კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე მეტი გოლის ავტორი ფეხბურთის მეკარეებს შორის

 

მსოფლიო ფეხბურთში გოლკიპერის მიერ გატანილი გოლი მუდამ საინტერესოა, რადგან მიჩნეულია, რომ კარის დარაჯებს ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ, გოლი გაიტანონ – ისიც, თუ პენალტის ნიშნულიდან ან იშვიათ შემთხვევაში, საჯარიმოდან მოახერხებენ მეტოქე გუნდის დამწუხრებას. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთა ანგარიშზე თამაშიდან გატანილი გოლებია. ნიჭიერ გოლეადორთა ყველაზე შედეგიან ათ გოლკიპერს გაგაცნობთ.

როჟერიუ სენი  (ბრაზილია) – 104 გოლი

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი, ბრაზილიელი როჟერიუ სენი მსოფლიოში ყველაზე შედეგიანი მეკარეა. მის ანგარიშზე 104 გოლია. 39 წლის „სან პაულოს” კარის დარაჯი დღემდე ნომერ პირველ მეკარედ ითვლება თავის კლუბში და შესაძლოა, ამ მასალის მომზადებისას, მისი გოლების ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდოს. ერთადერთი, რაზეც სენის გული სწყდება, არის ის, რომ ვერ მოახერხა გოლის გატანა ეროვნული ნაკრების მაისურით. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სენი რომარიოს, ბებეტოს, რონალდოსა და რივალდოს პერიოდში ასპარეზობდა „სელესაოში”, ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ პენალტის შესრულება სენის ანდოს. 

ხოსე ლუის ჩილავერტი (პარაგვაი) – 67 გოლი

პარაგვაელი მეკარე მეოცე საუკუნის საუკეთესო მეკარეების რეიტინგში მეექვსე ადგილზე გავიდა. კარიერის განმავლობაში ჩილავერტმა 620 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 67 გოლი გაიტანა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩილავერტს 8 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, ის უნიკალური რეკორდის ავტორია: ჩილავერტი ერთადერთი მეკარეა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 3 გოლი გაიტანა. 

რენე იგიტა (კოლუმბია) – 43 გოლი

ყველაზე შეშლილი გოლკიპერი პლანეტაზე და ყველაზე საოცარი ილეთის გამომგონებელი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში „მორიელის დარტყმით” შევიდა – კოლუმბიელი რენე იგიტა ფეხბურთის ყველაზე კოლორიტული და ექსტრავაგანტური პერსონაჟია, რომელმაც არასაფეხბურთო ამბებითაც გაითქვა სახელი. 1991 წელს მან პირადად მოინახულა თავისი მეგობარი, ნარკობარონი პაბლო ესკობარი ციხეში, რომელსაც ბრალად ედებოდა ადამიანის გატაცება და 2004 წელს კოკაინის მოხმარება. იგიტას ანგარიშზე 43 გოლია და მათი უმრავლესობა მან კარიდან გამოსვლისას, თამაშის დროს გაიტანა. იგიტა ნაკრებში 1999 წლიდან აღარ თამაშობდა, ხოლო საკლუბო დონეზე 44 წლის ასაკამდე თამაშობდა და კარიერა 2010-ში დაასრულა.

დიმიტარ ივანკოვი (ბულგარეთი) – 43 გოლი

ბულგარელი დიმიტარ ივანკოვის ანგარიშზე 43 გოლია და ყველა მათგანი მან 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა. ივანკოვი თურქული „ბურსასპორის” რიგებში ასპარეზობს და შესაძლოა, საკუთარი გოლების რაოდენობა კიდევ გაზარდოს. ივანკოვის აქტივში 64 მატჩია ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობაში, თუმცა ნაკრების მაისურით მას გოლი არ გაუტანია.

ხორხე კამპოსი (მექსიკა) – 39 გოლი

ლათინურ-ამერიკული ფეხბურთის სკოლის მიერ აღზრდილი ხორხე კამპოსი საფეხბურთო სამყაროს აკრობატული ნახტომებით, საჯარიმოს გარეთ თამაშით და ფერადი მაისურებით დაამახსოვრდა, რომელთა დიზაინიც თავად ეკუთვნოდა. მექსიკის ნაკრების ექსგოლკიპერი ბომბარდირის ნიჭითაც გამოირჩეოდა და რამდენიმე მატჩი საკუთარ კლუბებში თავდამსხმელის ადგილზე დაუწყია. კამპოსმა 130 მატჩი ჩაატარა მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში და კარიერა 2004 წელს დაასრულა. 

