ხუჭუჭსტატისტიკიანი
ანუ, ჭიპმიჭრილები
ჩვენი სტატისტიკოსების წყალობით, ისეთი სტატისტიკა გვაქვს, რომ შიგნით მოყვარეს უფართოებს თვალებს, გარეთ კი მტერს აბრმავებს. ამის მიზეზი მარტივია: იმგვარი მეთოდებითაა დათვლილი ზოგიერთი მონაცემი, რომ ხანდახან თვით აშშ-საც კი ვჯობივართ ხოლმე სიღარიბის დაძლევის მაჩვენებლით. მეორე მხრივ, საქსტატის ოფიციალურ საიტზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, უბრალოდ, არ ქვეყნდება, ან, ისე ჩახუჭუჭებულად ქვეყნდება, რომ, თუ სტატისტიკაზე ჭიპი არ გაქვს მოჭრილი, ვერაფერს დაადგენ.
როგორც უნდა იყოს, გასულ კვირას ჩვენებური საქსტატელები თავიანთ შვედ კოლეგებს შეხვდნენ. ამ შეყრის მიზანი პროექტის ნახევარწლიანი მსვლელობის შეფასება, სამომავლო გეგმების შემუშავება და პროექტის შედეგების განხილვაა.
ცნობისთვის: ჩვენებურ საქსტატსა და შვედურს შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება, რის ფარგლებშიც შვედი სტატისტიკოსები ჩვენებურებს ტექნიკურ დახმარებას უწევენ ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგისა თუ სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესებაში. რაც მთავარია და, ჩვეულებისამებრ, პროექტს სრულად აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
ვსარგებლობ შემთხვევით და შვედ სტატისტიკოსებსა და დამფინანსებლებს ვთხოვ, იქნებ ჩვენი სტატისტიკოსებისთვის იმის აუცილებლობა აეხსნათ, რომ მათ საიტზე განთავსებული ინფორმაცია უნდა იყოს სრული და გასაგები არა მხოლოდ მოკვდავი სტატისტიკოსისთვის, არამედ – მოკვდავი მოქალაქისთვისაც?!