როგორ სჯიან ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს გადაცდომებისა და დანაშაულებისთვის
სულ ბოლო ხმაურიანი სამხედრო სკანდალი აშშ-ში მოხდა, რის შედეგადაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი დევიდ პეტრეუსი (ჩინით – არმიის გენერალი) თავის პოსტს გამოემშვიდობა, მიზეზი კი ქორწინების გარეშე კავშირი გახდა. იმავე პერიოდში სკანდალში გაეხვია ავღანეთში აშშ-ის ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენიც, რომელიც ჩამოაქვეითეს იმ მიზეზით, რომ გაფლანგა გადასახადის გადამხდელების ფული და სამხედრო თვითმფრინავებსა და პერსონალს პირადი ინტერესებისთვის იყენებდა. საგულისხმოა, რომ არმიის გენერალი პეტრეუსი საკუთარი ნებით გადადგა პოსტიდან, განაცხადა, რომ, რაკი გახმაურდა მისი სასიყვარულო ურთიერთობა, მორალურად გაუმართლებლად მიიჩნია პოსტზე დარჩენა. რაც მთავარია, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, არმიებში სკანდალები მუდმივად ხდება, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც: ხდება ისეც, რომ მაღალჩინოსან სამხედროებს აპატიმრებენ, ხან კი ვარსკვლავებს უმცირებენ. მოკლედ, მიუხედავად ჩინის სიმაღლისა და დამსახურებისა ქვეყნის წინაშე, განვითარებულ ქვეყნებში კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
ამის პარალელურად, იმავე დასავლეთის ლიდერები ეჭვს გამოთქვამენ, რომ პოსტსაარჩევნო საქართველოში დაპატიმრებებს პოლიტიკური სუნი ასდის (მათ შორის, გაერთიანებული შტაბის უფროსის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გულისხმობენ). როგორ რეაგირებს დასავლეთი თავის ქვეყნებში მსგავს ფაქტებზე და როგორ უნდა მოექცეს ჩინით მაღალი სამხედრო პირი ჩინით მასზე უმცროსს – თემას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი განგვიმარტავს.
– ალბათ, არსებობს რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს არმიაში სამხედროებს შორის ურთიერთობას, რა რეგულაციებია ეს?
– სამწუხაროდ, იმ ხალხის ნაწილი, რომლებიც საუბრობენ სამხედრო მოსამსახურეების შეურაცხყოფაზე, რატომღაც მიიჩნევს, რომ ეს არასერიოზული ბრალდებებია იმავე ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის მიმართ. შეიარაღებულ ძალებში ჩინით უფროსსა და უმცროსს შორის ურთიერთობა სპეციალური წესდებით რეგულირდება, რომელშიც ყველაფერია გაწერილი, რა დანაშაულისთვის ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება: ეს იქნება სადისციპლინო თუ სისხლის სამართლის დანაშაული. ასე რომ, თუ სამხედრო პირმა არ შეასრულა სამხედრო დავალება, ბუნებრივია, მეთაურს შეუძლია ასეთი სამხედროს დასჯა, მაგრამ ის უნდა დასაჯოს წესდების მიხედვით. მსოფლიოს არც ერთი ნორმალური ქვეყნის წესდებაში, არც საქართველოს შეიარაღებული ძალების წესდებაა გამონაკლისი, არსად წერია, რომ მეთაურს აქვს უფლება, ჯარისკაცს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, მით უფრო, სადმე გამოკეტოს. სულ სხვა არის ჰაუპტვახტი. დასჯის ეს ფორმა რეგულირდება წესდებით.
– ჩვენი წესდება კრძალავს ხელით შეხებას ერთი სამხედროს მიერ მეორისადმი?
