რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ზამთარ-ზაფხულ ვცვლი საბურავებს და იქნებ მირჩიოთ, რა მდგომარეობაში შევინახო, რაიმე სპეციალური საპოხი ხომ არ არის საჭირო, რომ რეზინი არ დაზიანდეს?
პასუხი: სპეციალური საპოხი საჭირო ნამდვილად არ არის. თუმცა, იმისთვის, რომ საბურავი არ დაზიანდეს, მოხსნის შემდეგ უნდა დაუშვათ და აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შეინახოთ. ანუ, იმისთვის, რომ საბურავი არ დაზიანდეს დიდი ხნით უმოქმედობის გამო, დაუშვით და დაწვენილ მდგომარეობაში დატოვეთ.
კითხვა: ზოგიერთი ავტომობილის არა მხოლოდ გვერდითი და უკანა, არამედ ყველა შუშა დამუქებულია. არსებობს თუ არა რაიმე ნორმა, რომლის მიხედვითაც შუშა უნდა იყოს დამუქებული და რა პროცენტით?
პასუხი: საქართველოში ავტომობილის შუშის დამუქების ნორმა არ არსებობს. მძღოლი თავად, საკუთარი გემოვნების მიხედვით წყვეტს, თუ რა დონეზე დამუქებული შუშით უნდა სიარული. ერთი პერიოდი, დამუქება აკრძალული იყო, თუმცა შემდეგ ეს წესი შეიცვალა. მაგალითად, ევროპაში სპეციალური ავტომობილების გარდა, წინა და მძღოლის გვერდითა შუშა არ მუქდება ქარხნული დამუქების გარდა, რომელიც განათების ცვლილებასთან ერთად, ფერსაც იცვლის. ანუ, ქარხნული დამუქება მხოლოდ შვიდპროცენტიანია და ისიც მხოლოდ მზეზე მუქდება. ზოგადად, დამუქებული შუშები, რბილად რომ ვთქვათ, მართვისთვის კატასტროფაა. ნებისმიერი დამუქებულშუშებიანი ავტომობილი ღამით, ყველა მის გვერდით მოძრავი ავტომობილისთვის ძალიან დიდი საფრთხეა. ასეთი მანქანის მძღოლი იმის მეოთხედსაც ვერ ხედავს, რასაც რეალობაში უნდა ხედავდეს.
კითხვა: დასაშვებია თუ არა ტროტუარზე ავტომობილის მთლიანად ან ნაწილობრივ გაჩერება?
პასუხი: თუ სპეციალური ნიშანი არ დგას, იმ შემთხვევაში, ავტომობილის ტროტუარზე გაჩერება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მძღოლები ნაკლებად ფიქრობენ ნორმალურ პარკინგზე, გვინდა გაითვალისწინონ, რომ, თუ მაინც ავლენ ტროტუარზე, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების ოდნავი საშუალება მაინც დატოვონ.
კითხვა: მაინტერესებს, რა განსხვავებაა იაპონურ და ევროპულ ერთსა და იმავე მოდელის ავტომობილებს შორის. რომელი ჯობია? იაპონია ხომ ევროპისთვისაც უშვებს მანქანებს და რა განსხვავებაა ხარისხში?
