შპიონაჟისთვის დაპატიმრებული და გასამართლებული ქართველი მესაყვირე მოსკოვის ციხეში დახვრიტეს
პუბლიკაციის ზოგიერთი გმირის ვინაობა შევცვალეთ. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, ამიტომ წინასწარ გიხდით ბოდიშს.
მკვლელობა
ღამის 2 საათი სრულდებოდა, როდესაც მილიციის მაიორმა, აკაკი გეწაძემ თავისი კუთვნილი „ჟიგული – ვაზ 2103“ გარაჟის წინ გააჩერა და მანქანიდან კარის გასაღებად გადმოვიდა. მოულოდნელად, მის წინ, სულ რაღაც სამიოდე მეტრში, ადამიანი აღიმართა, რომელიც მშენებარე გარაჟიდან გამოვიდა. მან გადაჭრილი თოფი მიუშვირა მაიორს და ორჯერ ესროლა. შემდეგ იარაღი ქამარში გაირჭო და იქაურობას სწრაფად მოშორდა. ეს შემთხვევა 1975 წლის 11 მარტს, საბურთალოზე, ერთ-ერთ ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლთან მოხდა, სადაც მოკლული ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და იქ, სულ რაღაც, 3 თვის გადასული იყო. გეწაძე თბილისის პირველი მაისის რაიონის (ამჟამად დიდუბე-ჩუღურეთი) სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილე იყო და კარგ მილიციელად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სროლიდან სულ რაღაც 5 წუთში ეზო უამრავი ხალხით გაივსო, მილიციისა და სასწრაფო დახმარების გამოძახება მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა. ის ადგილი სამშენებლო პოლიგონი გახლდათ და გარს მხოლოდ ატალახებული მინდორი ეკრა.
ღამის 2 საათსა და 45 წუთზე შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციას და სასწრაფო დახმარებას მაიორი აკაკი გეწაძე უკვე გარდაცვლილი დახვდა. სხეულზე მას ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული: ერთი – მუცელში, მეორე – თავში. როგორც პათანატომმა დაასკვნა, ორივე ჭრილობა სასიკვდილო იყო. ექსპერტ-ბალისტიკოსის მტკიცებით კი, დადგინდა, რომ სასიკვდილო გასროლები განხორციელდა თორმეტკალიბრიანი სანადირო თოფიდან. ტყვია არაქარხნული წესით იყო დამზადებული.
მუნდირის ღირსების საკითხი
ადამიანის, მით უმეტეს მილიციელის ასეთი სასტიკი მკვლელობა იმ პერიოდის საქართველოში განსაკუთრებულზე განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ამიტომ ყველა ძალოვანი სტრუქტურა ფეხზე დადგა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, კონსტანტინე კეთილაძემ კი ხელქვეითებს უთხრა, რომ ამ საქმის გახსნა მუნდირის ღირსების საქმე იყო და მათ მაქსიმალური ძალისხმევისკენ მოუწოდა.
ორჯონიკიძის (ამჟამად ვაკე-საბურთალო) რაიონში აღძრულ საქმეს მაიორი გაიოზ ქავთარაძე უძღვებოდა, პროკურატურაში ის ჩახლართული საქმეების გახსნის სპეციალისტად ითვლებოდა. საქმეს იძიებდა მილიციაც და ეს საქმე ორჯონიკიძის რაიონში კაპიტან კარლო მაისურაძეს ჰქონდა დავალებული, რომელიც კარგი ოპერმუშაკი კი იყო, მაგრამ სისასტიკით გამოირჩეოდა და ხშირად ამეტებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ის ეჭვმიტანილთა აღიარებითი ჩვენებების მოპოვებას სასტიკი ცემის შედეგად აღწევდა.
ასე მოხდა ამჯერადაც და მკვლელობის დღესვე, 11 მარტს, სულ რაღაც 16 საათი იყო გასული ამ შემთხვევიდან, რომ კაპიტანმა მაისურაძემ სპორტის სასახლესთან, სადაც ის საკუთარი მოსკვიჩით მოძრაობდა, 23 წლის ირაკლი გორგოძე დააკავა. მას ჩხრეკის დროს თორმეტკალიბრიანი გადაჭრილი თოფი უპოვეს. საღამოს 5 საათი სრულდებოდა და მართალია, ჯერ არც ბალისტიკოსის დასკვნა იყო ცნობილი და დაკავებული გორგოძეც ამბობდა, რომ თოფი ბუჩქებში იპოვა, მაისურაძემ ის მილიციაში მიიყვანა და ისე სცემა, რომ გორგოძემ გეწაძის მკვლელობა აღიარა...