– რა თქმა უნდა. რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფორმით სჯის მეთაური ქვემდგომ სამხედრო მოსამსახურეს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მიღებულია, რათა დაცული იყოს ოფიცრის ღირსება, ზემდგომმა მეთაურმა ქვემდგომი მეთაური არ დასაჯოს, თუ იმ ქვემდგომზე ჩინით უმცროსები იქ იმყოფებიან. მაგალითად, არ არის რეკომენდებული, მაიორმა შენიშვნა მისცეს კაპიტანს, თუ იქ იმყოფებიან ლეიტენანტები ან ჯარისკაცები, რადგან ამით ავტორიტეტს ულახავ ქვემომდგომების თვალში. დღეს უკვე ალაპარაკდა ბევრი, რომ ასეთი დამცირებები ხდებოდა ბრიგადის, ბატალიონების თვალწინ. არ არის გამორიცხული, ზოგი რამ გაზვიადებულიც იყოს, მაგრამ ამას უნდა გამოიძება და მოკვლევა, ამიტომაც არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები. ამის გამოკვლევა კიდევ იმიტომ არის აუცილებელი, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მსგავსი რამ. ეს ზვავივითაა, ერთი რომ დაინახავს, ვინმეს გასდის ასეთი ქცევა, თუ თანამდებობაზე მაღლა ავა, იმავეს გაუკეთებს ქვემდგომებს. ეს იგივე „დედოვშინაა“. სამწუხაროდ, ქართულ არმიაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურეთა უმეტესობა კოტრაქტორები არიან, კიდევ არის შემორჩენილი „დედოვშინა“, ოფიცრებს შორისაც და კუთხურობა.
– ჯარში პრობლემაა კუთხეების მიხედვით დაპირისპირება?
– დიახ. ეს პრობლემა არსებობს. დაფარულია და აქამდე არ ჩანდა, რადგან არმია ყველაზე მეტად ჩაკეტილი ინსტიტუტი იყო და სამოქალაქო კონტროლი არმიაზე აღარ არსებობდა: დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აღარ შეეძლოთ ჯარში შეღწევა, ხოლო მასმედიის ხელისუფლებასთან დაახლოებული ნაწილი კი ასეთ ფაქტებზე არ საუბრობდა. ეს, ჩემი აზრით, ჟურნალისტური ეთიკიდან გამომდინარე, ასევე, დანაშაულია.
– დასავლეთშიც არის სკანდალები ჯარში. როგორ იქცევიან ისინი, როგორი რეაქცია აქვთ ანალოგიურ ფაქტებზე?
– ასეთი ფაქტები ნებისმიერ არმიაში ხდება, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნების არმიებში. მაგალითად, ახალწვეულებისადმი „დედოვშინის“ ფაქტები ბუნდესვერში, გერმანიის არმიაში, სხვათა შორის, ელიტურ ნაწილებშიც ხდება ასეთი რამ. ტრადიციასავით აქვს ეს ზოგიერთ სამხედრო ნაწილს, რაც ხშირად საარმიო სამზარეულოშია ჩაკეტილი და გარეთ არ გამოდის, მაგრამ, როდესაც ამის შესახებ ცნობილი ხდება, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, გერმანულ საბრძოლო ფრეგატზე, არგენტინის ნაპირებთან, გამოვლინდა ერთმანეთის დაჩაგვრის ფაქტები და ამან დიდი ხმაური გამოიწვია. ანალოგიური ფაქტები იყო ავღანეთში, „აისაფის“ ნაწილებში. იცით, რომ ამერიკელმა სამხედროებმა არაერთი დანაშაული ჩაიდინეს. მაგალითად, ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრომ 16 ავღანელი დახოცა თავისი ინიციატივით და ამერიკის სამხედრო სასამართლო მის სიკვდილით დასჯას ითხოვს. გახსოვთ, აბუ ღრეიბის ციხის სკანდალი, ანუ ამისგან არავინ არის დაზღვეული. შესაძლოა, ასეთი ფაქტები უფრო ხშირად საბრძოლო მოქმედებების დროს ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ომში ადამიანის ფსიქიკა დაძაბულია, გადაღლილია და, რადგან ნებისმიერ წუთს ელოდება თავდასხმას, მისი ქმედება ასეთ დროს უფრო სასტიკია. თუ წინა დღეს ბავშვმა აუფეთქა მეგობარი, შესაძლოა, მეორე დღეს გზაზე პატარა ბავშვი დაინახოს, სრულიად უდანაშაულო და ესროლოს. სხვათა შორის, ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ჩამოდიან ავღანეთიდან, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სჭირდებათ, თუმცა ამ კუთხით არაფერი კეთდება.