პასუხი: იაპონია მანქანებს უშვებს როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკისთვის. ისევე როგორ ევროპა – ამერიკისა და იაპონიისთვის. უფრო იოლად რომ გაიგოთ, მაგალითი მოვიყვანოთ. ავიღოთ „სუბარუ იმპრეზა”, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მანქანაა საქართველოში და ბევრი იყიდება. ვთქვათ, 1998 წლის „იმპრეზა”, იაპონიისთვის დამზადებული, მარჯვნივსაჭიანი, დაახლოებით 7 000 დოლარი ღირს. იგივე მანქანა, იმავე წლის გამოშვება, იმავე კომპლექტაციის, უბრალოდ, თუ მას ამერიკაში იყიდი 10 000 დოლარი ეღირება და ევროპაში 12 000-13 000 დოლარი. ამხელა სხვაობას ვიღებთ. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენთან ყველაზე პოპულარული ევროპული მანქანების – „მერსედესისა” და „ბეემვეს” მოდელების ყიდვა გინდათ, ესეც კი იაპონიაში ჯობია. იქ ექსპლუატირებულ ავტომობილებს გაცილებით ნაკლები აქვს გარბენი, უკეთ არის შენახული და უფრო იაფიც ღირს. ეს კი იქიდან მომდინარეობს, რომ იაპონელები მანქანებს მალ-მალე იცვლიან. ისევ „სუბარუს” მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. ამერიკისთვის აწყობილი მოდელები უფრო კომფორტზეა გათვლილი, ვიდრე სხვა პარამეტრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტული „სედანია“, ანუ გათვლები ტიუნინგურ დეტალებზეა გაკეთებული, ამერიკისთვის მას სხვა დატვირთვა აქვს – იქნება ეს ამორტიზატორები, ანუ მანქანის შასი, რბილი მანევრი და სხვა. მათ, ძირითადად, დიდ ტრასებზე, ანუ „ჰაივეიზე” უწევთ სიარული და ამიტომ, მეტი კომფორტი სჭირდებათ. თუ ხარისხის თვალსაზრისით, დაწუნებაზე ვისაუბრებთ, მაშინ გააჩნია მარკას. ვერ ვიტყვით, რომ ისინი უხარისხოა, უბრალოდ, ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც მაინც უცხო სისტემად მიიჩნევა. სხვა რომ არაფერი, სიჩქარესაც კი მილებში ითვლის. ელექტროსისტემებიც თავისებურად არის მოწყობილი, სხვანაირი ექპლუატაციის პირობებია, მოკლედ, სხვაგან არიან. სხვაგვარი სერვისი აქვთ. ასე რომ, თუ ამერიკულ მანქანას შეიძენ, ავტომატურად, ბევრი თავსატეხი გიჩნდება.
კითხვა: ახალი ავტომობილი შევიძინე იაპონიაში და ჩამოვაყვანინე. მეგონა, კარგად ვივლიდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარჯვენა საჭეს ვერ შევეგუე. მინდა, მარცხნივ გადმოვიტანო. რამდენად უსაფრთხოა ეს?
პასუხი: ორაზროვანი პასუხი გამომივა. ეს კეთდება, მაგრამ ძალიან სკურპულოზური მიდგომა სჭირდება, უნდა ენდობოდეთ ხელოსანს. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ეს ძალიან ფაქიზ მიდგომას მოითხოვს. რაც უნდა იდეალურად იყოს გადაკეთებული საჭე, ის მაინც კარგავს ბალანსს – ირღვევა საჭის მართვა, ვეღარ უხვევს ისე, როგორც საჭიროა. ახლა ძალიან ბევრმა ხელოსანმა დაიწყო საჭის გადმოტანა და შემიძლია ვთქვა, ამას არცთუ ხარისხიანად აკეთებენ. ამიტომ, თუ მაინცდამაინც მარცხნივსაჭიანი მანქანის ყიდვა გინდათ, თქვენი ავტომობილი გაყიდეთ, ცოტა ფული დაამატეთ და ევროპისთვის შექმნილი იაპონური მანქანა შეიძინეთ. აქ მოქმედებს მარტივი ლოგიკა, იაპონური მანქანის ხარისხის, გამძლეობის, დიზაინის, ასაკისა და კლასის ევროპული მანქანის საყიდლად გაცილებით მეტი ფული დაგჭირდებათ.
კითხვა: რომელია ყველაზე მაგარი ამერიკული მანქანა და კარგია თუ არა ის საქართველოს პირობებში?
პასუხი: ეს არის „კადილაკი”, რომელიც ამერიკის სიამაყეა. მაგრამ, საქართველოსთვის მაინცდამაინც საიმედო არ არის. რაც შეეხება იაპონურ მანქანებს, მას ქარხნიდანვე აქვს ისეთი ტიუნინგური დეტალები, რომელთა გაკეთებისთვისაც უკვე მზა ევროპულ მანქანებს ძალიან ბევრ ფულს ახარჯავენ. როგორიცაა მაგალითად, ძარაზე სპოილერი, შასის ანუ ტრანსმისიის დამუშავება. თან, ეს ხდება ნებისმიერ ჩვეულებრივ მანქანაზე.