კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ააწყო თელავში ბიზნესი გეგე სულხანიშვილმა აქლემთან ერთად

 

ყველა კუთხე თავისებურად გამორჩეული და საამაყოა, მაგრამ კახელი კაცის ბუნება მაინც სულ სხვაა – პირდაპირი, ალალმართალი, ხელგაშლილი, კარგი იუმორი, კარგი ღვინო, კარგი პურმარილი... გეგე სულხანიშვილი ერთი უბრალო, თელაველი კაცია. თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა კალათბურთის სასწავლად – თელავში უთხრეს პერსპექტიული ხარო და ჭკუაში დაუჯდა. კალათბურთი და ქალები ერთნაირად შეუყვარდა. პირველად რომ შეირთო ცოლი, მას მერე აღარ გაჩერებულა. ამასობაში პოპულარულიც გახდა. აგერ უკვე მეექვსედ შეება ქმრის უღელში, თუმცა არაფერს ნანობს. მიუხედავად თავისი ასაკისა, ძალიან მეგობრული და უკომპლექსოა. მისი ცხოვრების დღიურიც ისეთივე გახსნილი და ნაღდია, როგორც თავად.                                         

გოგლი-მოგლი გეგესთვის 

აი, რა სიმაღლეც დღეს მაქვს, საბავშვო ბაღში და სკოლაშიც ასე გამოვირჩეოდი სიმაღლით. მესამე კლასში ვიყავი. მამაჩემი მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს უთხრა, ბავშვის ფეხსაცმელი მინდა 43 ზომაო. გამყიდველმა, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა – ეგონა, აშაყირებდა. არასოდეს გამიკეთებია პიონერის ყელსახვევი – წარმოიდგინეთ, ამ სიმაღლის კაცს რომ გამეკეთებინა ყელსახვევი, როგორი სასაცილო ვიქნებოდი. სხვათა შორის, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე ფსიქოლოგიურად. მაშინ, ხომ იცით, როგორ იყო? პიონერი თუ არ იყავი, კომკავშირში არ მიგიღებდნენ; კომკავშირელი თუ არ ვიყავი, პარტიაში არ მიგიღებდნენ და ასე შემდეგ. ძალიანაც კარგი, რომ მაღალი ვიყავი, მაგან გადამარჩინა და მადლობა უფალს ამისთვის, თორემ, შეიძლება, სულ სხვანაირად წასულიყო ჩემი კარიერა. სკოლაში სხვა მხრივაც გამორჩეული ვიყავი – სიმღერა მიყვარდა და გაკვეთილზე ბიჭებს ჩავითრევდი ხოლმე ხმებში. მასწავლებლები გიჟდებოდნენ. მამაჩემიც გამორჩეული პიროვნება იყო თელავში, ძალიან უყვარდათ. იმასაც გეგე ერქვა. თელავის ქუჩებში რომ გავივლიდი, ზურგსუკან მესმოდა როგორ გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე ერთმანეთს – ეს გეგეს ბიჭია, სულ გოგლი-მოგლზეა გაზრდილიო. სულ ვფიქრობდი, ნეტა რა არის ასეთი ეს გოგლი-მოგლი-მეთქი. კი ვჭამ, მაგრამ, არ ვიცი, რა არის. ცოტა რომ წამოვიზარდე, ვიკითხე და გავიგე, რომ კვერცხი ღირდა 5 კაპიკი და შაქარი – 2 კაპიკი. მაშინ მივხვდი, რომ კახელები იყვნენ ზარმაცები და ათქვეფა ეზარებოდათ. ერთი შვილი რომ ვყავდი მშობლებს, თავს  დამფოფინებდნენ. ზამთარში მამაჩემი დილით ადრე დგებოდა, ჩვენი სახლიდან სკოლამდე დადიოდა და ელექტრობოძებს ფეხს არტყამდა, რომ სადენებიდან თოვლი ჩამოეყარა. ვიფიქრე, მამაჩემმა ხომ არ გააფრინა-მეთქი – ვერ ვხვდებოდი, რატომ აკეთებდა ამას. თურმე, იმიტომ აკეთებდა, ჩემი შვილი რომ გაივლის, ხომ შეიძლება, თოვლმა მავთული გაწყვიტოს და დავიღუპოთო. როგორი უცნაური ხალხი იყო უწინ, არა?! აბა, ამას ვინ მოიფიქრებს დღეს?..

შარო, საიდან მოდიხარო... 

