შიშის გამო ქმრის ღალატი თუ ძველი საყვარლის გახსენება
34 წლის ნუკრი ქ-ს ყოფილი საყვარლის მკვლელობის მცდელობისა და მისი ქმრისთვის ფულის გამოძალვისთვის 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. ბრალდებულმა თავი იმართლა, თითქოს ის ქალს ღალატის გამო კლავდა, რადგან, ციხიდან მის გამოსვლას არ დაელოდა და გათხოვდა, თუმცა გამოძიებამ უტყუარად დაადგინა, რომ ღალატის ვერსია მხოლოდ მისივე გამოგონილი მიზეზი იყო. რეალურად, ყოფილ საყვარელსა და მის ქმარს განსასჯელი აშანტაჟებდა, რათა ნარკოტიკების საყიდელი ფული გამოეძალა მათთვის.
29 წლის ნინო ს-მ, რომელიც ყოფილმა საყვარელმა დაჭრა, დამნაშავე არ „ჩაუშვა” და განაცხადა, თითქოს დაყაჩაღების მიზნით, მას თავს სრულიად უცნობი პიროვნება დაესხა, რომლის ვინაობაც არ იცოდა, თუმცა, დამნაშავემ საკუთარი თავი თავად გასცა, როცა თანხის გამოძალვა მან უკვე ნინოს ქმრისგან, სანდრო ს-სგან მოინდომა, მაგრამ, პოლიციამ ის ფულის გადაცემის მომენტში დააკავა.
საგულისხმოა, რომ ნინოს ქმარმა მხოლოდ ბოლო მომენტში გაიგო, რომ მის ცოლს წარსულში საყვარელი ჰყავდა, რომელთანაც შემდეგაც უღალატა. შესაბამისად, მათი გაყრის საკითხიც დადგა, რასაც ნინო არ თანხმდებოდა. ის აღიარებდა, რომ გათხოვებამდე საყვარელი მართლა ჰყავდა, მაგრამ, გათხოვების შემდეგ ქმარს მხოლოდ შიშის გამო უღალატა – ის ირწმუნებოდა, რომ ყოფილი საყვარელი ინტიმურ კავშირს წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, იარაღით აიძულებდა და თან ემუქრებოდა, რომ, თუ მის ნებას არ დაჰყვებოდა, ოჯახს დაუნგრევდა...
ცხადია, ქალი სიმართლეს ამბობდა, მაგრამ, როგორც მისი ქმრისთვის, ასევე სასამართლოსთვის, აუხსნელი რჩებოდა ერთი გარემოება: თუ საყვარელი ემუქრებოდა, რატომ არ ჩააყენა ქმარი საქმის კურსში? ნინოს პასუხი ერთადერთი იყო – არ უნდოდა ოჯახის დანგრევა, რადგან, ეგონა, რომ ქმარი წარსულს არ აპატიებდა...
იდეალური ქორწინება
მას შემდეგ, რაც ნინოს და სანდროს გოგონა შეეძინათ, ცოლ-ქმარი საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. საბანკო ბიზნესში ჩაბმულ სანდროს იმხელა შემოსავალი ჰქონდა, რომ დაქორწინებიდან ორ წელიწადში არა მხოლოდ უზარმაზარი ბინის ყიდვა-გარემონტება, ცოლისთვის ავტომანქანის ყიდვაც შეძლო. ის კი არა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი პატარა ჰყავდათ, მას ძიძას უტოვებდნენ და ცოლ-ქმარი წელიწადში რამდენჯერმე მიდიოდა სამოგზაუროდ.
უზრუნველი ცხოვრება დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ნინოს ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა ჰქონდა გახსნილი, თუმცა, ფულისთვის კი არა, უფრო გასართობად მუშაობდა, სანამ საქართველოში მისი ყოფილი საყვარელი – ნუკრი ქ. ჩამოვიდოდა...
შეხვედრა წარსულთან
მამის სამსახურის გამო ნინო ს. 17 წლამდე რაიონში გაიზარდა. მან სკოლა იქ დაამთავრა და, იმის მიუხედავად, რომ ბევრ თანატოლს მოსწონდა, მან არჩევანი მასზე ხუთი წლით უფროს ბიჭზე, მეტად ავარდნილ ნუკრი ქ-ზე გააკეთა, რომლის ოჯახიც, ნინოს ოჯახის მსგავსად, რაიონში დროებით ცხოვრობდა. როგორც მოგვიანებით ნინომ ჩვენებაში ახსნა, ნუკრი სწორედ ამ თვისებების გამო მოეწონა, რადგან მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და ბევრი რამ არ ესმოდა. ხოლო, როდესაც ყველაფერს მიხვდა, გვიანი იყო – ნუკრი ციხეში აღმოჩნდა, თავად კი, 20 წლის სტუდენტი, მოტყუებული დარჩა...
