რა ფობიები გაუჩნდა შვილის გაჩენის შემდეგ მაკა ცინცაძეს და რაზე ვერ თანხმდება ის მეუღლესთან
ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციოს წამყვანი მაკა ცინცაძე ცოტა ხნის წინ გახდა დედა. თუმცა, ეს მის სამუშაო გრაფიკს და ეთერში მის ვიზუალს საერთოდ არ ეტყობა. ლამაზი, ქერა და თან, ინტელექტუალი მაკა დროს ყველაფრისთვის პოულობს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, წარმატებული კარიერის, ოჯახისა და შვილის ერთმანეთთან შეთავსება შესაძლებელია, მაგრამ სრულყოფილად ეს შეუძლებელი.
– როგორ გრძნობ თავს ახალ საქართველოში?
– არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმში ვარ და შეფასებებისგან თავს ვიკავებ. არ მინდა, ნაადრევი დასკვნები გამოვიტანო. შედეგებს ველოდები და იმის მიხედვით ვილაპარაკოთ. ჩემთვის პირადად, რაღაცეები მაინც შეიცვალა, უპირველესად, საქმე მომემატა. ჯერ მარტო ამდენი დაჭერებია, ამდენი რამ შეიცვალა, უამრავი მნიშვნელოვანი ნიუსი ხდება დღის განმავლობაში. საქმეც მოგვემატა, მაგრამ თან, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა.
– მგონი, უფრო ერთფეროვანია. მთელი საინფორმაციოს განმავლობაში ეთერში ან შენ ჩანხარ ან სასამართლოს ჭიშკარი...
– კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიცია, პროკურატურა, დაჭერა, ახალი საქმე, ძველის ამოქექვა... სულ ამ ამბავში ვართ.
– სახლში რამდენად მიგყვება ეს განწყობა?
– განწყობა ნაკლებად. ერთადერთი, რაც სამსახურიდან მიმყვება ეს დაღლილობაა. თუმცა, სახლში გამყვა პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შედეგად მიღებული შოკი და მეორე – პატარა ბარბარეს ისტორია, რომელმაც საერთოდ გადამრია, უმძიმესი გადასატანი იყო. ალბათ წამყვანი რომ არ ვყოფილიყავი, ამ კადრებს ვერაფრით ვუყურებდი. ეთერში რომ ვიჯექი, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ოღონდ ახლა არ ვიტირო, ოღონდ ახლა არ ვიტირო-მეთქი. საშინელი პერიოდი იყო. სხვა დღეებში სახლში მხოლოდ დაღლა და სიბრაზე მომყვება იმის გამო, რომ ყოველ წუთს ჩემს შვილთან, კესოსთან ვერ ვატარებ.
– რამდენი წლისაა?
– წლის და ოთხი თვის და ვგრძნობ, როგორ ვჭირდები. ყველა დედამ იცის, შენც მათ შორის, თუ რას ნიშნავს პატარა შვილის სახლში დატოვება. ძალიან მიჭირს, სულ მასთან მინდა ყოფნა. არ მინდა, მისი ცხოვრების სულ პატარა დეტალიც კი გამოვტოვო და ვერ ვნახო. ამაზე ძვირფასი, საყვარელი, დიდი და მნიშვნელოვანი ხომ საერთოდ არაფერია დედამიწაზე. დედობა სხვა ფენომენია. პირველი არ ვარ, ვინც ამას ამბობს და არც ახალია, თუ ვიტყვი, რომ ეს არის არსება, რომელთანაც ყველაზე დიდი ემოცია გაკავშირებს. კესო რომ გაჩნდა, ვამბობდი, რომ ახლა მივხვდი, თურმე არასდროს არავინ მყვარებია-მეთქი. ეს შეგრძნება გაჩენის წუთიდან კი არა, სანამ გაჩნდებოდა, მანამდეც მქონდა. სულ მასზე ზრუნვა მინდოდა, რამე არ მოაკლდეს, ყველაფერი სწორად გავაკეთო-მეთქი. ბებიაჩემს ვგავარ ამ ამბავში. ფეთიანობა დამეწყო ეგრევე. ღამეები არ მეძინა სამშობიაროში იმის შიშით, რამე არ გამომეპაროს, რაღაც ისე რომ არ იყოს-მეთქი. პირველი სამი თვე არ მძინებია ფობიების გამო – ბავშვს არ დავაწვე, რომ ამოაღებინოს და ვერ გავიგო... ათას რაღაცაზე ვფიქრობდი.
– ეს მგონი, პოსტსამშობიარო დეპრესიას უფრო ჰგავს.
– კი, მქონდა. ოღონდ მდგომარეობიდან რომ გამოვედი, მერე მივხვდი, რომ მჭირდა, თორემ იმ წუთში ვერ ვაცნობიერებდი, ეს ყველაფერი ნორმა მეგონა. აჩემებული მყავდა, მის მიმართ მესაკუთრე გავხდი, არ მსიამოვნებდა, თუ ვინმე ზედმეტად ხელში აიყვანდა, უჩემოდ რამეს გაუკეთებდა. ცოტა ვაფრენდი, მგონი, ახლა რომ ვფიქრობ (იცინის). თან, საშინლად დაღლილი ვიყავი, მაგრამ თუ ვინმე გამომართმევდა, ისტერიკაში ვვარდებოდი.
– ლაპარაკი დაიწყო?
– რაღაც სიტყვებს ამბობს, მაგრამ ლაპარაკი ჯერ არ დაუწყია. ახლა მოვედი, მძინარეს ვკოცნი. ორი დღეა, ისე მივდივარ და მოვდივარ, მხოლოდ მძინარეს ვხედავ და უკვე გავაფრინე.