ბავშვობაში ერთ რამეს დავაკვირდი: ყველას მაღალთან უნდოდა ჩხუბი და მიშარდებოდნენ. სხვათა შორის, ვერ მერეოდნენ – სიმაღლე მაძლევდა ამის საშუალებას. ერთი თანაკლასელი მყავდა, რომელიც ავადმყოფურად ვერ იტანდა ჩემს სიმაღლეს. ნათქვამი ჰქონდა, მე და შენ უნდა ვიჩხუბოთო და, ყოველდღე, დიდ დასვენებაზე, აი როგორც დილით იცი, რომ ჩაი უნდა დალიო, ეგრე ვჩხუბობდით, მერე ჩვეულებრივად დავჯდებოდით კლასში, ვითომც არაფერი. წლების განმავლობაში გრძელდებოდა ასე. რომ გავიზარდე, კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი: ქუჩაში მთვრალი კაცი რომ მოდიოდა, სხვას ჩაუვლიდა ჩვეულებრივ და მე მომადგებოდა – შენა, სიმაღლე ხო არ გატყუებსო... ზოგისთვის მომირტყია ერთი კარგად, ზოგისთვის მიკოცნია და დავშორებულვარ. საერთოდ, ძალიან უკომპლექსო კაცი ვარ, მაგრამ, კომპლექსი გამიჩნდა ჩემს სიმაღლესთან დაკავშირებით. მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში რომ მივდიოდით, განსხვავება იმდენად დიდი იყო, სულ ვიხრებოდი მუხლებში, რომ სასაცილოდ არ გამოვჩენილიყავით  ერთმანეთის გვერდით. კინოში არ შევდიოდი, სანამ არ დაიწყებოდა, ან, მივდიოდი და ბოლოში ვჯდებოდი. მაშინ იშვიათობა იყო ჩემი სიმაღლის კაცი და ყველა მე მიყურებდა. დავამთავრე სკოლა და თბილისში წამომიყვანეს კალათბურთის სათამაშოდ. საღამოს სკოლაში ვსწავლობდი, რადგან დღისით ვარჯიში გვქონდა. როგორც წარმატებულმა კალათბურთელმა, იმ წელსვე ჩავაბარე სასოფლოში. სხვა ფაკულტეტი მინდოდა – მეღვინეობა, მაგრამ, აგრონომიულზე შემიყვანეს. მითხრეს – ცოტა ხანს იყავი და მერე შეგიძლია, გადახვიდეო. მერე სხვაგან მოვეწყვე, ბოლოს არც დამიმთავრებია – გამომრიცხეს. 

„სიყვარული ვენახში“

თელავში ვინც ჩამოდიოდა ფილმის გადასაღებად, ვიღაცეები აბარებდნენ: თელავში ერთი კაი კაცია, ჩემი ძმაკაცი გეგე სულხანიშვილი, რამე რომ იყოს, მოგეხმარებაო... და, ისინიც მოდიოდნენ ჩემთან. სასტუმრო სჭირდებოდათ თუ გამორჩეული ადგილების ნახვა, ყველაფერში ვაკვალიანებდი, ზოგი მიცნობდა, ზოგი არა და სულ მთავაზობდნენ ეპიზოდურ როლებს. ერთ-ერთ ეპიზოდში გადამიღეს კიდეც ფილმში „სიყვარული ყველას უნდა” – ფოტოგრაფის როლში. თელავში რომ გავიდა ეს ფილმი, დედაჩემს უთხრეს, შენი შვილი ფილმშია გადაღებულიო და წაიყვანეს სანახავად. სულ ოცი წამით ვჩანვარ ეკრანზე. მოვიდა სახლში და, როგორ მიყურებს, იცით? როგორც დენიროს დედა თავის შვილს – შვილო, მთელი ფილმი გაალამაზეო... რამდენიმე ეპიზოდურ როლში ვარ რაღაც ფილმებში, მაგრამ, ხმას არსად არ ვიღებ. ერთი მხატვარი მეგობარი მყავდა. ერთხელ, სუფრასთან ქალების კამპანიაა და, უცებ, მეუბნება: გეგე, რა ხდება, კაცო, რამდენ ფილმში გნახე და რატომ არასად არ იღებ ხმასო. ძმაკაცია და რაზეა ლაპარაკი, ხომ ვიცი იუმორში მეუბნება,  მაშაყირებს. მე ვუთხარი: შე შობელძაღლო, ჩარლი ჩაპლინი რამდენ ფილმში გყავს ნანახი, გაგიგია, სადმე ხმა ამაეღოს? რაღა მე მთხოვ-მეთქი. გიორგი შენგელაიასთან ახლოს ვარ. დედამისის ნატო ვაჩნაძის ქმარი  და დედაჩემი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. ერთხელ გიორგი მირეკავს და მეუბნება: გეგე, საქართველოში პირველ პორნოფილმს ვიღებ („სიყვარული ვენახში”) და გვერდში უნდა დამიდგეო. ვიფიქრე, ალბათ, მთავარ როლში უნდა გადამიღოს-მეთქი და დავთანხმდი – კი გენაცვალე, რაზეა ლაპარაკი-მეთქი. მაშინ, კვირას 12 საათზე გელოდები დედაჩემის სახლ-მუზეუმთან გურჯაანში, იქ ვიკრიბებითო. ერთი კვირა მარტო არაჟანს ვჭამდი, სხვა არაფერი მიჭამია. როგორ ვარ, იცით? როგორც სამი-ოთხი წლის ბუღა, კორიდაზე რომ გამაუშვებენ და გლეჯს იქაურობას, აი, ისე. ჩავედი, ვხედავ პურმარილია გაშლილი. გიორგიმ რომ დამინახა, გაუხარდა: გეგე, შენ გენაცვალე, მოხვედი? ახლა აქ დაჯექ, პურმარილს გაუძეხი, ერთი სამი დღე პურმარილი არ მოგაკლდება, შენი „ჯიპი“ გვჭირდებაო... „ჯიპი“ გადაიღეს, კაცო! ორ დღეში მამცეს 400 მანეთი. მაგ „ჯიპს“ დავარქვი „სესილია თაყაიშვილი“. მაგდენი ფული სესილიასაც არ აუღია, რაც მე ორ დღეში მამცეს.