ნინოს ჩვენებით, სკოლის დამთავრების შემდეგ, ნუკრის თითქმის ორი წლის განმავლობაში უკვე თბილისში ხვდებოდა და მათ შორის ინტიმური კავშირიც მოხდა... ნუკრი ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა, მაგრამ, დროდადრო იკარგებოდა, შემდეგ კი ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფი ეცხადებოდა და ემუქრებოდა, რომ, თუ სხვისკენ გაიხედავდა, მოკლავდა... ნინოს თქმით, ის არავისკენ გახედვას არ აპირებდა, მაგრამ, მოულოდნელად გაიგო, რომ ნუკრიმ ცოლი მოიყვანა, რაც სიმართლე აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში კი შეიტყო, რომ საქალაქო ტრანსპორტში ვიღაც მოკლა და რუსეთში გაიქცა, მაგრამ, დანაშაული იქაც ჩაიდინა და ციხეში უკვე იქ აღმოჩნდა.
ნინო დარწმუნდა, რომ მისი და ნუკრის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა, რაზეც მთელი წელი ნერვიულობდა, მაგრამ, მდგომარეობიდან გამოვიდა, რადგან მის ცხოვრებაში სანდრო გამოჩნდა, რომელიც გულწრფელად შეუყვარდა და გადაწყვეტილება მიიღო, მის წინადადებაზე დათანხმებულიყო, ანუ, ცოლად გაჰყოლოდა...
რა უთხრა ცოლმა ქმარს წარსულის შესახებ ძნელი სათქმელია, მაგრამ, საქმიდან ჩანს, რომ ცოლ-ქმარს ამაზე საუბარი არ სურდა. სანდრო ჩვენებაში მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ნინო ისე შეუყვარდა, რომ მისი წარსული ცხოვრებით არ დაინტერესებულა. ამიტომ, მოსამართლის კითხვაზე – რა იცოდა მან ცოლის წარსულზე, სანდრომ პასუხს თავი აარიდა. მხოლოდ ის განაცხადა, რომ ნინოს ექვსი თვის განმავლობაში ხვდებოდა, დარწმუნებული იყო, რომ მასაც უყვარდა და მეტი არაფერი აინტერესებდა, რადგან, ნინო ძალიან მეგობრული, კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდა და იცოდა, მასთან ბედნიერი იქნებოდა. სანდროს თქმითვე, ბოლო პერიოდში ამჩნევდა, რომ ნინო შეიცვალა – რაღაცნაირად, მშიშარა გახდა, მაგრამ, მიზეზს ვერ ხვდებოდა...
რეალური მიზეზი კი საქართველოში ნუკრი ქ-ს დაბრუნება იყო. ნინოს მსგავსად, შვილი ნუკრისაც ჰყავდა, მაგრამ ცოლმა ნარკომანი ქმარი სახლში აღარ შეუშვა, ამიტომ, ნუკრი ქ-მ ყოფილ საყვარელს მოულოდნელად კლინიკაში მიაკითხა, რამაც ნინოს ცხოვრება დაუნგრია...
ნინო ს-ს ჩვენებიდან: „17 მარტს, საღამოს 8 საათზე, კლინიკის კარს ვკეტავდი. უკნიდან ვიღაცამ თვალებზე ხელი ამაფარა. მივხვდი მამაკაცი იყო და ძალიან გავბრაზდი, მაგრამ, უცნობმა ჩამჩურჩულა, რომ კარი ისევ გამეღო და კლინიკაში შევბრუნებულიყავი. მან გასაღებს ხელი წამოავლო და თვითონვე გადაატრიალა. ოთახში რომ შევედი, კინაღამ გული წამივიდა – ჩემ წინ გაჭაღარავებული, გამხდარი ნუკრი იდგა. უცნაური გრძნობა გამიჩნდა, ჩვენი ურთიერთობა გამახსენდა... მან მითხრა, რომ შენზე ყველაფერი ვიცი, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მიყვარხარ, ქმარს უნდა გაეყარო და მე გამომყვე ცოლადო. არაკაცი ხარ, ცუდად მომექეცი და თავი დამანებე-მეთქი, – ვუპასუხე. მაგრამ, მითხრა, ასე ადვილად ვერ მომიშორებო, მერე კარი შიგნიდან ჩაკეტა და ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა... მარწმუნებდა, რომ მთელი ეს წლები ვენატრებოდი... ჩვენ შორის რაც მოხდა, მან ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა. იმ საღამოს მეტი აღარაფერი უთქვამს, კლინიკაში დამტოვა და თვითონ წავიდა... თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, სანდროს თვალებში ვეღარ ვუყურებდი...
