კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

 

კითხვა: არის თუ არა სოლია გამძლე მცენარე და როგორ პირობებში ხარობს ის უკეთ?

პასუხი: სოლია გამძლე მცენარეა და 2-3 გრადუს ტემპერატურასაც იტანს. მოსწონს მზის გულზე ყოფნა. ზაფხულში საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ხოლო ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვა უნდა შეამციროთ – ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. დიდი მცენარე კარგად უნდა გასხლათ და გაზაფხულზე გადარგოთ, რათა კომპაქტურობა და სიჯანსაღე შეინარჩუნოს. მისთვის უკეთესია, თუ საკიდ კალათაში მოათავსებთ და ზამთრის ბაღში ჩამოკიდებთ.

კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო სედუმი?

პასუხი: ეს მცენარე საკმაოდ იოლი მოსავლელია. თუ გსურთ, რომ კომპაქტურობა შეინარჩუნოს, დადგით მზისგულზე. ზამთარში კარგი განათება სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. იტანს გრილ ზამთარს, ოღონდ, არანაკლებ 10 გრადუსისა. 

კითხვა: როგორ მოვუაროთ სუროს და რა პირობები შევუქმნათ მას?

პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში სურო ფორმას იცვლის და უშნოვდება. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ნიადაგს ნურც ზამთარში გამოუშრობთ, თორემ, ფოთლები დაეჭმუჭნება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა. მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც. კარგად ხარობს ჰოლშიც და ზამთრის ბაღშიც. მცენარე დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება. ასე რომ, სურო სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე. თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ და, გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.

კითხვა: რა ტემპერატურასა და სინათლეზე ვამყოფოთ კალანჰოე?

პასუხი: კალანჰოე ათასგვარი ფორმისა და ფერის არსებობს, თუმცა, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ყველა სახეობას თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი ნათელი სააბაზანოა.

კითხვა: რა სიხშირით სჭირდება მორწყვა იაპონურ არალიას?

პასუხი: ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი – შედარებით იშვიათად. თუ ფოთლებმა მოიწყინა, ესე იგი, წყალი დააკლდა. ფოთლებს სიმუქეს შეუნარჩუნებთ, თუ მიწას რეგულარულად გაანოყიერებთ ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.

კითხვა: როგორ შევუნარჩუნო ციპერუსს მუდმივი ტენიანობა? როგორც ვიცი, ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნესტი...

პასუხი: ის ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, რომლებსაც მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება. მუდმივი ტენიანობის შესანარჩუნებლად ციპერუსიანი ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით, რათა წყალი არასდროს მოაკლდეს – ასე მცენარეს მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება და ფესვებიც მუდამ ტენიანი ექნება.

კითხვა: როგორ უნდა მოვუარო ჯუჯა პალმას ოთახის პირობებში?

პასუხი: ეს პალმა ძალიან გამძლე მცენარეა. ის კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს. არ უყვარს ბევრი წყალი, თუმცა, ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ. ზამთარში კი, როცა პალმა ზრდას წყვეტს, მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწა გამოშრება. თუ ეს მცენარე სიმშრალეშია, რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.

 

скачать dle 11.3