როდის შეუძლიათ ქრისტიანებს უფლის მიერ მათთვის მინიჭებული მადლის სხვებისთვის განაწილება და რა შემთხვევაში ხდებიან ადამიანები უმადურები
ადამიანებს უფლის მადლი სულიწმიდის მეშვეობით ენიჭებათ. მადლის მიღება ყველა მორწმუნე ქრისტიანს სურს, რადგან ეს მას ცხოვრების გამარტივებაში, გაძლიერებაში, ვნებებთან ბრძოლაში ეხმარება. მაგრამ, მადლის მიღება ძალიან რთულია, რადგან ის მხოლოდ იმ ადამიანების გულში დაევანება, რომლებიც განეშორებიან ბოროტებას, ვნებებს, ცოდვებს და მთელი გულით შეიყვარებენ უფალს. ადამიანები მადლს განსაკუთრებით მარხვაში უახლოვდებიან ან შორდებიან. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან‚ „დაღვარე სისხლი და მიიღე მადლი“, ამიტომაც, მადლის მოსახვეჭად დიდი შრომაა საჭირო. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი).
– მადლის მისაღებად ადამიანები, განსაკუთრებით, როდესაც ისინი განსაცდელებში არიან, ხშირად მიაშურებენ ხოლმე ეკლესიას, უფლის სახლს, სადაც უდიდეს სიმშვიდეს ჰპოვებენ. თუნდაც ყველაზე ურწმუნოც კი, საოცარ შვებას გრძნობს ტაძარში, რადგან იქ ყოველთვის უხილავად ტრიალებს უფლის მადლი. რაც მთავარია‚ მადლის ზემოქმედება ადამიანს მთლიანად ცვლის, ამ დროს ის იძენს ყველაზე მთავარს – სიმდაბლეს. უფრო მეტიც, ღვთის მადლი ადამიანებს არა მხოლოდ შინაგან ბუნებაზე ემჩნევათ, არამედ, ისინი გარეგნულადაც იცვლებიან, განსაკუთრებით კი იცვლება მათი თვალები, რადგან თვალები სულის სარკეა და, ღვთიური მადლი‚ უპირველეს ყოვლისა‚ ადამიანის თვალებში ჩანს. მადლიანი ადამიანები სხვებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ‚ რაც უფრო მეტს გასცემენ, რაც უფრო მეტ სიკეთეს სჩადიან, მით უფრო მაღლდებიან და მათ მადლიანობას არაფერი აკლდება. მადლს უფალი საეკლესიო სიწმიდეებსაც ანიჭებს და, ამიტომაც არის, რომ ხშირად წმიდა ნაწილებზე, ჯვრებზე, ხატებზე შეხებისას მრავალი სასწაული აღესრულება. ასეთ დროსაც გადადის მადლი ადამიანებზე. ასევე‚ არსებობს მადლიანი ადგილები, სადაც წმიდა ადამიანები მოღვაწეობენ და უფლის დახმარებით სასწაულებსაც აღასრულებენ.
– არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ, სადაც დიდი მადლია, იქ უფრო მეტი საცდური იჩენს თავს, უფრო მეტად ებრძვის ბოროტი ძალა ადამიანს.
– სადაც უფლის მადლია, იქ მოკვდავებს მრავალი საცდური ეღობებათ გზაზე, რადგან, ბოროტი ძალა ჩასაფრებულია, მას არ სურს ადამიანების განწმენდა, მათი გადარჩენა და ყველა ღონეს ხმარობს, რათა ისინი ღვთაებრივ მადლს განაშოროს.
– ხშირად სწორედ მარხვის დროს კარგავენ ადამიანები უფლის მადლს, ცვივდებიან სხვადასხვა ცოდვაში, განსაკუთრებით კი – გემოთმოყვარეობის ცოდვაში, რასაც უხვად გავრცელებული‚ ეგრეთ წოდებული სამარხვო კერძებიც უწყობს ხელს.
– მართალია, დღეს ბოროტი ძალა ადამიანს ძალიან ბევრი იარაღით ებრძვის და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ნაყროვანებაა. სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანი, ეკლესიის მრევლი, არა მხოლოდ ხსნილში, მარხვაშიც ვარდება ნაყროვანების ცოდვაში – ისინი ზომაზე მეტს იღებენ სამარხვო თუ სახსნილო საკვებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ადამიანი ღმერთმა შექმნა და მას შთაბერა უკვდავი სული. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ შევდგებით ხორცისა და სულისგან და, როგორც ხორცს სჭირდება მიწიერი ჭუჭყისგან გაწმენდა, ასევე სჭირდება სულს განწმენდა და გასუფთავება. ხორცის გაწმენდა ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაცვით არის შესაძლებელი, მაგრამ, როდესაც ადამიანის სული ბინძურდება სხვადასხვა ფიქრით, ვნებით, ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებით, მას სჭირდება სულიერი განწმენდა, ფერისცვალება. ამისთვის კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მარხვის შენახვა, ნაყროვანებასა და გემოთმოყვარეობაზე უარის თქმა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიზრდება ადამიანი სულიერად და გაძლიერდება. მარხვის არსი და დანიშნულება არ არის მხოლოდ ის, რომ ადამიანმა სხვადასხვა საკვებზე თქვას უარი. მარხვის არსი და დანიშნულებაა, ადამიანმა მისი დაცვით, ზოგიერთ კერძზე უარის თქმით, გამოიმუშაოს ვნებებთან ბრძოლის სულიერი იმუნიტეტი, ნიჭი და უნარი. მარხვა იმისთვის არსებობს, რომ საკუთარ თავს გარკვეული აკრძალვები დავუწესოთ, რათა სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლის, წინააღმდეგობის გაწევის უნარი გვქონდეს. ჯობია, იმაზე, რაც ერთხელ და სამუდამოდ იკრძალება, სამუდამოდ ვთქვათ უარი. როდესაც მივირთმევთ ისეთ კერძებს, რომლებიც მარხვაში (თუნდაც შობის მარხვაში) აკრძალულია, სწორედ ამიტომ ვცვივდებით ნაყროვანების ცოდვაში. თუ ადამიანი ყველანაირ კერძს მიირთმევს, ის, შეიძლება, სამარხვოც იყოს, მაგრამ, ვეღარ აცნობიერებს, მარხვაზეა თუ არა. აკრძალვის ფორმები ძალიან შესუსტდა და ადამიანები ძალიან ბევრ არასამარხვო კერძს მიირთმევენ. ჯობია, მარხვა იყოს ღირსეული, სრულყოფილი, რამეთუ, ვერც უფალს მოვატყუებთ და ვერც საკუთარ თავს. რაც მთავარია, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მარხვაშიც და ხსნილშიც, გვმართებს საკვების ზომიერად მიღება.