– მამა რამდენად იყო ამ ყველაფერში ჩართული?
– ძალიან მეხმარებოდა და მეხმარება. პირველი სამი თვე, რომელიც განსაკუთრებით რთულია, მაშინ ქმრის დახმარება ყველაზე მეტად გჭირდება და ნოდოც სულ ჩემ გვერდით იყო. ზუსტად ისე უვლიდა როგორც მე – ათენებდა. მადლობის მეტი რა მეთქმის.
– ქართველი ქალები ამას სამადლობელად აღვიქვამთ და არა ვალდებულებად, არა?
– (იცინის) ასეა, მენტალობა თავისას შვრება.
– მეორეზე ფიქრობთ?
– ჯერ არა. პირველზე საკმაოდ დიდხანს, ოთხი წელი ვიფიქრეთ. მეორეზე იმედია, ამდენი დრო არ დაგვჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით გეგმაში არ არის. მე არ ვფიქრობ ისე, რომ მთავარია გაჩნდეს და მერე გაიზრდება. მაქსიმუმი უნდა მივცე, სხვანაირად არ შემიძლია.
– კარიერა თუ უფრო მაინც დედა ხარ?
– ამ ეტაპზე – დედა. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ კარიერისტზე ბევრად უფრო დედა ვარ და რაღაც-რაღაც შემთხვევებმა ამაში დამარწმუნა. უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, დრო კესოსთან გავატარო, ვიდრე მაქსიმალურად დავიტვირთო სამსახურში და წინსვლაზე ვიფიქრო. ამ ეტაპზე ასეა. შეიძლება ამან გაიაროს, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, ყოველი წამი ბავშვთან გავატარო. ყველაფერს შემიძლია, მოვაკლო დრო მის გარდა. სულ ვიმეორებ, არ მესმის ქალების, რომლებიც ამბობენ, ყველაფერს ვასწრებო – მივხედო ბავშვს, გავვარდე სამსახურში, გავამზადო სადილი, იქ სარეცხი, დალაგება, დაუთოება... ეს ნიშნავს, რომ ვერაფერს ასწრებ. სამსახურში ტელეფონს ვერ ვპასუხობ და სადილად ვერ გავდივარ, ისეთი რეჟიმი გვაქვს. კი არ ვწუწუნებ, მე ავირჩიე ეს საქმე და ძალიან მიყვარს. რაღაც ეტაპზე ეს დაძაბულობაც მომწონს, თავისი აზარტი და ადრენალინი აქვს. მშვიდ სამსახურში, ალბათ, ვერც ვიმუშავებდი, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერს ათიანზე ვერ ვასწრებ, ტყუილი იქნება ამის თქმა.
– შენი სიყვარულის ისტორია არ მოგიყოლია „თბილისელებში”.
– ძალიან დიდი ხნის წინ იყო ეს ამბები, თვრამეტი წლის ვიყავი. მეგობართან გავიცანი და დიდხანს ვმეგობრობდით. როგორც მერე მითხრა, თავიდანვე ყოფილა რაღაც ფლუიდები, რომელსაც მე ვერ ვგრძნობდი. რამდენიმე წელი ვმეგობრობდით და ბოლოს მითხრა, მთლად ასე მეგობრებიც არ ვართო.
– ასკეტური მოთმინება ჰქონია.
– მართალია. ასე ოლიმპიური სიმშვიდით ელოდებოდა მომენტს, სანამ ჩვენი მეგობრობა უფრო სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზარდა. მერე კიდევ დიდხანს დავდიოდით და ბოლოს გადავწყვიტეთ დაქორწინება.
– ამდენი წლის მერე როგორია თქვენი ურთიერთობა? რაღაცეები რუტინად არ იქცა?
– ისევ ისეთი და ეს არ არის სტანდარტული პასუხი. გულწრფელად ვამბობ. რუტინული ვერ გახდება, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ერთმანეთს მხოლოდ ღამე ვხვდებით და სულ მენატრება. მგონი, კიდევ შეყვარებულები ვართ და ვერ ვხვდებით (იცინის). სხვათა შორის, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობა, სიყვარული, ქორწინებას არ გაეფუჭებინა. მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი გაუფერულდებოდა, ბანალური და უღიმღამო გახდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, შევცდი. ქორწინებამ მხოლოდ ის შეცვალა, რომ კესო გვყავს. რომ გითხრა, ამაზე ვფიქრობთ და ვშრომობთ-მეთქი, მოგატყუებ, თავისთავად აეწყო. არ ვართ ეჭვიანები, არ ვძაბავთ ერთმანეთს, რაღაცეებზე არ ვწვრილმანდებით... ბუნებრივია, ერთმანეთის დანახვაზე მუხლი არ გვეკვეთება და ხელები არ გვიკანკალებს, მაგრამ რომანტიკაც და ემოციებიც საკმარისად დარჩა. ერთმანეთის საქმეს პატივს ვცემთ და ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს – დაწყებული გართობით გემოვნებით დამთავრებული. აბსოლუტური თანხვედრაა თითქმის ყველა საკითხში. მარტო მანქანებსა და ფეხბურთზე ვერ ვთანხმდებით. არ მიყვარს ფეხბურთი და მანქანებში ვერ ვერკვევი ისე, როგორც მას უნდა (იცინის). აჟიტირებული რომ მიყვება რაღაცას, მე კი უემოციოდ ვუყურებ, ამაზე გიჟდება. არცთუ ისე ცუდი მძღოლი ვარ და ვიცი, სარკე მხოლოდ პომადის წასასმელად არ არის. მაგრამ, მანქანის შიგნით რა ხდება, არ ვიცი და არ მაინტერესებს, რა ვქნა?! (იცინის).