– ესეც ასე, – ხელებს იფშვნეტდა კაპიტანი მაისურაძე, – მკვლელი ვიპოვეთ და მუნდირის ღირსება არ შეგვირცხვენია. დანარჩენზე კი პროკურატურამ იტეხოს თავი...
ნაცემი გორგოძე საკანში დააბრუნეს და პროკურატურიდან გაიოზ ქავთარაძე გამოიძახეს, რომ მას გორგოძე დაეკითხა. თუმცა, საღამოს 8 საათზე მილიციაში მისულ გამომძიებელს გორგოძე გარდაცვლილი დახვდა...
დახურული საქმე
ცემისგან გარდაცვლილი ირაკლი გორგოძე ციხიდან 6 თვის გათავისუფლებული იყო და არსად მუშაობდა. ციხეში მან 3 წელი გაატარა ჩხუბის დროს ადამიანის დაჭრისთვის. მას მხოლოდ მოხუცი დედა ჰყავდა, სხვა გულშემატკივარი თითქმის არ გააჩნდა და მილიციამ ამ საქმის ჩაფარცხვა მოახერხა. ოფიციალური დასკვნით, რომელიც გორგოძის გაკვეთის შედეგად დაიწერა, ის ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. თუმცა, არსად იყო ნახსენები, გორგოძეს ტვინში სისხლი სასტიკი ცემის შედეგად რომ ჩაექცა... გორგოძე უკვე დაკრძალული იყო, როცა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა დაიდო და მასში ეწერა, რომ მილიციის მაიორი, აკაკი გეწაძე სწორედ იმ თორმეტკალიბრიანი გადაჭრილი თოფით იყო მოკლული, რომელიც გორგოძეს კაპიტანმა მაისურაძემ აღმოუჩინა. მილიციას ხელთ ჰქონდა გორგოძისვე აღიარებითი ჩვენება, რომ სწორედ მან მოკლა გეწაძე. თუმცა, იქ არც მკვლელობის მოტივი და არც საქმის სხვა დეტალები არ იყო ნახსენები. მიუხედავად ამისა, მაიორ გეწაძის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცხადდა და დაიხურა. საქმის გამხსნელებად კი ორჯონიკიძის რაიონის მილიცია გამოცხადდა და გამომძიებელ ქავთარაძეს მცდელობაც კი არ ჰქონია, რომ მილიციელთა „წარმატების“ თანამოაზრე გამხდარიყო. მას უბრალოდ, არ სჯეროდა, რომ მკვლელი გარდაცვლილი გორგოძე იყო და დარწმუნებული იყო, რომ ჩვენება ჯალათმა მაისურაძემ სისასტიკით გამოსძალა დაკავებულს. ქავთარაძემ თავის უშუალო უფროსს უთხრა:
– ვარლამ შალვოვიჩ, ეს საქმე გამოძიებული არ არის და საეჭვოა, რომ მკვლელი გორგოძე იყოს.
ვარლამ შალვას ძე კოკაია ორჯონიკიძის რაიონის პროკურორი გახლდათ და ქავთარაძეს მიუგო:
– გაიოზ! რადგან მილიციამ წაიღო ეს საქმე და საკუთარ თავზე მიიწერა, მოდი, ხელს ნუ შევუშლით. რამე რომ იყოს და ამ საქმის ირგვლივ ახალი გარემოებები აღმოჩნდეს, ჩვენ ვერავინ ვერაფერს მოგვთხოვს და მილიციაში გადავამისამართებთ...
მინისტრ კეთილაძეს საზეიმოდ მოახსენეს საქმის გახსნის ამბავი. მან კი თავისი ხელქვეითები პრემიებით დააჯილდოვა და მათ შორის იყო კარლო მაისურაძეც...
კერძო დეტექტივი
39 წლის გაიოზ ქავთარაძე იმ კატეგორიის ადამიანებს ეკუთვნოდა, ვისაც ბუნდოვანება არ უყვარდა და მანამდე ვერ მოისვენებდა, სანამ ყველაფერს არ ახდიდა ფარდას. სწორედ ამიტომ იყო ყველა მისი საქმე ბოლომდე გამოძიებული და ყველა კითხვაზე ამომწურავად გაცემული პასუხი. მან გეწაძის მკვლელობის ბუნდოვან საქმეშიც ბოლომდე გარკვევა გადაწყვიტა და მოქმედებას შეუდგა. უპირველესად, მან შვებულება აიღო და როგორც კერძო დეტექტივი, ისე ამოქმედდა.
