამეს – კაპრი, მე კი უკვე ხუთი წელია, მონტენეგრო მაქვს ამოჩემებული. მთელი წელი ვგეგმავთ, ვგეგმავთ და ბოლოს მაინც თურქეთში, მარმარისში მივდივართ.
– ზამთრის კურორტები არ გხიბლავს?
– თუ ზამთრის კურორტებზე დადიხარ, თხილამურებზეც უნდა იდგე, მე კი არ ვსრიალებ. თან, შვებულებისთვის 18 სამუშაო დღე მაქვს განკუთვნილი და, მირჩევნია ეს დრო ზაფხულს დავუთმო. შარშან ვიყავი სამი დღით გუდაურში წასული მეგობრებთან ერთად, სადაც ბოლოს ათი წლის წინ ვიყავი. ჩემი მეგობრები ერთი კვირა მატრენინგებდნენ, ბეწვის ჟილეტები და ჯინსები, გუდაურში არ წამოიღო, გოიმობააო. არც ვიცოდი, თურმე, მთის კურორტებზე მიდის კომბინეზონებისა და თხილამურის აქსესუარების მარიაჟობა. თან, რომ გავიგე თხილამურების აქსესუარები რა ღირს, გადავირიე – რა სისულელეა ამაში ფულის გადაყრა, ამ ფასად სამ კარგ საცურაო კოსტიუმს ვიყიდიდი-მეთქი. რა უნდა მეკეთებინა გარუჯვის გარდა? გავიხსენი „დუტის“ კურტკა და შიგნით აბრეშუმის თხელი თეთრი „საროჩკა“. ჩემებმა რომ დამინახეს გაგიჟდნენ – ეს რა არისო. დაუვიწყარი მოგზაურობა იყო ჩემთვის, რადგან, ზუსტად იქ ვიყავი, სადაც ჩემი ადგილი არ იყო.
– დასვენება კარგია, მაგრამ, როცა თბილისში ხარ, ყოველთვის გადატვირთულ რეჟიმში გიწევს მუშაობა.
– მართლა ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ბევრს ვმუშაობ. გარდა ამისა, ვცხოვრობ ჯანმრთელი ცხოვრების სტილით – სასმელი, სიგარეტი და ღამისთევა ჩემგან ძალიან შორს არის. დილის საათებში აუზზე დავდივარ, რის შემდეგაც დღის განმავლობაში ძალიან ენერგიულად და მხნედ ვარ. მოკლედ, ჯანმრთელი ცხოვრება ჩემი სტილია.
– ყველა, ვისაც შენთვის საჩუქრის გაკეთება უნდა, თითქოს კომპლექსდება – არ იციან, არჩევანი რაზე გააკეთონ, რადგან, ჰგონიათ, რომ სუნამო და თავის მოვლის საშუალებები ძალიან ბევრი გაქვს.
– ძალიან მიყვარს სუნამოები და ამ სამსახურშიც შესაბამისად მოვხვდი. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მიმართ. რა თქმა უნდა, სუნამოების ნაკლებობას არ ვუჩივი და ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს, მაგრამ, ძალიან მსიამოვნებს, როცა სუნამოს მჩუქნიან. დავესესხები მერლინ მონროს სიტყვებს: „ქალისთვის საუკეთესო საჩუქარი ბრილიანტებია.” რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ, ალბათ, სუნამოსა და კოსმეტიკის გარეშე, ბრილიანტიც კარგავს თავის ელფერს. რატომ ჰგონია ხალხს, რომ სუნამო არ უნდა მაჩუქონ არ ვიცი, ძალიანაც მსიამოვნებს.
– ამ ეტაპზე რა არის შენი საყვარელი სუნამო?
– კარტიეს „მოპარული კოცნა” და დოლჩე და გაბანას „ფორ ჰერ,” ანუ – „ქალისთვის“.
– სუნამოს მიხედვით თუ შეგიძლია ადამიანის ხასიათის ამოცნობა?
– სუნამოს მიხედვით, შემიძლია, ადამიანის ხასიათის მეტი წილი გამოვიცნო: მძიმე ხასიათი აქვს თუ მსუბუქი, კომუნიკაბელურია თუ არა, ამბიციურია თუ არა.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ჩემი პირადი ცხოვრება სტაბილური და მშვიდია, რადგან, მე თვითონ ვარ ასეთი. არ ვარ სკანდალური და არ მიყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ზედმეტად მოქცევა. ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ჩემზე არასდროს ისეთი არაფერი არ გაჟღერებულა. მიყვარს მშვიდი ცხოვრება და არ მიყვარს, როცა მილიონი ადამიანი ერევა ჩემს პირადში. ერთხელ ამის მწარე გამოცდილება უკვე მივიღე, როცა ოჯახი მქონდა და გამჭვირვალე საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობდი. რომელ საათზე ვიღვიძებდით და ყავას რამდენჯერ ვსვამდით დღეში, ყველამ იცოდა. ამ ყველაფერმა კი, გარკვეულწილად, ზიანი მიაყენა ჩვენს ურთიერთობას. საერთოდ გენიოსების გარდა, ყველა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, მე კი გენიოსი არ ვარ.
– ისიც გამიგია, ხატია შამუგია გმირი დედა არისო.
– გმირი დედა არ ვიცი, მაგრამ, გიჟი დედა რომ ვარ, ნამდვილად ვიცი. ძალიან ფეთიანი ვარ და ზედმეტად მაქვს ყურადღება გამახვილებული ყველაფერზე. მე და ნიკუშას შორის, რა თქმა უნდა, გარკვეული ზღვარი არსებობს, მაგრამ, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და, ვცდილობთ, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ. სადაც შეიძლება, რომ 10 წლის ბავშვი წავიყვანო, ყველგან დამყავს. შაბათ-კვირიდან ერთ-ერთ დღეს აუცილებლად მასთან ერთად ვატარებ, რადგან, მთელი კვირის განმავლობაში სამსახურის გამო ამას ვერ ვახერხებ. ძალიან გემოვნებიანი ბავშვია, რომელიც რჩევებს ყოველთვის მაძლევს. ისეთ ნიუანსებშია გარკვეული და ისეთ დელიკატურ შენიშვნებს მაძლევს, რაც, შეიძლება, დიდმა კაცმაც ვერ შენიშნოს. ამიტომ, ნიკუშა ჩემი ძალიან საიმედო მრჩეველია.
– გაკონტროლებს კიდეც?
– კი, მაგრამ, პრინციპში, დიდად გაკონტროლება არ მჭირდება, რადგან, 11 საათზე ერთად ვიძინებთ.
– კიდევ არ უნდა შენი გათხოვება?
– სულ ასე ამბობს, მამამ ცოლი მოიყვანოს, მაგრამ, დედა არ უნდა გათხოვდესო. ალბათ, ეს გურამიკოს გავლენაც არის. თუმცა, ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ დამდგარა და, თუ რამეს დავაპირებ, პირველი, ვინც გაიცნობს იმ ადამიანს, იქნება ნიკუშა. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, კრედო, სტიმული და აზრი ჩემი შვილია.