ნუკრი ერთ კვირაში ისევ მოულოდნელად დამადგა. მკითხა, ჩემს წინადადებაზე თუ იფიქრეო და, რომ ვუთხარი, ჩვენ შორის რაც მოხდა, შეცდომა იყო-მეთქი, დამემუქრა, რომ ყველაფერს ჩემს ქმარს ეტყოდა... ვთხოვე, ასე ნუ მოიქცევი, მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია-მეთქი. ამ სიტყვების შემდეგ, დათმობაზე წავიდა და მითხრა, თუ არ გინდა, შენმა ქმარმა ყველაფერი გაიგოს, სასწრაფოდ 130 დოლარი მომეციო... ფული წამლისთვის სჭირდებოდა და სწორედ აქ დავუშვი საბედისწერო შეცდომა – რომ არ მიმეცა, ბოლოს და ბოლოს, თავს დამანებებდა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული, ფულისთვის კვირაში 2-3-ჯერ მაკითხავდა კლინიკაში.
მივხვდი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და კლინიკის დახურვა გადავწყვიტე. სანდროს ჩემი გადაწყვეტილება გაუკვირდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მითხრა, ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლიო.
18 ივლისს კლინიკაში ჩემს ნივთებს ვალაგებდი, როდესაც ნუკრი გამოჩნდა. გამიკვირდა, წინა დღეს იყო მოსული და არ ველოდი. ხელები უკანკალებდა. მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა მიმეცა 200 დოლარი. ვუთხარი, რომ არ მქონდა, მაგრამ, დარწმუნებული იყო, ვატყუებდი და მემუქრებოდა, რომ, თუ არ მივცემდი, ჩემივე ტელეფონით დაურეკავდა ჩემს ქმარს და ყველაფერს ეტყოდა. ვარწმუნებდი, რომ ფული მართლა არ მქონდა, ის კი ხვეწნაზე გადავიდა, რომ 100 დოლარი მაინც მიმეცა. ეს თანხაც რომ ვერ მივეცი, დანა ამოიღო. დარწმუნებული ვიყავი, არაფერს დამიშავებდა, მაგრამ გარედან ხმაური მოისმა, რამაც დააბნია და დანა მხარში დამარტყა. არადა, ამ დროს კარში ჩემი შვილი გამოჩნდა, რომელიც მძღოლმა სკოლიდან ჩემთან მოიყვანა. ამ სურათის დანახვაზე ბავშვმა ისეთი კივილი მორთო, გვერდით მდებარე მაღაზიის გამყიდველი და სხვა პირები შემოცვივდნენ. ყველა დავარწმუნე, ვიღაც ნარკომანი ფულს მთხოვდა, მაგრამ ვერ მიიღო-მეთქი. პოლიციის გამოჩენა არ მინდოდა, მაგრამ, ვინ გამოიძახა არ ვიცი...
ამის შემდეგ კლინიკაში საქმეები სანდრომ მოაგვარა და დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში სახლიდან გარეთ აღარ გავსულვარ. მოულოდნელად კი სანდრომ მითხრა, რომ პოლიციაში უნდა წავყოლოდი, რადგან ჩემზე თავდამსხმელი დააკავეს. სანდროს სახეზე შევატყვე, რომ ყველაფერი იცოდა...”, – ნათქვამია ჩვენებაში.
როგორც საქმიდან დგინდება, ნუკრი ქ-მ ამის შემდეგ ნინოს ქმართან დაკავშირება გადაწყვიტა, რომელსაც დაფარული ნომრით ურეკავდა და მის ცოლის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯერ 2 000, შემდეგ კი, 1 000 დოლარს სთხოვდა. სანდროს თქმით, ამ საკითხით დაინტერესდა, მაგრამ, მან საქმის კურში სამართალდამცველები ჩააყენა, რომლებმაც ნუკრი ქ. ფაქტზე დააკავეს. როგორც განსასჯელი წერს, ის იმდენად ცოტა ფულს ითხოვდა, რომ, არ ეგონა, თუ მისი ყოფილი საყვარლის ქმარი პოლიციაში დაასმენდა...
საბოლოოდ სიმართლე გაირკვა და, როგორც განსასჯელმა, ისე ნინო ს-მ სასამართლოს აღიარებითი ჩვენებები მისცეს. ქალს სხვა არჩევანი არც ჰქონდა – დანაშაულის დაფარვისთვის გამოძიება მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებდა, რადგან, კლინიკაში მომხდარი თავდასხმისას განაცხადა, რომ ნარკომანის ვინაობა, რომელმაც დაჭრა, არ იცოდა...
თავად განსასჯელმა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა, სასამართლოზე კი დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა, საბოლოოდ მას 12 წლით პატიმრობა მიესაჯა...