ქავთარაძე დარწმუნებული იყო, რომ გორგოძემ მართლაც იპოვა გადაჭრილი თოფი და ის არანაირ კავშირში არ იყო გეწაძის მკვლელობასთან. ამიტომ, გაიოზმა მისი ალიბის შემოწმება გადაწყვიტა და გორგოძის მოხუცი დედა დაკითხა. მისი მეშვეობით კი 21 წლის იანა პავლოვაზე გავიდა. გოგონა გორგოძის შეყვარებული აღმოჩნდა და ქავთარაძეს უთხრა, რომ 10 მარტის 22 საათიდან, 11 მარტის დილის 11 საათამდე ირაკლი გორგოძე მასთან იყო და ამ დროის განმავლობაში ბიჭი არსად გასულა.
– იცით, ბატონო გაიოზ, – სლუკუნებდა გოგონა, – ჩვენ სულ მალე დაქორწინებას ვაპირებდით და მე ფეხმძიმობის მეოთხე თვეზე ვარ. ირაკლი კარგი ადამიანი იყო და ციხეში რომ 3 წელი ტყუილუბრალოდ იჯდა, იქ ჩემ გამო მოხვდა. მან ჩემი ღირსება დაიცვა და მსუბუქად ვინც დაჭრა იმ ჩხუბში, დანაც მას ეკუთვნოდა. ირაკლი კი მხოლოდ თავს იცავდა.
ქავთარაძეს ძალიან შეეცოდა ფეხმძიმე გოგონა. დაამშვიდა ის და შეჰპირდა, რომ სულ მალე აუცილებლად ინახულებდა. გამომშვიდობების წინ კი უთხრა:
– იანა, ძვირფასო, ბავშვს გაუფრთხილდი და არ მოიშორო. თუ ირაკლი ძვირფასი იყო შენთვის, მაშინ მის ბავშვს გააჩენ და მისი სიცოცხლე მის შვილში გაგრძელდება.
იანასგან წამოსული ქავთარაძე საბოლოოდ დარწმუნდა ირაკლი გორგოძის უდანაშაულობაში და მოკლული მაიორის ცოლის ვერსიაზე გადაერთო მთლიანად. ქავთარაძე ეჭვობდა, რომ გეწაძის მკვლელობაში შესაძლოა, მისი ცოლი, 34 წლის ანა კვაშილავა ყოფილიყო გარეული. გაიოზმა ერთხელ, ქმრის დასაფლავებაზე ნახა ქალი და არ მოეწონა. გამოცდილი გამომძიებელი ინტუიციით გრძნობდა, რომ ქალის გლოვა ფარსი იყო და გადაწყვიტა, საკუთარი ეჭვები საფუძვლიანად გადაემოწმებინა.
ანა კვაშილავას 2 წლის გოგონა ჰყავდა – ეთერ გეწაძე, რომელიც მან ქმრის მკვლელობის შემდეგ დედამისთან წაიყვანა სოფელში და პატარა გოგონას ბებია ზრდიდა. თავად ქვრივი, პროფესიით რადიოინჟინერი იყო და თბილისის რადიოქარხნის საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობდა ოსტატ-ინჟინრად, სადაც კოსმოსური ხომალდებისა და ელექტრონული სამხედრო ტექნიკის ზოგიერთი დეტალი მზადდებოდა. შვებულებაში მყოფმა გაიოზ ქავთარაძემ ანა კვაშილავას არასანქცირებული თვალთვალი დაიწყო და გაოგნდა... ქვრივს, რომლის ქმრის დაღუპვიდან სულ რაღაც ორმოცი დღე იყო გასული, საყვარელი ჰყავდა.