– სკანდალში გახვეულ სამხედროთა ჩინი რამდენად მაღლა ადის?
– სარდლამდე, გენერლამდე, სამხედრო მისიების ხელმძღვანელებამდე. მაგალითად, მოხდა ასეთი შემთხვევა: ავღანეთში გერმანული ნაწილი საწვავის აღებას აპირებდა, ეგონათ, რომ ალ ქაედას წარმომადგენლებს გადააწყდნენ, საჰაერო დაბომბვა გამოიძახეს, რომელმაც დაბომბა შემჩნეული ჯგუფი, არადა ისინი უდანაშაულო ადამიანები აღმოჩნდნენ. ამის გამო დაისაჯნენ მაღალი დონის სამხედროები. სულ ბოლოს, იცით, რაც მოხდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსთან დაკავშირებით. მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა იმიტომ, რომ სტუდენტობისას პლაგიატი უპოვეს. ასეთი სკანდალები ხდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვარსკვლავები და ორდენები არ არის ინდულგენცია. პირიქით, რაც უფრო დიდი თანამდებობა აქვს სამხედრო პირს, ის უფრო დიდ დანაშაულს სჩადის, იმიტომ რომ გაცილებით ბევრ რამეზე მიუწვდება ხელი. დანაშაული ის იქნებოდა, ასეთი დანაშაულები ყოფილიყო ჩვენს ჯარში და ამის შესახებ არ სცოდნოდათ ახალაიასა და კალანდაძეს. პასუხისმგებლები მაინც ისინი იქნებოდნენ, იმიტომ რომ მათდამი დაქვემდებარებულ სისტემაში ხდებოდა ეს.
– იმ სამხედრო სკანდალების მაგალითები, რომლებიც მოიყვანეთ, ძირითადად ეხებოდა დანაშაულებს, რომლებსაც სამხედროები სჩადიოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მოწინააღმდეგეების მიმართ. საკუთარ არმიაში ჩადენილ დანაშაულზე როგორია დასავლეთის რეაქცია?
– არა მარტო მოწინააღმდეგის მიმართ, ყოფილა ფაქტები, როდესაც არმიის შიგნით ხდებოდა არასაწესდებო ურთიერთობები. ამის გამორიცხვა ძნელია. ჩვენს შემთხვევაში ის არის საგანგაშო, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა არა ომის, საომარი მოქმედებების დროს, არამედ მშვიდობიან პერიოდში. სხვათა შორის, ოფიცრის ჩინით ქვემდგომების წინ დამცირება იმიტომ არის დაუშვებელი, რომ ასეთი დამცირებული ოფიცრის გამო მისი ქვეშევრდომი თავს არ დადებს ბრძოლის ველზე, პირიქით, შეიძლება, ისე იყოს გამწარებული, რომ ზურგიდან ესროლოს მას ტყვია. ითქვა, რომ აგვისტოს ომისას ერთ-ერთმა მეთაურმა სთხოვა თავის ქვემდგომებს, ყველაფერი დავივიწყოთ და ზურგიდან არ მესროლოთო. მეთაურმა, რომელიც ძალადობს ქვემდგომებზე, უნდა იცოდეს, რომ ომში მისი ქვეშევრდომები ამ მეთაურის იმედად არ იქნებიან, ისევე, როგორც თავად ის ვერ იქნება თავისი ქვეშევრდომების იმედზე. ყველას თვალწინ ჯარისკაცისა თუ ოფიცრის ცემა კლავს საბრძოლო სულისკვეთებას. ის ტანკი, თვითმფრინავი თუ ქვემეხი არის ჯართი, თუ არ ემსახურება საბრძოლო სულისკვეთების ადამიანი. აგვისტოს ომმა ეს გამოაჩინა: გვქონდა ყველაფერი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, იმის გამოც, რომ საბრძოლო სულისკვეთება საჭირო დონის არ იყო.
– სამხედროების დასჯის პრაქტიკა, როდესაც ისინი არღვევენ სამხედრო წესდებას, ანუ კანონს, ჩვეული ამბავი ყოფილა დასავლეთში. მაშინ ჩვენ რატომ გვაკრიტიკებენ? თავიანთზე დაბალ დონედ მივაჩნივართ? არ ვართ მზად ადამიანის უფლებების დაცვაზე აგებული ურთიერთობებისთვის?
