როგორ მიაგნო პოლონელმა გრაფმა ასაფეთქებლად მომართულ ელექტროსაპარსს და სად შეხვდა მამამისი სტალინს
გასულ კვირას, თბილისს რამდენიმე დღით ბელორუსიის და კანადის მოქალაქე, პოლონელი გრაფი ალექსანდრ პრუშინსკი ესტუმრა. ის პროფესიით ეკონომისტია, რამდენიმე წლის წინ ბელორუსიის პრეზიდენტობასაც გეგმავდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, იმ ბარიერების წყალობით, რაც მას მოუწყვეს, იძულებული გახდა, საკუთარ პოლიტიკურ მიზნებზე თავად ეთქვა უარი.
ალექსანდრ პრუშინსკი: პროფესიით ეკონომისტი ვარ, ძალიან დიდხანს ვიმუშავე ამ სფეროში. ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ როგორც პოლონეთში, ასევე დასავლეთ ბელორუსიაში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ეროვნებით პოლონელი ვარ, ბელორუსიაში ყველა დიდგვაროვანი და თავადი პოლონური წარმოშობის იყო. მე გრაფის წოდება მაქვს. ეს წოდება წინაპრებისგან მემკვიდრეობით მერგო. ეს მე პრივილეგიებს არ მაკუთვნებს, ეს უფრო მოვალეობა და მორალური დივიდენდია. ბელორუსიაში, პოლონეთის საზღვრიდან ოც კილომეტრში, დღემდე არსებობს ჩვენი დიდი სასახლე, რომელიც თვრამეტი საძინებლისგან შედგება. დღეს ამ სასახლეში მეურნეობის დირექციაა განთავსებული. ამ რეჟიმში სამართლებრივ ბრძოლას აზრი არ აქვს, რომ სასახლის ნაწილი მაინც დამიბრუნონ. ეს ჩემი მემკვიდრეობაა, ბოლშევიკებმა წაიღეს ჩვენგან, რევოლუციის შემდეგ და ყველაფერი დაიკარგა. ეს სასახლე ახლა პოლონეთის ტერიტორიაზე რომ ყოფილიყო, პრობლემა ხომ არ მექნებოდა? გროდნოს ოლქი, სადაც მე დავიბადე მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთს ეკუთვნოდა. როცა რუსები შემოვიდნენ, მე პატარა ვიყავი, ომის სირთულეები არ მახსოვს. მახსოვს მამა, რომელიც დიპლომატი იყო, კრემლში პოლონეთის საელჩოში მუშაობდა. სტალინთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, მას სტალინი პერსონალურად გაესაუბრა. მამას მან წითელი თავადი უწოდა. ყოველწლიურად, ხუთ თვეში ერთხელ, მივდივარ ამერიკასა და კანადაში. უკვე დიდი ხანია, კანადის მოქალაქე ვარ. 20 წელი ვიცხოვრე კანადაში, იქ ცხოვრობენ ჩემი უფროსი შვილები. ეს ქვეყანა ისეთ პენსიას მიხდის, მის დაკარგვას არ ვაპირებ. ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება, მამაჩემის დამსახურებაა. ის, როგორც უკვე გითხარით, დიპლომატი იყო, გაეროში დიდხანს მუშაობდა, რის გამოც ამერიკაშიც ვცხოვრობდი და ჰოლანდიაშიც. მამას ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ის ჯერ იყო ჟურნალისტი, შემდეგ მწერალი და ამის მერე წავიდა ჯარში. 1940 წელს ნორვეგიაში მსახურობდა როგორც პოლონელი ოფიცერი. ბოლოს მისი კარიერა დიპლომატიაში გაგრძელდა. საგამომცემლო საქმიანობას მეც ვეწეოდი, როცა ვცხოვრობდი კანადაში. 90-იან წლებში გადავწყვიტე, სამშობლოში დაბრუნება. იმ პერიოდში პოლონეთში ტორონტოდან დაბრუნდა ის, ვინც პრეზიდენტის პოსტზე არჩევნები მოიგო. მე ვფიქრობდი, თუ ეს მან შეძლო, რატომ ვერ უნდა შევძლო მე? 1992 წელს დავბრუნდი ბელორუსიაში, გადაწყვეტილი მქონდა, მონაწილეობა მიმეღო საპრეზიდენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერით. მაგრამ, ძალიან ბევრი ბარიერი შემიქმნეს, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. უპირველესად, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, იმის გამო, რომ არ მქონდა ბელორუსიაში ცხოვრების ათწლიანი პერიოდი, არ შემეძლო საკუთარი კანდიდატურის დარეგისტრირება. ამას ისიც დაემატა, რომ რამდენიმე დღით დამაკავეს პარტიის საბუთების დაურეგისტრირებლობისთვის, რათა საბოლოოდ ჩამოვშორებოდი პრეზიდენტის არჩევნებს. მერე მოვიდა ლუკაშენკო და დაიწყო რეჟიმი, რომელსაც ლამის ჩემი სიცოცხლე შეეწირა – ერთ დღეს საფოსტო ყუთში დამხვდა ელექტროსაპარსი, რომელიც დისტანციური მართვის პულტით იყო დაკავშირებული დეტონატორთან. საგამოძიებო სამსახურებმა ელექტროსაპარსი წაიღო როგორც ნივთმტკიცება. თუმცა, ამას გამოძიება არ მოჰყოლია. ეს ფაქტი ჩემს დასაშინებლად იყო მოწყობილი, რომ ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე ხელი ამეღო.