ალვარო ალფარო (სალვადორი) – 39 გოლი

სალვადორელმა ალვარო ალფარომ კარიერა 2010 წელს 39 წლის ასაკში დაასრულა. მთელი კარიერა მან სამშობლოში გაატარა და სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში 39 გოლის გატანა მოახერხა. 2006 წლამდე ალფარო სალვადორის ნაკრების მთავარ მეკარედ ითვლებოდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის დასრულება მას გულზე არსებული პრობლემების გამო მოუხდა. კამპოსის მსგავსად, ეროვნულ ნაკრებში არც ალვარო ალფაროს აქვს გატანილი გოლი.

ჯონი ვეგასი (პერუ) – 39 გოლი

პერუელი ჯონი ვეგასის მიერ გატანილი 39 გოლიდან, მხოლოდ 9 გაიტანა პენალტის ნიშნულიდან, დანარჩენი – თამაშისას. ჯონი 39 წლისაა, თუმცა კარიერას აგრძელებს და შესაძლოა, ახლო მომავალში ხორხე კამპოსისა და ალვარო ალფაროს შედეგი გააუმჯობესოს და რეიტინგში წინ წაიწიოს. სხვათა შორის, ბომბარდირული თვისებების მიუხედავად, ჯონი ვეგასი პერუს ნაკრებში იშვიათად თამაშობდა და სულ 3 მატჩი დაუგროვდა, ისიც 1999-2000 წლებში.

ჰანს-იორგ ბუტი (გერმანია) – 33 გოლი

ყველაზე ცნობილმა ევროპელმა გოლეადორმა გერმანელმა მეკარემ ჰანს-იორგ ბუტმა ოფიციალურად კარიერა 2012 წელს დაასრულა. ის არის 2002 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი და 2010 წლის მუნდიალის მესამე ადგილის მფლობელი. კარიერის განმავლობაში ბუტს რამდენიმე ათეული გოლი აქვს გატანილი, უმეტესობა 11-მეტრიანი დარტყმით, მათ შორის კი უნიკალური რეკორდის ავტორიცაა. ბუტს სამი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში აქვს გატანილი გოლი „იუვენტუსის” კარში და სამივე გოლი „ჩემპიონთა ლიგის” გათამაშებისას გავიდა. საგულისხმოა, რომ მეკარე ბუტი 1999-2000 წლების სეზონში „ჰამბურგის” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი იყო 9 გატანილი გოლით.

ბორის რაზინსკი (საბჭოთა კავშირი) – 29 გოლი

საბჭოელი ფეხბურთელი ბორის რაზინსკი – 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ცნობილი იყო, როგორც მეკარე-გოლეადორი. კარიერის განმავლობაში რაზინსკიმ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში 29 გოლის გატანა მოახერხა, უმეტესობა ლიპეცკის „მეტალურგის” მაისურით. არსებობს მოსაზრება, რომ რაზინსკი ერთი პერიოდი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა და გოლების უმეტესობა იმ დროს გაიტანა. თუმცა, ამ ფაქტის დადასტურება ვერ ხერხდება, რადგან 50-იან წლებში მოთამაშე რაზინსკის შესახებ, მხოლოდ მშრალი ფაქტები არსებობდა.

დრაგან პანტელიჩი (იუგოსლავია) – 26 გოლი

წარმოშობით სერბი დრაგან პანტელიჩი 80-იან წლებში ასპარეზობდა და სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში, 26 გოლია მის ანგარიშზე, მათ შორის, ორი იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში, 1982 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში გაიტანა. პანტელიჩი კლუბ „რადნიჩკის” საშტატო პენალტისტი იყო და მას ასევე, ორჯერ მოუხდა პენალტის დარტყმა ფრანგულ „ბორდოში” თამაშისას. სათამაშო კარიერა პანტელიჩმა 34 წლის ასაკში, 1985 წელს, იუგოსლავიაში დაასრულა.

ბომბარდირული თვისებები არა, მაგრამ გოლის გატანის ალღო, არაერთ ცნობილ გოლკიპერს ჰქონია, რომელთა შორის აღნიშვნის ღირსია ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი მეკარეები: ოლივერ კანი, პიტერ შმაიხელი, ანდრეი დიკანი, სტიპე პლეტიკოშა, მარკ ბოსნიჩი, იენს ლემანი, პოლ რობინსონი, დანიელ არანსუბია, ბრედ ფრიდელი, ბრიუს გრობელაარი, ტიმ ჰოვარდი, პატრიკ ჯენინგსი, ფერნანდო მუსლერა, ედვინ ვან დერ საარი და ვინსენტ ენიაემა. 

 

скачать dle 11.3