– თუ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გულისხმობთ, მე მაშინვე ვთქვი, მას ან თავიდან არ ჰქონდა სრული ინფორმაცია, ან მასზე გავლენა მოახდინეს გარკვეულმა პოლიტიკოსებმა და მესამე – ნაჩქარევი დასკვნა გააკეთა.
– ის მინდოდა, მეკითხა, ნატოს სტანდარტი ითვალისწინებს ჯარისკაცის დაცვას, პატივისცემას?
– ნატოსი კი არა, ნორმალური სტანდარტია სამხედრო მოსამსახურის პატივისცემა, თორემ ჩვენთან ზოგიერთები ყაზარმის ტუალეტს რომ გააკეთებენ, ამბობენ, ნატოს სტანდარტისააო. არადა, ასეთი რამ არ არსებობს: ყაზარმა არ არსებობს ნატოს სტანდარტის. ის შეიძლება, იყოს სუფთა და მოვლილი, ნატოს სტანდარტის კი შეიძლება იყოს ვაზნა, ავტომატი და არა ლამაზი კარი და უნიტაზი, რაც ნატოსი კი არა, ადამიანური სტანდარტია.
– როგორც ვიცი, თურქეთის არმია ერთ-ერთი ბრძოლისუნარიანია მსოფლიოში. იქ როგორი მიმართებაა ზემდგომებსა და ქვემდგომებს შორის?
– თურქეთს აშშ-ს შემდეგ ნატოში ყველაზე დიდი არმია ჰყავს, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად ბრძოლისუნარიანი, რადგან თურქეთს ბოლო პერიოდში რეალურად არ უბრძოლია.
– ყველაზე დიდ ამტანობას ამჟღავნებენ ნატოს წევრი სხვა ქვეყნების არმიებს შორისო, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა რამ ვიკითხე.
– მაგალითად, მინახავს, როგორ აცილებენ ახალგაზრდას ჯარში თურქეთში. მთელი ზეიმი იყო, რადგან თურქეთში პრესტიჟულად ითვლება სამხედრო სამსახური. ჩვენთანაც ასე იყო ეს ერთი პერიოდის განმავლობაში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მოკვდა ეს სულისკვეთება. მე არ ვიტყვი, რომ შევარდნაძის დროს არ იყო სამხედროებზე ძალადობის ფაქტები, მაგრამ ის მაინც არ ყოფილა, რომ თავდაცვის მინისტრს ეცემა ჯარისკაცები. ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო პირველად ჯარისკაცებისადმი ცუდი მოპყრობა.
– მახსოვს, როდესაც მან ყინვაში შიშვლები არბენინა ჯარისკაცები, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
– ზოგი ამბობს, ჯარისკაცმა უნდა ირბინოს ყინვაშიო და, რა თქმა უნდა, უნდა ირბინოს, მაგრამ შემდეგ უნდა დაისვენოს, სველი ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოს, ამიტომაც აქვთ ამერიკელ ჯარისკაცებს მეორე წყვილი ფორმაც, რომ გამოიცვალონ. რადგან ერთი დღით ხომ არ გინდა ჯარისკაცი? რობოტი ხომ არ არის? რომ ირბინა და დაიღალა, უნდა დაისვენოს, გამოიცვალოს, ენერგია აღიდგინოს, რომ ხვალაც გამოგადგეს. ბოლოს და ბოლოს, ერთი დღისთვის ხომ არ წვრთნი?! მეორე პრობლემაა უცნაური დავალებები. მე არ ვიცი, საიდან გადმოაქვს ჩვენს ზოგიერთ სერჟანტსა თუ ოფიცერს ვარჯიშის ეს ფორმები, მაგრამ ეჭვი მაქვს, ამერიკული ბლოკბასტერებიდან.
– რას გულისხმობთ უცნაურ დავალებებში?