– როდის ჩამოშორდით პოლიტიკურ პროცესებს და რას საქმიანობთ დღეს?
– პოლიტიკურ პროცესებს სხვადასხვა ბარიერის შექმნით, ნელ-ნელა ჩამომაშორეს. მერე პარტიასაც გაუჩნდა პრობლემები, თუმცა როგორც პოლონეთის პოლიტიკურ წრეებში, ასევე ბელორუსიის პოლიტიკაშიც, მყავს მეგობრები და მოკავშირეები. ბელორუსიის პარლამენტში კენჭისყრა შეუძლებელია, ლუკაშენკო თვითონ „ნიშნავს” ყველას. იქაური პარლამენტი არალეგიტიმურია. ჩვენი კანონმდებლობით, პარლამენტი ლეგიტიმურად ითვლება, თუ არჩევნებზე მოსახლეობის 50 პროცენტი მივა. ჩვენთან არჩევნებზე კი 20 პროცენტზე მეტი არ მისულა. ლუკაშენკო კერძო სექტორსაც კი თვითონ განაგებს. ბოლო რამდენიმე წელია, ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა. ჩემი ცოლი და შვილი ცხოვრობენ ვარშავაში. 68 წლის ვიყავი, როცა ჩემი ცოლი დაორსულდა. იქამდე სამი ცოლი მყავდა. ყველა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ახლა 78 წლის ვარ, მაგრამ ეს არ მეტყობა. ცხოვრების აქტიური რეჟიმი მაქვს, ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, დავდივარ უცხოეთის ქვეყნებში, ვმოგზაურობ. საქართველოს შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით მოვიძიე, იმდენ რამეს ყვებიან ევროპაში თქვენს ქვეყანაზე, რომ აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე. აღმოსავლეთით, ასე შორს ჯერ არსად ვყოფილვარ. ერთ კვირაში რაც მოვასწარი, ყველაფერი ვნახე თქვენთან. თბილისში ლამაზი ქალები არიან (იცინის). ძალიან მინდოდა, შევხვედროდი თქვენს პრეზიდენტს, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ვერა ქობალიას, რომელიც ვიცი, რომ კანადაში ცხოვრობდა. აქ ჩამოსულმა ვერც ერთი ვერ ვნახე, საქართველოში არ იმყოფებოდნენ. მაგრამ, სამაგიეროდ, ვნახე თქვენი ქვეყანა, სადაც ბევრი კარგი რამ არის გაკეთებული. თუმცა, ამის უკან მაინც ძალიან ბევრი პრობლემა დგას. აქ, რასაც ვხედავ, ყველგან საქართველოს დროშის გვერდით, ევროკავშირის დროშები კიდია. მე მინდა გავაფრთხილო თქვენი პოლიტიკოსები, რომ ევროკავშირში არც ისეთი დიდი ხეირია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თქვენც ისეთ მდგომარეობაში ხართ, როგორშიც იყო პოლონეთი, სანამ ევროკავშირის წევრი გახდებოდა. დღეს იქ საოცრად მაღალი ფასებია, ათი წელი გვჭირდება, რომ დასავლეთ ევროპას დავეწიოთ. პოლონეთში არავინ გარკვეულა ევროკავშირის მკაცრ კანონებში, რომელსაც ეს გაერთიანება უყენებს თავის წევრ ქვეყნებს. მჯერა, რომ თქვენი ახალი პრემიერ-მინისტრი გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
– კიდევ აპირებთ ჩვენთან ჩამოსვლას?
– ალბათ, კიდევ ჩამოვალ და წავიკითხავ ლექციას სამხედრო აკადემიაში. ძალიან დავინტერესდი იმით, რომ თქვენთან სამკაულების მაღაზიებში არ არის ქარვა, რომელიც ძალიან პოპულარულია როგორც პოლონეთში, ასევე ბელორუსიაში. მე ვიყავი რუსთაველის გამზირის მაღაზიებში და ქარვისთვლიანი სამკაულები ვერ ვიპოვე. მე ვიცნობ ხალხს, რომლებიც ამ ბიზნესს აქ მშვენივრად ააწყობენ, ქარვა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. მე ამ კომერციიდან ფინანსური სარგებელი არ მინდა – ყველაფერი მაქვს, რაც ჩემი ასაკის ადამიანს სჭირდება.