შავებში გამოწყობილი ანა კვაშილავა თითქმის ყოველდღე, სამსახურის შემდეგ დიღმის მასივში, ერთ-ერთი რვასართულიანი საცხოვრებელი სახლის მერვე სართულზე, სამოთახიან ბინაში, ვინმე ოთარ ქოქრაშვილს ხვდებოდა. 41 წლის ქოქრაშვილი მარტოხელა მუსიკოსი გახლდათ და ერთ-ერთ სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა საყვირზე. მუსიკოსი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ეს ინფორმაცია ქავთარაძემ ერთი მეგობრისგან შეიტყო, რომელიც მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობდა და ქოქრაშვილს იცნობდა. მუსიკოსთან სახლში სიარული, ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მის საყვარლობას. ამიტომ, გაიოზი უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა და როცა ქოქრაშვილი რეპეტიციაზე იყო, მის ბინაში სახურავიდან შეიპარა და მარტივი მოსასმენი მიკროფონი დაამაგრა, რომელიც სულ რაღაც 20 მეტრზე მოქმედებდა და კასეტურ მაგნიტოფონთან იყო მიერთებული. თავად ქავთარაძე სხვენში დაიმალა და ანა კვაშილავასა და ოთარ ქოქრაშვილის შეხვედრას დაელოდა, რომ მათი საუბარი აუდიოფირზე ჩაეწერა.
ოპერაცია „მესაყვირე“
მოსმენის შედეგით გაიოზ ქავთარაძე გაოგნებული დარჩა. მრავლისმნახველი გამომძიებელი გააოგნა არა იმან, რომ მათ საყვარლობაში დარწმუნდა, არამედ იმან, რომ მესაყვირე ოთარ ქოქრაშვილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის ჯაშუში იყო...
გაიოზ ქავთარაძე სხვენიდან ჩუმად ჩამოძვრა და საყვარლები ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობდნენ, ის რომ ტაქსიში იჯდა და მთაწმინდაზე, შევჩენკოს ქუჩისკენ მიემართებოდა, სადაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მდებარეობდა. ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა. ქავთარაძემ ტაქსი რუსთაველის გამზირზე გააჩერებინა, ფული გადაიხადა და ფეხით აუყვა გზას. ასიოდე მეტრი გაიარა, „სუკის“ მისაღებში შევიდა და ტელეფონით მორიგეს დაუკავშირდა:
– საგანგებო ინფორმაცია მაქვს ჯაშუშებზე და კომპეტენტურ ადამიანთან შემახვედრეთ.
სამიოდე წუთის შემდეგ გაიოზ ქავთარაძეს კონტრდაზვერვის ოფიცერი შეხვდა და პოდპოლკოვნიკ თემურ ქავთარაძის კაბინეტისკენ წარუძღვა, რომელიც ამ უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. თემურ ქავთარაძემ ხელი ჩამოართვა გაიოზ ქავთარაძეს, დაჯდომა შესთავაზა და უთხრა:
– აბა, გისმენთ. ბრძანეთ, რითი გვეწვიეთ.
– მე, მაიორი გაიოზ ქავთარაძე ვარ და პროკურატურაში გამომძიებლად ვმუშაობ.
– მეც ქავთარაძე ვარ და თემური მქვია. გისმენთ, ბრძანეთ.
გაიოზმა მოკლედ უამბო პოდპოლკოვნიკს გეწაძის მკვლელობის ამბავი და ქოქრაშვილის ბინაში შეღწევის ეპიზოდამდე რომ მივიდა, თქვა:
– მართალია ბინაში, შეღწევა მართალსაწინააღმდეგო ქმედებაა და კანონით ისჯება, მაგრამ დადებითი შედეგი მივიღე, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქმე ჯაშუშობასთან მექნებოდა.
– საინტერესოა, – თქვა თემურ ქავთარაძემ, გაიოზ ქავთარაძემ კი მას წინ აუდიოკასეტა დაუდო და უთხრა:
– აი, მოუსმინეთ და თქვენვე შეაფასეთ.
ნახევარსაათიან ჩანაწერში, ძირითადად ოხვრა-ხვნეშა ისმოდა, თუმცა ბოლოში, სულ რაღაც ორწუთიან მონაკვეთში ქოქრაშვილი ეუბნებოდა კვაშილავას, რომ ახალი დეტალების ნიმუშები სჭირდებოდა და ამ ნიმუშებს შესაბამისი ანაზღაურება მოჰყვებოდა დოლარებში. სულ მალე კი დადგებოდა დრო, როცა წყვილი უცხოეთში გაიქცეოდა და მდიდრულად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.
– სულ ესაა? – იკითხა თემურ ქავთარაძემ.
– დიახ. აღარ დაველოდე. კასეტა აღარ გადავაბრუნე და აქეთ გამოვვარდი, – მიუგო გაიოზმა პოლკოვნიკს.