– მაგალითად, ჭაობებში ჩაყურყუმალავებას, ფეკალურ მასებში გადაადგილებას. შეიძლება, საბრძოლო მოქმედებების დროს მოუწიოს მსგავსი რამ, მაგრამ მოუწიოს გამონაკლისის სახით და არა მუდმივად, რომ ღირდეს მისი ვარჯიში ამ დავალებაზე. სხვა საქმეა, თუ ვინმეს უნდა სპეცდანიშნულების დანაყოფის მომზადება, მაგრამ ჩვეულებრივი დანაყოფის მომზადება ამ სახით არ არის სწორი. არსებობს უსაფრთხოების წესები, ამდენად, როდესაც სამხედროებს ამზადებ, უნდა დაიცვა უსაფრთხოების წესები. რომ არ იყო დაცული რეზერვისტთა მომზადების დროს, იმიტომაც მოხდა ტრაგედია და დაიღუპა ერთ-ერთი რეზერვისტი. ეს უნდა გააკეთოს პროფესიონალმა და კიდევ არის პასუხისმგებლობის მნიშვნელობა: ადამიანმა იმაზე მეტი არ უნდა იტვირთო, რის აწევაც შეგიძლია. 20 წელია, ამ საქმეში ვარ: საბჭოთა ჯარი გამოვიარე, 10 წელს ვიმსახურე ჯარში, ოფიცერი ვიყავი, 7 ომი გამოვიარე, მაგრამ დღეს რომ ოცეული ჩამაბარო, უარს ვიტყვი, იმიტომ რომ ჯერ მე თვითონ უნდა აღვიდგინო ცოდნა, გავიარო მომზადება, რომ ადამიანების ბედი ჩავიბარო. ამდენად, მიკვირს იმ ოფიცრების, რომლებიც იბარებდნენ ბატალიონებს, ბრიგადებს და უდიდეს პასუხისმგებლობას იღებდენ თავიანთ თავზე, მაშინ, როდესაც საამისოდ არც ცოდნა ჰყოფნით და არც გამოცდილება. არ შეიძლება, დასთანხმდე ასეთ შემოთავაზებას მხოლოდ იმიტომ, რომ დაიკავო რაღაც თანამდებობა და „ჯიპით“ იარო, მეორე დღეს ომი რომ დაიწყოს, ხომ შენ უნდა აგო პასუხი იმ ადამიანებზე?!
– სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ საკითხს, უნდა გახმაურდეს თუ არა ჯარში ძალადობის ფაქტები. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი რამ ყველგან ხდება და ჩვენ ეს ხმამაღლა არ უნდა გვეთქვა, ანუ ჩვენი სირცხვილი ჩვენვე უნდა შეგვენახა. უნდა შეგვენახა?
– რას ჰქვია, არ უნდა გვეთქვა?! სირაქლემას პოზიცია მივიღოთ?! ეს ხომ მაინც არ იმალება?! რატომ იკლო კონტრაქტორების რიცხვმა ჯარში? რატომ აღარ აგრძელებდნენ კონტრაქტს? წარმოიდგინეთ, ახალი სამხედრო კადრის მომზადება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე უკვე მომზადებულისთვის კონქტრაქტის გაგრძელება. ის ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, 25-26 წლის, კიდევ უნდა იმსახუროს ჯარში, არ ჯობია, ის გამოცდილი დავიტოვოთ და უფრო დავაფასოთ? მაგრამ ასეთთა დიდი ნაწილი აღარ აგრძელებს კონტრაქტს. რატომ?! აი, ეს არის პრობლემა. მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ, როდესაც უმუშევარი იყო, ხელფასი დიდი მოეჩვენა და ახლა მიხვდა, რომ ის ხელფასი რეალურად დიდი არ არის. შესაძლოა, იმიტომ რომ პერსპექტივას ვერა, მაგრამ დამცირებას ხედავდა?! ამიტომაც ჩვენი კონტრაქტორების დიდ ნაწილი მიდის არმიიდან, უცხოეთში ან კერძო დაცვის სტრუქტურებში სამუშაოდ. არადა, უამრავი რესურსი ჩაიდო მათ მომზადებაში, რაც დაიკარგა. ამას გარდა, მათგან ნაწილი კონკრეტული საქმის პროფესიონალია: ზოგი სნაიპერია, ზოგი – მეზენიტე და მათი გამოყენება შეიძლება, სცადონ ტერორისტულმა ჯგუფებმა.