გეგეს ცოლები

ოჯახები იმის გამო მენგრეოდა, რომ ლამაზ ქალთან ურთიერთობაზე უარს ვერასოდეს ვამბობდი. ერთხელ მოგითმინა ცოლმა, ორჯერ მოგითმინა... ჩემი მესამე ცოლი იტალიაშია და ახლახან ჩამოსული იყო. საერთო შვილი გვყავს, შვილიშვილები, რა გვაქვს გასაყოფი... მიყურა, მიყურა და მითხრა: რა კარგი ტიპი ხარ, გეგე! მეც კაი ტიპი ვარ, რა, მომეთმინა ეგ შენი ბოზობა, დღეს ხომ ერთად ვიქნებოდითო. ესე იგი, მე კი არ მითხრა საყვედური, თავის თავს უთხრა. ალბათ, მეც ნამეტანი მომივიდა. ბევრი მიფიქრია, უცებ არ მიმიღია ცოლებთან დაშორების გადაწყვეტილება. ჩემი გამოსწორება მაინც არ არსებობს და, იქნებ, ასე ჯობდეს-მეთქი, მით უმეტეს, როცა გრძნობ, რომ ის სიყვარული აღარ არის, რაც იყო.  წამოვსულვარ და წამოვსულვარ. ასე რომ, არც არაფერი მინანია. ჩემი პირველი ქალი ჩემი შვილის დედა იყო, მას შემდეგ ხუთი ცოლი გამოვიცვალე. ახლაც მყავს ცოლი. ასე წავიდა ჩემი ცხოვრება.  თუმცა, მე ვერ ვხედავ ამაში ტრაგედიას. ცოლი რატომ უნდა გყავდეს კაცს ექვსი და შვიდი, მაგრამ, რა ვქნა, მოხდა ასე, თორემ, ქალების მეტი რა მყოლია და, კიდევ, იმ ცოლების პარალელურად მყოლია, როგორც უკვე გითხარით, ოღონდ, საყვარელი არა, ისე ქალებს ვგულისხმობ (ღმერთო, მაპატიე). ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ, მე ასე ვცხოვრობ. 

გეგეს მაია 

თელავში აქლემი მყავდა, ყარაბაღიდან ჩამოვიყვანე, მაია ერქვა. დამყავდა ხან დღეობებზე, ხან საკურორტო ადგილებში, ფოტოებს იღებდნენ ამ აქლემთან. ავაწყვე პატარა ბიზნესი. ერთხელ ვიღაც ამიტყდა, ჩემი ცოლ-შვილი აქლემს კისერზე შეასვი, სურათი მინდა გადავუღოო. უკაცრავად, მაგრამ, მაგ აქლემს სამი ოჯახი ვაზივართ კისერზე და თქვენ ვეღარ გაგიძლებთ-მეთქი. ერთხელაც, კიდევ, ვიღაც მთვრალი ამიხირდა – მაია ჩემს ცოლს ჰქვია და აქლემს როგორ ეძახი ჩემი ქალის სახელსო. მე ვუთხარი: ქალიშვილობაში მაია ერქვა, მაიად დაქალდა და დაბერდა. ახლა მე ამას რიტა ან ნანუკა რომ დავუძახო, ვერაფერს გავაგებინებ, წადი, რა შამეშვი-მეთქი.  

 

скачать dle 11.3