– როგორც ეტყობა, კვაშილავა რადიოქარხნის ლაბორატორიის საიდუმლოებებს გასცემს. ეს კი დაუშვებელია და უნდა აღვკვეთოთ. მადლობის მეტი რა გვეთქმის. ახლა შეგიძლიათ, სახლში წახვიდეთ და დაისვენოთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. ჩვენი საუბრის შესახებ კი ნურავის ეტყვით, – უთხრა პოდპოლკოვნიკმა მაიორს და კაბინეტიდან გააცილა.
გაიოზი „სუკის“ მანქანით მიიყვანეს სახლში. პოდპოლკოვნიკმა ხელქვეითები შეკრიბა და მათ კვაშილავასა და ქოქრაშვილის თვალთვალი დაავალა. მეორე დღეს კი, ყველაფერი ალექსი ინაურს შეატყობინა. მან სასწრაფო ზომების მიღება ბრძანა და ქართველმა „ჩეკისტებმა“ ოპერაცია შეიმუშავეს, რომელსაც „მესაყვირე“ უწოდეს. მოგვიანებით, ამ ოპერაციაში მოსკოვიდან ჩამოსული ჯგუფიც ჩაერთო და ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ოთარ ქოქრაშვილი იმ დროს დააპატიმრეს სოხუმში, როცა „ცეერუს“ თანამშრომელს, თბილისის რადიოქარხანაში გადაღებულ საიდუმლო ფოტოფირს გადასცემდა. პარალელურად, დაპატიმრებული იქნა ანა კვაშილავა, რომელმაც აღიარა, რომ ერთი წლის განმავლობაში თბილისის რადიოქარხნის საიდუმლო ლაბორატორიის საიდუმლოებებს გადასცემდა თავის საყვარელს, ოთარ ქოქრაშვილს. კვაშილავა აღიარებით ჩვენებაში წერდა: „ოთარ ქოქრაშვილი წლინახევრის წინ გავიცანი სოხუმში. მე ახალი ნამშობიარები ვიყავი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და ჩემმა გარდაცვლილმა მეუღლემ აკაკი გეწაძემ სანატორიუმში გამგზავნა დასასვენებლად. იქ გავიცანი ოთარიც და იქვე შედგა ჩვენ შორის ინტიმური კავშირიც, რომელიც თბილისში გაგრძელდა და ერთ-ერთი ასეთი პაემნის დროს მან უცხოეთში გაპარვა და იქ ცხოვრება შემომთავაზა. მანამდე კი, როგორც ქოქრაშვილი მარწმუნებდა, ფული უნდა დაგვეგროვებინა. ბევრ ფულს კი ვიშოვიდით, თუკი მე ჩემი სამსახურიდან საიდუმლო დეტალების ფოტოფირებს გამოვიტანდი. მანვე აღმჭურვა მინი-ფოტოაპარატით“.
კვაშილავამ ისიც აღნიშნა, რომ მისი მეუღლის, აკაკი გეწაძის მოკვლა ოთარის იდეა იყო და ამას იმით ასაბუთებდა, რომ გამოცდილი მილიციელი ადრე თუ გვიან გაშიფრავდა მათ ურთიერთობას და საქმეს წაახდენდა. ქალის თქმით, მკვლელობა პირადად ქოქრაშვილმა შეასრულა, რაც თავად ქოქრაშვილმაც დაადასტურა...
ანა კვაშილავას ჯაშუშობისა და მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის 15 წელი მიუსაჯეს, დედობის უფლება ჩამოართვეს და მკაცრი რეჟიმის ქალთა ციხეში გაამწესეს მოსკოვში. მან ბოლომდე მოიხადა სასჯელი, თბილისში დაბრუნდა, დღემდე ცოცხალია და შვილიც მოძებნა. თუმცა, ეთერმა არ იცის, თუ რა ჩაიდინა დედამისმა.
ოთარ ქოქრაშვილი ჯაშუშობისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს და მოსკოვში დახვრიტეს.
მილიციის კაპიტანი კარლო მაისურაძე, ორგანოებიდან დაითხოვეს და ის 2003 წელს გარდაიცვალა. ირაკლი გორგოძე კი რეაბილიტირებულია.
იანა პავლოვამ ვაჟი გააჩინა, მას ირაკლი დაარქვა და გორგოძის გვარზე ჩაწერა. ბავშვი კი მაიორმა გაიოზ ქავთარაძემ მონათლა, რომელიც დღემდე ცოცხალია და თავის ნათლულთან ნათესაობს...