– ადამიანები ხშირად უფლის და, ზოგადად, სხვათა მიმართაც განიცდიან უმადურების გრძნობას; ვერ ხედავენ, როგორც ღმერთის, ასევე, სხვა ადამიანების მიერ მათ მიმართ ჩადენილ სიკეთეს.
– უმადურება უდიდესი ცოდვაა, ანუ, ეს არის სხვისი მადლიანი საქმის მიღება მადლიერების გარეშე. ყოველი ადამიანი ვალდებულია‚ მადლიერი იყოს უფლისა და მოყვასის, თუნდაც პატარა სიკეთის მიღების დროს. წმიდა მამები უფალს მადლობას მაშინაც სწირავდნენ, როდესაც მათ განსაცდელი შეხვდებოდათ და მის ღირსეულად გადატანას ისევ ღმერთს სთხოვდნენ. წმიდა მამები გვასწავლიდნენ: ვინც ჰმადლობს უფალს, მას მეტი სიკეთე ეძლევა; ხოლო, ვინც არ ჰმადლობს, რასაც ფლობს‚ ისიც წაერთმევა. ღვთაებრივი მადლი ადამიანში შედის ლოცვის დროსაც. როდესაც ქრისტიანი ლოცულობს, ის ღმერთს ესაუბრება და უფლის მადლი მის აზროვნებას ანათლებს; ის სულიერად მაღლდება და მრავალ კითხვაზე პოულობს პასუხს. ნაყროვანების ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი კი აღარ ფიქრობს სულიერ მხარეზე, მას ლოცვის განწყობა ეკარგება, და თუ ახერხებს ლოცვას, მისი ლოცვა ამ დროს მექანიკურია. როდესაც ადამიანი ბევრს ჭამს, ის ადამიანურ სახესაც კარგავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი და განურჩეველი საკვები ადამიანის ორგანიზმს ძალიან ვნებს. მარხვის დანიშნულება არ არის მხოლოდ სულიერი განწმენდა, მისი სწორად შენახვა ადამიანის ორგანიზმსაც წმენდს და მის სულიერ განწყობასაც ამაღლებს. ცოდვა ჩვენს აზროვნებას უმადლოს ხდის, ამიტომაც არის, რომ ცოდვილი ადამიანები დამძიმებულები არიან: ამპარტავნებით, შურით, მრუშებით, მემთვრალეობით, ნაყროვანებით, ბოროტებით. მათ ამ დროს უფლის მადლი ტოვებს და ისინი ეშმაკის ანაბარა რჩებიან. ღვთაებრივი მადლი ბოროტთან ბრძოლაში უბადლო იარაღია, ის გვიცავს და გვაძლიერებს, თუმცა, არის შემთხვევები‚ როდესაც ქრისტიანი ეკლესიაში დადის, ლოცულობს, თავს მადლიან ადამიანად მიიჩნევს და ამის გამო ხიბლში ვარდება. მადლიანი ადამიანი არასდროს არის ამპარტავანი; მადლის შეცნობა სიმდაბლით არის შესაძლებელი, ხოლო მადლის არქონა – უმადურობით. ხიბლში ჩავარდნილებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ისინი ღმერთმა გამოარჩია, მადლი მიჰმადლა, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ხშირად სასწაულების ხილვის ღირსიც ხდებიან. ამ დროს ყველაზე დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან, ცრუ სასწაულების ხილვის მოწყურებულებს, ღვთაებრივ მადლთან საერთო არაფერი აქვთ. უმადლო ადამიანი მუდმივად მრისხანებს, ჩხუბობს, წუწუნებს, სიმშვიდეს კარგავს, ან‚ სულაც‚ პასიურია და სასოწარკვეთილებაში ვარდება, ნერვიული და აპათიური ხდება, კარგავს უფლის რწმენას და ცოდვის ჭაობში ეფლობა. როგორც წმიდა ტიხონ ზადონელი ამბობს: „მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე – მიწისთვის, ის გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს“. სულიწმიდის მადლით გაბრწყინებულ ადამიანებს თავიანთი მადლის სხვისთვის განაწილებაც შეუძლიათ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით: „მადლი ეძლევა არა იმას, ვინც ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც სიკეთით ცხოვრობს“.